ეკონომიკური ტერმინების მართლწერის საკითხისათვის
ეკ. მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი ლეო ჩიქავა
გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ეკონომისტი აკად. პ. გუგუშვილი აღნიშნავდა , რომ მეცნიერებისათვის ტერმინი იგივეა, რაც ხუროთმოძღვრებისათვის მასალა, რისგანაც მან მთელი არქიტექტურული ანსამბლი უნდა ააშენოს. მეცნიერება გარკვეულ ცნებათა გარეშე არ არსებობს, ცნებათა არსი კი წარმოდგენილია ტერმინებში. მეცნიერული აზროვნების მთელი სირთულე ტერმინებში მოცემული ცნებების სისტემურ გაგებაშია.
ხელმძღვანელობდნენ რა ამ პრინციპებით, აკადემიკოსები: პაატა გუგუშვილი და ვასილ ჩანტლაძე ეკონომიკური ტერმინების დადგენა-სრულყოფაზე 40-იანი წლების დასასრულიდან (როცა საქართველოში პირველად გამოიცა “ეკონომიკის ტერმინოლოგია”) მოყოლებული ათეული წლების განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, თავიანთი კეთილშობილური ჩანაფიქრის, კერძოდ, “ეკონომიკური ტერმინოლოგიის” საბოლოო სახით დასრულებას ვეღარ მოესწრნენ. გრძნობდნენ რა აღსასრულის მოახლოებას, მათ მთხოვეს ამ ნაშრომის სათანადო კონდიციამდე მიყვანა და გამოქვეყნება. ჩემი (და არა მარტო ჩემი) სათაყვანებელი მასწავლებლების დანაბარების შესრულებას ხუთწლიანი ინტენსიური მუშაობა დასჭირდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მათი თხოვნა შესრულებულია. მკითხველს შეუძლია გაეცნოს ამ ნაშრომს: “ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია” (შემადგენლები აკად. პ. გუგუშვილი, აკად. ვ. ჩანტლაძე, ლ. ჩიქავა და ა. კოშკელაშვილი) ამ სტრიქონების ავტორის საერთო რედაქციითა და წინასწარმეტყველებით, თბილისი 2001, 40 ნაბ. თაბახი.
“ტერმინოლოგიაზე” მუშაობის პროცესში ეკონომიკური ტერმინების მართლწერის თვალსაზრისით ბევრმა საგულისხმო მომენტმა მიიქცია ყურადღება. ზოგიერთ მათგანზე მინდა მკითხველს ჩემი მოსაზრებები გავუზიარო.
დავიწყოთ ტერმინით – სააქციო საზოგადოება. მასობრივი ინფორმაციის თითქმის ყველა საშუალება (მცირეოდენის გამოკლებით) ამ ტერმინს ასეთი ფორმულირებით იყენებს. ასე მასწავლიდნენ თავის დროზე და, სხვათა შორის, უკანასკნელ პერიოდამდე (სანამ საფუძვლიანად ჩავიხედავდი ეკონომიკური ტერმინოლოგიის “სამზარეულოში”) მეც ასე ვასწავლიდი სტუდენტებს. არადა, მისი შინაარსობრივი დატვირთვის გაანალიზებამ ღრმად დამარწმუნა, რომ ასეთი ფორმულირება შეცდომაა. ეს ხომ რუსული ტერმინის “აეოეიია?იია იაუანოაი”-ს ქართულ შესატყვისად გამოიყენება, რაც არაადეკვატურია. რუსულ ტერმინში იგულისხმება არა “აქციები” არამედ – “აქციონერები”: ესე იგი საზოგადოება იქმნება აქციონერებისაგან და არააქციონერებისაგან (თუმცა, ეს აქციების მეშვეობით ხორციელდება). ამიტომ სწორი იქნება “აეოეიია?იია იაუანოაი”-ს ქართულ შესატყვისად გამოვიყენოთ “აქციონერული (ან სააქციონერო) საზოგადოება”. “სააქციო საზოგადოების” რუსული შესატყვისი იქნება “აეოეიიიია იაუანოაი”, რაც უაზრობაა.
“ტერმინოლოგიაში” ერთმანეთისგანაა გამიჯნული ტერმინები – “ეკონომიკური”და “ეკონომიური”. რამდენადაც ისინი სხვადასხვა შინაარსის გამომსახველნი არიან. ამგვარი “გამიჯვნის”დასამკვიდრებლად აკად. პ. გუგუშვილს თითქმის 25-წლიანი შეუპოვარი ძალისხმევა დასჭირდა, ამიტომ მასზე შეჩერებას არ ვაპირებდი, რომ არა ერთი საგულისხმო ფაქტი, რაც, სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისი როდია.
გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკას”, როგორც ფრიად ავტორიტეტულ ორგანოს, გამოსაქვეყნებლად გადავეცი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია აცხადებდა კონკურსს აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიების დასაკავებლად. რედაქტორის მოადგილემ ტექსტი “გამისწორა” და ასეთი სახით გამოაქვეყნა: “საქართველოს ეკონომიის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს …” თანაც ორ ადგილას იყო გაკეთებული ასეთი “ჩასწორება”. გამოქვეყნების დღესვე დამირეკა ერთ-ერთმა მოქალაქემ და ირონიული ინტონაციით მკითხა: “ეკონომიის მეცნიერებათა აკადემია რომ დაგეარსებინათ, იქ მიღების როგორი პირობები გაქვთო?” ჩემთვის იმთავითვე ცხადი გახდა იმ მოქალაქის მიერ დასმული კითხვის ქვეტექსტი, მაგრამ ამისათვის, რა თქმა უნდა, არ ვამტყუნებ: მას საფუძველი გაზეთში წაკითხულმა მცდარმა ინფორმაციამ მისცა. შემდეგ კი გაზეთის რედაქცია იძულებული გახდა, განცხადება უცვლელი სახით ხელმეორედ გამოექვეყნებინა.
ამრიგად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ორივე ტერმინი საჭიროა, მაგრამ შესაბამის ადგილას. როცა ფუძედ ვიღებთ “ეკონომიკ-ას”, უნდა ვწეროთ “ეკონომიკური”. მაგალითად, “ეკონომიკური პოლიტიკა”, ხოლო “ეკონომიის” (მომჭირნეობის) მნიშვნელობით უნდა ვწეროთ და წარმოვთქვათ “ეკონომიური”. მაგალითად, “რესურსების ეკონომიური ხარჯვა”.
მხატვრული სიტყვის დიდოსტატს, კონსტანტინე გამსახურდიას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: “ორი სიტყვით ერთი ცნების გამოხატვა უთუოდ ენობრივი სიღატაკის მაჩვენებელია”. ამის ერთგვარ ილუსტრაციად გამოდგება სამი რუსული ტერმინის 1. ნ?აო 2. ?ან?აო 3. იო?აო – ქართულ შესატყვისად, არცთუ იშვიათად, მხოლოდ ერთი ტერმინის “ანგარიშის”გამოყენება. “ტერმინოლოგიაში” თითოეულ მათგანს თავისი ადეკვატური შესატყვისი აქვს: 1. ანგარიში; 2. ანგარიშსწორება; 3. ანგარიშგება.
ასევე, რუსულ ტერმინებს “ნოიეიინოუ”-სა და “ოაიიინოუ”-ს ხშირად გამოხატავენ ერთი და იმავე ქართული ტერმინით “ღირებულება”, რაც სწორი არაა. “ტერმინოლოგიაში” ასეა რეკომენდირებული: “ნოიეიინოუ” – ღირებულება; “ოაიიინოუ” – ფასეულობა. მაგალითად, “საქონლის ღირებულება”; “მორალური ფასეულობა”. უფრო მეტად ქართველ ფილოსოფოსებს სჩვევიათ “ოაიიინოუ”-ის შესატყვისად “ღირებულების” გამოყენება, რაც ძალიან უხეშად, თანაც, შინაარსობრივი თვალსაზრისით არასწორად ჟღერს.
ბევრი ერთმანეთში ურევს “იჯარასა” და “არენდას”. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, “არენდის” ნაცვლად, მეტწილად “იჯარას” იყენებენ, რაც არსებითი ხასიათის შეცდომაა.
ჩვეულებრივ, არენდით დროებით სარგებლობისათვის გაიცემა უძრავი ქონება, რისთვისაც მოარენდემ (ქონების იჯარით ამღებმა) მეარენდეს (ქონების მფლობელს) უნდა გადაუხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. იჯარის შემთხვევაში კი მეიჯარე, მაგალითად იჯარით გაცემულ ნაკვეთზე მოწეულ შემოსავალს თვითონ განკარგავს, ხოლო მოიჯარეს სამუშაოთა შესრულებისათვის უხდის საიჯარო ქირას ხელშეკრულების საფუძველზე, წინასწარ განსაზღვრული ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ტერმინოლოგიაში” ეს ტერმინები ასეთნაირად გვაქვს გამიჯნული: “არენდა” – ა?აიაა, “იჯარა” – იია?ყა.
ბოლო პერიოდში ლამის მთლიანად ამოვარდა ხმარებიდან ტერმინი “ფაქტიური” და იგი შეცვალა ტერმინმა “ფაქტობრივი”, რაც არ მიგვაჩნია მართებულად, რამდენადაც თითოეულ მათგანს განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. “ფაქტიური”- რეალურად არსებულს, სინამდვილეში მომხდარს ნიშნავს (მაგალითად, “ფაქტიური ქორწინება”), “ფაქტობრივი”კი ფაქტების მოხმობას, ფაქტებით არგუმენტირებას, ფაქტებზე დამყარებულ მსჯელობას, ფაქტების ზუსტად თუ არაზუსტად გადმოცემას გულისხმობს. მაგალითად, თუ ვიტყვით რომ ი. ჭავჭავაძე დაიბადა 1850 წელს (და არა 1837 წელს), ეს იქნება ფაქტობრივი შეცდომა.
ამ მომენტების გათვალისწინებით, “ტერმინოლოგიაში” “ფაქტიურის” შესატყვისად შემოთავაზებულია “ოაეოე?ანეეე”, ხოლო “ფაქტობრივისა”-“ოაეოეაიეე”.
ძალიან ხშირად კონტექსტში შინაარსის გაუთვალისწინებლად გამოიყენება ტერმინები – “ეფექტიანობა” და “ეფექტურობა”, რაც შეცდომაა. “ეფექტიანობა” – მიღებულ შედეგებსა და ამისათვის გაწეულ დანახარჯებს შორის თანაფარდობას გულისხმობს და ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად რაციონალურად გამოიყენება წარმოებრივი რესურსები. მისი ადეკვატურია რუსული ტერმინი “აოოაეოეაიუე” “ეფექტურობა” კი გვიჩვენებს იმას, თუ რაოდენ შთამბეჭდავია ესა თუ ის მოვლენა, შემთხვევა, პროცესი. მისი ადეკვატურია რუსული ტერმინი “აოოაეოიუე”. აი, ასეა ერთმანეთისაგან გამიჯნული ეს ტერმინები აღნიშნულ ნაშრომში.
“ტერმინოლოგიის” დედნის წინასწარი განხილვისას ზოგიერთმა კოლეგამ გვირჩია “მომგებიანი საწარმო” შეგვეცვალა ტერმინით “მოგებიანი საწარმო”. ეს რჩევა არ გავითვალისწინეთ, თუმცა, ტერმინი “მოგებიანი” შევინარჩუნეთ. საწარმო შეიძლება იყოს მომგებიანი (ი?ეაუეუიია) ან ზარალიანი (ოაუოი?იია), სახელმწიფო სესხი (ობლიგაცია) და ლატარია კი მოგებიანი (აუეა?უოიაყ) ან არამოგებიანი (იააუეა?უოიაყ). ამიტომ ტექსტში ორივეა შეტანილი შესაბამის ადგილას.
ზოგჯერ ერთმანეთში ურევენ ტერმინებს: “მწარმოებლურობა” და “ნაყოფიერება”, რაც დიდ გაუგებრობებს იწვევს. შეცდომაა “შრომის ნაყოფიერება”. სწორია “შრომის მწარმოებლურობა”, რომელსაც შეესაბამება რუსული ტერმინი “ი?იეცაიაეოაეუიინოუ ო?ოაა”. რაც შეეხება “ნაყოფიერებას”, მას განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა აქვს და შესაბამის ადგილას უნდა იქნეს გამოყენებული. მაგალითად, სწორია “ნიადაგის ნაყოფიერება” “ი?იაი?იაეა, იეიაიაეაინოუ იი?აუ”. “ტერმინოლოგიაში” ორივე მათგანს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი.
ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, სწორია “პროფესიული” და არა “პროფესიონალური”. ჩვენი აზრით, ეს ტერმინები შინაარსობრივად რამდენადმე განსხვავდებიან ერთიმეორისგან, ამიტომ ორივე სწორია, მაგრამ შესაბამის კონტექსტში. კერძოდ, დაავადებათა გარკვეული ჯგუფის დასახასიათებლად უნდა ვთქვათ “პროფესიული დაავადებანი”, ხოლო თუკი მენეჯერის მიერ ბიზნესის გაძღოლის დონე გვინდა შევაფასოთ, უნდა ვთქვათ “უძღვება პროფესიონალურად” ან “არაპროფესიონალურად”, ასევე, “მაღალ ან დაბალ პროფესიონალურ დონეზე” და ა.შ. ამიტომ რუსული ტერმინის “ი?იოანეიიაეუიუე”-ს ქართულ შესატყვისად მკითხველს ვთავაზობთ ორ ქართულ ტერმინს – “პროფესიული” და “პროფესიონალური”
ჩვენსა და ენათმეცნიერებს შორის კამათი გამოიწვია იმან, რომ უნდა ვწეროთ და ვთქვათ, მაგალითად” აწონა”, “გაჩეხა”, “შეტეხა” თუ “აწონვა”, “გაჩეხვა”, “შეტეხვა”და ა.შ. ჩვენ სწორად მივიჩნიეთ მეორე ვარიანტი, რამდენადაც პირველი ვარიანტი გამოხატავს არა განუსაზღვრელი, არამედ მეორე პირის მოქმედებას. “მან აწონა, გაჩეხა, შეტეხა” და სხვა. ჩვენს ვარიანტს უფრო ზუსტად გამოხატავს რუსული შესატყვისები: “აცააოეააიეა, აუ?ოაეა, ეიიეა”
ვფიქრობთ, “ტერმინოლოგიაში” ერთმანეთისგან მართებულადაა გამიჯნული ტერმინები – “გასახელმწიფოებრივება” (იაინოაა?ნოაეაიეა) და “განსახელმწიფოებრივება” (?აცაინოაა?ნოაეაიეა), რამდენადაც პირველი გულისხმობს კერძო ან კოოპერაციული საკუთრების სახელმწიფო საკუთრებად გადაქცევას, ხოლო მეორე, პირიქით სახელმწიფო საკუთრების კერძო ან კოოპერაციულ საკუთრებაში გადასვლას.
“ტერმინოლოგიის” შემდგენელთა შეხედულებით, ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ტერმინები, ერთი მხრივ, “პროგრესული”და “რეგრესული” და, მეორე მხრივ, “პროგრესიული” და “რეგრესიული”. პირველი წყვილი ტერმინებისა უნდა გამოვიყენოთ მაშინ, როცა გვინდა კვალიფიკაცია მივცეთ ამა თუ იმ მოვლენას ან ღონისძიებას, ე.ი. დადებითია (წინსვლის გამომხატველია), თუ უარყოფით (უკუსვლის გამომხატველი).
ტერმინების მეორე წყვილი კი მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა გვინდა ერთმანეთისგან განვასხვავოთ, მაგალითად, დაბეგვრის სისტემები, ანუ გადასახადების განაკვეთების განსაზღვრის მეთოდები, აგრეთვე შრომის ანაზღაურების სისტემები და ა.შ. “პროგრესიული გადასახადი” ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის საშუალო განაკვეთი იზრდება არა პროპორციულად, არამედ პროგრესიულად, შემოსავლის (დასაბეგრი ობიექტის) მოცულობის ზრდის შესაბამისად (დავუშვათ, 20 ათას ლარამდე შემოსავალზე დაწესებულია გადასახადის განაკვეთი 10%-ის ოდენობით, 20-დან 30 ათასამდე შემოსავალზე 15%-ით ოდენობით და ა.შ.) ამ შემთხვევაში ამოსავალია არა “პროგრესი”, არამედ “პროგრესია”. მისგან განსხვავებით, როცა ყოველ დამატებით შემოსავალზე გადასახადის განაკვეთი კი არ იზრდება არამედ, პირიქით, მცირდება, მას “რეგრესიულ გადასახადს” უწოდებენ. ამ შემთხვევაში ამოსავალია არა “რეგრესი”, არამედ “რეგრესია”. აი, რატომ გავმიჯნეთ ქართული ტერმინები “პროგრესული” “პროგრესიულისგან” და “რეგრესული” კი “რეგრესიულისაგან”. მიუხედავად იმისა, რომ მათი რუსული შესატყვისები: “ი?ია?ანნეაიუე” და “?აა?ანნეაიუე” მხოლოდ ერთი მნიშვნელობით გამოიყენება.
გაზეთ “კვირის პალიტრის” 2001 წლის 6-12 აგვისტოს ნომერში ეწერა: “ვარ ბანკის მევალე”. ჩემი საქმე აღსრულებაზეა გადაცემული, მაგრამ ამავე აღმასრულებელთან აღსრულებაზეა გადაცემული ჩემი მევალის საქმეც, რომლის ვალიც ჩემს მიმართ სამჯერ აღემატება ჩემს ვალს ბანკისადმი…”
ეს ტექსტი იმიტომ არის ბუნდოვანი (გაუგებარი), რომ მასში არეულია ტერმინები – “მევალე” და “მოვალე”(ორივე შემთხვევაში “მევალეს” ნაცვლად უნდა ეწეროს “მოვალე”). ანალოგიური გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით “ტერმინოლოგიაში” გავმიჯნეთ ეს ტერმინები. “მევალე” (ცაეიიააოაეუ, ცაეიიააააო) არის პირი, რომელიც იძლევა სესხს, ხოლო მოვალე (აააეოი?, აიე?იეე) – პირი, რომელიც იღებს სესხს და ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით დროულად დაუბრუნოს იგი გამსესხებელს (მევალეს).
“ტერმინოლოგიაში” მკითხველი ბევრ სხვა საინტერესო საკითხზეც იპოვის პასუხს. ჩვენი მოსაზრებები, ცხადია, არ მიგვაჩნია აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ აზრის გამოთქმას, რაც დაგვეხმარება ეკონომიკური ტერმინების სრულყოფაში. ამით დიდი ეროვნული საქმე მოგვარდება!