საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ KPMG საბანკო პროდუქტების კვლევის ანგარიში წარადგინა
„ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარებითი ანალიზი“ – ამ თემაზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ KPMG საბანკო პროდუქტების კვლევის ანგარიში წარადგინა. ჰოლანდიურმა კომპანიამ KPMG, რომელიც საერთაშორისო აუდიტორთა დიდ ოთხეულში შედის, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომლის ამოცანა იყო შეედარებინა საქართველოს კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებულ ძირითად საკრედიტო პროდუქტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებთან.
“ეროვნული ბანკის დაკვეთით, კომპანია KPMG-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, შეედარებინა სხვადასხვა ქვეყნებში სასესხო პროდუქტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები. კვლევამ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები მოიცვა, შედეგი არის ის, რომ საქართველოში აბსოლუტურ უმრავლესობას სასესხო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთები უფრო ნაკლებია, ვიდრე ყაზახეთში, სერბეთში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში და უფრო მეტი, ვიდრე პოლონეთსა და უფრო განვითარებულ აღმოსავლეთ-ევროპულ ქვეყნებში, რაც, პრინციპში სიურპრიზი არც იყო, ვინაიდან არავისთვის სიურპრიზი არ არის, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის სრული ჩემპიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდივისა და დასაქმების თვალსაზრისით, ის არის ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის გავითარების თვალსაზრისით. ბოლოს, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ კვლევის შედეგად, წერტილი დაესმევა ისეთი აბსურდული სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობას, თითქოს საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ეკონომიკაში არსებულ რეალობას ასახავს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
„ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კვლევის შედეგებს ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციების წარმომადგენლები, ექსპერტები.
KPMG კვლევისთვის შეარჩია ხუთი ქვეყანა: აზერბაიჯანი, პოლონეთი, სერბეთი, სომხეთი და ყაზახეთი და ამ ქვეყნების საფინანსო ბაზრის ლიდერი ბანკების მინიმუმ ორ-ორი წარმომადგენელი. კვლევის მიზნებისათვის შეირჩა საქართველოს საბანკო ბაზარზე არსებული ხშირად გამოყენებადი სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტი და შედარდა ზემოხსენებულ ქვეყნებსა და საქართველოში ამ პროდუქტების ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები.
კვლევისას ყურადღება გამახვილდა ისეთ საბანკო პროდუქტებზე, როგორებიცაა: ფიქსირებული და მცურავგანაკვეთიანი იპოთეკური კრედიტი, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი, საკრედიტო ბარათი, კორპორატიული კრედიტი – საბრუნავი საშუალებებისა და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად, კრედიტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საბრუნავი საშუალებებისა და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად.
საკრედიტო პროდუქტის ნომინალური და ეფექტური განაკვეთების შედარებითმა კვლევამ აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევებში კრედიტებზე საქართველოზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სერბეთსა და სომხეთში, რაც შეეხება პოლონეთს აქ მაჩვენებელი საქართველოზე დაბალია.
წყარო: www.nbg.gov.ge