თვითმმართველობების განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში
ბორის ჭიჭინაძე
ეკონომიკის დოქტორი,
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მასწავლებელი,
საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი,
ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“ სამეცნიერო საბჭოს წევრი
მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს განვითარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების გარეშე. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადგილებზე ისეთი სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ოპერატიულად და ეფექტურად გადაწყვეტა.
საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან 1992 წლიდან მოყოლებული ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ როგორი სტრატეგია ექნება ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნული კუთხით და შეუწყობს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ხელს მმართველობის მნიშვნელოვან დეცენტრალიზაციას, მაშინ როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ისეთი კანონების მიღება რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურ განვითარებას და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
ადგილობრივი თვითმმართველობების კონკურენტუნარიანობის ამაღლება საწინდარია მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ანუ რეალურ თვითმმართველობებთან მიახლოებისა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ეკონომიკის შემდგომი განვითარება წარმოუდგენელია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე. აღნიშნული მხარდაჭერა უნდა გამომდინარეობდეს ადგილობრივი თვითმმართველობების სპეციფიკიდან და მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საფინანსო-საბიუჯეტო დამოუკიდებლობის ზრდას, აღნიშნულმა მხარდაჭერამ საბოლოო ჯამში უნდა უზრუნველყოს ადგილებზე ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსავლების გამოთანაბრება, რაც ცხოვრების დონის ამაღლების და სოციალური დაცულობის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია.
შექმნილ პირობებში აუცილებელია ეკონომიკაზე ახალი, ეფექტიანი მეთოდებით ზემოქმედება, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პროგრამულ-მიზნობრივი პროგნოზირება, რაც შესაძლებლობას იძლევა კვალიფიციურად, საიმედოდ, მოკლე ვადაში, სახელმწიფოს ერთიან პოლიტიკასთან კავშირში გადაწყდეს ცალკეული რეგიონების სტრატეგიული პრობლემები.
ადგილობრივი თვითმმართველობების მომავალი განვითარებისათვის აუცილებელია გატარდეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები საკანონმდებლო დონეზე. განსაკუთრებით საბიუჯეტო მოწყობის კუთხით. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სრულყოფისათვის მიმაჩნია, გატარდეს შემდეგი სახის რეფორმები:
– სახელმწიფო აუდიტის დაახლოება თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან;
-ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების გეგმის შედგენა;
-ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვისას ევროპული გამოცდილების გამოყენება;
-ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა;
-ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯვითი ნაწილის მაქსიმალურად ტრანსფარანტულობა;
-ადგილობრივი თვითმმართველობების უმაღლეს საჯარო მოხელეების საქმიანობაზე მოქალაქეების მხრიდან კონტროლის მექანიზმების შემუშავება.
როგორც ცნობილია საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა განიცდის ფინანსური სახსრების უკმარისობას, მნიშვნელოვნადაა შემცირებული მათი დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც გამოწვეულია, როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური ფაქტორებით. აღნიშნული კრიზისიდან გამოსასვლელად, აუცილებელია ადგილებზე გატარებულ იქნას შემდეგი ღონისძიებები:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების შედგენა და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფა.
ბ) ადგილობრივი საგადასახადო შემოსავლების დივერსიფიკაცია;
გ) ადგილობრივი კულტურული პოტენციალის განვითარება;
დ) სოციალური მომსახურების გაუმჯობესება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება და ჯანმრთელობა;
ე) ტურიზმის განვითარება ისეთ სფეროებში, როგორიცაა სპორტული, კულტურული, მომსახურების და ბიზნეს-ტურიზმი;
ვ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტების სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ ცენტრებად გადაქცევა;
ზ) ადგილობრივ თვითმმართველობებში უცხოური, ცნობილი კომპანიების ფილიალების განთავსების ხელშეწყობა;
თ) უცხოეთის ადგილობრივ თვითმმართველობებთან სისტემატური თანამშრომლობა;
ადგილობრივი თვიმმართველობების მიერ ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით საჭიროა გამოყენებულ იქნას შემდეგი ინსტრუმენტები:
1) ადგილობრივი კულტურული, სპორტული და საქმიანი ურთიერთობისათვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, რომელმაც შემდგომ უნდა უზრუნველყოს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების დაინტერესება შესაბამისი თვითმმართველობით, რაც საწინდარია ადგილობრივი საზოგადოების გააქტიურებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისა;
2) ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ უცხოურ თვითმმართველობებთან კავშირების დამყარება. აღნიშნული კავშირების დამყარების ძირითადი მიზანი უნდა იყოს უცხოეთის თვითმმართველობების გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების კუთხით და რაც მთავარია, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტის საქმეში ადგილობრივი მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობა. ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის მაქსიმალური ხელშეწყობა, რადგან სწორედ ამ სეგმენტში უნდა დასაქმდნენ შესაბამის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირები. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში ამ კუთხით მეტად სავალალო მდგომარეობაა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს აღნიშნული მიმართულებით სრულ საკანონმდებლო ვაკუუმზე;
3) ზოგიერთ თვითმმართველობაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება ადგილებზე მოხდეს ინოვაციური ეკოლოგიური მიმართულებების გენერირება, რის შემდეგაც ადგილებზე უნდა განვითარდეს ეკოლოგიური კლასტერები, რომელიც იქცევა ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საფუძვლად;
4) კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ადგილებზე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ცხოვრების ჯანსაღის წესის დამკვიდრებაში. საქართველოს მუნიციპალიტეტებში გააქტიურებას საჭიროებს მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების პროპაგანდა, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში მიზერული თანხებია ამ კუთხით გათვალისწინებული, რაც საბოლოოდ მოქალაქეებში დაავადებების ზრდას უწყობს ხელს. მთლიანობაში კი ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტებს უფრო ძვირი უჯდებათ სხვადასხვა ჯანდაცვის პროგრამებით დასაფინანსებელი ღონისძიებები;
5) აუცილებელია ადგილებზე სასწავლო-პროფესიული და გადასამზადებელი ცენტრების შექმნა, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ თვითმმართველობებში ასევე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული პირების მიერ ახალი ცოდნისა და უნარების ათვისებას;
6) აუცილებელია ადგილობრივი ტერიტორიების მწვანე მასივებით მაქსიმალურად განაშენიანება, სწორედ ეს ,,მწვანე ზონები“ უნდა იქცეს ადგილობრივ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საფუძვლად;
აღსანიშნავია, რომ მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მკაცრადაა განსაზღვრული თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ კანონის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის კანონით დადგენილი წესით.
ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სრულყოფილად არ სრულდება კანონის ეს მოთხოვნა, გამომდინარე აქედან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხშირად ფაქტობრივად უცნობია იმ საკითხების შესახებ, რომელსაც განიხილავს მათ მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო). ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების და თანამდებობის პირების მიერ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, რადგან არ უნდა დაირღვეს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებები, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საჭირო ადგილობრივი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.
მოქალაქეთა მხრიდან გულგრილი დამოკიდებულებაა სწორედ იმის მიზეზი, რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების აბსოლუტურ უმრავლესობაში ამომრჩევლებს არ გამოუყენებიათ კანონით მინიჭებული უფლება, მოემზადებინათ და შეეტანათ საკრებულოს დადგენილების პროექტი ან წინადადება საკრებულოს ნორმატიული აქტის გაუქმების, მასში ცვლილებების შეტანის ან დამატებების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეების პასიურობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არაეფექტურობაზე.
საქართველოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპისათვის მოსაწესრიგებელია არსებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის ზრდას და გამომდინარე აქედან მათ სწრაფ განვითარებას.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გასატარებელია შემდეგი სახის ღონისძიებები;
1) გადასახედია ამჟამად მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. საჭიროა ადგილობრივი საკრებულოების და მერიების მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმირება;
2) პერსპექტივაში გადასახედია პრეზიდენტის რწმუნებულის-გუბერნატორის ინსტიტუტის საქმიანობა. განვლილ წლებზე დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის გაწეული საქმიანობა არ არის დახარჯული საბიუჯეტო თანხების ადეკვატური;
3) ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში ,,საბიუჯეტო კოდექსის შესახებ“. რომლითაც რეგულირდება საგადასახადო შემოსავლების შესაბამის ბიუჯეტებში ჩარიცხვის წესები. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირიცხოს ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიაზე აკრეფილი ყველა სახის მოსაკრებელი, როგორც სახელწიფო, ასევე ადგილობრივი;
4) მნიშვნელოვნად დასახვეწია კანონმდებლობა ადგილობრივი მუნიციპალური ქონების მართვა-განკარგვის კუთხით. მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში უნდა გადაეცეთ არა მარტო მათ ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება, არამედ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული და სახელმწიფო საკუთრებაში არსსებული ყველა ქონება, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა, რომელთა მართვა-განკარგვა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა;
5) დასახვეწია კანონი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“. კანონით შეღავათები უნდა დაუწესდეს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც განათავსებენ კაპიტალს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე;
6) აუცილებელია ადგილობრივ თვითმმართველობებში ჩამოყალიბდეს მართვის ისეთი სისტემები, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა სისტემატურ გადამზადებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
7) აუცილებლად უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივი და სახელმწიფო ქონების მართვის სფეროში. მკაცრად უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი სახელმწიფო ქონების ჩამონათვალი, მათ შორის წყლის და ტყის რესურსები;
8) დღეისათვის მუნიციპალიტეტები ფაქტობრივად ვერ ფლობენ ინფორმაციას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული იმ საწარმოების შესახებ, რომლებზეც ბუნებრივი რესურსების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს გაცემული აქვს შესაბამისი ლიცენზია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ. ასეთი დამოკიდებულება აფერხებს მუნიციპალიტეტების შემდგომ განვითარებას და ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაუცხოებასაც კი იწვევს;
9) მუნიციპალიტეტში არსებული რთული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია თუნდაც ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით უსახლკარო მოქალაქეებისათვის ორგანიზებულად ფუნქციონირებდეს სოციალური სახლები;
10) ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა შეასრულონ მაკოორდინირებელი ფუნქცია სერვისების მომწოდებელ კომპანიებსა (შპს „სოკარ–ჯორჯია გაზი“, სს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სს,„სილქნეტი“, შპს „ახალი ქსელები“. სს..ენერგო–პრო ჯორჯია) და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის;
11) აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ უფლება, რომ ფლობდნენ ინფორმაციას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებული ინვესტიციების, ასევე გასული კაპიტალის შესახებ;
12) საჭიროა მუშაობის გაფართოება მუნიციპალიტეტებში, რათა მოხდეს ცოდნაზე დამყარებული საინვესტიციო-ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, დამეგობრებულ ევროპულ ქალაქებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად მოხდეს ერთობლივი საწარმოების დაფუძნება და მათი მაღალგანვითარებული ტექნოლოგიური მიღწევების საქართველოს მუნიციპალიტეტებში დანერგვა;
13) მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციები ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ინვესტიციების განთავსებისას მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული რეგიონის სპეციფიკა და პრიორიტეტად მიჩნეული უნდა იყოს ადგილობრივი შრომითი რესურსების დასაქმება. აღნიშნული საკითხის მოგვარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე საჭიროებს მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს;
14) ძირეულად შესაცვლელია სახელმწიფო გადასახადების განაწილების ამჟამინდელი სისტემაც. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ამ ეტაპისათვის ადგილობრივ თვითმმართველობებში უნდა დარჩეს ხელფასიდან საშემოსავლო და მოგების გადასახადების 50% მაინც, თუნდაც ცენტრიდან მისაღები გათანაბრებითი ტრანსფერის შემცირების ხარჯზე. გადასახადების ასეთი განაწილება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების ფინანსური ბაზის განმტკიცებას, რაც საერთო ჯამში მათ დამოუკიდებლობაზე დადებითად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ირიცხება ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი (გარდა დაქირავებული პირებისთვის გადახდილი ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადისა), ეს საბიუჯეტო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას მაინც ვერ აუმჯობესებს;
15) აუცილებელია მუნიციპალიტეტების დონეზე მოხდეს შესაძლებლობების ღრმა ანალიზი, რის შემდეგაც საჭიროა მუნიციპალიტეტების ბრენდის კონცეფციის შემუშავება;
16) შესაბამის კანონებში ცვლილების შეტანის შემდეგ საჭიროა ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოახდინონ ისეთი სფეროებიდან გადასახადების ადმინისტრირება, როგორიცაა: ბინის და შენობის გაქირავება, ავტოსატრანსპორტო მომსახურება, რეპეტიტორების მომსახურება, ტაქსით მომსახურება და სხვა. ამჟამად ამ სფეროებიდან გადასახადების ადმინისტრირება შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ზემოაღნიშნული სფეროებიდან ძალიან გართულებულია ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების ამოღება;
17) საქართველოს თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით აუცილებელია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ქვეყანაში არსებული დიდი სამეცნიერო პოტენციალი და გამოცდილება, რომლებშიც ფართოდ არის წარმოდგენილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები;
18) ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული ურთიერთობით სასწრაფოდაა დასაწყები მუშაობა ,,მუნიციპალური შესყიდვების“ შესახებ კანონის მიღებაზე. ამჟამად მოქმედი ,,შესყიდვების კანონი“ მნიშვნელოვნად აფერხებს მუნიციპალიტეტების საქმიანობას ადგილობრივი შესყიდვების ოპერატიულად განხორციელების მიმართულებით. კიდევ უფრო ცუდად არის საქმე ე.წ ,,კონსოლიდირებული“ ტენდერის საშუალებით განხორციელებული შესყიდვებისას, რადგანაც კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება შესყიდვების სააგენტოს მიერ ხორციელდება, რითაც მნიშვნელოვნად ილახება მუნიციპალიტეტების უფლებები, თავად განახორციელონ ადგილობრივი მნიშვნელობის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
19) ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციის გზით, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით, აუცილებელია უახლოეს პერსპექტივაში შეიქმნას მუნიციპალური პოლიცია, მუნიციპალური სახანძრო-სამაშველო სამსახური, მუნიციპალური საავადმყოფო, მუნიციპალური სასკოლო და სატრანსპორტო გაერთიანებები. ასეთი მიდგომები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ადგილობრივ სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის ზრდას, მნიშვნელოვნად გაიზრდება თვითმმართველობების მუშაობის ხარისხი და ანგარიშვალდებულება ადგილობრივი მოქალაქეების წინაშე აღნიშნული სერვისების მიწოდების მიმართულებით. ამჟამად ამ კუთხით მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს;
20) თვითმმართველობებში უნდა გაიზარდოს მუშაობა ქალაქდაგეგმარებითი და მიწათსარგებლობითი საკითხების მოგვარების მიზნით. ამ კუთხით საქართველოს მუნიციპალიტეტებში დღეს არსებული მდგომარეობა მეტად სავალალოა;
21) საქართველოში შექმნილი მძიმე ფინანსურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მაქსიმალურად გაიზარდოს მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტურობა. საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მუნიციპალიტეტების დამსხვილება, უცხოეთის თვითმმართველობების მოწინავე პრაქტიკის გადმოტანა, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
22) ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი ადგილობრივი სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების მიმართულებით. სამომავლოდ საფუძველი უნდა ჩაეყაროს ასევე იმას, რომ მუნიციპალიტეტებს გააჩნდეთ საკუთარი ელექტროენერგიის წყაროები და საკუთარი წყალმომარაგება;
23) მნიშვნელოვნად შესაცვლელია მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში ამჟამად არსებული სოციალური დახმარების სისტემა. სოციალური დაცვა უნდა მოიცავდეს სოციალურ დაზღვევას, სოციალურ უზრუნველყოფას და სოციალურ მხარდაჭერას და არ უნდა ხდებოდეს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მოქალაქეებზე მხოლოდ ფულადი თანხების გაცემა;
24) თვითმმართველობებში ფაქტობრივად არაფერი კეთდება იმ შენობების ხანმედეგობის დადგენის მიზნით, რომლებიც განლაგებულია თვითმმართველობის ტერიტორიაზე და ეწურებათ ექსპლუატაციის ვადები. მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად საჭიროა ამ კუთხით შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება. დაგვიანებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
25) ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით თვითმმართველობებსა და ადგილობრივ მეწარმე–სუბიექტებს შორის უნდა არსებობდეს პარტნიორული დამოკიდებულება. მეწარმე–სუბიექტები უნდა გავხადოთ ადგილობრივი სოციალური პროექტების განხორციელების თანამონაწილეები. ასეთი მიდგომები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითმმართველობებში არსებული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას და მოსახლეობის საერთო კეთილდღეობის ზრდას;
26) ადგილობრივ თვითმმართველობებს პერსპექტივაში შეუძლიათ მოახდინონ ადგილობრივი საწარმოების უზრუნველყოფა იაფი კაპიტალით, რაც გამოიხატება მათთვის სესხის, სუბსიდიის და სხვა გრანტების მიცემით.
ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით საჭიროა დაიწყოს მუშაობა შესაბამისი გეგმების შედგენაზე, რათა უმოკლეს დროში გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტებში დღეს არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა.
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:
1.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
2. საბიუჯეტო კოდექსი;
3. www. mof.ge-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდი;
4. www.parliament.ge–საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი;
5. www.geostat.ge-სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდი.