ჩინური რეფორმა
მიწოდების მხარე სცენარს ქმნის,მოთხოვნა კი დრამას ავითარებს
ჩინეთის ფინანსურ სისტემას ნაღდი ფულის უკმარისობა სტანჯავს, მთავრობა ეკონომიკის რესტრუქტურიზაციას ცდილობს და სპეკულატორების დასჯა სურს, რომელთა მეოხებითაც ჩინეთს 2013 წლის ივნისში ავადსახსენებელი ხუთშაბათი გაუთენდა, როცა ბანკთაშორის დაკრედიტება თითქმის შეჩერდა. ჩინეთის ბანკთაშორის და ფულად ბაზარზე დაძაბულობა ივნისში დაიწყო, ამიტომ ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები შეშინებულნი არიან და ერთმანეთზე სესხებს არ გასცემენ, მსგავსი სესხების არარსებობის შემთხვევაში კი, ეკონომიკა კომიკურ სახეს მიიღებს, ხოლო ვისაც ნაღდი ფული მოკლევადიანი პერიოდით სჭირდება ან ლიკვიდურობის პრობლემა აქვს _ ან ძვირი თანხების გაღება მოუწევთ, ან დეფოლტის რისკის გავლა.
ჩინეთის სახალხო ბანკმა უარი განაცხადა საკრედიტო ბაზარზე ნაღდი ფულის დიდი მოცულობა განეთავსებინა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მთავრობის უარი განპირობებულია მისი მიზნით: მოახდინოს ეკონომიკის ფორმის შეცვლა მისი როლის მნიშვნელობის შემცირების ფონზე. ჩინეთის სახალხო ბანკი სხვა ცენტრალური ბანკებისგან განსხვავებით დამოუკიდებელი არ არის და ანგარიშს სახელმწიფო საბჭოს აბარებს.
ბოლო წლებში ჩინეთში უამრავმა ჩრდილოვანმა საბანკო ოპერაციამ იჩინა თავი – მცირე ზომის ბანკები და ნდობით აღჭურვილი კომპანიები თანხებს სესხულობდნენ სახელმწიფო დიდი ბანკებისგან და ამ თანხას სესხად გასცემდნენ კერძო კომპანიებსა და დეველოპერებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ცხადია, მსგავსი პრაქტიკა სპეკულაციას აჩაღებს.
ჩინეთის მთავრობის მხრიდან სპეკულატორების შევიწროება საკმაოდ რისკიანი სტრატეგიაა, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა შენელების ფაზაში გადადის. მსესხებლებს სესხების დაფარვისას რთული დროის გავლა მოუწევთ და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ზარალი საბანკო სისტემაზე აისახება. ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფორმის გატარება გადაწყვიტა და სურს, ბაზარს ჭკუა ასწავლოს, ანუ ბაზარმა მისი რისკები თვითონ უნდა მართოს და ცენტრალური ბანკის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
ჩინეთის ეკონომიკა, იოლ ფულზეა მიჯაჭვული, ამიტომ მისი რესტრუქტურიზაცია სესხების შემცირებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, სწრაფად შეამცირებს ზრდის ტემპს. ასევე, პრობლემები შეექმნებათ გამსესხებლებს, რომლებსაც ბალანსის პრობლემები აქვთ, პრობლემა კი სხვა ბანკებზედაც გავრცელდება.
ჩინურმა ხუთშაბათმა მსოფლიო შეაშფოთა. ჩინეთის ბანკთაშორისი ბაზარი გაყინულია, სიტუაცია ძალიან ჰგავს აშშ-ში საკრედიტო ბაზრის გაყინვის პერიოდს, რასაც ლეჰმან ბრაზერსის ფიასკოს მოჰყვა, ჩინეთის ბაზარზე ფასების კვოტირება ხდება, მაგრამ ჩინეთში ტრანზაქციების ნაკვალები არ სჩანს.
რა თქმა უნდა, რომ ლიკვიდურობის პრობლების გახმაურებასთან ერთად, დიდი ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ფასი ბირჟებზე დაეცა.
პეკინის ახალი მთავრობა ახალი ჩინური პრობლემების წინაშეა, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და ცდილობს გამოაცხადოს იოლი კრედიტების დაფინანსების შეწყვეტა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბანკებისგან, სწორედ ეს პოლიტიკა დაეხმარა ჩინეთს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დაძლევაში.
ჩინელ პოლიტიკოსებს ფინანსურ სისტემაში ფულის გადაქაჩვის ვარიანტების არსენალი გააჩნიათ, მათ შორის, ღია ბაზრის ოპერაციები – საპროცენტო განაკვეთებისა და ლიკვიდურობის საკონტროლოს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, ან უფრო რადიკალური ზომა – იმ ტრილიონობით იუანის გათავისუფლება, რაც ბანკებს სარეზერვოდ მოეთხოვებათ.
ნებისმიერი ეკონომისტი ხვდება, რომ ლიკვიდურობის პრობლემის გაგრძელების შემთხვევაში, ფინანსურ ბაზარსაც და რეალური ეკონომიკის სექტორსაც დიდი პრობლემები შეექმნება. წელს კი ჩინეთის ეკონომიკის შენელების რეალური ნიშნები იკვეთება.
ჩინეთის პრეზიდენტი რეფორმის გაძლიერების საჭიროებაზე საუბრობს და აშკარად მიანიშნებს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შენელებული ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის მოხდენაზე. ჩინეთის ეკონომიკის შენელებას მყისიერად მოჰყვა მსოლფიო ინვესტორების თავშეკავება ქვეყანაში, ახალი მთავრობა კი მის ეკონომიკურ კურსს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ დიდი ქვეყნის ეკონომიკის ბირთვი ექსპორტი კი არა, შიდა მოთხოვნა იქნება.
მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ეკონომიკის სხვა რელსებზე გადაყვანა გრძელვადიანი პროცესი იქნება, ამიტომ ახალი მთავრობის ახალი ეკონომიკის შესახებ გაკეთებული განცხადებები სიმბოლურ ხასიათს იღებს.
ახალი მთავრობა აცხადებს, რომ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის დრო დადგა, ამიტომ ეკონომიკური ზრდის მოცულობა მეორეხარისხოვანია. ჩინელების კეთილდღეობის ხარისხის ამაღლების მოლოდინში კი, აშშ-ის ბირჟაზე ვითარება დაიძაბა – ინვესტორები შიშობენ, რომ ურთიერთგადაჯაჭვული გლობალური ეკონომიკა კვლავ შენელდება, რა სამწუხაროა, რომ სულ ახლახანს მისი სტაბილურობის ნიშნები იკვეთებოდა.
ყველა ეკონომიკას, ყველა ამბის მსგავსად, ორი მხარე აქვს: მიწოდება და მოთხოვნა. ჩინეთის ეკონომიკის მიწოდების მხარე ლეგენდარულია: 767 მილიონი მუშახელი, დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარის ღირებულების მანქანა-დანადგარი, შენობები და სხვა მისნაირი კაპიტალი ჰარმონიულად ერწყმის განვითარებულ ტექნოლოგიებს, რომელთა უმეტესობაც საზღვარგარეთიდანაა მოზიდული. სამუშაო ძალის, კაპიტალისა და ნოუ-ჰაუს მსგავსი კომბინაცია ნათლად გვკარნახობს, თუ რა მოცულობის წარმოება შეუძლია ეკონომიკას. მაგრამ ეკონომიკის წარმოების მოცულობა დამოკიდებულია ეკონომიკის მეორე მხარეზე – მოთხოვნაზე, რომელიც ასახავს მომხმარებელთა და ინვესტორების დანახარჯების მოცულობას. მიწოდების მხარე სცენარს ქმნის, მოთხოვნა კი დრამას ავითარებს. სამწუხაროდ, მოთხოვნის გაჯანსაღება მოსალოდნელზე ნელა ხდება. დრამის დაძაბვას კი სცენარის შეცვლა მოჰყვება. ჩინეთის ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები ქვეყნის მიწოდების მხარის შეცვლას ითვალისწინებს. კაპიტალის მოძრაობის ლიბელარიზაციის განხორციელებას ახალი მთავრობა საფეხურებრივად აპირებს. რეფორმა ხელს შეუწყობს პროდუქტიული ტევადობის ზრდას და გააუმჯობესებს კაპიტალისა და სამუშაო ძალის განაწილებას. წითელი ზოლის გადაკვეთა და რეგულაციის ბარიერები კერძო ფირმებს დაეხმარება ინვესტიცია განახორციელონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში. მიწაზე უფლებების გაძლიერებით და საბინაო რეგისტრაციის სისტემის რეფორმით, მუშახელს გაუადვილდება მიწის მიტოვება და ქალაქში გადმოსახლება, რაც დადებითად აისახება ეკონომიკის მიწოდების ხარისხზე. მაგრამ გასათვალისწინებელია რეფორმის გვერდითი ეფექტი მოხმარებასა და საინვესტიციო სექტორზე, ეკონომიკის მიწოდების მხარეს გატარებულმა რეფორმამ შესაძლებელია გვერდითი ეფექტი მოთხოვნის მხარის შედეგებზე ჰპოვოს. ზოგიერთი ეკონომისტი დანახარჯების ზრდის მომხრეა, მეორენი კი მის შემცირებას ითხოვენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნის შემცირება ისედაც შესუსტებულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.
ბურუსითაა მოცული კაპიტალის მოძრაობაც, რადგან კაპიტალის ანგარიში მთლიანად დახურული არ არის. ჩინელები უცხოურ ინვესტიციებს მიესალმებიან, ასევე დასაშვებია მოკლევადიანი ფინანსური ინვესტიციები გარკვეული შეზღუდვებით ”კვალიფიციური” ინვესტორებისგან, თუმცა მრავალი არაკვალიფიციური ინვესტორი შესანიშნავად ახერხებს ფულის ქვეყანაში შეტანასაც და მის გარეთ გატანასაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთავრობა კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაციას მოახდენს, მაინც არ არის მოსალოდნელი კაპიტალის მოძრაობის ანგარიშის სრული გახსნა. თუმცა, ჩანაცვლდება ბიუროკრატიული დაბრკოლებები. აუცილებელია ვალუტის გაცვლითი კურსისა და საპროცენტო განაკვეთების ლიბერალიზაციის რეფორმა, მაგრამ მათ განხორციელებას მოთხოვნის შემცირება მოჰყვება. ჩინეთი ახლა ადგენს ზღვარს დეპოზიტორებისთვის გადახდილ საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ბანკების საფონდო დანახარჯებს გაზრდის, ხოლო, თუ ბანკები საპასუხოდ სესხზე განაკვეთებს გაზრდიდნენ – მსესხებლებს დააფრთხობდნენ, თუ არ გაზრდიდნენ – საკუთარ რეზერვებს დააზიანებდნენ და თავადვე იტყოდნენ უარს სესხის გაცემაზე, ფაქტია, რომ დიდი ჩინეთი ორივე გზას მოთხოვნის დაზიანებამდე მიჰყავს.
რაც შეეხება ვალუტის გაცვლით კურსს – ბოლო თვეებში ჩინეთმა დიდი კაპიტალი მიიზიდა და ზოგიერთ მათგანს ექსპორტის შემოსავლად ნათლავდა. ცხადია, შედეგად იაუანი გამყარდა. სპეკულატორები იუანში კვლავ ”ასპროცენტიან” მოგებას ხედავენ, ვალუტის გაცვლითი კურსის ლიბერალიზაციის შემთხვევაში კი, იუანი კვლავ გამყარდება, შედეგად დაზიანდება ექსპორტი და, რა თქმა უნდა, კვლავ მოთხოვნა.
სტრუქტურული რეფორმების გატარება მოთხოვნას აზიანებს, მოთხოვნის ზრდა კი სტრუქტურული რეფორმების კურსს. მოთხოვნის გამოსაცოცხლებლად ჩინეთის ნაბიჯი 2009 წელს ეკონომიკის სტიმულირება სწორი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, მასაც მოჰყვა გვერდითი ეფექტები, მან ეკონომიკის მთავარი ხაზი ინვესტიციებისკენ გადახარა, განსაკუთრებით მშენებლობის დარგში, ასევე ადგილობრივი მმართველობის ფინანსებიც არია, აიძულა ჩინეთის საბანკო სისტემა მომსახურება გაეწიათ სახელმწიფოსათვის და ამ გზით შეაყოვნა მათი ევოლუცია კომერციულ გამსესხებლებლად გადაქცეულიყვნენ.
ჩინელი ეკონომისტების ფილოსოფიით ეკონომიკის სტიმულირება ყოველთვის უარყოფით შედეგს იძლევა, რადგან ის ეკონომიკურ ტკივილებს აყუჩებს, მათ გარეშე კი პოლიტიკოსები ზარმაცდებიან. მაგრამ ნიშნავს კი ეკონომიკის სტიმული რეფორმის ცალსახა წინააღმდეგობას? გადასახადების შემცირება და სოციალური დანახარჯების ზრდა ასევე ეკონომიკის სტიმულია და ხელს უწყობს მოხმარებისა და მომსახურების დაბალანსებას.
ჩინეთის ეკონომიკას რეფორმა აუცილებლად ესაჭიროება, მალე გამოსაცოცხლებელი ქმედებაც დასჭირდება, ამიტომ ჩინეთის მთავრობას ნამდვილად მოუწევს რეალური რეფორმების გატარება.