სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ
ლიკა ამირაშვილი
„თი ბი სი ბანკმა“ „სიცრუისა და სიყალბის წინააღმდეგ“ კამპანია დაიწყო. როგორც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დროს ადგილი აქვს შეურაცმყოფელ კამპანიას მისი და ბანკის მისამართით.
„მინდა ყველას მივმართო, ვისაც ასეთი ჩანაფიქრი აქვს. ამ ტონით ნუ დაგველაპარაკებიან. კანონიერ სივრცეში ყველას მოვთხოვთ პასუხს იმ გადაუმოწმებელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრეს-კონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ ორ კომპანიაზე: „გუდვილზე“ , „ელიტ ელექტრონიკზე“ და „ასავალ დასავალში“ გამოქვეყნებულ მასალაზე ისაუბრა.
2003 წლიდან „თიბისი ბანკი“ „გუდვილის“ დაფინანსებას იწყებს. ხაზარაძის ინფორმაციით, 2003-2013 წლებში ბანკმა ყველა ახალი პროექტი დააფინანსა, რომელიც, ჯამში, 80 მილიონ ლარს შეადგენდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს „გუდვილში“ კრიზისი დაიწყო, „თი ბი სი ბანკი“ სამ სერიოზულ შემხვედრ ნაბიჯს დგამს: უზრდის საბრუნავ სახსრებს, რომ კომპანია არ გაჩერდეს; უჩერებს პროცენტის გადახდას და მთლიანი თანხის 80% გადააქვს ქონებაში დავალიანების შემცირების გამო.
„სწორედ ამ დროს მოდის ჩემთან „გუდვილის“ დამფუძნებელი, გოგი შევარდნაძე და აცხადებს, რომ ორი წლის განმავლობაში „თი ბი სი“ ბანკს გაყალბებულ დოკუმენტაციას აწვდიდნენ. ჩვენ ამან ძალიან შეგვაშფოთა, ძალიან შეგვრცხვა, რადგან საუბარი იყო არა იმაზე, რომ კომპანია კრედიტს ვერ ემსახურება, არამედ იმაზე, რომ 2 წლის განმავლობაში სისტემატური დანაშაული ხდებოდა“. – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ამჟამად, „გუდვილს“ 80 მილიონი ლარი აქვს დავალიანება, აქედან: 50 მილიონი „თი ბი სი ბანკის“ ვალია, ხოლო 30 მომწოდებელების.
საპასუხო ბრალდებებს ბანკს „გუდვილიც“ უყენებს. კომპანიის ინტერესების დამცველი ლაშა ნოდია „რუსთავი2“-თან საუბარში ამბობს, რომ ბანკმა კომპანიას სესხის სახით გამოყოფილი სამი მილიონი რაბათის ფონდში გადაარიცხინა. „ვერ მივიღებთ იმის გამო ბრალდებას, რომ კომპანიამ არამიზნობრივად გამოიყენა სახსრები, ვინაიდან „თი ბი სი ბანკში“ გვქონდა ანგარიში და მათ თანხა რაბათის ციხეში გადარიცხეს“, – აღნიშნა ადვოკატმა ლაშა ნოდიამ.
რაც შეეხება „ელიტ ელექტრონიქსთან“ დაკავშირებით ანზორ ქოქოლაძის ბრალდებებს, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, საქმე აქაც სერიოზულ გაყალბებებს და ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდება.
2005 წელს „თი ბი სი ბანკმა“ დაიწყო „ელიტ ელექტრონიქსის“ დაფინანსება. 4 წამყვანი ბანკის დაფინანსებამ 25 მლნ ლარს შეადგენდა, აქედან 60% „თიბისი ბანკის“ იყო.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, 2009-2010 წლებში ქოქოლაძე მუდმივად ახდენდა თანხების სხვა ბიზნესში გატანას. 2010-2014 წლებში ქოქოლაძემ ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს ბანკის წინააღმდეგ. 2010 წელს მოხდა ქოქოლაძის თანამდებობიდან გადაყენება.
ამ თემის კომენტირებისას ანზორ ქოქოლაძე აცხადებს: ყოველივე ეს არის მხოლოდ მცდელობა, როგორმე გადაფარონ თავიანთი ქცევა. ყველა დამამტკიცებელი დოკუმენტი გვაქვს, რომელიც პროკურატურაშია შეტანილი. მალე დადგება ის დრო, როდესაც „ელიტ ელექტრონიქსის“ დაბრუნება მოუწევთ“ – აღნიშნა ანზორ ქოქოლაძემ.
„გუდვილისა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ წინააღმდეგ სარჩელი 2013 წლის ზაფხულში შეიტანეს.
რაც შეეხება „ასავალ დასავალს“, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ზემოთ აღნიშნული შემთხვევის მსგავსად, გაზეში დაწერილ ცილისმწამლებლურ სტატიებზე პროკურატურაში სარჩელია შეტანილი. მისი თმით, აქვთ ყველანაირი რესურსი და ჰყავთ კვალიფიციური ადვოკატები, რომლებიც შესაბამის ნაბიჯს გადადგამენ. ბანკი გაზეთისგან ბოდიშის მოხდას და 160 000 ლარის გადახდას ითხოვს.
„გავრცელებული ფაქტების სინამდვილე უარყოფილ იქნას და, შესაბამისად, გადაიხადონ ის კონპენსაცია, რომელიც შეთავაზებულია. ამას არ აქვს ფინანსური დატვირთვა, მას აქვს შემაკავებელი ეფექტი“ – აღნიშნა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ პრეტენზია „გუდვილის“, როგორც ბრენდის და იმ ადამიანების, რომლებიც იქ მუშაობენ. მისი თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ კომპანია გადაარჩინონ.
„თიბისი ბანკმა“ „გუდვილისა“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ ქმედებების გამო სულ 39 მლნ ლარით იზარალა.