ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ეკონომიკური ზრდა (ზოგირთი თეორიული და პრაქტიკული ასპექტი)
თამარ ბერუჩაშვილი
ეკონომიკური ზრდისა და ვაჭრობის ლიბერალიზაციის პრობლემატიკა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სერიოზული დისკუსიის თემაა ყველა დონეზე. ამ პერიოდში საერთაშორისო ვაჭრობამ ორჯერ გადააჭარბა მსოფლიო მასშტაბით შემოსავლების ზრდას. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ კი მსოფლიო ვაჭრობაში მომსახურებითი ვაჭრობის წილი გაზარდა საქონლით ვაჭრობასთან შედარებით. ამავე პერიოდს ემთხვევა განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში პირდაპირი და საპორთფელო ინვესტიციების მკვეთრი ზრდა.
ლიბერალური ვაჭრობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სწრაფი ეკონომიკური ზრდის სტიმული (კატალიზატორი), რომელიც ხელს უწყობს მწირი რესურსების ეფექტურ გამოყენებას, ზრდის სავალუტო შემოსავლებს და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას. სადღეისოდ გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა ზოგადად ასოცირებულია ვაჭრობის გახსნილობასთან. თუმცა, ჯერ კიდევ ა. სმიტის დროიდან სერიოზული დებატები მიმდინარეობს ამ თემაზე. თანამედროვე მეცნიერული ნაშრომები მრავლად შეიცავენ ზრდასთან დაკავშირებულ კვლევებს, რომლებშიც განხილულია ორი ძირითადი არგუმენტი: ვაჭრობა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკური ზრდა ამცირებს სიღარიბეს. ამ უკანასკნელი ჰიპოტეზის დასამტკიცებლად ჯერ კიდევ სერ დენის რობერტსონმა (1940) ვაჭრობა დაახასიათა როგორც “ეკონომიური ზრდის მამოძრავებელი ძალა”. თუმცა როცა თავისუფალი ვაჭრობა, ანუ გახსნილობა ვაჭრობაში ეკონომიკურ კეთილდღეობადაა აღიარებული, ბოლო დროს ამ მიდგომას სერიოზული ოპონენტებიც გამოუჩნდა, რომელთა აზრით, მას არ გააჩნია სოლიდური საფუძველი.
ამ კონტექსტში საინტერესოა, განხილულ იქნეს ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთდამოკიდებულების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. ამ თემას ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეცნიერული აზრის სერიოზული პოტენციალი მიეძღვნა და ასევე ამ საკითხით სულ უფრო აქტიურად ინტერესდებიან საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები.
ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოზიტიური გავლენის შესახებ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე ზოგადი შეთანხმება ე.წ. “ვაშინგტონის კონსენსუსის” ფარგლებში 1980-იან წლებში იქნა მიღწეული. კონსენსუსი პირდაპირ პასუხობდა ეკონომიკურ სირთულეებს, რაც იმ დროს თავს დაატყდა განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილს ვალების პრობლემების გამო. ვაჭრობის ლიბერალიზაცია, როგორც სტრუქტურული გარდაქმნის პაკეტის შემადგენელი ელემენტი, აღიარებულ იქნა მომხმარებელთა კეთილდღეობისა და სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობ ფაქტორად, რომელიც აიაფებს იმპორტს და ზრდის საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. ამის ორი მიზეზი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: პირველი, მეტი საქონელი შედარებით იაფ ფასებში, ვიდრე ადგილობრივმა ბაზარმა შეიძლება უზრუნველყოს, ასევე ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები ადგილობრივი პროდუქცისათვის. მეორე, შესაძლებლობა, გაიზარდოს იმ საქონლის წარმოება, რომელშიც ქვეყანას აქვს ფარდობითი უპირატესობა, თუმცა შეიზღუდება ის სექტორები, რომელთაც ეს უპირატესობა არ გააჩნიათ. რადგან პროდუქციის ფაქტორები გადანაწილდება ნაკლებად ეფექტური სექტორებიდან უფრო ეფექტურ სექტორებზე, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებელი იზრდება. სწორედ ამ მოტივით ბევრი განვითარებადი ქვეყანა ამცირებს სატარიფო განაკვეთებს, არასატარიფო ბარიერებს და ატარებს იმპორტის ლიბერალიზაციის პოლიტიკას.
ვაჭრობის გახსნილობას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში. ვაჭრობის გახსნილობის ხარისხის ამაღლებასთან ერთად პროდუქტიული რესურსების განაწილება უახლოვდება იმ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანობის გაზრდას. ვაჭრობის ლიბერალიზაციას ასევე შეუძლია, გააუმჯობესოს ადგილობრივი წარმოების პროდუქტიულობა და ეკონომიკური ზრდა ცოდნისა და ნოუ-ჰაუს გადადინებით გამოცდილ პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად (აგენორი 2002). გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით ვაჭრობის გახსნილობა ხელს უწყობს ახალი ტიპის საქონლის შედარებით დაბალ ფასებში შემოდინებას, ასევე მაღალხარისხიან შუალედურ საქონელსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას და, შესაბამისად, ეკონომიკის მწარმოებლურობის გაზრდას (რომერი, 1994). უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მატერიალური საშუალებებით, არსებობს რიგი მნიშვნელოვანი ელემენტებისა, რომელნიც არამატერიალური სახისაა (მაგ. წარმოების ინჟინრული უზრუნველყოფა ან ინფორმაცია საწარმოო პროცესების მოდელების ცვალებადობის შესახებ). ენდოგენური ზრდის უახლეს მოდელებში ეს თემები გამოყენებულია ზრდაზე ვაჭრობის გრძელვადიანი ეფექტის შესწავლის მიზნით (რომერი 1992). ვაჭრობის გახსნილობას შეუძლია, ხელი შეუწყოს მასშტაბის ეკონომიისა და გეოგრაფიული მდებარეობის წარმატებულ გამოყენებას წარმოების საბაზრო სეგმენტის გაზრდისა და, შესაბამისად, დანახარჯების შემცირების ხარჯზე (ტიბუდტი 1996). თუმცა ენდოგენური ზრდის ახალი მოდელების მიხედვით, გახსნილობა ასევე შეიძლება გახდეს ზრდის შემცირების მიზეზი, როცა ვაჭრობა ეხება სექტორებს, რომელთაც არც მასშტაბურობა და არც სხვა მიმზიდველობა არ ახასიათებს (როდრიკი 1999). როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, განვითარებადი ქვეყნების ექსპორტი ძირითადად შედგება სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და შედარებით დაბალი ტექნოლოგიის საქონლისაგან (მაგ. საფეიქრო მრეწველობა). მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის გახსნილობამ და კაპიტალის შემოდინებამ შესაძლებელია, ხელი შეუწყოს ამ ქვეყნებს გარკვეულ დროში მოწინავე ტექნოლოგიებისა და წარმოების ტექნიკის დამკვიდრებაში (რაც საშუალებას მისცემს მათ, აწარმოონ ის პროდუქცია და მომსახურება, რომელიც დინამიკურ ზრდას უზრუნველყოფს), განვითარების ეს სცენარი ვერ განხორციელდება გარდამავალი პერიოდის გარეშე, რომლის დროსაც გლობალიზაციისა და ლიბერალიზაციის შედეგების პოზიტიური გავლენა ზრდასა და სიღარიბეზე საკმაოდ მოკრძალებულია ან საერთოდ არ შეინიშნება.
როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე ლიტერატურა მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომ გახსნილობა პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან და რომ ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნებმა ვაჭრობის ხელშემშლელი ბარიერების მოხსნით. არსებობს სერიოზული არგუმენტები, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციას შეუძლია, შედარებით მოკლე ვადაში გააუმჯობესოს რესურსების განაწილება ან უზრუნველყოს მუდმივი ზრდის ტენდენცია (ჯეიმი, 2001). ვაჭრობის ლიბერალიზაციის თემა ძირითადად ეფუძნება დაშვებას, რომ ზოგადად გახსნილობას მკაფიოდ პოზიტიური გავლენა აქვს ზრდაზე (კრუგერი, 1998). რიგი კვლევებისა გვარწმუნებს, რომ ზოგადად ქვეყნის შეზღუდული გახსნილობა ძირითადი მიზეზია ზოგიერთი აფრიკული და სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური პრობლემებისა (დოლარი 1992, საქსი და ვარნერი 1997). როდრიგესისა და როდრიკის (1999) შედარებით ახალი კვლევები კი ეწინააღმდეგება ამ იდეას და ამტკიცებს, რომ დაბალი ტარიფები და არასატარიფო ბარიერების გაუქმება ნაკლებადაა ასოცირებული ეკონომიკური ზრდის თემასთან. ასევე ჰარისონმა (1996) განიხილა გახსნილობის ინდიკატორები, რომელთაც პოზიტიური კავშირი უნდა ჰქონოდათ ზრდასთან და წარმოადგინა მტკიცებულება გახსნილობასა (ვაჭრობის კუთხით) და ეკონომიკურ ზრდას შორის ორმხრივი მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულების შესახებ. იგი ამტკიცებს, რომ გახსნილობა ვაჭრობაში მხოლოდ სუსტადაა დაკავშირებული ზრდასთან და შეიძლება, პროცესის არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი გახდეს. ჰარისონი და ჰანსონი (1999) ბოლოდროინდელ გამოკვლევებში იზიარებენ ამ სკეპტიციზმს და ამტკიცებენ, რომ საქსისა და ვარნერის (1995) პოპულარულ აღმოჩენებს ვაჭრობის გახსნილობისა და ზრდის პოზიტიურ კავშირს შორის არ გააჩნია სოლიდური საფუძველი. როდრიგესი და როდრიკი (1999) ეხმიანებიან ამ კრიტიკას და ამტკიცებენ, რომ ამ კორელაციის დემონსტრირებისათვის გამოყენებულია სუბიექტური და გახსნილობის შეფასების არასწორი კრიტერიუმები (უფრო ზუსტად, ისინი ენდოგენურია და მოიცავენ უფრო მეტს, ვიდრე სავაჭრო პოლიტიკას შეიძლება დაუკავშირდეს), ხოლო მათი ეკონომეტრიკული მონაცემები სუსტია.
როგორც ჩანს, ზოგადად ემპირიული გამოკვლევები არასრულყოფილია და, შესაბამისად, მათ აქამდე ვერ შეძლეს საჭრობის გახსნილობისა და ზრდის კორელაციის პრობლემის საფუძვლიანი არგუმენტირება. ბოლდვინის (2000) მიხედვით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ რიცხობრივ მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომეტრიული ანალიზი შეზღუდულია აუცილებელ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის, შედარების შესაძლებლობისა და ანალიზის პროცესში სხვადასხვა მიდგომის გამოყენების გამო.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ვაჭრობის გახსნილობის შესაფასებლად საჭიროა, გაანალიზდეს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის, საიმპორტო და საექსპორტო ტარიფები, არასავაჭრო ბარიერები, სავალუტო პოლიტიკა, ადგილობრივი გასასახადები და სუბსიდიები, საკონკურენციო და რეგულატორული, განათლების და ეკონომიკური პოლიტიკა, სამართლებრივი სისტემა, ასევე კულტურული და ინსტიტუციური საკითხები. კრუგერი (1997) ამტკიცებს, რომ გახსნილობა უნდა უკავშირდებოდეს რეფორმებს და ჯანსაღ ეკონომიკურ პოლიტიკას ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ანტიკორუფციულ ღონისძიებებს. საერთო ჯამში, გახსნილობა სასარგებლოა პოლიტიკური მეთოდების ერთიანობისთვის, რომელთა მიზანია საბაზრო კონკურენციის შექმნა და ეფექტიანობის ამაღლება, ასევე გამჭირვალობისა და დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიდგომას ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ბოლო რეკომენდაციებიც.
სასარგებლო იქნება, წარმოვიდგინოთ, გახსნილობის შეფასების რა კრიტერიუმებია გამოყენებული თანამედროვე კვლევებში (როდრიგესი და როდრიკი, 2000) (იხილეთ ცხრილი)
როგორც ცხრილიდან ჩანს, კვლევებში გამოყენებულია შემდეგი გახსნილობის ინდიკატორები: საჩის-ვარნერის გახსნილობის ინდექსი, მსოფლიო ბანკის ვაჭრობის სტრატეგიების სუბიექტური კლასიფიკაცია მსოფლიოს განვითარების ანგარიშში (World Development Report) 1987, ლიმერის (1998) გახსნილობის ინდექსი, ჩრდილოვანი ეკონომიკის ფაქტორი, საშუალო საიმპორტო ტარიფი UNCTAD-ის მიხედვით, არასატარიფო ბარიერების საშუალო დაფარვა, ვაჭრობის გადასახადებიდან მთლიანი შემოსავლების (ექსპორტი + იმპორტი) შეფარდება მთლიანი ვაჭრობის მაჩვენებელთან. ამავდროულად სამწუხარო ფაქტია, რომ კვლევებში გამოყენებული ვაჭრობის გახსნილობის სხვადასხვა ინდიკატორები არ არიან ურთიერთკავშირში ერთმანეთთან. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კორელირებული შეფასების კრიტერიუმების გამოყენების შემთხვევაში, ემპირიული კვლევების დასკვნები არსებულ ლიტერატურაში საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა ვაჭრობის გახსნილობასა და ზრდის პოზიტიური კავშირურთიერთობის დასამტკიცებლად.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ემპირიული კვლევების უმრავლესობა ეკონომიკის გახსნილობის ძირითად მახასიათებლად იყენებს ვაჭრობის მოცულობის შეფარდებას მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ვაჭრობის (ექსპორტი+იმპორტი) მოცულობის პროპორცია მშპ-თან არ ასახავს ვაჭრობის გავლენის დინამიკას ეკონომიკურ ზრდაზე. ამ საკითხთან მიმართებაში ჯეიმი (2001) აღნიშნავს, ვაჭრობის გავლენის დინამიკის გასათვალისწინებლად მოთხოვნა-მოწოდების კუთხით ექსპორტის ზრდის დონის ზღვრული ტენდენციის შეფარდება იმპორტთან უფრო უპრიანია, რადგან ექსპორტი მნიშვნელოვანი ცვლადია მოთხოვნის მხრიდან. ხოლო პრიჩეტი (1996) ამტკიცებს, რომ რიგი ინდიკატორებისა საერთოდ არ არიან კავშირში გახსნილობასთან. მაგალითად, 15 შემთხვევიდან 5 ქვეყანა, რომლებიც შეფასებულია როგორც გახსნილი ერთი კრიტერიუმით, სხვა კრიტერიუმით ფასდება როგორც დახურული. ეს კი შესაძლებლობას იძლევა, კიდევ ერთხელ გადაისინჯოს სხვადასხვა ემპირიული კვლევების შედეგები. მიუხედავად ამისა, მკვლევარები სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის გამო უპირატესობას მაინც ექსპორტი+იმპორტი)/მშპ შეფარდებას ანიჭებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კრიტერიუმი არც ისე ეფექტური გამოდგა ქვეყნების შედარებითი ანალიზისათვის, რადგან ზემოაღნიშნული შეფარდება იცვლება ქვეყნის ზომის გათვალისწინებით – დიდ ქვეყნებს ზოგადად ახასიათებს მცირე ფარდობა (რატიო), ხოლო პატარა ეკონომიკებს – ბევრად დიდი. ხშირად დიდ ქვეყნებთან შედარებით შესაძლოა, პატარა ქვეყნისათვის ვაჭრობა მშპ-ის უმეტეს ნაწილს შეადგენდეს და უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს გახსნილობას პრაქტიკაში.
ამასთან ერთად, ლიი (2001) სვამს ასეთ კითხვას: რა მოხდება, თუ ჩვენს გახსნილობის კრიტერიუმებს ოდნავ შევცვლით? რომელი ქვეყანაა უფრო გახსნილი: ქვეყანა საშუალო ტარიფით 45%-ის დონეზე და 20% ჩრდილოვანი ეკონომიკით, თუ ქვეყანა საშუალო ტარიფით 25%-ის დონეზე და 35% ჩრდილოვანი ეკონომიკით? ნიშნავს კი ეს იმას, რომ გახსნილობის ეფექტი ზრდაზე ასევე დამოკიდებულია გამოყენებულ კრიტერიუმზე? ამ კითხვაზე ნოვაკი და ლემანი (2001) პასუხობენ, რომ (ექსპორტი+იმპორტი)/მშპ შეფარდების კრიტერიუმთან ერთად საჭიროა, დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა კრიტერიუმებიც. მაგალითად:გახსნილობის ფასის (price) ინდექსი, ექსპორტით შეწონილი რეალური გაცვლითი კურსი (export-weghted real exchange rate), როგორც საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი.
როგორც ვნახეთ, ემპირიულ კვლევებში ზოგადად გვხვდება არაცალსახა დამოკიდებულება გახნილობასა და ზრდას შორის. მიუხედავად ამისა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც მიუახლოვდა ავტარქიას, ვერ შეძლო მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
დოლარი და კრაი (2001) თავის კვლევებში აწარმოებდნენ დაკვირვებას განვითარებადი ქვეყნების ჯგუფზე, რომელთა ვაჭრობის დონე მკვეთრად გაიზარდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში და რომელთაც გახსნეს თავიანთი ეკონომიკები საერთაშორისო ვაჭრობის მიზნით. მათ შეძლეს, დაემტკიცებინათ მოსაზრება, რომ ვაჭრობის ზრდა მკვეთრად უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის დონის შემცირებას. დოლარი და კრაი ამ ქვეყნებს პოსტგლობალიზატორებს უწოდებენ, რომლებმაც ვაჭრობის ზრდა 1980 წლის შემდეგ დაიწყეს. ამ სიაში არ შედიანOECD-ს წევრი ქვეყნები, ასევე ე.წ. აზიური ვეფხვები” და ჩილე, რომლის გამოცდილებაც ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესში 1960-1970 წლებში ყველაზე კარგადაა ცნობილი. ამის შემდეგ მათ დაალაგეს დანარჩენი განვითარებადი ქვეყნები ვაჭრობის დონის ზრდისა და მშპ-ში ვაჭრობის მოცულობის მიხედვით და აჩვენეს, რომ გლობალიზატორი ქვეყნების ვაჭრობის წილი მათ მშპ-ში გაორმაგდა და 30%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც არაგლობალიზატორი ქვეყნების ვაჭრობის წილი მშპ-ში შემცირდა. ამ ქვეყნების მთლიანი მშპ 1960 წელს 1,4%-ით, 1970 წელს 2,9%-ით, 1990 წელს 5,0%-ით გაიზარდა, როდესაც განვითარებული ქვეყნების მშპ-ს დონე წინა პერიოდებთან შედარებით შემცირდა. ასეთი მკვეთრი ზრდის ძირითად მიზეზად ვაჭრობის ზრდა მიიჩნევა და ამ მიმართულებით კვლევების განხორციელების პროცესში შემდეგი ფაქტორები გამოიყენება:
უმეტეს კვლევებში ვაჭრობის გახსნილობის ხარისხს განსაზღვრავენ მისი მოცულობით მთლიან შიდა პროდუქტში. თუმცა გეოგრაფიულ მდებარეობასაც დიდი როლი ენიჭება, მაგალითად, პატარა ქვეყნები, რომლებიც დიდ ქვეყნებს ესაზღვრებიან, უფრო მეტს ვაჭრობენ, ვიდრე დიდი და დაშორებული ქვეყნები. ვაჭრობის გახსნილობაზე ასევე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ტარიფების დონის, არასატარიფო ბარიერების, კვოტების მეშვეობით, რომლებიც ვაჭრობაზე ზეგავლენის ძირითად ფაქტორებადაა მიჩნეული.
ხშირად ძალზე რთულდება, ვაჭრობის ლიბერალიზაციის ეფექტები გამოვყოთ შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. მაგალითად: ბევრი ქვეყანა, რომელიც ახდენს ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ამავე დროს ეწევა შიდა საბაზრო რეფორმებს, რაც შეიძლება არაპირდაპირი ზემოქმედებით ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას.
მეცნიერები შეეცადენ, თავიანთ კვლევებში სწორედ ამ ფაქტებს გამოხმაურებოდნენ. მათ გეოგრაფიული ფაქტორის ზეგავლენა ვაჭრობაზე დაუკავშირეს ვაჭრობის ზეგავლენას ეკონომიკურ ზრდაზე მშპ-ს წილის მიხედვით. შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების კუთხით, ისინი შეეხნენ მონეტარული პოლიტიკის სტაბილურობას და ფინანსურ განვითარებას. ამ ფაქტებზე დაყრდნობით მათ სტატისტიკურად აღმოაჩინეს ვაჭრობის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც შეადგენდა მშპ-ს ყოველწლიურ ზრდას 0,5 დან 1 პროცენტამდე.
ზემოაღნიშნულ კვლევაში სიღარიბისა და ზრდის მონაცემები დეტალურად ფოკუსირებულია ორ ქვეყანაზე, რომლებიც გამოირჩეოდნენ სიღარიბის მაღალი დონით, ანუ, შეიძლება ითქვას, ფლობდნენ კონკურენტულ უპირატესობას ამ კუთხით: ჩინეთი და ინდოეთი. მსოფლიო ბანკის (2000) მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საშუალოდ ყოველწლიურად იზრდებოდა ჩინეთში 10%-ით, ხოლო ინდოეთში 6%-ით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ შეინიშნებოდა ეკონომიკური ზრდის ისეთი მაღალი ტემპები, როგორიც ჩინეთში და მხოლოდ ათიოდე სხვა ქვეყანამ გაუსწრო ინდოეთს. სიღარიბის შემცირების ეფექტი ორივე ქვეყანაში შთამბეჭდავი იყო, რაც სრულიად ეთანხმება სამოციან წლებში ბჰაგვატის მიერ წამოყენებულ ჰიპოთეზას, რომ ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს სიღარიბის შემცირების მამოძრავებელ ძალას. შესაბამისად, აზიის განვითარების ბანკის შეფასებების (2000) თანახმად, სიღარიბე ჩინეთში შემცირდა 28%-დან 9%-მდე (1978-1998 წლებში). ინდოეთის მთავრობის შეფასებით (2000), ქვეყანაში სიღარიბე 51%-დან 27%-მდე დაეცა (1977-2000 წლებში).
აღსანიშნავია, რომ საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთისა და ინდოეთის ინტეგრირების ხარისხი გაიზარდა. ფაქტობრივად, 1950-1980 წლებში ავტარქიის პოლიტიკამ უკიდურესი ინტერვენციონიზმისა, ეკონომიკის სახელმწიფო კონტროლის, საზოგადოებრივ წარმოებაში არაეფექტიანი კერძო სექტორის არსებობის მაღალი დონის პარალელურად, განაპირობა მხოლოდ 3,5%-იანი ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა ინდოეთში. ამის ბუნებრივი შედეგი იყო სიღარიბის დონის მერყეობა 55%-ის ფარგლებში, აშკარად გამოხატული გაზრდის ტენდენციით.
ნათელია, რომ ამ ორი გიგანტური ქვეყნის – ინდოეთისა და ჩინეთის წინსვლა სწრაფი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის დაძლევის საქმეში, მსოფლიო ეკონომიკაში მათი ინტეგრირების დონის ამაღლებით მოხდა. მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების დონის ამაღლება ნებისმიერი ქვეყნისათვის შანსი უფროა, ვიდრე საფრთხე. მსოფლიოს სხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარება ამავე გამოცდილებას ადასტურებს. ამჯერად დოლარი (2001) ვიეტნამისა და უგანდის მაგალითზე ამტკიცებს, რომ ვიეტნამში გლობალური ინტეგრაციის ათი წელი დღემდე ასოცირდება სიღარიბის სწრაფ დაძლევასთან (75%-დან 37%-მდე).
ამრიგად, ემპირიულად უნდა აღინიშნოს, რომ ძნელი აღმოჩნდა ეკონომიკურ ზრდასთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ეფექტის შედეგების პირდაპირი დაკავშირება, თუმცა კვლევები ადასტურებენ, რომ ის ფრიად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში. 1990-იან წლებში კარგად რეკლამირებულმა კვლევებმა მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ ლიბერალური ვაჭრობა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ხელშემწყობი ფაქტორია. მოგვიანებით ეს მიდგომა გააკრიტიკეს და აღინიშნა, რომ ვაჭრობის გახსნილობა, რაც ზოგადად ასოცირებულია ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების შემცირებასთან, ნაკლებადაა დაკავშირებული ეკონომიკურ ზრდასთან.
ლიბერალურ ვაჭრობას და ზრდას შორის ემპირიული კავშირის დამყარებას, სულ ცოტა, ორი სიძნელე განაპირობებს. პირველი, ვაჭრობის გასხნილობის მდგომარეობის გაზომვა და მეორე, ვაჭრობის ლიბერალიზაციის შედეგების გამოყოფის სირთულე სხვა რეფორმების წარმატებების ფონზე. ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა ზრდის შესაძლებლობათა კომპლექტს, ხოლო მდგრადი ეკონომიკური ზრდა საჭიროებს რეფორმების კარგ პოლიტიკურ კომბინაციას. ამ მიდგომას ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ბოლო რეკომენდაციებიც.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მხოლოდ იმ ქვეყნებმა შეძლეს ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და სიღარიბის სწრაფად დაძლევა, რომლებმაც სწრაფად განახორციელეს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაცია ვაჭრობის გაფართოებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით. რთულია, დაეთანხმო ლიბერალური (თავისუფალი) ვაჭრობის კრიტიკოსებს, რომ გლობალიზაცია თავის დაღს ასვამს ღარიბ ქვეყნებს: ემპირიული სიმართლე საწინააღმდეგოს ამტკიცებს.