პიკეტი პიკეტის წინააღმდეგ
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
ფრანგი ეკონომისტის, თომას პიკეტის სქელტანიანი წიგნი „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ 2014 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა მაღაზიის თაროებზე და მას შემდეგ, რაც ჰარვარდის უნივერსიტეტმა ის ინგლისურ ენაზე თარგმნა, მსოფლიო ბესტსელერი გახდა. წიგნი მსოფლიოს ბევრს ენაზე ითარგმნა და ჯამში დაახლოებით 1.5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნის ასეთი პოპულარობა გასაკვირი არ არის, რადგან ის ისეთ მტკივნეულ საკითხს ეხება, როგორიცაა უთანასწორობის უფსკრული მსოფლიოში, სადაც მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღარიბდებიან და სადაც მსოფლიო მოსახლეობის უმდიდრესი ადამიანების 1%-ის ქონება დანარჩენი 99%-ის ქონებაზე მეტია. პიკეტი თვლის, რომ ეკონომიკაში, სადაც კაპიტალზე შემოსავალი აჭარბებს ზრდის პროცენტს, მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე ყოველთვის უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე გამომუშავებული სიმდიდრე.
ექსცენტრული ფრანგი ეკონომისტი თავის წიგნში ამტკიცებს, რომ კაპიტალიზმი ქმნის უთანასწორობას, რადგან სიმდიდრე კონცენტრირდება გარკვეულ დონეზე, რაც შეუსაბამოა დემოკრატიასთან, თავი რომ დავანებოთ სოციალურ სამართლიანობას.
პიკეტი მსჯელობას ავითარებს კუზნეცის მრუდზე დაყრდნობით. კუზნეცის მრუდის მიხედვით, განვითარების საწყის ეტაპზე უთანასწორობა მცირეა. რაც უფრო მეტად ვითარდება საზოგადოება, მით უფრო დიდი ხდება განსხვავებები მდიდარსა და ღარიბს შორის ქვეყნის შიგნით, რაც ნელ-ნელა მცირდება განვითარების გარკვეული სტადიის მიღწევის შემდეგ. პიკეტი წიგნში საპირისპიროს ამტკიცებს. მისი აზრით, სინამდვილეში, მრუდი სრულიად საპირისპიროდ მოძრაობს: კაპიტალიზმი დაიწყო უთანასწორო მდგომარეობიდან, მთელი მე-20-ე საუკუნის განმავლობაშო მსოფლიო უთანასწორობის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ კუზნეცის მრუდის საპირისპიროდ, განვითარების მაღალ ეტაპს, უთანასწორობის შემცირება არ მოჰყოლია, პირიქით, პიკეტის აზრით, მსოფლიო ამ მხრივ დიკენსიანურ დონეს უახლოვდება. პიკეტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ეტაპზე მისი ნაყოფი – უნარები, ტრენინგები და უფრო მეტად განათლებული სამუშაო ძალა – ახალისებს თანასწორობის მიღწევის ახალ წერტილს, მაგრამ ისინი უფრო მეტად ფუნდამენტური ფაქტორებით ბათილდებიან, რაც უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს, მაგალითად, დაბალი გადასახადები და სუსტი შრომითი ორგანიზაციები.
გამოქვეყნებისთანავე წიგნს ბევრი რეცენზია და კრიტიკა მოყვა, „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ ერთი წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. დისკუსიის ახალ ტალღას კი სათავე თვითონ წიგნის ავტორმა დაუდო, როცა საკუთარი თეზისების გადაფასება გადაწყვიტა. თომას პიკეტი, რომელსაც წიგნის გამოსვლის შემდეგ, კრიტიკოსებთან ერთად, ბევრი მიმდევარიც გამოუჩნდა, რომლებიც თავგამოდებით ცდილობდნენ მისი თეზისების დაცვას, თვითონ აცხადებს, რომ შეიძლება მისი მსჯელობა არცთუ სიღრმისეულია და რამდენიმე ბუნდოვან საკითხს მოიცავს.
10 მარტს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ფინანსისტ რობერტ როუზენკრენსის წერილი, სადაც ავტორი საუბრობს იმ დაშვებებზე, რომელსაც თვითონ პიკეტიც უკვე უარყოფს. წიგნის „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ ცენტრალური მტკიცება იმის შესახებ, რომ არათანასწორობა კაპიტალისტურ საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზრდება, ეფუძნება ერთ მარტივ ფორმულას: r>g. ანუ დროთა განმავლობაში კაპიტალზე შემოსავალი (r) უსწრებს ეკონომიკის ზრდის ტემპს (g), რაც მიზეზ-შედეგობრივად იწვევს მემკვიდრეობითი სიმდიდრის ულმობელ დომინირებას.
ზოგიერთმა გავლენიანმა ეკონომისტმა (მათ შორის პოლ კრუგმანმა) პიკეტის თეზისები გამოიყენა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ წამოეწიათ წინ თავისი რადიკალური იდეები, მაგალითად სიმდიდრეზე გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით. მაგრამ American Economic Review-ს მაისის ნომერში დასაბეჭდად გამზადებულ პუბლიკაციაში (რომლის ელექტრონული ვერსიაც უკვე გამოქვეყნდა) „About Capital in the 21st Century“ თომას პიკეტი აცხადებს, რომ მან გადახედა თავის იდეებს, იმ იდეებს, რომელსაც ბევრი მისი მიმდივარი კბილებით იცავდა კრიტიკოსების წინაშე.
წიგნში გამოყენებული ფორმულის შესახებ, რომელიც ხსნის უთანასწორობას პირველ მსოფლიო ომამდე, პიკეტი აღნიშნავს, რომ ის არ ამბობს ბევრს გასული 100 წლის შესახებ. „მე არ განვიხილავ r>g ფორმულას როგორც ერთადერთ ან როგორც მთავარ განმსაზღვრელ ცვლილებას 21-ე საუკუნის შემოსავლისა და სიმდიდრის ცვლილებაში ან შემოსავლებისა და სიმდიდრის პროგნოზების გასაკეთებლად 21-ე საუკუნეში“. ამის ნაცვლად, თავის ახალ პუბლიკაციაში პიკეტი ამტკიცებს, რომ პოლიტიკურმა შოკებმა, ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და ეკონომიკურმა განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უთანასწორობის გაღრმავებაში და ასე იქნება მომავალშიც.
როდესაც პიკეტი აკონკრეტებს თუ რას გულისხმობს „სამუშაო ძალის შემოსავლის არათანასწორობაში“ – ამბობს, რომ განსხვავების განსასაზღვრად წინა ხაზის დასაქმებულებასა და ტოპ-მენეჯერების შემოსავლებს შორის, მისი ცნობილი ფორმულა r>g არარელევანტურია. „მე არ ვფიქრობ, რომ r>g ფორმულა სასარგებლოა სამუშაო ძალის შემოსავლის უთანასწორობის მიზეზების განსასაზღვრად. სხვა მექანიზმები და პოლიტიკა უფრო რელევანტურია ამ შემთხვევაში. მაგალითად, სამუშაო ძალის უნარებისა და განათლების მოთხოვნა მიწოდების ფაქტორი. სიმდიდრეს შორის უთანასწორობა ახლა ბევრად ნაკლებად ექსტრემალურია, ვიდრე ერთი საუკუნის წინ“ – წერს ახალ პუბლიკაციაში პიკეტი და ეწინააღმდეგება თავისავე ფორმულირებას, რომელიც წიგნშია მოცემული.
პიკეტის ეს განცხადება მთელ მომხიბვლელობას უკარგავს მის ბესტსელერს, რომელიც სწორედ r>g ფორმულას ეფუძნებოდა. New York Review-ში გასული წლის მაისში გამოქვეყნებულ წიგნთან დაკავშირებულ მიმოხილვაში პოლ კრუგმანი ხოტბას ასხამს მას და წერს, რომ „პიკეტმა დაამტკიცა, რომ ჩვენ არ მხოლოდ დავბრუნდით უკან მე-19 საუკუნეში უთანასწორობასთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ ჩვენ კიდევ უფრო უკან დავიხიეთ „მემკვიდრეობითი კაპიტალიზმისკენ“, სადაც ეკონომიკური პროცესების კონტროლი და დომინირება ხდება არა ნიჭიერი ინდივიდების, არამედ საოჯახო დინასტიების მიერ“.
„r>g ფორმულა ყოველთვის ბუნდოვანი მეჩვენებოდა. პიკეტის დეფინიცია r-ისთვის მოგება, დივიდენდები, პროცენტები, რენტა და სხვა შემოსავალი კაპიტალიდან დაკავშირებულია რეალური ბიზნესის აქტივობებთან (მოგება) ფინანსური აქტივების შემოსავლიანობასთან ერთად (დივიდენდები და პროცენტები) – წერს Wall Street Journal-ის მიმომხილველი – ეს ფორმულა იგნორირებას უკეთებს ეკონომიკის ძირითად პრინციპს – როცა კაპიტალის მიწოდება იზრდება უფრო სწრაფად ვიდრე მოთხოვნა, კაპიტალის შემოსავლიანობა ეცემა. მაგალითად, დიდი დეპრესიის შემდეგ, ფულის მიწოდება ბევრად სწრაფად გაიზარდა, ვიდრე რეალური ეკონომიკა, რასაც საპროცენტო განაკვეთების შემცირება მოჰყვა. ყველაზე ურისკო აქტივების, სამთავრობო ობლიგაციების შემოსავლიანობა, ახლა დაახლოებით ნულის დონეზეა ინფლაციის წინ და ნეგატიური 1% და 2% ინფლაციის შემდეგ. დღეს, დაბალშემოსავლიან გარემოში, რთული ხდება თაობათაშორისი კეთილდღეობის სამართლიანი გადანაწილება“.
ბევრი ეკონომისტი ჯერ კიდევ მაშინ აკრიტიკებდა პიკეტის იდეებს, სანამ ის თვითონ დაიწყებდა ამას. ახალ კი კრიტიკოსებს უფრო მეტი საბაბი მიეცათ, რადგან, როგორც ჩანს, მათ მხარს თვითონ პიკეტიც უჭერს. დეირონ ეკემოღლუ და ჯეიმს რობინსონი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან National Bureau of Economic Research-ში გამოქვეყნებულ წერილში წერენ, რომ პიკეტის თეზისები ძალიან გამარტივებულია. „ჩვენ არ ვეთანხმებით შეხედულებას იმაზე, რომ ეკონომიკური კანონები არის უსარგებლო წარსული გამოცდილების ანალიზისა და მომავლის პროგნოზირებისთის, რადგან ისინი იგნორირებას უკეთებენ პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ცენტრალურ როლს, ისევე როგორც ტექნოლოგიების ენდოგენური ევოლუცია საზოგადოების რესურსების დისტრიბუციაში“.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის გლობალური ბაზრების ინსტიტუტმა ოქტომბერში ექსპერიმენტი ჩაატარა და დაუსვა ერთი მარტივი შეკითხვა ეკონომისტებს: ეთანხმებოდნენ თუ არა იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიძგი, რომელმაც უთანასწორობის გაღრმავებას შეუწყო ხელი აშშ-ში 1970-იანი წლების შემდეგ, არის განსხვავება გადასახადების გადახდის შემდეგ კაპიტალზე შემოსავლებსა და ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის. გამოკითხული 36 ეკონომისტიდან მხოლოდ ერთმა განაცხადა, რომ ამ მტკიცებას ეთანხმება.
პიკეტის წიგნის კრიტიკოსები მხოლოდ r>g ფორმულის კრიტიკით არ შემოიფარგლებიან. ფორმულასთან ერთად აქტუალური განსჯის საგანი გახდა წიგნში მოცემული სტატისტიკურ მასალაც, რომელიც აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვედეთში გასულ საუკუნის შემოსავლებისა და სიმდიდრის ტრენდებს ასახავს. ისინი სვამენ კითხვას, თუ რამდენად შესატყვისია ეს მონაცემები იმ საბოლოო სურათის მისაღებად, რასაც პიკეტი წიგნში უსვამს ხაზს. კრის გაილსმა Financial Times-ის ეკონომიკურმა რედაქტორმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ „კაპიტალი 21-ე საუკუნეში ორი ძირითადი მტკიცება, იმასთან დაკავშირებით, რომ უთანასწორობამ დაიწყო ზრდა გასული 30 წლის განმავლობაში და რომ აშშ-ს უფრო დიდი უთანასწორობა აქვს, ვიდრე ევროპას – აღარ არის რელევანტური“.
პიკეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრულობით, რადიკალური და სკანდალური განცხადებებით, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების ქმედებების მიმართ, მაგრამ ალბათ მაინც ცოტა ელოდა, რომ იმ იდეებს, რომელმაც „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ მსოფლიოს ნომერ პირველ ბესტსელერად აქცია, თვითონ ავტორი შეეწინააღმდეგებოდა. „თომას პიკეტმა უკვე აღიარა ნაწილობრივი ხარვეზი „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ მოცემულ მსჯელობებში, ახლა იმათი დროა, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რომ ეს წიგნი უნდა გახდეს მეგზური ახალ ოქროს ხანისკენ მიმავალ გზაზე, სადაც აღარ იქნება უთანასწორობა “ – წერს Wall Street Journal-ის ფინანსისტი როუზენკრენსი.
წყარო: The Wall Street Journal