სურსათის უვნებლობა და მომხმარებელთა უფლებები საქართველოში
ქრისტინე გამთენაძე
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმდა, შემდეგი ნაბიჯი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის გახსნა უნდა იყოს. იმისთვის, რომ ევროპამ აქამდე დახურული კარი გაუღოს ქვეყანას, სავალდებულოა გარკვეული სტანდარტებისა და ნორმების დაკმაყოფილება. ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი ერთ-ერთი მოთხოვნა სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და მთავრობის ინიციატივით, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. თუმცა, ტემპი საკმარისად სწრაფი არ არის და გზა ევროპამდე ჯერ კიდევ შორია.
მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ტენდენციები შეინიშნება, ამ ეტაპზე საქართველოში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არა ერთი პრობლემაა. ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი დაბალი ხარისხისაა, ხშირ შემთხვევაში, დარღვეულია ეტიკეტირებისა თუ შეფუთვის სტანდარტები, ბაზრებსა თუ მაღაზიებში უკონტროლოდ იყიდება გენმოდიფიცირებული სურსათი. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოორდინატორმა ლია თოდუამ, ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკასთან“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: „დღეს მომხმარებელთა უფლებები თითქმის არ არის დაცული. მართალია, ნაკლიანი საქონლის დაბრუნების უფლება გვაქვს, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გართულებულია. ახლახან პარლამენტთან ერთად მომზადდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, მაგრამ ჯერჯერობით ბიზნესი ბლოკავს. მთავრობა მომხმარებლებზე მაღლა ბიზნეს-ინტერესებს აყენებს. ეს არასწორი მიდგომაა, რითაც ორივე მხარე თანაბრად ზარალდება. მაგალითად, სურსათის სფეროში აღმოჩნდა, რომ, რიგ შემთხვევაში, წარმოება მთლიანად არასწორად აქვთ აწყობილი და გადაკეთებას საჭიროებს. ამის მიზეზი არის ის, რომ თავის დროზე არ მოხდა მითითება არსებული სტანდარტების შესახებ. ყველაფერთან ერთად, იზრდება მომხმარებლის უნდობლობაც, ეს კი, ზოგადად, ბაზარსაც აზარალებს. პირველ რიგში, მთავრობა უნდა გახდეს მომხმარებლის უფლებების დამცველი“.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტით, საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი თავისუფლად აღარ შემოვა, შემოსვლის შემთხვევაში კი, მისი ინტროდუქცია, ანუ ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძემ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
„საუბარა იმაზე, რომ აღრიცხული და ლიცენზირებული უნდა იყოს სათესლე თუ სანერგე მასალები, რომლებიც გენმოდიფიცირებულია. დაექვემდებაროს ლიცენზირებას ნიშნავს იმას, რომ გაიაროს ყველანაირი დოკუმენტაციური შესწავლა. ამის შემდეგ მეწარმეებს უფლება მიეცემათ მხოლოდ დახურულ არეალში მოიყვანონ პროდუქტი, ღია გრუნტში დათესვის უფლება არ ექნებათ, რათა არ მოხდეს არსებული ბიომრავალფეროვნების დაბინძურება გენმოდიფიცირებული პროდუქტის მტვერით. რაც შეეხება მარკირებას. თუ ესა თუ ის სურსათი არის გენმოდიფიცირებული მთლიანი გენების 0,9 %-ზე მეტად, მაშინ აუცილებელია, ეს ინფორმაცია აღნიშნული იყოს შეფუთვაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირებას და არა აკრძალვას“.
თენგიზ კალანდაძის თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო კვლევებს დაიწყებს მარკირების სინამდვილესთან შესაბამისობაზე და თუ აღმოჩნდება, რომ მწარმოებელს შეცდომაში შეჰავს მომხმარებელი, მას პირველ ჯერზე 400, განმეორების შემთხვევაში კი – 1200-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი“ პროდუქტების გენერალური დირექტორის მოადგილე, ერეკლე გამყრელიძე სურსათის უვნელობაში გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად აფასებს. მან „ შერატონ მეტეხი-პალასში“ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა:
„სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა, თემა გააქტიურებულია, მაგრამ საქართველოში ბიზნესი ძალიან არაორგანიზებულია და ჯერ მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაშია. ქვეყანაში კერძო ბიზნესის ძირითადი მასა მოდის პატარა, წვრილ, არაიმპორტირებულ კომპანიებზე, სადაც ხარისხი ძალიან დაბალია, საჭიროა მოხდეს ხელშეწყობა, რათა მათ მიეცეთ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება“.
კომპანია „სანტეს“ წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა მედიის გარკვეული ნაწილის უპასუხისმგებლობას და განაცხადა: „დღეს ძალიან ადვილია ინფორმაციის კომუნიზირება, საკმარისია რომელიღაცა საინფორმაციო სააგენტომ რეიტინგის მისაღწევად, გაავრცელოს სენსაციური დეზინფორმაცია და ამა თუ იმ კომპანიას გადაუმოწმებლად დააბრალოს სხვადასხვა კანონდარღვევა, მაშინვე იწყება ჯაჭვვური რეაქცია და მთელი მედია არის გადართული ერთსა და იმავე საკითხზე. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრით ზიანდება მომხმარებელიც, ბიზნესიც და სახელმწიფოც. ვფიქრობ, მედიას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მართებს. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც არის გათვლილი გრძელვადიან არსებობაზე, უნდა საქმიანობდეს კეთილსინდისიერად და კანონის ფარგლებში“.
პ.ს. მომხმარებელი.გე-ს ცნობით, ბოლო დროს გამოქვეყნებული გმო-შემცველი პროდუქტების „შავი სია“ სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანია გრინფისს სახელით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.