რა კავშირშია ინვესტიციების შემცირება ოფშორების სკანდალთან
მაკა ღანიაშვილი
მსოფლიოში გადასახადებისაგან თავის არიდება დაბალგადასახადიანი იურიდიული ზონების საშუალებით ხდება. ოფშორული ზონა ცალკეულ სახელმწიფოთა ეროვნული ეკონომიკისგან იზოლირებული საფინანსო ინსტიტუტია, სადაც შეღავათიანი რეჟიმი განისაზღვრება სავალუტო შეზღუდვის უქონლობით, მოგებათა თავისუფალი გატანით, საწესდებო კაპიტალის დაბალი დონით, ფირმის რეგისტრაციისა და მართვის მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურით, საგადასახადო დანაკარგების შემცირების შესაძლებლობით, ფირმის მფლობელთა სრული ანონიმურობითა და კონფიდენციალობით.
მე-20-ე საუკუნის შუა ხანებიდან ბიზნესზე გაზრდილმა საგადასახადო წნეხმა განვითარებულ ქვეყნებში ოფშორები სულ უფრო პოპულარული გახადა. სახელმწიფო ბიუჯეტებისაგან ”დამალულმა” თანხებმა მილიარდებსა და ტრილიონებს მიაღწია, ამიტომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე მათ წინააღმდეგ. სპეციალისტები პრობლემის მოსაგვარებლად რადიკალური ცვლილებების აუცილებლობის შესახებ საუბრობენ. საზოგადოების ნაწილი ოფშორს აღიქვამს, როგორც შავი ფულის გათეთრების ცენტრს და საბანკო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზების ადგილს.
მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა, მათ შორის – USB, Clariden და Deutsche Bank – სერიოზული სამუშაოები ჩაატარეს იმისათვის, რომ მათ კლიენტებს საიდუმლო კომპანიებით სარგებლობა შეძლებოდათ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და სხვაგან განლაგებული ოფშორული სამალავებით. ოფშორების მეპატრონეები საკუთარ ვინაობას და ბიზნეს ინტერესებს მაღალანაზღაურებადი ბუღალტრების, შუამავლების, მაკლერების და სხვა სპეციალისტების დახმარებით ნიღბავენ. სისტემა ხშირ შემთხევაში ემსახურება ფულის გათეთრებას და სხვა უკანონო საქმიანობას.
2013 წლის 16 ივნისს ICIJ-იმ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სრული სია, რომელიც ოფშორებში არიან დარეგისტრირებული და მათ შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა. დიდი რვიანის შეკრებაზე 17 ივნისს მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს საგადასახადო ნორმების გამკაცრების გადაწყვეტილება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები შეთანხმდნენ, იმაზე , რომ გაცვალონ ინფორმაცია ერთმანეთში საკუთარი გადამხდელების შესახებ. ნორმები დაუწესდებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ოფშორებში დარეგისტრირებას გადაწყვეტენ. მათ უნდა გაასაჯაროონ რეალური მფლობელების შესახებ ინფომაცია. მულტინაციონალური კომპანიები ვალდებულნი უნდა იყვენენ, ყველა იმ საგადასახადო ორგანოს წინაშე წარადგინონ ანგარიშები, სადაც მათი მოქმედების არეალი ვრცელდება.
ოფშორების გარშემო რამდენიმე თვის წინ ატეხილი სკანდალი არ წყდება. 2 წელიწადში ერთხელ საგადასახადო იუსტიციის ქსელი (Tax Justice Network) ფინანსური საიდუმლოებების ინდექსს (FSI) აქვეყნებს. ინდექსის ძირითადი მიზანია, გამოავლინოს ის საგადასახადო იურისდიქციები, რომელიც ყველაზე მეტად იწყნარებს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას, ფულის გათეთრებასა და სხვა მაქინაციებს. ქვეყნების შეფასება ხდება სხვადასხვა მაჩვენებლის ქულების დაჯამების შედეგად (დაფუძნებულია 15 ინდიკატორზე, მათ შორის საბანკო საიდუმლოებები, კორპორატიულ მმართველთა გამჭვირვალობა და თანამშრობლობა საერთაშორისო სამართლის ნორმებთან).
ინდიკატორების შეჯერებით, საბოლოო ჯამში, დგება ფინანსური გამჭვირვალობის ინდექსი. რაც უფრო მაღლაა ქვეყანა ინდექსში, მით უფრო ცუდად აფასებს ქსელი მის ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას.
ახალი ინდექსი 2013 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც შვეიცარია ისევ სიის სათავეშია, მისი ფინანსური სექტორის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მდგომარეობა 2011 წლის შემდეგ მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა. მართალია, შვეიცარიამ მცირედი ცვლილებები გაატარა, განსაკუთრებით აშშ-ის ზეწოლის შემდეგ, თუმცა ინდექსში ეს მისი მდგომარეობის მნიშვნელოვნად გამოსწორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
რისი ძირითადი მიზეზიც ისაა, რომ შვეიცარია არ ცდილობს რეალური ღონისძიებები გაატაროს საერთაშორისო ფინანსური გამჭვირვალობის კამპანიის ფარგლებში. შვეიცარიის მთავრობა ცოტა ხნის წინ დათანხმდა ხელი მოაწეროს OECD-ის საგადასახდაო კონვენციას, მაგრამ ამ კონვენციის ფარგლებში ინფორმაციის გაცვლა არა ავტომატურად, არამედ მხოლოდ სპეციალური გამოთხოვის საფუძველზე ხდება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს კონვენცია მცირედით მაინც გამოასწორებს მდგომარეობას.
ინდექსი ამავე დროს აჩვენებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების ცენტრად, თავის კუნძულებთან ერთად, კვლავ დიდი ბრიტანეთი რჩება.
თვითონ დიდი ბრიტანეთი ინდექსში მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს, მაგრამ მისი სატელიტები, ჯერსი და კაიმანის კუნძულები, პირველ ათეულში არიან, ბერმუდის ოფშორთან ერთად. მათზე მსოფლიო ოფშორების ერთი მესამედი მოდის. ხოლო იმ ფულის უმეტესობა, რომელიც ამ ოფშორებში იყრის თავს, ლონდონში მიემართება.
ეს კუნძულები ოდნავ ღია გახდა, ვინაიდან საერთაშორისო წნეხი, ე.წ. ფინანსური სამოთხეების მიმართ ბოლო პერიოდში გაიზრდა. მათი მდგომარეობა ინდექსში მცირედით გაუმჯობესდა, განსაკუთრებით ვირჯინიის კუნძულების, რომელიც ბევრი ოფშორული კომპანიის ”სამშობლოა”. ბევრმა მათგანმა ხელი მოაწერა საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებას, რომელიც ინფორმაციის გარკვეულ დონეზე გაცვლის ვალდებულებას გულისხმობს. თუმცა, ზოგიერთი ოფშორი ჯერ ისევ არ თანხმდება ამ შეზღუდვებს და უფრო მეტად აფართოებს საგადასახადო შეღავათებს.
ინდექსი ასევე აჩვენებს, რომ იზრდება გაუმჭვირვალობის ხარისხი ჰონ-კონგსა და სინგაპურში. ჰონ-კონგი არის მზარდი ძალა ოფშორული კაპიტალის ბაზარზე. იზრდება სინგაპურის გავლენაც, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაზრდილია წნეხი ოფშორებზე. ახლა დასავლელი გადასახადის გადამხდელები საქმიანობის ლეგალიზებისთვის აზიურ ოფშორებს იყენებს.
2013 წელს FSI ინდექსის საერთო მესიჯი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის მიღწევაში საგადასახდო იურისდიქციებში მცირედი პროგრესი არის, ეს არ არის ჯერ სასურველი დონე. კარგი ახალი ამბავი ისაა, რომ დაიწყო კამპანია ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ, რომლიც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რამდენიმე აქტიც არსებობს, რომელმაც ამ პროცესს ხელი უნდა შეიწყოს, მაგალითად, აშშ-ს Foreign Account Tax Compliance Act და FATCA.
ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ოფშორები მრავლადაა, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ”შავი” ფულის გათეთრების პრობლემა თვით განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებსაც აქვთ. მსოფლიოში ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების მთავარი მიზეზი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაა, რომელიც კოლოსალურ თანხებს აღწევს. უკანონო შემოსავლების წყაროებია: იარაღით ვაჭრობა, რომლის ბრუნვაც წელიწადში, დაახლოებით, 600 მილიარდამდეა; ნარკოტიკებით ვაჭრობა, 500 მილიარდამდე ბრუნვით წელიწადში; ადამიანებით ვაჭრობა და ასე შემდეგ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არის ფულის გათეთრება. სპეციალისტთა ნაწილი ოფშორების გამოყენებით გადასახადების დამალვასაც ამასთან აიგივებს. თუ ფულის გათეთრებას იყენებენ ნარკომოვაჭრეები, ანუ აშკარა კრიმინალები, გადასახადებს თავს არიდებენ სავსებით ლეგალური ბიზნესები და ამაში მათ მთავრობებიც უწყობენ ხელს.
მსოფლიოში ძალიან დიდი ოდენობით ფინანსური ნაკადებია, რომლებსაც ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს და პოლიტიკურიც, რადგან ამ დოზით ფულს, ნებისმიერი მძლავრი სახელმწიფოს პოლიტიკური გადატრიალება შეუძლია. ყველა დიდ ქვეყანას აქვს თავისი ეგრეთ წოდებული სამალავი, სადაც ისინი ფულს ათეთრებენ და გადასახადებს მალავენ. მაგალითად, შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ოფშორი. არა ერთი თავისუფალი ზონა და რამდენიმე ოფშორი აქვს თავის ტერიტორიაზე ინგლისს, მათ შორის, კაიმანის კუნძულები; ჰონკონგის სახით აქვს ოფშორი ჩინეთს; ასევე, ოფშორი აქვთ იტალიას მონაკოს სახით, მონაკოთი სარგებლობს საფრანგეთიც, თუმცა თავისი ოფშორიც აქვს; გერმანიას – თავისი და ასე შემდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ფარულად თუ ღიად, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც უწყობენ ხელს გადასახადების გადამხდელებს გადასახადის დამალვაში. მსოფლიოს ოფშორებში დღეისათვიდ დაახლოებით 8 ტრილიონი დოლარია დალექილი. ისეთი ცნობილი და წარმატებული კომპანიები, როგორიცაა ”მაიკროსოფტი”, ”ეფლი” თუ სხვა, თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მალავენ გადასახადს. ოფშორების საშუალებით მილიარდობით დოლარია დამალული ამერიკის, გერმანიის, ინგლისის და სხვა ქვეყნების ბიუჯეტისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ყველამ იცის, ოფშორების გაუქმება არცთუ მარტივი საკითხია. თუმცა, ეს თემა აქტუალური გახდა, რადგან ოფშორების წყალობით მსოფლიო ეკონომიკებს უკვე მილიარდობით დოლარი აკლდება, რაც მათ მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. ჩეხეთი, რომელიც თავის დროზე ევროზონაში არ შევიდა, ახლა ამით სარგებლობს და გერმანიის ფინანსური სამყაროსთვის ოფშორულ ნავსაყუდელს წარმოადგენს. დღეს ორი ნავსაყუდელი აქვთ ევროპელებს: დანია, რომელიც, ასევე, არ არის ევროზონაში და ჩეხეთი. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. რუსეთი თავის უკანონო შემოსავლებს ძირითადად მიმართავდა კვიპროსზე. რამდენიმე თვის წინ კვიპროსში ეს ფული გაიყინა და, სავარაუდოდ, რუსეთმა ის დაკარგა.
სპეციალისტთა შეფასებით, რუსეთში, საქართველოსა და ყაზახეთში არის ასეთი სქემა: ადგილობრივი პოლიტელიტის მიერ ნაშოვნი ფული, რა თქმა უნდა, ოფშორში მიდის და ისევ უკან, ამ ქვეყნებში ბრუნდება ინვესტიციის სახით. ანუ ეს ქვეყნები, რომლებიც არიან პოლიტბიზნესმენების თავშესაფარი, იმავდროულად არიან იმ ქვეყნების ინვესტორებიც. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კვიპროსი არის რუსეთის ყველაზე დიდი ინვესტორი. საქართველოში ბოლო წლებში ყველაზე დიდი ინვესტიციები შემოსულია კაიმანის კუნძულებიდან და ჰოლანდიიდან. ჰოლანდიაც სერიოზული ოფშორია. საქართველოდან, ისევე, როგორც რუსეთიდან ფული მიდის ოფშორებში და იქიდან ბრუნდება ინვესტიციის სახით. საქართველოში ხშირია ბიზნესი, რომელთა პატრონები არიან უცნობი ჰოლანდიელები, ინგლისელები, ამერიკელები და ა.შ.
საინტერესოა, საქართველოს საინვესტიციო ტენდენციებს ზემოთ თქმული მოვლენების გათვალისწინებით რომ გადავხედოთ. გასული წლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთავარი კონტრიბუტორი გერმანიაა, თუმცა წინა წლებში ეს ასე არ იყო. 2005-2011 წლებში გერმანიის წლიური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში საშუალოდ 26 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გერმანიის მიერ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირებული 142 მილიონი აშშ დოლარის 18%-ს შეადგენს.
2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50% საქართველოში ოთხი სხვადასხვა წყაროდან შემოვიდა, 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 49% – ხუთი წყაროდან, 2009 წელს კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 56% – ოთხი წყაროდან. თითოეულ ამ შემთხვევაში, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის დიდ წილს ერთი მსხვილი ინვესტიცია შეადგენდა. მაგალითად, 2011 წელს ისევე, როგორც 2009 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 22% მხოლოდ ერთ ქვეყანაზე მოდიოდა – ჰოლანდიასა (2011-ში) და გაერთიანებულ არაბთა საემიროებზე (2009-ში). ჰოლანდია, აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარებით სტაბილურ წყაროებს წარმოადგენენ. გაერთიანებული სამეფოდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა პიკს 2006 წელს მიაღწია 187 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, მკვეთრად შემცირდა 2009 წელს, ხოლო 2010-2012 წლებში საშუალო წლიურ 59 მილიონ აშშ დოლარამდე დასტაბილურდა. ჰოლანდიიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა როგორც 2007, ასევე 2011 წელს, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, 2006-დან დღემდე ყველა სხვა წლებში კი 18 მილიონიდან 136 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობდა. ინვესტიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ვირჯინიის კუნძულები.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშის ”2012 წლის მიმოხილვის” მიხედვით, 2012 წლის მეორე კვარტლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის ბოლოს, 2011 წლის მონაცემთან შედარებით 252 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები შეადგინა (გრაფიკი 1).
2011 წელს, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშში გლობალური ტენდენციების გაუმჯობესება აღინიშნა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 17%-ით გაიზარდა, რამაც UNCTAD-სა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებს საფუძველი მისცა ევარაუდათ, რომ ეს გლობალური რეცესიის დასასრულის დასაწყისი იყო. ეს ტენდენცია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27%-იანი მატებით გამოიხატა, წინა, 2010 წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით. თუმცა, 2012-ში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მსოფლიო მასშტაბით ისევ შემცირდა _ 18%-ით, აღმოსავლეთ ევროპის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ეკონომიკებსა და საქართველოში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ 28% შეადგინა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მგრძნობელობის გათვალისწინებით, გლობალური შოკებისა და ეკონომიკური დაღმასვლის მიმართ, ადვილი იქნებოდა გვეთქვა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება გლობალური ტენდენციების შედეგია; რომ, როგორც UNCTAD-ი განმარტავს, განვითარებული ქვეყნები საკუთარ პრობლემებთან გამკლავებაზე არიან ფოკუსირებულები და გარდამავალი ეკონომიკები უბრალოდ სუსტი საგარეო მოთხოვნის შედეგად ზარალდებიან. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოდში, ეკონომიკურმა დაღმასვლამ სხვადასხვაგვარად იმოქმედა განვითარებად, განვითარებულ და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკებში ჩადებულ ინვესტიციებზე. 2011 წელს ზრდა საყოველთაო იყო, მაგრამ 2012-ში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება არათანაბრად მოხდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების გლობალური შემცირება, ძირითადად, აშშ-ში და იმ ევროპულ ქვეყნებში აღინიშნა, რომლებსაც ევროზონის კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო. ეს კლება, ერთად აღებული, იმდენად სერიოზული იყო, რომ გლობალური აგრეგირებული მონაცემები შეამცირა. ამასობაში, და პირველად ისტორიაში, განვითარებადი სამყაროს წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებში განვითარებული ქვეყნებისას აღემატებოდა, ხოლო საქართველოს მეზობელ თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები თანმიმდევრულად მატულობდა.
ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში ინვესტიციები შემცირებულია. რას უკავშირდება ეს? მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს? გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს? საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს? თუ ოფშორებთან დაკავშირებულ საყოველთაო კრიზისს? ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დიდი წილი ოფშორულ ზონებზე მოდიოდა. ახლა ეს ნაკადი შემცირებულია.