როგორ ატყუებდნენ ბანკები კლიენტებს
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
LIBOR-ის (London Interbank Offered Rate) გარშემო მითქმა-მოთქმა არ წყდება. LIBOR – ანუ ბანკთაშორისი კრედიტების საშუალო განაკვეთი, დღემდე მთელ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების დადგენის ორიენტირი – განისაზღვრება ბრიტანული საბანკო ასოციაციის მიერ, სააგენტო Thomson Reuters-ის საშუალებით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც 20 უმსხვილესი ბანკის სესხის ფასს მოიცავს. ლონდონის დროით 11 საათისთვის LIBOR-ის გაანგარიშების სიაში ჩართული ბანკებიდან თავს იყრის ინფორმაცია. შემდეგ ხდება შემოსული განაკვეთების რანჟირება. შორდება 4 ზედა და 4 ქვედა მნიშვნელი, დარჩენილი 8-დან კი საშუალო გამოითვლება, რაც იმ დღისთვის LIBOR-ის განაკვეთი ხდება. რაც უფრო მაღალია განაკვეთი, რითაც ბანკი ფულად სახსრებს იზიდავს, ბაზარი უფრო დიდად აფასებს მის რისკებს.
დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხელისუფლებამ ეჭვი მიიტანა რამდენიმე ბანკზე, განაკვეთების შეგნებულად შემცირებაში. ბანკებმა ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსში შეგნებულად დასწიეს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების მაჩვენებლები, რითაც ინვესტორებს ბანკების სტაბილურობის ილუზია შეუქმნეს. ინცინდენტის საერთაშორისო გამოძიება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. დღის წესრიგში დადგა LIBOR-ის რეფორმირების საკითხი, რომლის შემდეგაც განაკვეთის გაანგარიშება რეგულირებადი მოქმედება უნდა გახდეს, ხოლო განაკვეთის მანიპულირების გამო სისხლის სამართლის სანქციები უნდა მოქმედებდეს. გარდა ამისა, სპეციალისტთა რეკომენდაციის მიხედვით, LIBOR უნდა იანგარიშებოდეს არა ბანკების მოლოდინის, არამედ რეალური გარიგების საფუძველზე. კონტრაქტების საერთო ღირებულება, სადაც LIBOR-ია ორიენტირად გამოყენებული, შეფასებულია 500 ტრილიონ დოლარად, საიდანაც 10 ტრილიონი კრედიტია. სწორედ ამიტომ, როგორც ფინანსისტები აცხადებენ, LIBOR-ის რეფორმირება ძველი სისტემიდან ახალზე შეუფერხებლად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს. მათ მიაჩნიათ, რომ რისკები სწორად უნდა შეფასდეს და შეიქმნას გადასვლის ადექვატური მექანიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები, შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს.
ბრიტანული რეგულატორის წარმომადგენლებმა სხვა ალტერნატიულ ვარიანტებთან ერთად, პროცენტის მაფორმირებელ საფუძვლად წარმოადგინეს სვოპი ოვერნაითის ინდექსზე (OIS). სპრედი LIBOR-OIS საკრედიტო ბაზრის ძალიან მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს და აჩვენებს საკრედიტო რისკზე პრემიას. ასევე, იგი ფულად ბაზარზე სიტუაციის დემონსტრირებას ახდენს, რაც უფრო მოცულობითია იგი, მით უფრო ცუდად აფასებენ მას ინვესტორები.
ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც გამოიყენება განაკვეთები მოკლევადიანი დაფინანსებისთვის უზრუნველყოფის ქვეშ, ანუ REPO-ს განაკვეთი. Bloomberg LP-ის მეთაური, დენ დოქტოროფი ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა ახალი ორიენტირი შექმნილიყო – Bloomberg Interbank Offered ღატე ან LIBOღ. მის გამოსაანგარიშებლად გამოყენებული იქნება სხვადასხვა საფინანსო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციები.
LIBOR-ის რეფორმის ერთი ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ის არის, რომ მისი განაკვეთის განსაზღვრა მოხდება კერძო კომპანიის მიერ, მაგრამ მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ. ბრიტანეთის საბანკო ასოციაციამ (BBA) გამოთქვა შეშფოთება, რომ შექმნილ სიტუაციაში რთული იქნება კომპანიის მოძებნა, რომელიც ასეთი ბიზნესის ყიდვას მოინდომებს. თუ ვინ განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს, ამასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვაც არ არსებობს.
LIBOR-ის რეფორმის ფარგლებში ორი უმთავრესი ამოცანა ისმება. პირველი, ინფლაციური შოკის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საპროცენტო განაკვეთის ვოლატურობის შეზღუდვა ფულადი ბაზის მნიშვნელოვანი დაგროვების პირობებში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ LIBOR-ის განაკვეთის განსაზღვრის სტრუქტურა უახლოესი თვეების მანძილზე შეცვლილი იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე სტრუქტურით საფინანსო ხელისუფლებისთვის, რომელიც ბევრად ადვილად დაექვემდებარება სწრაფ კორექტირებას და ეს ბევრ რამეში ტექნიკური საკითხია. მეორე, სახელმწიფო ბანკებს მათთვის რთულ საფინანსო პერიოდში ეხმარება, მაგრამ მათგან საფინანსო სისტემის მეტ გამჭვირვალობას ითხოვს.
ბრიტანეთის საბანკო ასოციაცია (BBA) მზად არის ბანკთაშორის დაკრედიტების ლონდონის განაკვეთის დადგენის დელეგირება სხვა ორგანოზე მოახდინოს. ეს ფუნქცია, შესაძლოა, გადავიდეს მარეგულირებელ ორგანოს ხელში იმ სკანდალის შემდეგ, რომელშიც ჩართული აღმოჩნდა მსოფლიოს უმსხვილესი არა ერთი ბანკი, მათ შორის, Barclays, RBS, Lloyds და HSBC. ევროზონის ბანკებს შორის სკანდალში ისეთი გიგანტები ფიგურირებენ, როგორებიც არიან Deutsche Bank და UBS.
ამის გამო ივნისში 2012 წლის Barclays 290 (453,6 მილიონი დოლარი) მილიონი ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა და თანამდებობები დატოვეს ბანკის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დაიმონდმა და მთავარმა საოპერაციო დირექტორმა ჯერი დე მესიემ.
სკანდალის მნიშვნელოვანი თარიღები
2005 წელი
პირველად, ეჭვი იმის შესახებ, რომ Barclays ბანკი მანიპულირებდა LIBOR-ითა და Euribor-ით (Libor-ის ევროზონის ექვივალენტი), მისი დერივატივებით მოვაჭრეებისა და სხვა ბანკების თხოვნით, 2005 წელს გაჩნდა. მალე სკანდალმა საერთაშორისო სახე მიიღო, მასში ჩართულნი აღმოჩნდნენ Barclays ბანკის ნიუ-იორკის და ტოკიოს ოფისები, ისევე როგორც შიდა ვაჭრები. FSA ანგარიშის მიხედვით, 2005 წლის იანვრიდან 2009 წლის ივნისამდე ბანკის დერივატივების ტრეიდერებმა 257 ”შეკვეთა” მიიღეს Euribor-ისა და Libor-ის განაკვეთის ხელოვნური განსაზღვრის შესახებ.
2007 წელი
2007 წელს ფინანსური კრიზისის გარიჟრაჟზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა LIBOR-ის თემა. ლიკვიდობის პრობლემა Barclays ბანკსაც შეექმნა, ამიტომაც ბაზრზე ფულადი სახსრების მოსაზიდად მათ უფრო აქტიურად დაიწყეს LIBOR-ის განაკვეთით მანიპულაცია. LIBOR-ის განაკვეთსა და საკრედიტო რისკთან დაკავშირებით მედია სპეკულაციები დაიწყო. 28 აგვისტოს ფედის ნიუ-იორკის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ეწერა, რომ LIBOR-ის განაკვეთი არარეალურად დაბალი იყო. 28 ნოემბერს კი FSA-ის ანგარიშის Barclays ბანკის ხელმძღვანელი ერთ-ერთი შიდა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში წერდა, რომ ”LIBOR არ ასახავდა ფულის რეალურ ღირებულებას”.
The commodity Futures Trading Commission-ის (CFTC) ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში Barclays ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდა ბრიტანეთის საბანკო ასოციაციას (BBA) და FSA-ის და განუცხადა იმის შესახებ, რომ ”სხვა ბანკები არასანქცირებულად აწესებდნენ განაკვეთებს”.
FSA-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა, Bარცლაყს ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდა მათ და იგივე ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ მათი განაკვეთიც არასამართლიანი იყო.
დეკემბრის დასაწყისში ასევე გამოქვეყნდა CFTC-ის ანგარიში, სადაც ეწერა, რომ მათ Barclays ბანკის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო LIBOR-ის განაკვეთის მიწდებაზე, ჩიოდა იმის შესახებ, რომ მისი ბანკის განაკვეთი არცთუ სამართლიანად იყო დათვლილი. მან ასევე მისწერა ელექტრონული ფოსტა მის ხელმძღვანელობას. ”ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩვენი განაკვეთი არცთუ სწორია. ჩვენ არასწორად განვსაზღვრავთ განაკვეთს და ეჭვქვეშ ვაყენებთ ჩვენს რეპუტაციას ბაზარზე და მარეგულირებლების წინაშე. შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი სასწრაფოდ?” – ეწერა მეილში.
მიუხედავად ამისა, Barclays ბანკის წარმომადგენლები მარეგულირებლების წინაშე ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ განსაზღვრული განაკვეთი სხვა ბანკებისგან განსხვავებით სამართლიანი იყო.
17 დეკემბერს Barclays წარმომადგენელმა ფედის ნიუ-იორკის განყოფილებასთან სატელეფონო საუბრისას კვლავ განაცხადა, რომ Libor-ის განაკვეთი არარეალურად დაბალი იყო.
2008 წელი
11 აპრილს, ნიუ იორკის ფედის ოფისმა დაიბარა Barclays ბანკის წარმომადგენელი Libor-თან დაკავშირებული პრობლემის გამოსაძიებლად. ბანკის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სხვა ბანკებთან ერთად, მისი ბანკიც ხელოვნურად ამცირებდა Libor-ის განაკვეთს.
ამავე დროს CFTC-სთან სატელეფონო საუბარში Barclays ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მართალია ისინი გარკვეულ კორექტირებას ხელოვნურად ეწეოდნენ Libor-ის განაკვეთის ფორმირებისას, თუმცა მათზე უარესად სხვა ბანკები იქცეოდნენ ”ჩვენ სუფთები ვართ, მაგრამ არა სრულიად, არამედ ჭუჭყიანი სუფთები”. მარეგულირებლების კი ამის საპასუხოდ ავრცელებენ განცხადებას, რომ ამ სკანდალში გახვეული არც ერთი ბანკი ”სუფთა არაა”.
FSA-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა, Barclays-იმ BBA-ს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ის მწუხარებას გამოთქვამდა Libor-ის ფორმირებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე. BBA-იმ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
17 აპრილს Barclays ბანკის მენეჯერმა FSA-ისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა: ”მართალია, წინა წელს Libor-ის განაკვეთი ხელოვნურად მცირე იყო, მაგრამ ჩვენ ვმუშობდით, როგორც ერთი გუნდი სხვა ბანკებთან ერთად და მხოლოდ ჩვენ არ მიგვიძღვის წვლილი ამაში.”
აპრილის ბოლოს ნიუ იორკის ფედის ოფიციალური წარმომადგენელი ხვდება სხვა მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს იმის განსახილველად, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ნიუ-იორკის ფედის განყოფილება სათაო ოფისს ვრცელ ანგარიშ უგზავნის Libor-თან დაკავშირებით.
29 მაისს, Barclays ბანკის წარმომადგენლობა მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ FSA-ის ანგარიშს არ ეთანხმებიან და დასძენენ, რომ ”ყოველთვის ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე ახდენდნენ საკუთარი განაკვეთის კორექტირებას”.
ივნისის დასაწყისში, ფედის ნიუ-იორკის ოფისის მაშინდელი ხელმძღვანელი ტიმ გეიტნერი უგზავნის მიმართვას ინგლისის ბანკის მეთაურს, მერვინ კინგს და ცდილობს დაარწმუნოს Libor-თან დაკავშირებული პრობლემების სერიოზულობაში.
გაზაფხული: BBA ამზადებს Libor-ის მიმოხილვას, იწყება საუბარი მის რეფორმირებასთან დაკავშირებით. 10 ივნისს BBA აქვეყნებს რეკომენდაციებს Libor-ის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც გამჭვირვალობის უფრო მეტ ხარისხზე უნდა იყოს დაფუძნებული. Barclays უარს აცხადებს საკუთარი საპროცენტო განაკვეთის ფორმირების გამჭვირვალობაზე.
5 აგვისტოს BBA აქვეყნებს საკუთარი რეკომენდაციების დამატებას და აღნიშნავს, რომ Libor-ის ფორმირების არსებული სისტემა უნდა შენარჩუნდეს.
სექტემბერში Lehman Brothers-ის გაკოტრების კვალდაკვალ, ინგლისის ბანკი, ესაუბრება Barclays ბანკის ხელმძღვანელობას და სვამს კითხვას ბანკის ლიკვიდობასა და მისი განაკვეთის ადექვატურობასთან დაკავშირებით.
13 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობა აქვეყნებს გეგმას, რომლის მიხედვითაც იგეგმება საგადასახადო შემოსავლების 3 ბანკში აკუმულირება – Royal Bank of Scotland, Lloyds TSB და HBOS.
24 ოქტომბერს Barclays ბანკის წარმომადგენელი, ფედის ნიუ-იორკის განყოფილებას ელექტრონული ფოსტით ატყობინებს, რომ ”Libor-ის განაკვეთი სრული ნაგავია”.
20 ოქტომბერს Barclays ბანკის ხელმძღვანელი ბობ დაიმონდი ესაუბრება ტელეფონით დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელს. მეორე დღეს დაიმონდი საკუთარ კოლეგებს ელექტრონული ფოსტით ატყობინებს, რომ მთავრობას სურს გაიგოს, თუ რატომაა Barclays ბანკის საპროცენტო განაკვეთი ყოველთვის სიის სათავეში. Barclays ბანკის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავდა, რომ მას აქეზებდა ხელისუფლების წარმომადგენელი და ეუბნებოდა, რომ არ არის საჭირო ყოელთვის მაღალი იყოს განაკვეთი. ბრიტანეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.
17 ნოემბერს BBA აქვეყნებს დოკუმენტის დრაფტს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს Libor-ის განაკვეთის განსაზღვრა. საბოლოო სახით დოკუმენტი 2009 წლის 16 ივლისს ქვეყნდება.
2009 წელი
2 ნოემბერს BBA აქვეყნებს სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლის მიხედვითაც ყველა ბანკს ეძლევა რეკომენდაცია, Libor-ის ფორმინრებისას ერთნაირი მეთოდით შეიმუშაოს განაკვეთი. Barclays არ იღებს მხედველობაში ამ გაიდლაინებს და არ ცვლის საკუთარ სისტემას. დეკემბერში Barclays ბანკი იწყებს საკუთარი სისტემის გაუმჯობესებას, მაგრამ არა BBA-ის რეკომენდაციების მიხედვით. 2009 წლამდე ბანკში ჯერ კიდევ არ არსებობდა მკვეთრი ხაზგამყოფი ბანკის დერივატივებით მოვაჭრეებსა და საპროცენტო განაკვეთის განმსაზღვრელ გუნდს შორის.
2010 წელი
ივნისში Barclays ბანკის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებში გაავრცელა ელექტრონული ფოსტა, რომელიც მათ ავალებდა, ხელმძღვანელობისთვის ამომწურავი ანგარიში გაეგზავნათ ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომელიც LIBOR-ის განაკვეთის ფორმირებაზე ახდენდა გავლენას. საუბარი იყო როგორც შინდა, ისე გარე ფაქტორებზე.
2011 წელი
წლის ბოლოს Royal Bank of Scotland-მა დასაჯა 4 თანამშრომელი, რომლებიც LIBOR-ის ფორმირების სკანდალში იყვნენ გახვეულნი.
2012 წელი
27 ივნისს Barclays ბანკს ჯარიმის გადახდა დააკისრეს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებმა, ჯამში, 290 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოცულობით. 29 ივნისს ბობ დაიმონდმა განაცხადა, რომ ის არ აპირებდა გადადგომას. პარალელურად გავრცელდა ინგლისის ბანკის ხელმძღვანელის, მერვინ კინგის განცხადება, რომ საბანკო სფეროს კარდინალური რეფორმა გარდაუვალია.
3 ივლისს ბობ დაიმონდი მაინც გადადგა თანამდებობიდან. მასთან ერთად თანამდებობა კიდე რამდენიმე ადამიანმა დატოვა. 5 ივლისს საკრედიტო სააგენტო Moody’s-ს აუარესებს Barclays ბანკის პროგნოზს სტაბილურიდან ნეგატიურზე. 6 ივლისს დაიწყო ოფიციალური კრიმინალური გამოძიება LIBOR-ის განაკვეთის მანიპულაციებთან დაკავშირებით.
10 აგვისტოს FSA აქვეყნებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ლიბორის რეფორმა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, ლიბორს უნდა ენდობოდნენ, ამჟამად კი მის მიმართ ნდობა არ არსებობს.
16 აგვისტოს, აშშ-ის გენერალური პროკურატურიდან 7 ბანკმა მიიღო უწყება დაკითხვის შესახებ. ეს ბანკებია: Barclays, HSBC, RBC, CityGroup, Deutsche Bank, JP Morgan და UBS.
18 აგვისტოს ხაზინის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ღიად დასდო ბრალი ბანკებს არასამართლიან ქმედებაში. კომიტეტმა გააკრიტიკა ბანკების ტოპ-მენეჯერები იმის გამო, რომ ისინი სათანადოდ არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი კი ბობ დაიმონდი გახდა, რომელიც ცრუ ჩვენებების მიცემაში ამხილეს.
25 სექტემბერს ბრიტანეთის ბანკების ასოციაცია დათანხმდა, აღარ განეხორციელებინა ლიბორის განაკვეთის ადმინისტრირება.
28 სექტემბერს FSA-იმ მიიღი BBA-ის ეს განცხადება და დაიწო ლიბორის რეფორმა, რომელიც რეფორმის მერე უნდა ფორმირებულიყო შედეგების და არა საბანკო მოლოდინების ბაზაზე. ამის მერე კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭირეს ლიბორის სკანდალთან დაკავშირებით. 19 დეკემბერს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის მარეგულირებლებმა დააჯარიმეს შვეიცარული ბანკი UBS 1,5 მილიარდი აშშ დოლარით LIBOR-ის განაკვეთთან დაკავშირებული მაქინაციების გამო.
2013 წელი
10 იანვარს BBC-ის ბიზნეს-რედაქტორი, რობერტ პეტსონი ამხელს, რომ RBS აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებთან ჯარიმასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი ასევე საუბრობს ტოპ-მენეჯმენტში მოსალოდნელ ახალ გადადგომებთან დაკავშირებით.
17 იანვარს Barclays ბანკის ახალი ხელმძღვანელი, ენტონი ჯენკინსი ბანკის ყველა თანამშრომელს მოუწოდებს, ან ახალ სამუშაო კონტრაქტს მოაწერონ ხელი ან დატოვონ თანამდებობა, ახალი სკანდალების თავიდან ასაცილებლად.
2013 წლის ნოემბრისთვის RBS, UBS, Rabobank და UK Broker ICAP ასევე დააჯარიმეს ჯამში 3.7 მილიარდი აშშ დოლარით, ეს თანხა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან დაზარალებული კლიენტები და ინვესტორები კვლავ განაგრძობენ ჩივილს სასამართლოში ამ ბანკების წინააღმდეგ. ამასთანავე, ევროპული მარეგულირებლები აპირებენ, დააჯარიმონ 6 მსხვილი ბანკიც Deutsche Bank, JP Morgan, HSBC, RBS, Credit Agricole, Societe Generale. ამის გარდა, მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი ბანკისა და ტრეიდერის საქმის შესწავლაც.
როგორ მოქმედებს LIBOR გლობალურ სესხებზე
ბევრი ბანკი მსოფლიოში იყენებს LIBOR განაკვეთს იმისათვის, რომ დაადგინოს კორპორატიული და სამომხმარებლო სასესხო საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, ასობით მილიარდი დოლარის ფასიანი ქაღალდები და საშინაო და საგარეო სესხები მიბმულია LIBOR განაკვეთზე. როდესაც LIBOR იზრდება, სესხებზე განაკვეთები და გადასახადი, როგორც წესი, იზრდება და მცირდება, როდესაც LIBOR მცირდება. ამასთანავე, LIBOR გამოიყენება იპოთეკური და სასწავლო სესხების ფორმირებისას, ასევე ის არის საბაზისო ნიშნული მსოფლიოს მთავარი ოპციონური და ფიუჩერსული კონტრაქტების დადებისას.
რატომ მანიპულირებენ ტრეიდერები LIBOR-ით?
Barclays და 15 სხვა საფინანსო ინსტიტუტი საგამოძიებო პროცესის სამიზნე იყო, გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებლები ერთად წარმართავდადნენ, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან, კანადიდან და იაპონიიდან. გამოძიების მთავარი თემა LIBOR-თან დაკავშირებული მაქინაციები იყო 2005-2009 წლებში. მანიპულატორების მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, არალეგალური გზებით მოგების მიღება იყო. მოგება კი ფიუჩერსული და ოპციონური კონტრაქტების დადების დროს, ხელოვნურად ფორმირებული LIBOR განაკვეთის ხარჯზე მიიღებოდა.
2007-2008 წლებში ფინანსურ სექტორში რისკის დონე გაზრდილი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გაზრდილიყო LIBOR საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ მაქინაციებში ჩართული ბანკები ხელოვნურად ამცირდებდნენ ამ განაკვეთს, იმისათვის, რომ კლიენტებისა და ინვესტორებისათვის მაღალი რისკის საფრთხე ”დაემალათ”. ზოგიერთი ბანკი (მაგალითად RBS და UBS) ისე შორს წავიდა, რომ მაღალ ბონუსებსაც უხდიდა იმ ტრეიდერებს კომპანიის შიგნით, ვინც დათანხმდებოდა განაკვეთებით ხელოვნურ მანიპულაციებში ჩართულიყო.
რა გავლენას აქვს LIBOR-ის სკანდალს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე?
ეს სკანდალი მთლიანად ფინანსური სამყაროს რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას ამცირებს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი საპროცენტო განაკვეთი LIBOR-ის ბაზაზეა გაანგარიშებული. გამოდის, რომ ტრილიონობით დოლარის კონტრაქტი არასწორი საპროცენტო განაკვეთებითაა დადებული. მოსალოდნელია, რომ ჯამური თანხა, რომლის გადახდაც 16 უმსხვილეს ბანკს მოუწევს, კლიენტების, ინვესტორებისა და მარეგულირებლებისათვის, ჯამში, 35 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, რაც მომავალში ამ ბანკების ფინანსურ მდგრადობასა და ლიკვიდურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ ბანკების მასშტაბებიდან გამომდინარე კი, ეს მომავალში ფინანსურ სექტორს და მთავრობებს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის.