რა იმალება მშპ-ის ციფრების მიღმა
მაკა ღანიაშვილი
მსოფლიოში მცხოვრებ დაახლოებით 7 მილიარდ ადამიანს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებში უწევს ცხოვრება. 826 მილიონს განვითარებად ქვეყნებში არა აქვს საკმარისი საჭმელი, 1 მილიარდს არ აქვს სუფთა სასმელი წყალი, 2,4 მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სისუფთავეზე. დღეში დაახლოებით 10 000 ბავშვი იღუპება დაბინძურებული წყლისგან გამოწველი ეპიდემიებით. მაშინ როცა ინდუსტრირებულ ქვეყნებში ავადმყოფობები და დაავადებები გამოწვეულია საკვების ზენორმატიული კალორიებით. სიმსუქნე, რომელიც XX საუკუნის დაავადებად ითვლება, ორგანიზმში ზედმეტი ქოლესტერინის დაგროვების შედეგად წარმოიქმნება. ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აზიური სახელმწიფოები, რომელთა ცხოვრების სტანდარტები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან სწრაფად იზრდება.
ნებისმიერი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეკონომიკური ზრდაა, რაც უფრო მეტი რაოდენობისა და უკეთესი ხარისხის საქონლისა და მომსახურების წარმოებას – ანუ ცხოვრების უფრო მაღალ დონეს გულისხმობს. ეკონომიკური ზრდა მიიღწევა არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების გზით. მეცნიერებმა უამრავი მეთოდი და მიდგომა შეიმუშავეს ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ ზრდის გასაზომად და შესაფასებლად. მათგან რეალური მთლიანი შიდა პრო- დუქტი ერთ კაცზე ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინდიკატორია. მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო მაჩვენებლით მსოფლიოში აშშ, ჩინეთი და იაპონია ლიდერობენ (ცხრილი #1).
მშპ-ის ზრდისას ქვეყანაში იზრდება ცხოვრების სტანდარტები გრძელვადიან პერიოდში. ეკონომიკის 3%-იანი წლიური ზრდა მშპ-ს გააორმაგებს 24 წელიწადში, ხოლო 8%-იანი წლიური ზრდა – 9 წელში. ზრდის რთული კუმულაციური ხასიათის გამო მწვავდება განსხვავებები ქვეყნებს შორის. მაგალითად, თუ ერთ ქვეყანას აქვს 5%-იანი, ხოლო მეორეს 3%-იანი ზრდა, რომელიც თითქოს ერთმანეთის მსგავსია, 20 წლის შემდეგ პირველს ექნება ეკონომიკის 165%-იანი ზრდა, ხოლო მეორეს 80%-იანი ზრდა.
ზრდის ამ ხასიათის გათვალისწინებით, აშშ-ს სულ მალე ემუქრება პირველი ადგილის დაკარგვა. გამომცემლობაThe Economist-ის ჟურნალისტებმა გააკეთეს გამოკვლევა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩინეთი აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით გაუსწრებს სულ რაღაც 6 წელიწადში – 2018 წელს. გამოთვლები ჩატარდა მშპ-ის მიმდინარე ზრდის ტემ-პის და ინფლაციის პროგნოზის გათვალისწინებით. ჩინეთის მშპ-ის ზრდის ტემპია 7.75%, ხოლო ინფლაციის დონე საშუალოდ 4%. აშშ-ის მიმდინარე მშპ-ის ზრდად აღებულია 2.5%, ინფლაციის დონედ კი 1.5%.
თუმცა რეალური მშპ-ის გამოყენებას ერთ სულ მოსახლეზე რამდენიმე სირთულე ახლავს თან: მისი ზრდა დამოკიდებულია შერჩეული საქონლის კალათის ნომინალურ ღირებულებაზე საბაზო წლის მიხედვით; ის არ გვაწვდის არანაირ რელევანტურ ინფორმაციას, შემოსავლების განაწილებაზე ქვეყანაში; არ ითვალისწინებს ნეგატიურ გარეგან ეფექტებს გარემოს დაბინძურებაზე, რომელიც ეკო-ნომიკური ზრდის შედეგია (აქედან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდა შეიძლება გადაჭარბებულად იყოს შეფასებული, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გარემოს დაბინძურებას); მშპ მოიცავს ნეგატიურ ხარჯებს, როგორიცაა დაბინძურებული წყლის გაწმენდის დანახარჯები და ციხეების მშენებლობა; ის არ აღრიცხავს პოზიტიურ გარეგან ეფექტებს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სახის მომსახურებამ, როგორიცაა განათლება და ჯანმრთელობა; მისგან გამორიცხულია ყველა აქტივობა, რომელსაც ადგილი აქვს ბაზრის გარეთ (როგორიცაა დანახარჯებისაგან თავისუფალი დასვენება მაგალითად ლაშქრობა); ის სწორად არ მოიცავს ეკონომიკის არაფორმალური სექტორის აქტივობას, მასში აღრიცხულია მხოლოდ მისი მიახლოებითი მნიშვნელობა; ის აგრეთვე არ მოიცავს იმ საქო-ნელს, რომლის წარმოება არ მოხდა მიმდინარე ფისკალურ წელს, როგორიცაა მეორადი მანქანები ან სახლები, მასში შედის მხოლოდ ახალი საქონელი; მშპ ასევე არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას უკვე ნაწარმოები საქონლის ცვეთის ან ღირებულების ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ცხოვრების სტანდარტების ცვლილებაზე (მაგალითად საცხოვრებელი სახლების ცვეთა).
ამ უარყოფითი ფაქტების გავლენაც სახეზეა. რამდენიმე კვირის წინ, 247wallst.com-მა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელთა ძირითადი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. უღარიბესი ქვეყნების თითქმის მთელი პირველი ათეული აფრიკაში მდე-ბარეობს. გამონაკლისს წარმოადგენს ჰაიტი, რომელიც რეიტინგის ლიდერია. კარიბის ზღვის აუზის ამ ქვეყანაში, რომელიც სტიქიური უბედურებების, სახელმწიფო გადატრიალებებისა და შიმშილის მსხვერპლია, სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 77% ცხოვრობს – ისინი დღეში 1 დოლარზე ნაკლებს ხარჯავენ. მეორე ადგილი ერგო ეკვატორულ გვინეას – ქვეყანას, სადაც ერთ ადამიანზე მშპ-ის მოცულობა საშუალო მსოფლიო მონაცემს თითქმის სამჯერ აღემატება, თუმცა ნავთობისა და გაზის სიჭარბის მიუხედავად, მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 50,8 წელია. რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ ქვეყანაში სიმდიდრის არსებობა სულაც არაა იმის გარანტია, რომ ის მოსახლეობის ყველა ფენაზე თანაბრად ვრცელდება.
მიუხედავად ამისა, ეკონომისტებს ქვეყნის კეთილდღეობის საზომად მშპ-ზე უკეთესი მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუგნიათ. საქართველოს მშპ უნდა მოიცავდეს ქვეყანაში შესაფასებელ წელს წარმოებული საქონლისა და მომსახურების ყველა ერთეულს, იქნება ეს ლექტორების მიერ ჩატარებული ლექციები, ბანკების მიერ კლიენტებისთვის გაწეული მომსახურება, გლეხის მიერ გა-საყიდად დამზადებული სულგუნი თუ ე.წ. გარე ვაჭრობაში ჩართული მოსახლეობის მიერ რეალიზებული პროდუქცია. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მშპ-ის აღრიცხვისას უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ საბოლოო პროდუქტების ღირებულება და ე.ი. გამოვრიცხოთ ე.წ. შუალედური პროდუქტები, ანუ ამ საბოლოო პროდუქტის დამზადებისას გამოყენებული მასალები. რეალური სურათის მისაღებად მშპ-ს გამოთვლიდან გამოირიცხება აგრეთვე ისეთი საქონელი და მომსახურება, რომელიც მიმდინარე წლის წარმოებას არ უკავშირდება.
საქართველოს 2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით მრეწველობა (16,6%) და ვაჭრობა (16,6%) გამოირჩევა (ცხრილი #2). შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,5%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,6%) და ჯანდაცვა (5,9%).
2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 384,1 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 8,2%-ის დონეზე დაფიქსირდა. 2011 წელს, წინა წლის მიმართ, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7%-ით გაიზარდა. ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანმა შიდა პროდუქტმა ამ წელს 24,229.1 მილიონი ლარი შეადგინა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით კი 5,421.4 ლარი. 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, საქა-რთველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, მაშინ როდესაც 2009 წელს, წინა წლის მიმართ, ქვეყნის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა. 2009 წელს მთლი-ანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა, მიმდინარე ფასებში 17 986.0 მლნ. ლარი შეადგინა (ცხრილი #3).
2009 წელს მშპ-ის მაჩვენებლის კლება თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნა. მაგალითად, აშშ-ში. მომხმარებლის შემცირების, კომპანიების, სავაჭრო მარაგისა და ექსპორტის დაცემის ფონზე მშპ-ის მა-ჩვენებლის შემცირება 6%-ს აღემატებოდა. ექსპერტთა თქმით, ასეთი უცაბედი ვარდნა საქონლის რეზევრზე მომხმარებლის დინამიურმა მოთხოვნამ და ექსპორტზე მომხმარებლის დანახარჯების შემცირებამ გამოიწვია, რომელზეც ამერიკის ეკონომიკის დაახლოებით 70% მოდის და ბოლო ხანებში 4.8%-ით შემცირდა (რეკორდული მაჩვენებელი 1980 წლის შემდეგ). ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი სამომხმარებლო ხარჯებია. ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ ეკონომიკური კრიზისების დროს, რომელსაც თან ახლავს მომხმარებელთა აქტივობის მყისიერი შემცირება, მშპ-ის ვარდნაც გარდაუვალი ხდება.
ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი 2012 წლის პირველ კვა-რტალში, წინასწარი მონაცემებით, 2.2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები 2012 წლის პი-რველ კვარტალში ეკონომიკის 2.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. აღსანიშნავია, რომ წი-ნა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ამერიკული ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირებულია. 2011 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იან ზრდას ჰქონდა ადგილი. ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებელი კი 1.7% იყო.
2012 წლის I კვარტალში მშპ-ის ზრდას ხელი შეუწყო სამომხმარებლო ხარჯების ზრდ-ამ, რომელიც ამერიკის ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივად არის მიჩნეული. გარდა ამისა, მშპ-ის ზრდის სტიმულირება ექსპორტის ზრდიდანაც მომდინარეობს. დროის აღნიშნულ პერიოდში სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ 2.9% შეადგინა, რაც 0.7%-ით აღემატება 2011 წლის IV კვარტლის მაჩვენებელს.
საინტერესოა, საქართველოს მშპ-ის ცვლილების დაკვირვებას სექტორების მიხედვით. 2011 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში (24.3%), საკუთარი მოხმარებისათვის საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან დაკავშირებულ შინამეურნეობების საქმიანობაში (15.3 %), დამამუშავებელ მრეწველობაში (14.3%), ელექტ-როენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში (8.9%), სასტუმროებსა და რესტორნებში (8.4%), კავშირგაბმულობაში (8%), ვაჭრობაში (7.4%), მშენებლობაში (7.3%), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (6.9%) და სხვა. საყურადღებოა, რომ 2011 წელს, სამწლიანი კლების შემდეგ, სოფლის მეურ-ნეობაში ზრდამ 5.5% შეადგინა.
2011 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში, ისევე როგორც მიმდინარე წელს, ყველაზე მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენილი იყო მრეწ-ველობა (17.3%), ვაჭრობა (17.3%), სახელმწიფო მმართველობა (11.7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.6%), სოფლის მეურნეობა (9.3%), მშენებლობა (6.2%), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6.1%). დანარჩენი დარგების ხვედრითმა წილმა მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში 21.5% შეადგინა. თითქმის ანალოგიური სურათი იყო 2010 წელსაც. 2009 წელს კი მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი ეკავა სახელმწიფო მმართველობას (16%). ამ დარგის ჩანაცვლება ვაჭრობითა და მრეწველობით ბოლო წლებში მოხდა. ბოლო წლებში გაიზრდა სოფლის მეურნეობის წილიც მშპ-ში.
გლობალური მშპ-ში სოფლის მეურნეობის მთლიანი წილი 6.1%-ია, აღსანიშნავია, რომ, რაც უნფრო განვითარებულია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო ნაკლებია მშპ-ში სოფლის მეურნეობის პროცენტული წილი, რადიკალურად განსხვავებულია ვითარებაა მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით. ამ სექტორის წილი მშპ-ის მთლიან შემადგენლობაში ისეთ ქვეყნებში ჭარბობს როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და ა.შ. (ცხრილი #5; #6).