ოპეკი იშლება თუ ნავთობი ძვირდება
მოამზადა ლინა ეპიშევამ
ნავთობი – გასული თვის ბაზრის მთავარი თემა იყო. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის შეფმა განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების ზრდამ შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკის სტაგნაციიდან გამოსვლა – გადადგა ოპეკის პრეზიდენტი, ნავთობის მოწოდება მსოფლიო ბაზარზე კვლავ შეზღუდულია. ამ სიტუაციას, ეკონომიკური მოსაზრებით, ქმნის არა ოპეკი, არამედ ერაყის პრეზიდენტი, სადამ ჰუსეინი.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაჯი საბრიმმა განაცხადა, რომ არაბეთის ქვეყნებს აქვთ უფლება, კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ პოლიტიკას და ზეგავლენა მოახდინონ ისრაელზე და მის მოკავშირე, აშშ-ზე. ამ მოქმედებით ერაყი სოლიდარობას უცხადებს პალესტინელი ხალხის ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ.
ერაყის პრეზიდენტის, ჰუსეინის თქმით, ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ბაღდადი გადაწყვეტს ნავთობის ექსპორტის განახლების საკითხს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, “დატოვებენ თუ არა სიონისტური ჯარები პალესტინელების მიწებს”.
ერაყის ხელისუფლებამ აგრეთვე მიმართა ოპეკის წევრ ქვეყნებს თხოვნით, არ გაეზარდათ ნავთობის მოპოვების მოცულობა. “ჩვენ დავუკავშირდით ოპეკის ქვეყნებს თხოვნით, ან გაეზარდათ ნავთობის მოპოვების მოცულობა ან, ყოველ შემთხვევაში, შეეკავებინათ თავი რაიმე მოქმედებისაგან, რომელიც ჩვენ ინიციატივებს უგულებელყოფდა”, – განაცხადა ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრმა, ამირ მუჰამედ ალ-რაშიდმა.
ოპეკის გენერალურმა მდივანმა, ალი როდრიგესმა მიანიშნა, რომ უახლოეს დროს კარტელი არ გეგმავს რიგგარეშე სესიის ჩატარებას, სადაც დაყენებული იქნებოდა საწარმოო პოლიტიკის კორექტირების საკითხი.
“ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ბაზარს”, – განაცხადა როდრიგესმა.
ამ სიტუაციით შეიძლება ისარგებლონ ოპეკისაგან დამოუკიდებელმა მწარმოებლებმა, მათ შორის რუსეთმა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში დათანხმდნენ ოპეკის წინადადებაზე, შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება, ფასების გაზრდის მიზნით. ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრმა, სტეენსენსმა განაცხადა, რომ ნორვეგია და რუსეთი გაზრდიან მიწოდებას ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში.
ბაღდადის მოქმედებამ ზეგავლენა უკვე მოახდინა მთელი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე. ლონდონის ბირჟაზე ფასებმა ერთ დოლარამდე აიწია და სავაჭრო მარკამ “Brent”-ის ნავთობის ერთ ბარელზე დაახლოებით 27,5 დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟაზე მაისის ფიუჩერსული კონტრაქტების ფასმა ნავთობზე 1,7%-ით იმატა და ერთ ბარელზე 26,31 დალარი შეადგინა. ანალიტიკოსების აზრით, ფასების ზრდა მომავალშიც გაგრძელდება.
გარდა იმისა, რომ აშშ აპირებს ერაყში საომარი მოქმედების დაწყებას, ნავთობის ფასებზე აგრეთვე იმოქმედა გაფიცვამ, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანაში “Petroleus de Venezuela SA”. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ოპეკის წევრი ვენესუელა მეოთხე ადგილს იკავებდა აშშ-სთვის ნავთობის მომმარაგებელთა შორის. ამჟამად მუშები მოითხოვენ გამომუშავების ნორმის შემცირებას.
კომპანიის ასობით წარმომადგენელი წარმოების სრულ შემცირებას მოითხოვს იმ შემთხვევაში, თუ მათ მთავრობა უარს განუცხადებს ხუთი ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, რომლებიც ვენესუელის პრეზიდენტის, ჰიუგო ჩავესის მიმართ ერთგულების გამო თანამდებობაზე დანიშნეს. გაზეთი “El Pacional” -ის თანახმად, მათ “საერთოდ არ ეხერხებათ კომპანიის მართვა”.
გაფიცვა აისახა აშშ-ში ნავთობის მოპოვებაზე და, შესაბამისად, მსოფლიო კოტირების გაზრდაზე. ქვეყანაში ნავთობის მარაგი 6,2 მილიონი ბარელით, ანუ 312,5 მილიონ ბარელამდე შემცირდა, ბენზინის მარაგი კი – 2,08 მილიონი ბარელით ანუ 205 მილიონ ბარელამდე.
ამის გარდა, ნავთობის ფასზე იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ ამერიკის ეკონომიკა ამჟამად აღდგენის სტადიაში იმყოფება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოთხოვნის შემცირება და ფასების ზრდა.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციამ განაცხადა, რომ აშშ-ში ბენზინზე საცალო ფასმა აბსოლუტურ რეკორდს მიაღწია: ბენზინის გალონზე (3,8 ლიტრი) საშუალო საცალო ფასმა 1,68 დოლარამდე აიწია, რაც, გასულ ზაფხულთან შედარებით, სამი ცენტით მეტია.
ასოციაცია, რომლის მონაცემები 60 ათას ავტოგასამართი სადგურების მონიტორზეა დაფუძნებული, ამტკიცებს, რომ ყველაზე მაღალი ფასები კალიფორნიაში და ცენტრალურ დასავლეთში დაფიქსირდა. სწორედ ამ რეგიონებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
ამერიკის საავტომობილო ასოციაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ფასების ახლანდელი ზრდა მიანიშნებს ეროვნულ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე უფრო მკაცრი კონტროლის და ზოგიერთ ეკოლოგიურ წესებზე მორატორიუმის შემოღების აუცილებლობაზე.
ნავთობზე ფასის ზრდა იქნება საბაბი იმისათვის, რომ მიმართონ სენატს პრეზიდენტ ბუშის ენერგეტიკული გეგმის მისაღებად. პრეზიდენტმა შესთავაზა ალასკაზე ნავთობის მოპოვების გაფართოება, რათა ამერიკა არ იყოს არაბულ ქვეყნებზე დამოკიდებული. მისი აზრით, მნიშვნელოვანია საკუთარ რესურსებზე დაყრდნობა.
ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის თქმით, არ არსებობს აღნიშნული სიტუაციიდან ადვილი და სწრაფი გამოსავალი. “როგორც ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ უკვე დიდი ხანია გვჭირდებოდა ენერგიის უფრო დიდი მარაგი, მაგრამ დღემდე ჩვენ ამ პრობლემას ყურადღების გარეშე ვტოვებდით”, – განაცხადა მან.
ნავთობის მარაგის გაზრდა ნიშნავს, რომ სამრეწველო ბურღვა ალასკაზე ჩატარდება – თანაც არავითარი გამონაკლისი ნაკრძალისათვის არ იქნება. ვიცე-პრეზიდენტი აგრეთვე არ გამორიცხავს აშშ-ში ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობას.
არ არის გასაკვირი, რომ ბუშის განცხადებამ შეაშფოთა გარემოს დამცველები. ისინი ამტკიცებენ, რომ ბუშის პოლიტიკა ერთმხრივია და საერთოდ გამორიცხავს ეკოლოგიურ ფაქტორს.
ნავთობზე მაღალმა ფასმა შეიძლება გადადოს ეკონომიკური აღმავლობის პროცესი Aაშშ-სა და ევროპაში. ძვირი საწვავი გაზრდის კომპანიების დანახარჯებს, რომლებიც ახლაც კი ვერ ამაყობენ დიდი მოგებით და ყველანაირად ცდილობენ, შეამცირონ დანახარჯები.
არაა ცნობილი, რამდენ ხანს გაძლებს ნავთობზე მაღალი ფასი და რამდენად რეალურია სპარსეთის ყურის ქვეყნების მუქარა. ინვესტორები, რომლებიც შეწუხებულნი არიან მოგების შემცირებით, აქციებს ყიდიან. აშშ-ის საფონდო ბაზარზე აქციების კოტირება ეცემოდა მთელი კვირის განმავლობაში. Dow Johnson-ის კრებსითი ინდექსი 1,3%-ით დაეცა 10271 პუნქტამდე. Nasdaq-ის ინდექსმა კი დაკარგა 1,1% და 1770 პუნქტი შეადგინა. მსოფლიო ენერგობაზარზე შექმნილმა კრიზისმა იმოქმედა “ეი-ი-ეს”-ის კორპორაციაზეც. მათი აქციების ფასი 60 დოლარიდან დაახლოებით 2,82 დოლარამდე შემცირდა. კომპანიის მდგომარეობას ის ვალებიც ამძიმებს, რომელიც “ეი-ი-ეს”-მა სხვადასხვა ქვეყანაში გენერაციის ობიექტების შასაძენად აიღო კრედიტების სახით. კომპანიას პრობლემები აქვს არგენტინაში, ვენესუელასა და ბრაზილიაში, რომლებიც ადრე წარმოადგენდნენ მის უდიდეს მოგების ცენტრს. კომპანიამ გადაწყვიტა, მიიღოს ზომები კაპიტალის ბაზრებზე დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად და საბალანსო ანგარიშგების დასამყარებლად.
არლინგტონში 5 მარტს შემდგარ კრებაზე “ეი-ი-ეს”-ის დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირა კაპიტალი და სხვა ხარჯები. “ეი-ი-ეს”-მა მშენებლობაში კაპიტალის დანახარჯების ასეთ შემცირებას თავისი პროექტების გაუქმების გზით მიაღწია. კორპორაცია აგრეთვე აპირებს გაყიდოს შემდეგი საწარმოები: 1. CilCorp “ილინოიში”, 2. შვილობილი საწარმო “Ipalco” -ს მონაწილეობის წილი; 3. “ეი-ი-ეს”-ის წილი ნახშირზე მომუშავე საწარმოში დომინიკის რესპუბლიკაში.
ჯერ არ გარკვეულა, გახდება თუ არა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა საქართველოს დატოვების მიზეზი. ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციებში არსად ფიგურირებს საქართველოს თემა. რამდენადაც ენერგეტიკის სამინისტრო და სემეკი დამშვიდებულები არიან, რომ კორპორაციის კრიზისი არ გამოიწვევს “ეი-ი-ეს” თელასის საქართველოდან წასვლას, იმდენად, თავად კომპანიის წარმომადგენლები შეუპყრია შიშს. კომპანიის ფინანსური მენეჯერის, ქეთი მსხილაძის თქმით, ყველაფერი კომპანიის მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული.