ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა
ანა გოგიშვილი
ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დადგენილების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროსთან გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით, ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრივი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25-ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.
„ჩვენ კარგად გვესმის რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუ როგორ უჭირს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და სწორედ ამიტომ მოსახლეობას საშუალება ექნება ეს თანხა 16 თვეზე გადაანაწილონ და თვეში 25 ლარი გადაიხადონ. მოსახლეობა, რომელსაც განაცხადი 1 ნოემბრამდე აქვთ შეტანილი, ექნებათ საშუალება თავიდან გაკეთონ განაცხადი და ისარგებლონ ამ განხორციელებული რეფორმით.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტია საქართველოს მასშტაბით რეგიონების გაზიფიცირება და მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფორტის ის საწყისი პირობები, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შემცირება, საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის, ბუნებრივ აირზე ხელმისაწვდომობას გაზრდის“, – განაცხადა კალაძემ.
საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტარიფი გავრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში.
ცვლილება მიზნად ისახავს ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას. ამასთან, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა-პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.