საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დამტკიცდა
პარლამენტმა საქართველოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით, 81 ხმით ერთხმად დაამტკიცა.ცვლილებების მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ეს მხოლოდ იმ პირებზე გავრცელდება, რომელთა წლიური დასაბეგრი შემოსავალი 600 ლარამდეა. ანალოგიური ცვლილება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობისა და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეხება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სასოფლო- სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ხელფასისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას. 2017 წლის 1 იანვრამდე კი სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ მიღებული მოგება, რომელიც წლის განმავლობაში არ აღემატება 200 000 ლარს, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება.
ცვლილება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისათვის აქციზის არსებული განაკვეთების გაზრდის საკითხსაც ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ფილტრიანი სიგარეტის შემთხვევაში აქციზის ფასი იზრდება 60-დან 75, ხოლო უფილტროსი 15-დან 20 თეთრამდე. ცვლილებები უკვე დამტკიცებულია. ისინი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს 7 დღეში გადაეგზავნება.