ტურიზმის ფილოსოფია – დაახარჯინო ტურისტს, რაც შეიძლება მეტი ფული მეტი სიამოვნებით

ახალმა ხელისუფლებამ, როგორც ბევრ სხვა სექტორში, ტურიზმის სფეროშიც გადახედა პრიორიტეტებს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, რეკლამირებაზე თანხები მკვეთრად შეამცირა. გაზეთ Financial-ის ინფორმაციიდან გამომდინარე, რამდენიმე კონკრეტული ციფრი გახდა ცნობილი – შედარებისთვის, თუკი 2010 წელს საქართველოზე საზღვარგარეთ 225 პუბლიკაცია დაიბეჭდა, გასულ წელს ის მხოლოდ 59 შეადგენდა. ახალმა მთავრობამ ქვეყნის „გაპიარებაზე“ „სი ენ ენ“-ით, „ბი ბი სი“-თა და სხვა უცხოური არხებითაც უარი თქვა. (წინა ხელისუფლებამ მხოლოდ CNN-ზე საქართველოს რეკლამირებისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა).

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში კატეგორიულად უარყვეს ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ქვეყნის რეკლამირებაზე მხოლოდ 1870 ლარი დახარჯა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, გასულ წელს ქვეყნის რეკლამირებისთვის 3 248 133 ლარი დაიხარჯა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან 1 469 173 ლარი მოხმარდა პირდაპირი სარეკლამო კამპანიის ხარჯებს უკრაინაში, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შედეგმაც არ დააყოვნა და სწორედ ამ ქვეყნებიდან არის ყველაზე მეტად გაზრდილი შემოსული ვიზიტორების რაოდენობა.

ადმინისტრაცია 2014 წელს ქვეყნის მარკეტინგზე 8.9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. მან უკვე მოამზადა წლიური გეგმაც. უწყებაში ირწმუნებიან, რომ მიმდინარე წელს გაცილებით მეტი აქტივობა განხორციელდება ქვეყნის რეკლამირებისთვის, ვიდრე გასულ წელს. მეტი რეკლამა განთავსდება უცხოურ მედიასაშუალებებში, მოეწყობა მეტი პრეს-ტურები, გამოფენები და სხვა მარკეტინგული ღონისძიებები საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და მისი დადებითი იმიჯის განსამტკიცებლად.

saertashoriso_mogzaurebi_2013

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 425 917 ლარი დახარჯა 23 ქვეყნიდან 100-მდე ჟურნალისტისა და 160 ტურ-ოპერატორის მოწვევაზე საქართველოში, მათთვის პრეს და საინფორმაციო ტურების მოწყობაზე. 955 833 ლარი კი 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობას მოხმარდა.

შედეგად, ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში უცხოურ პრესაში (თურქეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, გერმანია, კორეა, რუსეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ, ისრაელი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და სხვა) საქართველოს შესახებ 50-ზე მეტი სტატია და სატელევიზიო სიუჟეტი მომზადდა, რომელთა საერთო ნახვამ ათეულობით მილიონი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკით, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 21%-ით არის გაზრდილი.

saertashoriso_mogzaurebi_raodenoba_2013

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ წელს ტურიზმის სფეროში საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა:
ირაკლი ღარიბაშვილი: „მინდა აღვნიშნო, რომ 2013 წელი მეტად წარმატებული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის კუთხით. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ტურისტების რაოდენობის ზრდა ნიშნავს დასაქმების ზრდას რეგიონში, დამატებითი ობიექტების მშენებლობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ინვესტიციების შემოდინებას. ჩვენი მთავრობა ამას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რადგან კარგად გვესმის, რომ სწორედ ტურიზმია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო“.
ის, რომ რეკლამა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე, საყოველთაოდ ცნობილია. მსოფლიოში წამყვანი კომპანიები თავიანთი შემოსავლების სოლიდურ ნაწილს ხარჯავენ მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამირებაზე. სარეკლამო კამპანიაზე უარს არ ამბობენ ტურისტული ქვეყნები ჩვენზე ბევრად განვითარებული ინფრასტრუქტურით და ამ ქვეყნების პოპულარობა, მათთან ტურუსტების ნაკადის ზრდა სწორედ რეკლამამ განაპირობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან მამაცაშვილი აცხადებს, რომ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2014 წლის სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების რეკლამირების და პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება მარკეტინგული კამპანიის განხორციელება სხვადასხვა მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე.

shemosavlebi_turizmidan_2012

რუსუდან მამაცაშვილი: „გერმანია, აზერბაიჯანი, ნიდერლანდების სამეფო, ავსტრია და პოლონეთი – ამ ქვეყნებში გაკეთდება ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა, საინფორმაციო კუთხე ვენის და ამსტერდამის აეროპორტებში. საქართველოს რეკლამირება და პოპულარიზაცია განხორციელდება ასევე პრეს და გაცნობითი ტურებისა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის საშუალებითაც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითად პრიორიტეტს კი წარმოადგენს: ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, საქართველოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაქსიმიზაცია, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, სწორი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, შიდა ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული პროქტების დივერსიფიკაცია. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთსა და ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადის ზრდას“.

rusudan mamacashvili

ექსპერტი ტურიზმის განვითარების საკითხებში, მარინა მეტრეველი ამბობს, რომ განვითარებული ტურისტული ქვეყნები ძალიან დიდ თანხებს ხარჯავენ, რომ ყოველწლიურად ახლიდან გააკეთონ რეკლამა იმისთვის, რომ კარგად წარმოაჩინონ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი.

მარინა მეტრეველი: „ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ხარჯები მწირია. ძირითადად მარკეტინგულ ღონისძიებებში რასაც აკეთებენ, ეს არის გასვლები უცხოეთის ტურისტულ გამოფენებზე. როდესაც ამბობენ, რომ BBC-ზე, CNN-ზე არ უნდა გაკეთებულიყო საქართველოს ტურისტული რეკლამა და ამდენი თანხა არ უნდა დახარჯულიყო, გეტყვით, რომ უნდა გაკეთებულიყო. მე ვნახე, როგორ შენდებოდა ბათუმი, როგორი მოწესრიგებული იყო საქართველოში ვითარება, მაგრამ მე ტურიზმზე ნაკლები ვიდეო რგოლები ვნახე. ტურისტული რეკლამა სხვა რამეა, ანუ იგი ორიენტირებულია ტურისტული პროდუქტის წარდგენაზე. ეს ყველაფერი კეთდებოდა ქვეყნის იმიჯის გამოსასწორებლად და პოლიტიკა ორიენტირებული იყო, ეთქვა ტურისტებისთვის – ქვეყანა შენდება, ქვეყანაში აღარ არის რევოლუციები. ეს პირდაპირი რეკლამა არ იყო, მაგრამ ტურიზმზე კარგად იმოქმედა.
რეკლამის კეთების პროცესში იმიჯის შენარჩუნებაა ყველაზე მთავარი და როგორც კი ამ მეთოდს აპასიურებ და აღარ აფინანსებ, ხალხს ავიწყდება საქართველო და სხვა ქვეყნები აკეთებენ აქტიურ რეკლამას. ქვეყნის სარეკლმაო კამპანია არ უნდა იყოს რეგრესირებადი, არამედ – პროგრესირებადი. ნებისმიერი დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში, უნდა იყოს გათვლილი კრიზისული სიტუაციები – პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კლიმატური თვალსაზრისით. არ შეიძლება მთელი თანხები გადაისროლო რუსეთსა და უკრაინის სარეკლამო კამპანიებზე და არ იმუშაო გლობალურ ბაზარზე“.

turizmis_cilimtlian_shidaproduktshi_2012

ბუნებრივია, მიზნობრივი ბაზრები და ქვეყანაში არსებული ინფრასრუქტურა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. გასულ წლებში აქცენტი კეთდებოდა მაღალი კლასის სასტუმროებსა და შესაფერის ინფრასტრუქტურაზე, ხოლო შედარებით დაბალშემოსავლიანი კონტიგენტი ყურადღების მიღმა რჩებოდა. არადა, როგორც ცნობილია, ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ საშუალო ფენის წარმომადგენელია. ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო მაღალშემოსავლიან კონტინგენტზე უნდა იყოს გათვლილი, არამედ სხვადასხვა შეძლებისა და მოთხოვნილების ადამიანებზე, რათა ყველამ შეძლოს ჩამოსვლა და დასვენება. საქართველოში არა მხოლოდ საშუალო დონის (სამვარსკვლავიანი) სასტუმროების, არამედ ზოგადად სასტუმრობისა და დასასვენებელი სახლების სიმცირეა თვალშისაცემი. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ამ ცოტა ხნის წინ, თანაინვესტირების ფონდის განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაციაზე, ფონდის ამასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება. ის ამბობდა, რომ ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკიდან გამომდინარე, რომელიც მეტყველებს ტურისტების რაოდენობის ზრდაზე, სასტუმროების დატვირთულობის საერთო მონაცემებიდან გამომდინარე და საკუთარი შიდა კვლევების საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ნამდვილად, საქართველოს, და კერძოდ თბილისს სჭირდება დამატებითი სასტუმროები.

ტურიზმი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალშემოსავლიანი და ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების ტურიზმიდან წლიური შემოსავალი საშუალოდ 7.5 მილიარდი დოლარიდან იწყება და 74.9 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობა და კლიმატი ახასიათებს. აქ შეიძლება როგორც მთიანი რეგიონების განვითარება, ისე ვაკე დაბლობების და შავი ზღვის ტერიტორიების ათვისება.

ტურისტების უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის. ბოლო სამი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე პოპულარული სეზონი საერთაშორისო მოგზაურებს შორის ზაფხულია. 2013 წელს ზაფხულის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურების შემოსვლებმა 1 880 515 შეადგინა (ივნისი – 490 796, ივლისი – 613 604, აგვისტო – 776 115), რაც მთლიანი წლიური შემოსვლების 35%-ს შეადგენს.
2013 წელს ჩატარებული საერთაშორისო მოგზაურების კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ საერთაშორისო მოგზაურებს შორის ყველაზე პოპულარული რეგიონი აჭარაა, რომელიც საქართველოში ჩამოსულმა საერთაშორისო მოგზაურების 42%-მა მოინახულა. ზამთრის პერიოდში ტურისტებისთვის მიმზიდველი ატრაციების სიაში შედის: ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბათუმი ზამთრის პერიოდშიც არ კარგავს აქტუალურობას. ამ სეზონზე ტურისტების უმეტესობას თურქები შეადგენენ, რომელთა ნაწილი კაზინოებში სათამაშოდ ჩამოდიან, ნაწილი კი საქმიანი ვიზიტებით.

ტურისტების საერთაშორისო მოგზაურების კვლევის შედეგებიდან დადგინდა, რომ თებერვალში მეზობელი ქვეყნებიდან მოგზაურების რაოდენობამ 265 134 შეადგინა. ეს მაჩვენებელი მთლიანი ვიზიტორების 90%-ს შეადგენს. რაც შეეხება ორი თვის მონაცემებს, მოგზაურების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან 556 632 იყო, რაც ვიზიტორთა 91%-ს წარმოადგენს. გასულ წელს ხსენებული მაჩვენებელი ასევე 91%-ს შეადგენდა.

თურქეთი განაგრძობს ლიდერობას საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობით. ორი თვის ჯამური მონაცემებით, თურქეთიდან შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 187 476 შეადგინა, რაც მთლიანი შემოსვლების 31%-ს შეადგენს. მას მოსდევს აზერბაიჯანი -156826 (26%), სომხეთი – 133209 (22%), რუსეთი – 79121(13%). არამეზობელი ქვეყნებიდან ლიდერობს: უკრაინა – 16764 (3%) და ირანი – 4665 (1%). ეს განპორობებულია იმითაც, რომ ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის საქართველომ უკრაინის სამ ქალაქში – კიევში, ხარკოვსა და დონეცკში ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო და იგი საქართველოსთვის ერთ-ერთ პირველად მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.

turizmis_cilimtlian_shidaproduktshi_2013_3kv

ტურიზმის განვითარებას არა მარტო ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლანდშაფტი განსაზღვრავს, არამედ ეკონომიკური პოტენციალი, ინფრასტრუქტურის დონე, მომსახურების კულტურა და ბევრი სხვა რამ, რაც უცხოელ დამსვენებელს იზიდავს. 2013 წელს ჩატარებულმა საერთაშორისო მოგზაურების კვლევამ გამოავლინა მოგზაურების კმაყოფილების დონე, რომელიც 4-ბალიანი შკალით ფასდებოდა. (4 – ძალიან კმაყოფილი, 3 – კმაყოფილი, 2 – უკმაყოფილო, 1 – ძალიან უკმაყოფილო). საერთაშორისო მოგზაურების მთლიანი კმაყოფილება 3.8 შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებლია. ტურისტებმა მათი თვალით დანახული საქართველოს უნიკალური უპირატესობები დაასახელეს, რომელთა შორის მთავარ ადგილს საქართველოს ბუნება – 3.83. დანარჩენი მახასიათებლების შეფასება ასე გამოიყურება: ქართული სამზარეულო – 3,76, ქართული ღვინო – 3.75, ქართული სტუმართმოყვარეობა – 3.71, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა – 3.69, რესტორნის პირობები და მომსახურება – 3.57, ფულის ღირებულება – 3.57, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები – 3.56, ტრანსპორტის სერვისები – 3.48, სასტუმროს პირობები და მომსახურება – 3.47 იყო. რაც შეეხება ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათ შორის, პირველ რიგში, მომსახურების დაბალი დონე და კომუნიკაციის ხარვეზები დასახელდა.

მარინა მეტრეველი: „სანამ დავიწყებთ ტურიზმის მიზანმიმართულ განვითარებას, უპირველესად უნდა გატარდეს განათლების რეფორმა ტურიზმში, რათა იყოს მოწესრიგებული კადრები. ეს იქნება მიმტანი, მომსახურე პერსონალი, ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, მძღოლი, მიმტანი თუ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ყველამ უნდა მიიღოს ტურიზმში განათლება. მათ უნდა იცოდნენ, სად მსახურობენ და რა ევალებათ. ამის გარეშე საქართველოში ტურიზმი ვერ განვითარდება. აუცილებელია იყოს მომსახურების ხარისხი მაღალი, განათლებული მომსახურე პერსოანალი და მოწესრიგებული ინფრაქსტუქტურა – მრავალფეროვანი შეთავაზებით. ტურიზმის ფილოსოფია ასეთია, დაახარჯინო ტურისტს, რაც შეიძლება მეტი ფული, მეტი სიამოვნებით“.

marina metreveli

საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1,3 მლრ აშშ დოლარს აღემატება (2013 წლის სამი კვატლის მონაცემებით). ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 6.7 % შეადგენს (2013 წლის სამი კვარტლის მონაცემებით). ტურიზმი საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია, თუმცა იგი დიდ თანხებსა და სწორ გათვლას საჭიროებს. ასე რომ, ქართულ ტურიზმს ყველაფერი წინ აქვს.