2018 წლის ბიუჯეტის პროექტი – განხილვა

გიორგი ელიზბარაშვილი

პარლამენტში 29 სექტემბერს გადაიგზავნა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტი. დამტკიცებამდე ჯერ კიდევ შორია, ვადა დეკემბრის მესამე პარასკევამდეა, პარტიას რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნია, მისი მიღება არ უნდა გაუჭირდეს. ამ დროის მანძილზე რაღაც შეიცვლება, ზოგიერთ სამინისტროს დაფინანსება გაეზრდება, ზოგს შეუმცირდება, შეიცვლება პროგრამების რაოდენობაც. თუმცა ამჯერად განვიხილავთ შემოთავაზებულ ვარიანტს.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი იზრდება, მაგრამ ის წყლის წვეთივით ჰგავს წინა წლებისას თავისი სტრუქტურით. არ მცირდება ბიუროკრატია, სახელმწიფო აპარატი, არ იზრდება პრივატიზაციისგან მიღებული შემოსავლები, სამაგიეროდ იზრდება სახელმწიფო ვალი, იზრდება როგორც მისი აბსოლუტური მაჩვენებელი ასევე მშპ-სთან შეფარდებაშიც. ბიუჯეტის პროექტი ეყრდნობა დაშვებას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება 4.5%, ხოლო ინფლაცია 3.5%

1
წყარო:Parliament.ge

შემოსავლები განსაზღვრულია 10.12 მილიარდი ლარით, საიდანაც გადასახადია 9.47 მილიარდი ლარი, გრანტი 265 მილიონი, ხოლო სხვა შემოსავალი 385 მილიონი. იზრდება საშემოსავლო გადასახადი 2.57-დან 2.78-მდე, იზრდება დღგ-ც 3.78-დან 4.39 მილიარდამდე. მცირდება მოგების გადასახადი, იმპორტის გადასახადი და რაც ყველაზე საოცარია აქციზიც 1.627 მილიარდიდან 1.45-მდე. ეს მაშინ როცა დაანონსებული იყო თავიდანვე სიგარეტზე აქციზის ყოველწლიური ზრდა. მოთხოვნაა საცობების შემცირებაზეც რაც უნდა ასახულიყო აქციზის ზრდით საწვავზე და ავტომობილზე. რეალურად მხოლოდ ამ გადასახადის განაკვეთის ზრდა შეუძლია მთავრობას. შეიძლება ვიქონიოთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქციზის განაკვეთი გაიზრდება, გაიზრდება საგრძნობლად, ოღონდ მას გავიგებთ არჩევნების შემდეგ.

2
წყარო:Parliament.ge

3
წყარო:Parliament.ge

კარგია, როდესაც გადასახადის განაკვეთის გარეშე არსებობს საშემოსავლოს ზრდის მოლოდინი. თუ მოლოდინი გამართლდა ეს ნიშნავს დასაქმებულთა რიცხვის ზრდას, ასევე ხელფასების მატებას. იგივე შეიძლება ითქვას დღგ-ზეც, მისი ზრდა მიანიშნებს წარმოების და რეალიზაციის ზრდას. 2017 წლია იანვრიდან რეინვესტირებული მოგების გადასახადი აღარ იბეგრება. 377 მილიონიანი კლება 2017 წელს სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ჩნდება კითხვა რატომ მცირდება ის კვლავ 2018 წელსაც. იმპორტის გადასახადის კლება ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით შეიძლება აიხსნას.

ასიგნებები განსაზღვრულია 12.365 მილიარდი ლარით, საიდანაც 10.912 მილიარდი საბიუჯეტო სახსრებია, 165 მილიონი გრანტი და 1.288 მილიარდი კრედიტი. 2004-2017 წლებში ასიგნებები 5.9-ჯერ გაიზარდა. თუნდაც ამის ნახევრით რომ გაზრდილიყო რეალური ეკონომიკა ჩვენ დღეს 40%-ით უფრო მდიდრები ვიქნებოდით. ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავლები გაიზარდა მხოლოდ 2.1-ჯერ ანუ ეკონომიკის ზრდის ტემპი ბიუჯეტის ზრდის ტემპს 2.8-ჯერ ჩამორჩა. კარგია გზის დაგებაც, პენსიის ზრდაც, მაგრამ რეალურ ეკონომიკას მშპ-ს ზომა განსაზღვრავს და არა ბიუჯეტის.

4
წყარო: Mof.ge worldbank.org

VI თავში ჩაშლილადაა მოცემული ხარჯების სია 2016 წლის ფაქტი, 2017 წლის გეგმა და 2018 წლის პროექტი. ჩავხედოთ ზოგიერთ მათგანს. 2 მილიონით 60-დან 62-მდე იზრდება პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც თავის მხრივ გასულ წელს უკვე გაიზარდა 4.5 მილიონი ლარით. არ იცვლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9.8 მილიონი ლარი ისევ. უცვლელია მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯიც. 16.5 მილიონი ლარი. 60.5-დან 67 მილიონ ლარამდე იზრდება ცესკოს დაფინანსება, მაშინ როცა ადგილობრივ არჩევნებზე ასარჩევია ჯამში 2000-ზე მეტი პირი: მერები, გამგებლები, საკრებულოს წევრები. თითოეულ ამომრჩეველს ეძლევა 3 ბიულეტინი. ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ვირჩევთ მხოლოდ 1 ადამიანს, 1 ბიულეტენით. ზრდა განპირობებულია არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზრდით. დაზვერვის სამსახურზე სულ 13.5 მილიონი ლარია გამოყოფილი რაც 1.5 მილიონით ნაკლებია 2016 წელთან შედარებით. როდესაც ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანაში იზრდება პარტიების დაფინანსება და მცირდება დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტი, ძნელია ახსნა იმის თუ რა პრიორიტეტებით ხელმღვანელობს მისი ავტორი. მკვეთრად 370-დან 254 მილიონ ლარამდე მცირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი. თუ უფრო ჩავუღრმავდებით ვნახავთ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ხარჯი მცირდება 143-დან 115 მილიონამდე. ასევე კლებულობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსებაც 8.2-დან 5 მილიონამდე. თუმცა კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი აღმოჩნდა ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქონების გამოსყიდვა, რომლის ხარჯის წელს 96 მილიონი ლარი იყო, მემრის 0.

რეალურად ერთადერთი სფერო რისი დაფინანსებაც მკვეთრად იზრდება ინფრასტრუქტურაა. 1.258-დან 1.83 მილიარდ ლარამდე. საიდანაც ყველაზე დიდი წილი 58.7%-1.074 მილიარდი კრედიტია. ყველაზე მეტად იზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დაფინანსება 427-დან 800 მილიონამდე. ავტომაგისტრალი ძალიან კარგია, აუცილებელი ქვეყნისთვის. მისით გარკვეულ სარგებელს ყველა მიიღებს, მაგრამ მეტ-ნაკლებად. შეიძლება წელიწადი ისე გავიდეს ადამიანმა თავის ქალაქი არ დატოვოს, ან იმგზავროს მატარებლით. ამიტომ ლოგიკური იქნებოდა რომ ეს გზა ყოფილიყო ფასიანი და მშენებლობის 75-80 პროცენტი დაეფინანსებინა მას ვინც მიიღებდა პირდაპირ სარგებელს, დარჩენილი 20-25 პროცენტი კი მას ვინც ირიბად ისარგებლებდა. სამართლიანია როდესაც რაიმე პროდუქტში ან მომსახურებაში იხდის ის ვინც ღებულობს სარგებელს. მსუბუქი ავტომობილისთვის 100 კმ-ზე 1 ლარი არ უნდა იყოს ბევრი. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი სადაც ზრდა ფიქსირდება წყალმომარაგებაა 184-დან 255 მილიონ ლარამდე. ყოველგვარი კვეხნისა და ტრაბახის გარეშე საქართველო მართლაც ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა წყლის რესურსით 1 სულ მოსახლეზე, 24 საათიანი წყალი მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს მიეწოდება, ბევრ სოფელში კი ისევ ზურგით უწევთ ბალონების თრევა ხალხს.

ბიუჯეტის პროექტში გაოცებას იწვევს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირება 748 მილიონი ლარიდან 702 მილიონამდე. პრობლემაა სავალდებულო სამხედრო სამსახური, როცა წლებმა აჩვენა მისი არაეფექტიანობა. ამას გარდა კოდით 29-10 ვკითხულობთ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება. დაფინანსება მცირდება 78-დან 22 მილიონამდე.

შსს-ს ბიუჯეტი 20 მილიონით იზრდება, სუსის 5-ით. 62 მილიონით, მაგრამ მხოლოდ 5.5%-ით იზრდება განათლების დაფინანსება. 23 მილიონიანი ზრდა სკოლების დაფინანსებაზე მოდის. მოსწავლეების სახელმღვანელოებით უზრუნველყოფაზე 2016 წელს დაიხარჯა 7.3 მილიონი ლარი, 2017 წელს 16.9, 2018 წელს დაგეგმილია 23 მილიონის დახარჯვა. ძნელი სათქმელია ზრდა როდემდე გაგრძელდება. ელექტრონული სწავლებისთვის გამოყოფილი სახსრები რატომღაც 3-დან 2 მილიონამდეა შემცირებული. 8.5 მილიონით იზრდება პროფესიული განათლების დაფინანსება. 6.5 მილიონით უმაღლესი განათლების დაფინანსება. მეცნიერებასა და სამეცნიერო კვლევებზე 62.6 მილიონი ლარია გამოყოფილი 1.2 მილიონიანი ზრდა. ზრდა კარგია, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისი. ამ დროს კი. 17 მილიონი ლარით იზრდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ამის მიუხედავად საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმემ უკვე დაიწუწუნა სახელმწიფო კულტურას გერივით ექცევაო. ამიტომ როცა ვაცხადებთ, რომ პარლამენტი დაკომპლექტებული უნდა იყოს ეკონომისტებითა და იურისტებით გვაქვს ამის თქმის საფუძველი. გასაგებია, რომ აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი მსახიობი გახლდათ, გასაგებია, რომ საქართველოში ფეხბურთელი მალე დედაქალაქის მერი გახდება, რომელიც ნამდვილად იყო წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი, 2013-16 წლებში ინვესტიციებმა ენერგეტიკაში 675$ მილიონი შეადგინა, რაც არაა ბევრი, მაგრამ წინა 4 წლის მაჩვენებელს 67%-ით აღემატება, გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოება და გაზიფიკაციის მასშტაბები. მაგრამ ეს გამონაკლისებია რომლებიც წესებს ამტკიცებენ. ყველაზე დიდ დაფინანსებას ისევ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს 3.527 მილიარდს ზრდა 112 მილიონი. პენსიებზე გათვალისწინებულია 1.7 მილიარდი 20 მილიონით მეტი რაც პენსიონერთა რაოდენობის ზრდითაა განპირობებული და არა პენსიის ზრდით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 2017 წელს მოსახლეობის მცირე ნაწილი ამოიღეს რითაც 21 მილიონი დაზოგეს, თუმცა მომავალ წელს ის კვლავ იზრდება თანაც მნიშვნელოვნად 660-დან 704 მილიონამდე. 265 მილიონ ლარამდე იზრდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, 165 მილიონამდე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსი. „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ გამოცანას არ ვამბობ ეს 14 სიტყვიანი დასახელების ორგანიზაცია ფორმალურად ისევ არსებობს. 2.46 მილიონიც ამას. 25 მილიონი საპატრიარქოს სადაც არასდროს ჩატარებულა აუდიტი. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას კი მხოლოდ 4. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ისევ 3.6 მილიონი. მერე გვიკვირს რატომ ვერ ჩავაქრეთ ხანძარი დამოუკიდებლად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 5.33 მილიონი.

5
წყარო:Parliament.ge

ვალებს არამარტო ვიღებთ ვიხდით კიდეც და მისი ტვირთი თანდათან უფრო მძიმე ხდება. თუ 2016 წელს საგარეო და საშინაო ვალების მომსახურებაზე და დაფარვაზე 740 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 2018 წელს ეს რიცხვი 1.31 მილიარდ ლარამდე იზრდება. საიდანაც 550 მილიონი ლარი ხარჯია. მოუტანა კი ძველმა ვალებმა ქვეყანას 550 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სიკეთე? სავარაუდოდ არა. ანუ ამ ვალის ნაწილი იყო გაუმართლებელი. თუ რა ნაწილი ეს უკვე ცალკე კვლევის საგანია.

2018 წელს სახელმწიფო ჯამურად 2.038 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს იღებს. ძველი ვალდებულების დაფარვის შემდეგ ვალი იზრდება 1.374 მილიარდი ლარით. ვალის ოდენობა აღწევს 3.6%-ს ნაცვლად 3-ისა, თუმცა თავისუფლების აქტი მაინც არ ირღვევა, რადგან მთავრობა იღებს მისი შემცირების ვალდებულებას. 2018 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფოს საგარეო ვალის ჯამურმა საპროგნოზო მაჩვენებელმა უნდა არ უნდა გადააჭარბოს 14.196 მილიარდ ლარს, ხოლო შიდა ვალმა 3.928 მილიარდს. დოლარის კურსი გათვლილია 2.5-ზე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამყარება ან გაუფასურება აუცილებლად აისახება ვალის საერთო მოცულობაზე. ლარის 20 თეთრიანი გამყარება, რაც შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებალბათური 1.1 მილიარდი ლარით შეამცირებდა საგარეო ვალს. 2018 წლის ბოლოსთვის საერთაშორისო კრედიტორების წინაშე დავალიანება 10.1 მილიარდ ლარს მიაღწევს მათგან 93% 3 ორგანიზაციაზე მოდის: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი


6
წყარო:Parliament.ge

დავალიანება ცალკეული ქვეყნების წინაშე მიაღწევს 2.43 მილიარდს

7
წყარო:Parliament.ge

ამ ორ კატეგორიას ემატება მესამეც ევრობონდები 1.24 მილიარდი ლარი. საგარეო ვალის ზრდით ნელ-ნელა ვუახლოვდებით კრიტიკულ 60%-იან ზღვარს. მართალია ბევრი განვითარებული სახელმწიფოს ვალმა უკვე გადააჭარბა მშპ-ს 100%-ს მაგრამ მათ შესწევთ მისი მომსახურების უნარი. მათ მიერ გამოცემულ ფასიან ქაღალდებს კი ბევრად ნაკლები საპროცენტო სარგებელი ერიცხება, ვიდრე ქართულს, ანუ ისინი სესხს უფრო იაფად იღებენ.

მშრალი ციფრების შემდეგ, შეგვიძლია წავიკითხოთ საკმაოდ ვრცელი განმარტებები, სადაც გვიმტკიცებენ რომ საქართველო სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა, პრიორიტეტია ჯანდაცვაც, განათლებაც, თავდაცვაც… რამდენად სარწმუნოა ეს მტკიცებები სხვა საკითხია.

კანონპროექტში ასევე მოცემულია პროგნოზი თუ რა თანხები შეიძლება დაიხარჯოს 2019-2021 წლებში სხვადასხვა მიმართულებით. პარლამენტის დაფინანსება 71 მილიონამდე იზრდება, დაზვერვის სამსახური კვლავ 13.5 მილიონი. უკვე 2019 წელს 3 მილიარდს აჭარბებს ინფრასტრუქტურული ხარჯები. დანარჩენი სამინისტროების დაფინანსება ან უცვლელია, ან მცირედით იზრდება და 2018 წლის ტენდენცია ნარჩუნდება.

პრაქტიკულად ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ინფრასტრუქტურის დაფინანსების ზრდაა, რომელიც აუცილებლად სჭირდება ქვეყანას. ცალკე ფინანსთა სამინისტროს არ შესწევს რადიკალური ცვლილებების განხორციელების საშუალება, მაგრამ აღნიშნული შეუძლია პარლამენტს. გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებით რიგი სამინისტროების გაუქმების და ოპტიმიზაციის, პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების, სსიპებისა და ააიპების დაფინანსების შემცირებით შესაძლებელია გამოთავისუფლდეს მინიმუმ 600-700 მილიონი ლარი, რაც სრულიად საკმარისია საშემოსავლო განაკვეთის 15%-მდე შესამცირებლად. პრივატიზაციის დაჩქარებით კი დღგ-ს 15%-მდე შემცირება შეიძლება მოვახდინოთ. როგორც თბილისის ასევე სხვა ქალაქების მერიაში გაბერილი ბიუროკრატიის შემცირებით ადგილობრივი პროექტების დაფინანსებაა შესაძლებელი იქნება ეს, მუნიციპალური ტრანსპორტი, უწყვეტი წყალმომარაგება, მიწისქვეშა ავტოპარკინგი თუ გამწვანება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ 2016 წელს თბილისის მერიაში, საკრებულოში მუნიციპალიტეტის მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ააიპებ-ში 8000 ადამიანი მუშაობდა. ნამეტანია. სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება კადრები როგორ მიდის სამსახურში ლონდონის, ამსტერდამის ან სხვა ევროპული ქალაქის მერი მეტროთი ან ველოსიპედით. თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289, საკრებულოს ბალანსზე კი 35 ავტომობილი. მართალია 2014 წლის შემდეგ ავტოპარკი არ განახლებულა, მაგრამ მათი მომსახურებაც საკმაოდ ხარჯიანია.

აღნიშნულ ცვლილებებს ესაჭიროება პოლიტიკური ნება და გამბედაობა. უდიდესი ალბათობით არ განხორციელდება, თუმცა ასევე ძალიან დიდი ალბათობით გაიზრდება სიგარეტზე აქციზის საფასური. მართალია მწეველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, მაგრამ ასევე დიდია მოწევის მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც. იოლია ჯანმრთელობაზე ზრუნვით გამართლება და ევროპული ქვეყნების მაგალითის მოშველიებაც. ამჟამად 1 კოლოფი სიგარეტის აქციზის საფასური 1.7 ლარს შეადგენს, 2 ლარამდე ზრდა სავსებით რეალურია. უფრო მეტი ნაკლებად რადგან ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა კონტრაბანდის ფაქტებმა. სიგარეტზე აქციზის ზრდას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციაც გვავალდებულებს რომლის მიხედვითაც 7-10 წელიწადში აქციზის საფასურმა უნდა შეადგინოს სარეალიზაციო ფასის არანაკლებ 60%, არაუმეტეს 1.8 ევრო კოლოფზე. არ არის გამორიცხული გაიზარდოს აქციზის საფასური საწვავზე და ავტომობილებზე. საწვავზე ბევრად უმჯობესი იქნება ხარისხის კონტროლი და EURO 5-ის შემოღება მინიმალურ ზღვრად. ავტომობილის შემთხვევაში კი ტარიფი ავტომობილის ასაკის პროპორციულად და უფრო მეტადაც უნდა იზრდებოდეს. ამჟამინდელი ტარიფით 2017 წლის ავტომობილის განბაჟება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე 2006 წლის. თუ ეკოლოგიას ვუფრთხილდებით მაშინ ელექტრომობილებთან და ჰიბრიდებთან ერთად ახალი მცირელიტრაჟიანი ავტომობილების იმპორტიც უნდა წავახალისოთ. 1.5-იანი ძრავის მქონე ავტომობილის განბაჟების კოეფიციენტი სხვა უნდა იყოს და 3.5-იანის სხვა, რომლის აუცილებლობაც, მხოლოდ მაღალმთიან რეგიონშია.

ბოლოს კი შეიძლება ვთქვათ ერთი, როგორც არ უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი, სანამ ეკონომიკური ზრდა 7-8 პროცენტზე ნაკლები იქნება, ცვლილებები უკეთესობისკენ იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათის. ბიუროკრატიის შემცირებით და პრივატიზაციით კი ნამდვილად შეიძლება ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. ბიუჯეტის შემოსულობებიც გაიზრდება და ახალი ვალის აღების საჭიროებაც შემცირდება.


ბიბლიოგრაფია:
www.mof.ge
www.parliament.ge
www.geostat.ge
www.worldbank.org