პუტინის ამნისტია
ხუთი წლის მანძილზე ეკონომიკური დანაშაულისთვის რუსეთში გასამართლებულია 250 ათასი ადამიანი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანკტ პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე ორი სიურპრიზი გაუკეთა საზოგადოებას: დუმას წინადადებით მიმართა, განიხილოს და მხარი დაუჭიროს ეკონომიკური ამნისტიის შესახებ დადგენილებას, ხოლო უმაღლესი და საარბიტრაჟო სასამართლოების შერწყმის შესახებ, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე ისე ისაუბრა.თუკი უახლოეს კვირებში მეწარმეების ამნისტიის მიღებაზე დუმამ ხალხს პირობა მისცა, ორი მთავარი სასამართლოს გაერთიანებას კონსტიტუციური შესწორება დასჭირდება და ბევრად მეტი დრო.
ეკონომიკური ამნისტია შეეხება მას, ვინც მეწარმეობის სფეროში ჩაიდინა დანაშაული და გასამართლებულია პირველად. ციხიდან გამოვლენ ისინი, რომლებმაც უკვე აანაზღაურეს ან აპირებენ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. რუსეთის ბიზნეს-ომბუდსმენი ტიტოვი იმედოვნებს, რომ პირველი ამნისტირებულები თავისუფლებაზე უკვე ამ ზაფხულს გამოვლენ, მისი გათვლებით, ამნისტია შეეხება 13 ათას პატიმარს. ”ამ მოქალაქეებზე ნასამართლეობა მოიხსნება”, _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეკონომიკური დანაშაულისთვის რუსეთში გასამართლებულია 250 ათასი ადამიანი.
სიტყვების ”ეკონომიკური ამნისტია” გაგონებაზე ბიზნეს-საზოგადოებრიობას პირველ რიგში ახსენდება ყოფილი ოლიგარქები, ”იუკოსის” მფლობელები ხოდორკოვსკი და ლებედევი, რომლებმაც გისოსებს მიღ-მა 10 წელი გაატარეს. ფორუმზე bbcrussian.com-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ამნისტია შეეხებოდათ თუ არა ზემოთ ნახსენებ ადამიანებს, ბიზნეს-ომბუდსმენმა ბორის ტიტოვმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სამუშაოები ჩატარდება, _ ”ამაზე ჩვენ ადვოკატებთან ერთად ვიმუშავებთ. მათმა ადვოკატებმაც უნდა იფიქრონ, შეეხებათ თუ არა ეს ამნისტია”.
ევროკავშირის ექსკომისარმა ვაჭრობის მიმართულებით, გავლენიანმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა (ლეიბორისტი) პიტერ მანდელსონმა bbcrussian.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიზნესის ამნისტირება პოზიტიური სიგნალია არა მხოლოდ რუსი ბიზნესმენებისთვის, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვისაც.
”პუტინს ესმის, რომ აუცილებელია პოზიტიური სიგნალების გაგზავნა: ბიზნესმენებს რუსეთში პატივისცემის იმედი უნდა ჰქონდეთ. თუკი ბიზნესმენები დაარღვევენ კანონს, მათ უნდა იცოდნენ, რომ მხოლოდ იმისთვის გაასამართლებენ, რაც ნამვდილად დააშავეს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ იქნება შერჩევითი. მართალია, ჩვენ ჯერ მხოლოდ სიტყვები მოვისმინეთ, აუცილებელია რეალური მოქმედებები. თუმცა, ვფიქრობ, რომ მოძრაობის მიმართულება სწორია”, _ განაცხადა მანდელსონმა.