მსოფლიო ეკონომიკა ციფრებში
აშშ
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის განცხადებით, ღია ბაზარზე ოპერაციების კომიტეტის (FOMC) სხდომის გადაწყვეტილებით, საკვანძო სააღრიცხვო განაკვეთი შენარჩუნდა წლიური 0-0,25% დიაპაზონში. ეს გადაწყვეტილება ანალიტიკოსების უმრავლესობის მიერ იყო პროგნოზირებული. 18-19 ივნისის სხდომის შედეგებით, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ არ მიიღო ახალი გადაწყვეტილება და იგი აგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის დაკვირვებას. როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, ბოლო დროს აშშ-ში ეკონომიკური ზრდა ზომიერ ტემპებში გრძელდება.
უმუშევრობის დონე ძველებურად მაღალი რჩება, მაგრამ ფედერალური სარეზერვო სისტემა აღნიშნავს, რომ შრომის ბაზარზე სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესებულია. გაუმჯობესდა სიტუაცია უძრავი ქონების ბაზარზეც, ამ დროს ინფლაციის დონე იმაზე დაბალი აღმოჩნდა, რასაც სარეზერვო სისტემა ვარაუდობდა. იგი პროგნოზირებს, რომ საბაზისო განაკვეთი გამონაკლისად დაბალ ნიშნულზე იქნება შენარჩუნებული იქამდე, სანამ უმუშევრობა იქნება 6,5% და მეტი.
უწყება საკვანძო განაკვეთს (ე.წ. განაკვეთი ფედერალურ ფონდებზე) პრაქტიკულად ნულის დონეზე, ინარჩუნებს 2008 წლის დეკემბრიდან. გარდა ამისა, სარეზერვო სისტემა აგრძელებს იპოთეკით უზრუნვეყოფილი ფასიანი ქაღალდების ყიდვას 45 მილიარდი დოლარის მოცულობით თვეში იქამდე, ვიდრე შრომის ბაზრის სიტუაციის პროგნოზი არ გაუმჯობესდება. ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალურმა სისტემამ შესაძლოა შეამციროს ფასიანი ქაღალდების შესყიდვა და ამერიკული ეკონომიკის სტიმულირება შეწყვიტოს.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 0,1%-ით წინა თვესთან შედარებით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 0,2%-ით ვარაუდობდნენ. დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში სამომხმარებლო ფასები შემცირდა 0,4%-ით, როგროც ადრევე იუწყებოდნენ. ენერგომატარებლებისა და კვების პროდუქტების გამოკლებით, სამომხმარებლო ფასები მაისში (2013 წელი) თვიურ გაანგარიშებაში გაიზარდა 0,2%-ით. 2013 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,1%-ით.
კვლევითი ორგანიზაციის Conference Board-ის მონაცემებით, აშშ-ის წამყვანი ეკონომიკური ინდიკატორები მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 0,1%-ით 95,2 პუნქტამდე. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,2%-ით გაიზრდებოდა. 2013 წლის აპრილში მოცემული მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, გაიზარდა 0,8%-ით, ადრე 0,6%-იანი მატების შესახებ იყო საუბარი. მარტში ეს მაჩვენებელი შემცირდა 0,3%-ით (ადრე 0,2%-იან კლებაზე იუწყებოდნენ).
აშშ-ის რიელტორების ეროვნული ასოციაციის მონაცემებით, ქვეყანაში საცხორვებელი სახლების მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობა, მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 4,2%-ით წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 5,18 მილიონი ერთეული (წელიწადზე გადაანგარიშებით, annual rate). ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 5 მილიონი სახლი. ამასთან, საცხოვრებელი სახლების მეორად ბაზარზე მიმდინარე წლის მაისში გაყიდვების მოცულობა 12,9%-ით მეტი აღმოჩნდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (4,97 მილიონი ერთეული). 2013 წლის აპრილის მაჩვენებელი არ იქნა გადახედილი ზრდის მიმართულებით და შეადგინა 4,97 მილიონი ერთეული, როგორც ადრევე იუწყებოდნენ.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი სახლების მშენებლობის მოცულობა, მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით 6,8%-ით გაიზარდა და შეადგინა 914 ათასი ერთეული. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი იქნებოდა 955 ათასი სახლი. გადასინჯული მონაცემებით, 2013 წლის აპრილში ახალმშენებლობების მოცულობა აშშ-ში თვიურ გამოხატულებაში შემცირდა 14,8%-ით (ადრე 16,5%-იან კლებას იუწყებოდნენ) და შეადგინა 856 ათასი ერთეული. ახალი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, მიმდინარე წლის მაისში, წინა თვის, გადასინჯულ მონაცემთან შედარებით შემცირდა 3,1%-ით 974 ათას ერთეულამდე.
აშშ-ის შრომის სამინისტროს მონაცემებით, 15 ივნისს დასრულებული კვირის შედეგებით, უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოსადმი პირველადი მიმართვები გაიზარდა 354 ათასამდე. ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 340 ათასი იქნებოდა. 8 ივნისს დასრულებული კვირის შედეგებით, მიმართვების რაოდენობამ შეადგინა 336 ათასი. ადრე 334 ათასამდე შემცირებას იუწყებოდნენ.
გერმანია
ეკონომიკური კვლევის ცენტრის (ZEW) მონაცემებით, გერმანიაში საქმიანი მოლოდინის წინმსწრები ინდექსი, მიმდინარე წლის ივნისში გაიზარდა და შეადგინა 38,5 პუნქტი, წინა თვის 36,4 პუნქტის საპირისპიროდ. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებელს 38,1 პუქნტის დონეზე ელოდნენ. გერმანიაში მიმდინარე ეკონომიკური პირობების ინდექსი, მიმდინარე წლის ივნისში შემცირდა 8,6 პუნქტამდე ერთი თვის წინანდელი 8,9 პუნქტის საწინააღმდეგოდ, როდესაც ანალიტიკოსები 9,5 პუნქტს პროგნოზირებდნენ. ZEW აღნიშნავს, რომ, მოცემულ ეტაპზე, გერმანული ეკონომიკის ზრდის მთავარი ფაქტორებია: სამომხმარებლო ხარჯების მაღალი დონე, შრომის ბაზარზე არსებული კარგი სიტუაცია და შრომის ანაზღაურების ზრდა.
დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები, მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 2,7%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანალიტიკოსები ამ მაჩვენებლის ზრდას 2,6%-ით ელოდნენ. 2013 წლის აპრილში, ინფლაციამ წლიურ გაანგარიშებაში, გადასინჯული მონაცემებით, შეადგინა 2,4%. 2013 წლის მაისში, თვიურ გაანგარიშებაში, სამომხმარებლო ფასები 0,2%-ით გაიზარდა, რაც ოდნავ მეტი აღმოჩნდა ანალიტიკოსების პროგნოზზე _ 0,1%-ით ზრდა.
2013 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვების მოცულობა (სეზონურად კორექტირებული მაჩვენებელი) წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,1%-ით. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 0,8%-ით გაიზრდებოდა. დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მოცულობა წლიურ გაანგარიშებაში 1,9%-ით გაიზარდა, როცა ანალიტიკოსები ანალიტიკოსების ზრდას 0,2%-ით ვარაუდობდნენ. აღსანიშნავია, რომ როგორც თვიურ, ისე წლიურ გაანგარიშებაში საცალო გაყიდვების მოცულობის ზრდა ყველაზე შთამბეჭდავი გახდა მიმდინარე წლის თებერვლიდან. 2013 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი, დაზუსტებული მონაცემებით, თვიურ გაანგარიშებაში შემცირდა 1,1%-ით (ადრე 1,3%-ით შემცირებას ვარაუდობდნენ), ხოლო 2012 წლის აპრილთან შედარებით გაიზარდა 0,8%-ით (ადრე 0,5%-ით მატება იყო ნავარაუდევი).
იაპონია
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სავაჭრო ბალანსის დეფიცტმა მიმდინარე წლის მაისში შეადგინა 10,5 მილიარდი დოლარი. ამასთან, ექსპორტის დონე მიმდინარე წლის მაისში გაიზარდა 10,1%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 60,7 მილიარდი დოლარი. იმპორტის დონე გაიზარდა 10%-ით და მიაღწია 71,1 მილარდ დოლარს. შედარებით შესამჩნევად გაიზარდა აშშ-ში ექსპორტის დონე _ მიმდინარე წლის მაისში ის გაიზარდა 16,3%-ით 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.