რა მაჩვენებლებით დაასრულა საბანკო სექტორმა 2013 წელი
2013 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 363.9 მლნ ლარით (ანუ 3.9 პროცენტით) გაიზარდა და 9.66 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2012 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 26.3 პროცენტით არის გაზრდილი. ზრდა თითქმის თანაბარია როგორც უცხოურ ვალუტაზე, ასევე ეროვნული ვალუტით გაცემულ დეპოზიტებზე. საანგარიშო პერიოდში, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 116.7 მლნ ლარით (3.1 პროცენტით) და 3.88 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტით დეპოზიტების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშებზე. ლარის რესურსის 70.9 პროცენტი მიმდინარე ანგარიშებზე მოდის. უცხოური ვალუტით დეპოზიტებზე კი მიმდინარე ანგარიშების წილი 30.1 პროცენტს შეადგენდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, 4.5 პროცენტიანი (247.2 მლნ ლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.78 მლრდ ლარი შეადგინა.
აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ფიზიკური პირების ანგარიშების მატებით. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2013 წლის დეკემბერში, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა. დეკემბრის ბოლოსთვის, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 46.9 და 76.6 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 6.2 პროცენტი შეადგინა. დეკემბრის თვეში, ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით და 9.3 პროცენტზე დაფიქსირდა. ფიზიკური პირების ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე განაკვეთი წინა თვესთან შედარებით უცვლელია და შეადგენს 9.7 პროცენტს. იურიდიული პირებისთვის დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები გაიზარდა 1.4 პროცენტული პუნქტით და 8.4 პროცენტი შეადგინა.
უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 5.4 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტები გაიზარდა 1.0 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 5.4 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტები გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 5.4 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის დეკემბერში
არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე დარიცხულმა სარგებელმა 2.9 პროცენტული პუნქტით მოიკლო. 2013 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 645.6 მლნ ლარით გაიზარდა და 10.2 მლრდ ლარს გაუტოლდა.
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 20.6 პროცენტი შეადგენა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 16.3 პროცენტი იყო. ზრდა ძირითადად ეროვნული ვალუტით სესხების მაღალი ზრდის ტემპით არის გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 76.6 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 68.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 45.9 პროცენტს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 267.7 მლნ ლარით (7.2 პროცენტით) გაიზარდა და 3.99 მლრდ ლარს გაუტოლდა. ზრდა ძირითადად გამოიწვია ფიზიკური პირების სესხების მატებამ. ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების სტრუქტურაში 62.3 პროცენტს, ფიზიკური პირების დაკრედიტება შეადგენდა.
უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა დეკემბერში 94.5 მლნ აშშ დოლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 3.80 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 67.8 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 81.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა.
უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურდიული პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული. დეკემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 42.1 მლნ ლარით შემცირდა და 231.1 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.2 პროცენტი იყო.
ვადაგადაცილებული სესხების 45.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 62.3 პროცენტს გაუტოლდა. საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის დეკემბერში შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით და წლიური 15.6 პროცენტის დონეზეა.
უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხები შემცირდა – 1.0 პროცენტული პუნქტით და საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 11.7 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე წლიური 18.9 პროცენტი დაფიქსირდა. ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ფიზიკური პირებისთვის 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო იურდიული პირების 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე – 2.8 პროცენტული პუნქტით. საანგარიშო პერიოდში, საბანკო სისტემის უკუგებამ აქტივებზე (ROA) 0.3 პროცენტული პუნქტით მოიკლო და შეადგინა 2.6 პროცენტი. ხოლო 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა უკუგება კაპიტალზე (ROE) და 14.6 პროცენტს შეადგენს.
წყარო: www.nbg.gov.ge