რეალური გათვლები თუ ვარაუდები საარსებო მინიმუმისთვის
მაია რაზმაძე
სოციალური თემის წამოწევა რომ მომგებიან პოზიციაში ყოფნას ნიშნავს, პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა ძალა იზიარებს. შიდა პარტიული რღვევის ფონზე, “მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრთა მინიმალური ხელფასების მომატების ინიციატივით გამოვიდა. აღმასრულებელ ხელისუფლებას პირველ აპრილამდე აქვს ვადა, იანგარიშოს, რეზერვები მოიძიოს და საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინოს ამ საკითხთან დაკავშირებით.
თუკი კანონმდებლებსა და აღმასრულებლებს შორის კონსენსუსი მიიღწევა და ამას სხვა პარტიათა თუ პოლიტიკურ ძალთა პოლიტიკური ნებაც დაემატება, გამორიცხული არ არის წლის მეორე ნახევრიდან მინიმალური ხელფასი 20-იდან 50 ლარამდე გაიზარდოს, მერე კი საარსებო მინიმუმის ზღვარსაც მიუახლოვდეს!
არ ის თუ არა რეალურად შესაძლებელი ბოლო წლების მანძილზე სეკვესტრებს შეჩვეულ ჩვენს ბიუჯეტში თანხების გამონახვა ხელფასების გასაზრდელად და რა ეკონომიკურ გათვლებს ეყრდნობა ეს ინიციატივა? გვესაუბრება მისი ერთ-ერთი ავტორი პარლამენტის გადასახადების და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომან დალაქიშვილი.
ამ საკითხზე 2002 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს იყო საუბარი. მანამდე ჩვენმა კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს სთხოვა გამოეთვალა, დამატებითი სახსრების მოძიების რა საშუალება იქნებოდა, თუკი საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სისტემა პროპორციული სისტემით შეიცვლებოდა, დაახლოებით დღეს არსებული დონე შენარჩუნდებოდა და დაუბეგრავი მინიმუმის გაუქმების პირობებში დაბეგვრა ყველა დონეზე განხორციელდებოდა. მინიმალური ხელფასის ზრდის საკითხი პირდაპირ დაისვა. სამინისტრომ ეს საკითხი განიხილა, იანგარიშა, რამაც 2002 წლის ბიუჯეტში ცალკე მუხლის სახით ჰპოვა ასახვა. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კანონპროექტი, შესაძლებელი იქნება თუ არა 1 ივლისიდან მინიმალური ხელფასის 50 ლარამდე გაზრდა.
“მოქალაქეთა კავშირის” ფრაქციაში დაიბადა იდეა, გარკვეული ზოგადი, ექსპერტული გაანგარიშება ჩატარებულიყო, რაც პირადად განვახორციელე. კერძოდ, 2003 წლისათვის რა კანონზომიერება შეიძლება დამყარდეს მინიმალურ ხელფასსა და საარსებო მინიმუმს შორის. შესაბამისი ინფორმაციები გამოვითხოვეთ სტატისტიკის დეპარტამენტიდან და ფინანსთა სამინისტროდან. ეს ანგარიში გვაძლევს საფუძველს, უკვე დეტალურ ანგარიშზე ვიფიქროთ, რომ ამ თემაზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ.
თუ არსებობდა საამისო რეზერვი, აქამდე რატომ არავინ დაფიქრდა ხელფასების გაზრდის საკითხზე. თქვენი ინიციატივა კონკრეტულად რა გათვლებს ემყარება და რამდენად რეალურია?
ამ გადასახედიდან ცხადად ჩანს, რომ მინიმალური ხელფასის სოლიდურ დონემდე აწევის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ, ალბათ, მალე დავდებთ ამის შესაბამის დოკუმენტაციას. ჩავთვალეთ, რომ ის, რაც 2002 წლის ბიუჯეტის კანონშია ჩაწერილი, განხორციელდება. ეს ამოსავალ წერტილად ავიღეთ. ანუ ამოსავალი არის, რომ დღეს არსებული 20 ლარი წლის მეორე ნახევარში 50 ლარი გახდება. სტატისტიკის დეპარტამენტიდან მივიღეთ მონაცემები, რა რაოდენობის მოსახლეობას აქვს 50 ლარამდე, 50-დან 80 ლარამდე და 80 ლარიდან საარსებო მინიმუმის ოდენობამდე ხელფასი. როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო სექტორში დაბეგვრის გავრცელება სახსრებს უკან აბრუნებს. გაანგარიშება გაკეთდა როგორც 80 ლარის, ისე საარსებო მინიმუმის პირობებში. გაანგარიშებამ აჩვენა, რომ საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტი დამატებით დაახლოებით 80 მლნ ლარს დაიბრუნებს. მინიმალური ხელფასის 80 ლარამდე გასაზრდელად 75-80 მლნ ლარია საჭირო, საარსებო მინიმუმამდე მიახლოებისათვის კი – 140-145 მლნ ლარი.
მაგრამ საიდან აპირებთ ამ თანხების მოტანას?
ეს ყველაზე მთავარია. 2002 წლის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 3,5%-ით, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით კი – 5-6%-ით.
ინფლაციის დონე გათვალისწინებულია 4-6%. მხოლოდ ამ ორი პარამეტრის მეშვეობით 2003 წელს 100 მილიონ ლარზე მეტის მობილიზებაა შესაძლებელი. წელს საგადასახადო შემოსავლები მილიარდ 65 მლნ ლარია. მისი 10% ანუ 3,5% შიდა პროდუქციის ზრდა, პლუს 6% ინფლაცია, პლუს 1-2% საგადასახადო ადმინისტრირება – უკვე 106 მლნ ლარს გვაძლევს. თანაც ეს ძალიან პესიმისტური შეხედულებაა საგადასახადო ადმინისტრირების ზრდასთან მიმართებაში. ჩემი აზრით, საგადასახადო ადმინისტრირების ზრდა 10%-მდე მაინც იქნება შესაძლებელი. მით უმეტეს, საგადასახადო სფეროში რეფორმა დასასრულს უახლოვდება და 2003 წლისათვის საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმირებული სისტემა გვექნება. თუ ჩავთვლით, რომ ადმინისტრირებიდან 10% შემოვა, დამატებითი შემოსავალი 180-190 მილიონამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, საბაჟოს მონაცემებით, 2001 წელს მთლიანი იმპორტის 26%-ს შეადგენდა პროდუქცია, რომელიც გადასახადებისგან, კანონით, მთლიანად არის გათავისუფლებული. თუმცა, იმ კანონის მოქმედების ვადა დასრულდა, რომელიც უცხოურ ინვესტიციებზე გარკვეულ შეღავათიან რეჟიმს აწესებდა. ამავე დროს, 28% შეღავათიან რეჟიმში იბეგრება. ფაქტობრივად, 2001 წელს მთლიანი იმპორტის 54% სრულად ან შეღავათით იყო განთავისუფლებული გადასახადისგან. თუ ამ შეღავათებს 10-12%-ით მაინც შევამცირებთ, 30-35 მლნ ლარი დამატებით შეგვიძლია მოვიზიდოთ ბიუჯეტში. 2002 წლის ბიუჯეტში ჩვენ ჩავდეთ მუხლი, რომ 2003 წლის ბიუჯეტში საერთოდ მოისპოს ცნება სპეცსახსრები. ეს ის სახსრებია, რომელსაც დამოუკიდებლად ღებულობს ესა თუ ის სამინისტრო, საბიუჯეტო ორგანიზაცია და ასევე დამოუკიდებლად ხელფასის, პრემიების თუ დანამატების სახით გასცემს თანამშრომლებზე. სტატისტიკაში კი ეს არ არის ასახული. მასში მხოლოდ ძირითადი ხელფასია მოხვედრილი. ამიტომ სპეცსახსრების მთლიანად ბიუჯეტში მოქცევის პირობებში ჩვენ მისი მესამედი მაინც შეიძლება გამოვიყენოთ, ხელფასის მინიმალური დონის ასაწევად, ანუ 111 მილიონის მესამედი. თუ ყველა ამ მონაცემს შევკრებთ, ადმინისტრირების დონის გაუთვალისწინებლად, ვღებულობთ 170-175 მლნ ლარის დამატებით მობილიზაციას. ხოლო თუ ადმინისტრირების დონესაც გავითვალისწინებთ – 260-270 მლნ ლარს. აქედან, 60-65%-ს ხელფასების საკითხის გადასაწყვეტად თუ მივმართავთ, მინიმალური ხელფასის გაზრდა პრობლემა არ იქნება.
მაგრამ პრობლემაა თუნდაც ის საკითხი, რომ კერძო სექტორში, ძირითადად, დაბალი ხელფასები ფორმდება.
ეს ერთ-ერთი უპირველესი პრობლემაა. როცა მინიმალური ხელფასი გაიზრდება, კერძო სექტორი ვეღარ აჩვენებს დაბალ ხელფასს. აქ მეორე პრობლემაცაა – რამდენად რეალური და მასშტაბურია ასეთი დაბალი ხელფასები. ამას გარკვეული შესწავლა სჭირდება. პრობლემაა ხელფასების ბიუჯეტის დაცვაც. დღეს მოქმედებს 22 თანრიგი. არადა, 20,21,22,23, ლარიანი ხელფასები შეიძლება ერთ თანრიგში გავაერთიანოთ. ამით ბიჯების რაოდენობა შეიძლება შევამციროთ და შესაბამისად მათი უზრუნველყოფისთვის დიდი თანხები საჭირო აღარ იქნება.
ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი ეკონომიკურ თეორიაში ცნობილი მეთოდის – მსყიდველობითი უნარის გაზრდის გამოყენებით. ჩვენ ბევრს ვფიქრობთ, როგორ შევუწყოთ ხელი სამამულო წარმოებას, მივცეთ ინვესტიციები, სუბსიდიები. 2002 წლის ბიუჯეტში ამისათვის 11 მლნ ლარი ჩაიდო. შეგვიძლია გამოვიყენოთ ხსენებული მეთოდი – მსყიდველუნარიანობის გაზრდით წარმოების წახალისება. მსყიდველუნარიანობის გაზრდასთან ერთად იზრდება მოსახლეობის მოთხოვნილება პროდუქციაზე და შესაბამისად, წარმოებას, რომელიც ჯანსაღი, კონკურენტუნარიანია წახალისება ეძლევა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენი პროგნოზი გადაჭარბებულად ოპტიმისტური არ არის. პირიქით, ცოტა ფრთხილი მიდგომა ვარჩიეთ ამ საკითხისადმი. უფრო გაბედული განცხადებების გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერ დეტალურ გაანგარიშებას და ანალიზს დაველოდებით. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება კანონპროექტი მომზადდეს. ვნახავთ, აღმასრულებელი ხელისუფლება როგორ კანონპროექტს წარმოადგენს და ამის გათვალისწინებით გავაგრძელებთ მუშაობას. რადგან 2003 წლის ბიუჯეტის ფორმირება, ფაქტობრივად, ივლისიდან იწყება, ძირითადი მიმართულებები უკვე 1 ივლისს უნდა შემოვიდეს. ვეცდებით, ეს კანონპროექტი ამ პერიოდისთვის უკვე მიღებული იყოს, რათა ჩვენი განზრახვა ძირითად მიმართულებებში მოხვდეს.
ამ გათვლებისას ითვალისწინებთ თუ არა ინფლაციის საშიშროებას?
ბანკის მონაცემების მიხედვით, მოძრავი ფულის ოდენობა ყოველწლიურად თითქმის 40 მლნ ლარით იზრდება. თუ ჩვენ მინიმალურ ხელფასს გავზრდით, საუკეთესო ვარიანტში საარსებო მინიმუმამდე, ეს დამატებით ხელფასის სახით 170-180 მლნ ლარის გაცემაა. თუ 12 თვეზე გავანაწილებთ, დამატებით ყოველთვიურად 15-20 მლნ ლარის ბრუნვას მივიღებთ. არა მგონია, ამან რაიმე საშიშროება შექმნას. 400 მლნ ლარის მოძრაობის ფონზე, 15-20 მლნ ამინდს ვერ შექმნის. ცვლილებები უფრო კურსის თვალსაზრისით ხდება, ვიდრე ინფლაციის.
საპენსიო დავალიანებების ფონზე, ხელფასების მომატება ცოტა არარეალურად და ნაადრევად ხომ არ გამოიყურება. ხელფასების გაზრდის შემთხვევაში კი ახალი პრობლემები ხომ არ შეიქმნება?
მინდა აღვნიშნო, რადგან მინიმალური ხელფასის ზრდა ავტომატურად იწვევს გადასახადების ზრდას, განვიხილავთ პენსიების მომატების საკითხსაც. ესეც გაანგარიშებული გვაქვს – პირველ შემთხვევაში 5, მეორეში კი 11 ლარის ოდენობით გაზრდა. გარდა ამისა, გათვალისწინებული გვაქვს სოციალური გადასახადის განაკვეთის 2-3%-ით შემცირება მეწარმეებისათვის.
რაც შეეხება საპენსიო დავალიანებებს – 2002 წლის ბიუჯეტში უკვე არის გათვალისწინებული თანხა დავალიანებების გასასტუმრებლად. ბიუჯეტის შესრულების პირობებში ეს ტვირთი ნაწილობრივ შემცირდება. ჩემი აზრით, ამ ტვირთის ზიდვა ბიუჯეტს შეუძლია!