რას აკეთებს თანაინვესტირების ფონდი

კერძო საინვესტიციო ფონდი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის სექტემბრის ბოლოს აამოქმედა. ფონდის მთავარი მიზანი, საქართველოს კერძო სექტორში ინვესტირების წახალისებაა. კერძო სააქციო ფონდმა კერძო ინვესტორებისგან 6 მილიარდი აშშ დოლარი უკვე მოიზიდა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 38 პროცენტია. არსებული გეგმის მიხედვით, ფონდში თავმოყრილი ქონების 80 პროცენტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების სახით ჩაიდება.

ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ ექვსმილიარდიანი თანაინვესტირების ფონდის პროექტები უკვე ცნობილია. ამ პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ყველა მათგანი თავად თანაინვესტირების ფონდის მიერაა ინიცირებული. თუმცა, ფონდს ზოგიერთ პროექტში პარტნიორი უკვე მოძიებული ჰყავს, ზოგიერთი პროექტისთვის კი ინვესტორები კვლავ ძიების პროცესშია. ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში 40-60 პროცენტამდეა.

რაც შეეხება პროექტებს, იგეგმება გარდაბნის სასათბურე მეურნეობის მიერ, პირველ ეტაპზე, იმპორტირებული პომიდვრის 30 პროცენტის ადგილობრივი პროდუქტით ჩანაცვლება. „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში კი, თბილისში 30 ათასი ხის დარგვა და 1800 მიწისქვეშა სადგომის გაკეთება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

პანორამა – თბილისი

თანაინვესტირების ფონდი თბილისში პროექტს პირობითი სახელწოდებით „პანორამა – თბილისი“ განახორციელებს. როგორც 25 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, პროექტი ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს – სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანს და ერეკლე მეორის მოედანს – გააერთიანებს. პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა და დახრილი ლიფტებით დაუკავშირდებიან გამწვანებულ შემოგარენს. „პროექტის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქალაქის ახალ, ოთხ მსხვილ ტურისტულ და ბიზნეს ცენტრს შორის დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, საბაგირო გზებისა და დახრილი ლიფტების საშუალებით. ამასთან, პანორამული შუშის კაბინებით მგზავრობისას, დამთვალიერებლებს დედაქალაქის ულამაზესი ისტორიული ხედებით დატკბობის საშუალება მიეცემათ. აღნიშნულ პროექტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს“, – აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში. „მის ფარგლებში დაირგვება 30 000 ახალი ხე, რაც საგრძნობლად გააჯანსაღებს ქალაქის ეკოსისტემას“, – განაცხადა პრეზენტაციაზე თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა და აღნიშნა, რომ პროექტის დამატებითი უპირატესობა თანამედროვე ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მდგომარეობს.
თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, მრავალფუნქციური კომპლექსების საშუალებით, თბილისში შესაძლებელი გახდება მასშტაბური საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზება და მასპინძლობა, რაც დედაქალაქს რეგიონში უფრო დიდ მნიშვნელობას და დატვირთვას შესძენს.

bachiashvili

პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. „როგორც კი პროექტები დამტკიცდება, დაიწყება წინასწარი სამშენებლო სამუშაოები. „პანორამა – თბილისის“ დანარჩენ პროექტებთან მიმართებაში კი მუშაობა ერთ-ორ თვეში დაიწყება“, – დასძინა ბაჩიაშვილმა. „პანორამა თბილისის“ შემთხვევაში, ფონდს პარტნიორი ჯერ მოძიებული არ ჰყავს და ამ ეტაპზე მისი მონაწილეობა პროექტში 100%-იანია, თუმცა ბაჩიაშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდებთან, მათ შორის „ჰილტონთანაც“. „არის სტატისტიკა ტურიზმის დეპარტამენტიდან, თუ როგორ იზრდება ტურისტების რაოდენობა და არის სასტუმროების დატვირთულობის საერთო მონაცემებიც. ჩვენ ასევე ვატარებთ ჩვენს შიდა კვლევებსაც. ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად, საქართველოს, და კერძოდ თბილისს სჭირდება დამატებითი სასტუმროები,“ – განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, თანაინვესტირების ფონდი მიწის გარკვეულ ნაწილს ფონდის ერთ-ერთი ინვესტორის ბიძინა ივანიშვილისგან შეიძენს. ივანიშვილის საკუთრებაში არსებული მიწა ფონდის მიერ შესყიდვის პროცესშია.

sololakis maglobi

tavisuflebis moedani

erekles moedani

ენერგეტიკა და ახალი ჰესები

თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, საქართველოში ასევე აშენდება ორი ახალი ჰესი. ენერგეტიკის სფეროში წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, გათვალისწინებულია მტკვარი ჰესისა და ჰესების კასკადის მშენებლობა მდინარე ცხენისწყალზე. პროექტი მტკვარი ჰესი ახალციხის რაიონში, მდინარე მტკვარზე განხორციელდება. ჰესის დადგმული სიმძლავრე 53,3 მგვტ-ი იქნება. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი – 255,2 გეგავატი. სთ.
თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 100 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. რაც შეეხება პროექტს „ჰესების კასკადი მდინარე ცხენისწყალზე“, ის ლენტეხისა და ცაგერის რაიონში, მდინარე ცხენისწყალზე განხორციელდება. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 347 მგვტ-ი იქნება, წლიური გამომუშავება 1,755 გეგავატ სთ-ს გაუტოლდება. ფონდის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებით ენერგეტიკის სფეროში 679 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, მტკვარი ჰესის პროექტს სავარაუდო პარტნიორი უკვე ჰყავს და პარტნიორისა და ფონდის თანადაფინანსება იქნება 50-50 პროცენტი. ასევე რამდენიმე პარტნიორი ჰყავს სოფლის მეურნეობის პროექტს და მათი თანამონაწილეობა იქნება დაახლოებით 40 პროცენტი. ხოლო ცხენისწყალის პროექტში, რომელიც, სავარაუდოდ, წელიწადნახევარში დაიწყება, ინვესტიციის უმეტეს ნაწილს – 60 პროცენტამდე ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების ფონდი ჩადებს.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის ორივე პროექტში თანაინვესტირების ფონდს პარტნიორი უკვე მოძიებული ჰყავს. ორი სხვადასხვა კომპანიის თანამონაწილეობა თითოეულ პროექტში 40% იქნება. „ფერმასთან დაკავშირებით ამჟამად ჰოლანდიელებთან ვსაუბრობთ. გვქონდა მოლაპარაკებები უკრაინულ კომპანიასთან, თუმცა სამწუხაროდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ამ კომპანიას შიდა პრობლემები შეექმნა და ამჯერად ვერ აგრძელებს თანამშრომლობას, თორემ უფრო ადრეც დავიწყებდით ამ პროექტის განხორციელებას“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

პროექტი, რომელიც ფერმასა და რძის გადამამუშავებელ ქარხანას მოიცავს, 45 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. საველე მეურნეობა სამტრედიასა და აბაშაში განთავსდება და ორივე მათგანი ჯამში 400 ადამიანს დაასაქმებს. როგორც ბაჩიაშვილმა განაცხადა, მიწების შერჩევა უკვე დამთავრებულია და ფერმის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება.

რაც შეეხება პომიდვრის სასათბურე მეურნეობას გარდაბანში, თანაინვესტირების ფონდი პირველ ეტაპზე მას 10 ჰექტარზე გააშენებს. ფონდში ვარუდობენ, რომ 2015 წლისთვის 4500 ტონამდე პომიდვრის მოყვანა მოხერხდება, რაც პირველ ეტაპზე იმპორტს 30%-ით ჩაანაცვლებს. მას შემდეგ კი, რაც მეურნეობა მეორე ეტაპზე გადავა და უფრო გაფართოვდება, ფონდში იმედოვნებენ, რომ ქართული პომიდორი იმპორტირებულს სრულად ჩაანაცვლებს. თანაინვესტირების ფონდი სასათბურე მეურნეობის პროექტში ითანამშრომლებს უცხოურ კომპანიასთან. პროექტის ჯამური ინვესტიცია 14.3 მილიონი აშშ დოლარია.

ფონდის შესახებ

ამ ეტაპზე, თანაინვესტირების ფონდის ინვესტორები არიან: დაბი გრუფი (Dhabi Group – არაბთა გაერთიანებული საემიროები), რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო (RAK Investment Authority – არაბთა გაერთიანებული საემიროები), აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი, ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited – ეკუთვნის ყაზახეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ KazTransOil-ს), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holdings AS – თურქეთი), მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგს გრუფი (Milestone International Holdings Group Limited – ჩინეთი), ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

ყველა ინვესტორს ფონდში თავისი წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად შეუძლია ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებში შევიდეს. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ, ფონდი გეგმავს პროექტებიდან ეტაპობრივად გამოვიდეს და ამგვარად გამოათავისუფლოს მათში განხორციელებული ინვესტიცია, რათა სხვა პროექტებში დააბანდოს. ამისთვის კი, უნდა მოიძებნოს შესაბამისი კომპანიები, რომლებიც ფონდს პროექტებში წილობრივად ჩაანაცვლებენ.

თანაინვესტირების ფონდში არც წილების საფონდო ბირჟების ლისტინგში განთავსებას გამორიცხავენ. „თუ საქართველოში ამ დროისთვის სათანადოდ იქნება განვითარებული საფონდო ბირჟა, შედარებით მცირე ზომის, 100 მილიონამდე ღირებულების პროექტები შესაძლოა, აქ გაილისტოს, რათა ქართული საინვესტიციო კაპიტალში ინვესტირება მოხდეს. რაც შეეხება უფრო მსხვილ პროექტებს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ პროექტებს, ისინი შეიძლება ლონდონის ბირჟაზეც მოხვდნენ. ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს პროექტები გაეშვება და მომგებიანობას აჩვენებს – დაახლოებით ორ წლამდე ვადაში,“ – განაცხადა ბაჩიაშვილმა. თანაინვესტირების ფონდი, შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოსთვის მეტად საჭირო, თუმცა ძვირადღირებული, ინფრასტრუქტურული და ბიზნეს პროექტებისთვის ფართო მასშტაბიანი დაფინანსების მოპოვებაში.

თანაინვესტირების ფონდი იმით არის განსაკუთრებული, რომ იგი არ არის შეზღუდული მინორიტარული მეწილის სტატუსით (როგორც, მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი) და, საჭიროების შემთხვევაში, პროექტის ღირებულების 75%-ის დაფინანსება შეუძლია. ეს თვისება მას მეტი საინვესტიციო პროექტებისა და კომპანიების წამოწყების საშუალებას აძლევს, რაც საქართველოს ეკონომიკასა და დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად უნდა აისახოს. ფონდის პრეზენტაციაზე, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გაიმართა, ითქვა, რომ ის ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციის სახით ყოველწლიურად 1,6 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებდა და რომ ფონდს უკვე ჰქონდა მიღებული მასთან თანაინვესტირების მსურველი 80 კერძო ინვესტორის შემოთავაზება.

თანაინვესტირების ფონდი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფონდების პარალელურად იფუნქციონირებს (იგულისხმება, პირველ რიგში, საპარტნიორო ფონდი, რომელიც ამჟამად რესტრუქტურიზაციას განიცდის და სუვერენულ ფონდად ყალიბდება, და ასევე მისი შვილობილი, ცოტა ხნის წინ ოფიციალურად წარდგენილი ინოვაციური პროექტების ვენტურული ფონდი). ყველა ეს ფონდი ერთმანეთს ერთი და იგივე საბაზრო სექტორების (ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება და ა.შ.) პროექტების დაფინანსებაში, გარკვეულწილად, კონკურენციას უწევს და ცდილობს ინვესტორებს თანაინვესტირებაში არჩევანი შესთავაზოს.

თანაინვესტირების ფონდი კერძო სააქციო ფონდია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 100 პროცენტით ინვესტორების საკუთრებას წარმოადგენს. თანაინვესტირების ფონდს რთული მფლობელობისა და მმართველობის სტრუქტურა აქვს: იგი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული და ორი შვილობილი კომპანია ჰყავს, ერთი ლუქსემბურგში და ერთიც ჰონგკონგში. ფონდის ხელმძღვანელობის თქმით, კაიმანის კუნძულებზე დაგროვებული კაპიტალი საქართველოში ინვესტიციად ამ ორი კომპანიიდან ერთ-ერთის გავლით ჩაიდება. ფონდს ქართული კომპანია „GCF Partners“ (შპს ჯი სი ეფ პარტნიორები) მართავს, რომლის წილთა 42% ბაჩიაშვილს ეკუთვნის, 16% – ლევან ვასაძეს, ხოლო 42% – უჩა მამაცაშვილს.

მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტირების ფონდი კერძო საკუთრებაშია, იგი მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ფონდი დიდი რაოდენობით კაპიტალს ფლობს, მისი ინვესტიციების წარმატება ან წარუმატებლობა პოტენციურად მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს არა მარტო მის ინვესტორებზე, არამედ ეკონომიკის იმ სეგმენტებზე, რომლებშიც მოხდება ინვესტირება.