ევროპული სიურპრიზი მეანაბრეებს

ვროპაში უცნაურად ვითარდება მოვლენები. ევროპარლამენტმა გადადგა პირველი ნაბიჯი, რათა დააკანონოს მსხვილი მეანაბრეების საბანკო დეპოზიტების ”გაპარსვა”. საქმე ეხება იმ ანაბრებს, რომლის ოდენობაც აღემატება 100 ათას ევროს. ”შეწერილი” თანხა უნდა მოხმარდეს თავად ბანკს იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები შეექმნება. საკანონმდებლო პროექტით, 100 ათას ევროზე ნაკლებ დეპოზიტს ბანკი არ შეეხება. დამტკიცების შემთხვევაში, იგი ძალაში შევა 2016 წლიდან.

პრაქტიკაში ეს სქემა გამოყენებული იყო მიმდინარე წლის მარტში კვიპროსში, სადაც ევროპიდან 10-მილიარდიანი ტრანშის მიღების სანაცვლოდ, იგი დათანხმდა დაებეგრა 100 ათას ევროზე მეტი დეპოზიტები ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანში. არავის სჯეროდა, რომ მსგავსი მოდელი გავრცელდებოდა ევროპის მაშტაბითაც, მაშინ ამ მოსაზრებას ყველამ ირონიით შეხედა, მაგრამ ევროპა დღეს უკვე ფაქტის წინაში დგება.

იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მიღებული პრაქტიკა _ სახელმწიფოს მიერ ბანკების დახმარება მათი გადარჩენის მიზნით _ ფინანსურ არასტაბილურობას ქმნის რეგიონში. ბანკები ყველანაირად უნდა ეცადონ გამონახონ თანხა და პრობლემებს საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ. ამავე კანონპროექტის მიხედვით, საბანკო შენატანების ხარჯზე უნდა შეიქმნას საბანკო სისტემის გადარჩენის ფონდიც. გამოდის, რომ ყველანაირი ფინანსური პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს მეანაბრეების ხარჯზე და სახემწიფო აქ არაფერ შუაშია. ერთი მხრივ, ეს ნამდვილად საღი აზრია და შეესაბამება საბაზრო პრინციპებს, მაგრამ ექსპერტები და ინვესტორები შიშობენ, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, მოხდება კაპიტალის გადინება ევროპის ბანკებიდან სხვა რეგიონებში და ამან შეიძლება უფრო დიდი პრობლემები გამოიწვიოს.