რა პრობლემებით ხვდებიან ზამთრის კურორტები სეზონს
მაკა ღანიაშვილი
თოვლიანმა და ცივმა ზამთარმა საქართველოს ზამთრის კურორტებს დამსვენებლები მოუმრავლა. თუმცა, დამსვენებლებთან ერთად, ზამთრის კურორტები პრობლემების სიმრავლითაც გამოირჩევიან. ბაკურიანისა და გუდაურის გარდა, ზამთრის სხვა კურორტებს ტურისტები თითქმის არ ცნობენ. აქტიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, დამსვენებლების სიმცირეა ყაზბეგში, მესტიაში, ბეთანიასა და გომარდულში. საქართველოს ზამთრის კურორტებზე ერთდღიანი დასვენების ფასი 30-დან 350 ლარამდეა. ათდღიანი დასვენება საოჯახო სასტუმროში 800 ლარი ღირს, მაღალი კლასის სასტუმროში – 3500 ლარი, ხოლო კოტეჯში კვების გარეშე დასვენების ფასი 300 ლარია.
კურორტებზე დასვენების ღირებულებას სერვისი განსაზღვრავს. საქართველოს ზამთრის კურორტებს შორის დასვენება ყველაზე ძვირი გუდაურშია, მაგრამ მოთხოვნაც ყველაზე მეტად სწორედ ამ კურორტზეა, განსაკუთრებით უცხოელებში.
ტრადიციისამებრ, ყველაზე უკეთესი ვითარება გუდაურშია, სადაც ყველაზე მეტ დამსვენებელს ელიან. გუდაურის პოპულარობას სხვა კურორტებთან შედარებით რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. გუდაურის განვითარების სააგენტოში წლეულს შარშანდელთან შედარებით ტურისტების 30%-იან ზრდას ელიან.
სასტუმროებში ნომრები მთელი ზამთრის სეზონის განმავლობაში, აპრილამდეა დაჯავშნილი. მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონის ოფიციალური გახსნა 21 დეკემბერსაა დაგეგმილი. უცხოელებისგან წლეულს განსაკუთრებით გააქტიურდნენ უკრაინელი და რუსი დამსვენებლები, საგრძნობლად მოიმატა აზერბაიჯანელების რიცხვმაც, ასევე აქტიურობენ პოლონელები, თურქები, ყაზახები. სასტუმროებში ფასი გუდაურში $100-დან იწყება, ამ ფასში შედის კვებაც. რაც შეეხება კერძო სასტუმროებს, ისინი ინდივიდუალურად ადგენენ ფასებს, თუმცა არის ჰოსტელები, სადაც ფასი 40-45 ლარიდანაც იწყება.
მაგრამ საქართველოში ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი ერთნაირ მდგომარეობაში არ არის. გუდაური ყოველთვის იყო და მომავალშიც პოპულარული იქნება დედაქალაქთან სიახლოვისა და ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო. ტურისტებს გუდაურში ბევრი რამ იზიდავს: გზა, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი, ადამიანური რესურსები, თუნდაც ახლომდებარე დედაქალაქის სამაშველო სამსახურის არსებობა. ამას ემატება მრავალფეროვანი სათხილამურო ტრასებიც.
სპეციალისტთა შეფასებით, თუ ზამთრის სხვა კურორტებიც უფრო კომფორტული გახდება, ტურისტების რაოდენობა იქაც გაიზრდება. მაგალითისათვის, ბაკურიანში სასტუმროები ბევრია, მაგრამ არასაკმარისია საბაგირო და სათხილამურო ტრასები. ცოტაა კვების ობიექტი და გასართობი ადგილებიც. მხოლოდ ტრასა და საბაგირო კურორტის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ბაკურიანში არ არსებობს რეგულარული სამაშველო სამსახური, რაც ასევე ძალიან დიდი პრობლემაა.
გუდაურში რამდენიმე ტიპის სასტუმრო გვხვდება, არის როგორც მაღალი კატეგორიის სასტუმროები 3-4-ვარსკვლავიანები, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან. მინიმალური ფასი შეიძლება იყოს 50 ლარი, რომელიც მერყეობს 250 ლარამდე. მინიმალური ღირებულება იწყება დღე-ღამე 50 ლარიდან, რომელშიც შედის საუზმე. ეს ყველაფერი გათვლილია ერთ ადამიანზე. კოტეჯები გუდაურში ბევრი არ არის, ისინი ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება. გაქირავების დროს მთლიანი კოტეჯი ქირავდება, რომელიც გათვლილია 4-5 ადამიანზე, თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელიც 15 ადამიანზეა გათვლილი. რაც შეეხება ფასს, 10- დღიანი მომსახურება 500-დან 750 ლარამდე ჯდება. კოტეჯებს განსაკუთრებული მომსახურება არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ზოგჯერ ფასში შედის საუზმე, თუმცა შეიძლება ზოგ შემთხვევაში ესეც არ შევიდეს.
ბაკურიანსა და გუდაურს შორის რადიკალური სხვაობა ფასებში არ არის. უბრალოდ აღსანიშნავია ის, რომ ბაკურიანში უფერო მეტი რაოდენობის საოჯახო ტიპის სასტუმრო გვხვდება. რაც შეეხება შაბათ-კვირას, აქ ფასები ისევ და ისევ გათვლილია იმაზე, თუ რა ტიპის სასტუმროში აპირებს დასვენებას ესა თუ ის ადამიანი. თუ მომხმარებელი საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებს, ფასი 30-35 ლარიდან იწყება და იზრდება ზემოთ.
ზემო სვანეთის ზამთრის კურორტების პრობლემებია დედაქალაქთან სიშორე, მკაცრი კლიმატური პირობები. იქამდე ასასვლელად პატარა ვერტმფრენი მაინცაა საჭირო. ამას ემატება სასტუმროებისა და კომფორტის ნაკლებობა, გათბობის პრობლემა, რადგან იქ არ არის გაზი და თუ დენი გამოირთო, ხალხი შეშის ღუმელების იმედად რჩება. საბაგიროცა და სათხილამურო ტრასებიც მესტიიდან რვა კილომეტრშია, რის გამოც გადაადგილება საკმაოდ რთულია. აუცილებელია არსებობდეს რეგულარული ტრანსპორტი საბაგირომდე მისასვლელად, რადგან კერძო ტრანსპორტი საკმაოდ ძვირი ჯდება. კერძო ავტომობილის მომსახურება, რომელიც ტურისტს ტრასამდე მიიყვანს 80-დან 100 ლარამდე ღირს. გარდა ამისა, სვანეთის ტრასები უფრო პროფესიონალებზეა გათვლილი, ვიდრე დამწყებ და მოყვარულ მოთხილამურეებზე. იგივეს თქმა შეიძლება ზემო აჭარაზეც. თუმცა ზემო აჭარის უპირატესობა ის არის, რომ იქაური კურორტების მომხმარებელი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა გახდეს.
მოსაგვარებელია სასტუმროების დაბეგვრის სეზონური რეჟიმის საკითხი, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა განცხადება. კურორტების შემთხვევაში არსებობს ე.წ. მაღალი და დაბალი აქტივობის მქონე სეზონები. მაღალი სეზონის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა მეტია და სასტუმროები იხდიან ჩვეულებრივ გადასახადს, ხოლო დაბალი სეზონის განმავლობაში შეიძლება დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი, რადგან თვეების განმავლობაში სამთო-სათხილამურო კურორტები, ფაქტობრივად, ცარიელია, მათ ძალიან ცოტა სტუმარი ჰყავთ. ამიტომაც, სპეციალისტთა შეფასებით, საჭიროა შეღავათები, რათა მათ იარსებონ. დაბალი აქტივობის სეზონის პერიოდში შესაძლებელია ფიქსირებული გადასახადების ან სასტუმროების შემოსავალზე მიბმული გადასახადების დაწესება. ამგვარი შეღავათები წარმატებით მოქმედებს არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ შვეიცარიასა და იტალიაშიც.
”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა არის თუ არა მოთხოვნადი საქართველოში ზამთრის კურორტები, ელოდებიან თუ არა ტურისტული კომპანიები სტუმრებს უცხოეთიდან და რომელი ქვეყნებიდან, გაიზრდება თუ არა წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე ფასები. საინფორმაციო პორტალმა გამოკითხა 8 ტურისტული კომპანია: ინტერკონტინენტალი, Go Tour, არგოტური, ლიბერთი ტური, კალიფსო თრეველი, მოგზაურთა კლუბი, ინტერ ტური, იტა ჯორჯია. გამოკითხული კომპანიების სრული უმრავლესობა ასახელებს, რომ ტურისტებს უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ელოდებიან, რომლებიც გუდაურისა და ბაკურიანის ტურებს ითხოვენ. ქართველები კი ზამთრის სეზონზეც ეგვიპტესა და დუბაის სტუმრობენ. კომპანიების წარმომადგენლები წელს ტურისტების ზრდას ვარაუდობენ, აქვე ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ წელს შიდა ტურებზე ბაკურიანსა და გუდაურში ფასები გაიზრდება.
კომპანია ”ინტერკონტინენტალში” აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ ზამთრის ტურისტული სეზონი ორი კვირის წინ დაიწყო, ხოლო საქართველოში დეკემბრის 25-ში იწყება. მოთხოვნა კი გარე ტურებზე უფრო მეტია – კვირაში დაახლოებით 150 ადამიანი ითხოვს ზამთარში გარე ტურებს. ყველაზე მოთხოვნადი კი ეგვიპტე და დუბაია. ზამთრის ტურები ძალიან აქტუალურია, გასულ ზამთარს 3 000-მა ადამიანმა ისარგებლა ინტერკონტინენტალის გარე ტურებით, წელს კი კომპანიაში ამ მაჩვენებლის 15%-იან ზრდას ვარაუდობენ. სტუმრებს კი ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, აზერბაიჯანიდან და ეგვიპტიდან ელოდებიან, რომლებიც გუდაურისა და ბაკურიანის ტურებს ითხოვენ. შიდა ტურებზე მოთხოვნა უცხოელების მხრიდან უფრო ფიქსირდება. ქართველები ზამთარში, ძირითადად, თბილ ქვეყნებს ირჩევენ.
კომპანია ”არგოტურში” ”თბილისი თაიმსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი 20 ნოემბრიდან იწყება, მოთხოვნა შიდა ტურებზე უფრო მეტია, საზღვარგარეთ ზამთრის გატარების მსურველები კი ეგვიპტესა და დუბაის ითხოვენ. შარშან ძალიან აქტუალური იყო ზამთრის ტურები და წელსაც იგივე მოლოდინი აქვთ. რაც შეეხება უცხოელებს, კომპანიაში, ძირითადად, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ელოდებიან ტურისტებს. როგორც საუბრისას აღმოჩნდა, უცხოელების მხრიდან უფრო ხშირად ფიქსირდება მოთხოვნა საქართველოს ზამთრის კურორტებზე, რომლებიც ითხოვენ ქართული კერძების დეგუსტაციასა და მაქსიმალურ კომფორტს სასტუმროში. ფასები სტაბილურია და ბაკურიანსა და გუდაურში დასვენება მსურველებს $500-600 დაუჯდებათ ერთი კვირის განმავლობაში.
კომპანია ”ლიბერთი ტურში” აღნიშნავენ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში 25 დეკემბრიდან იწყება, საზღვარგარეთ კი ნოემბრიდან.
ზამთრის სეზონზე შიდა ტურები უფრო მოთხოვნადია, ტურისტებს კი აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან ელოდებიან, რომლებიც ბაკურიანსა და გუდაურს ირჩევენ. ტურისტები ითხოვენ კომფორტულ სასტუმროებსა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას. ტურის ღირებულება კი ერთი დღის განმავლობაში 200-250 ლარს შეადგენს.
კომპანია ”კალიფსო თრეველის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გასულ წელს ზამთრის ტურები ძალიან მოთხოვნადი იყო და წელსაც იგივე მოლოდინია. ტურისტებს კი ელოდებიან რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან, რომლებიც ითხოვენ ექსკურსიებს, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებასა და კომფორტულ სასტუმროს. გუდაურსა და ბაკურიანში 1 კვირის გატარების ღირებულება ორ პერსონაზე $1500-ია.
ტურისტულ სააგენტო ”ინტერ ტურში” აცხადებენ, რომ შარშან ზამთრის კურორტები ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა, წელს მოთხოვნის ზრდას ვარაუდობენ. ტურისტებს ელოდებიან ლიტვიდან და ლატვიიდან და აცხადებენ, რომ შიდა ტურებზე მოთხოვნა ქართველი და უცხოელი ტურისტების მხრიდან თანაბრად ხდება, თუმცა, ქართველებს მომსახურებაში ფულის გადახდა არ სურთ და ტურისტული სააგენტოების გვერდის ავლით ცდილობენ დასვენების მოწყობას. ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა და ტურის ღირებულება ერთ პერსონაზე შეადგენს $300-ს.
კომპანია ”იტა ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ ბაკურიანი და გუდაური უცხოელი ტურისტების მხრიდან აქტუალობას არ კარგავს. კომპანიაში ამბობენ, რომ შარშან ძალიან აქტუალური იყო საქართველოს სათხილამურო კურორტები და წელსაც იგივე მოლოდინი აქვთ. ტურისტებს ელოდებიან რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან. უცხოელი ტურისტების მხრიდან ზამთარში ბაკურიანსა და გუდაურზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ტურისტები, ძირითადად, ითხოვენ კომფორტულ სასტუმროებსა და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, ერთკვირიანი ტურის ღირებულება კი ერთ პერსონაზე $500-ს შეადგენს.
თუმცა შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის განცხადებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით მარკეტინგული კამპანია შესუსტებულია. წელს რუსეთიდან ძალიან გაზრდილია ინტერესი და გუდაურსა და ბაკურიანში ჯავშნები უკვე გაკეთებულია. ამასთან, ავსტრია, გერმანია, შვეიცარიიდან მარკეტინგული კამპანიის შესუსტების გამო ტურისტების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, ერთი რამ ცხადია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, ბაკურიანსა და გუდაურს დამსვენებელი არ აკლია. წინა საახალწლოდ ნომრის შოვნა ორივე კურორტზე ფაქტობრივად უკვე შეუძლებელია. მაგრამ ეს მხოლოდ გუდაურსა და ბაკურიანში, რა ბედის ელის დანარჩენ კურორტებს და შეძლებენ თუ არა ისინი ტურისტების მიზიდვას, სეოზნის დასასრულს გვეცოდინება.