ღვინის ტურიზმის სექტორში წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას საქართველომ უმასპინძლა

ქრისტინე გამთენაძე

ღვინის ტურიზმის მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. ღონისძიება 29-30 მარტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციას ესწრებოდნენ მეღვინეობის სფეროს პროფესიონალები, ღვინის მაგისტრები, მედიისა და მსხვილი ტურსტული სააგენტოები წარმომადგენლები, ღვინის იმპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. (კანადა, საფრანგეთი, რუსეთი, იტალია, უკრაინა, შვედეთი, სინგაპური, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები) ისინი ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ საკითხებს, სიახლეებსა და ტენდენციებს განიხილავდნენ.

წლების მანძილზე კონფერენციას მასპინძლობდნენ ღვინის ტურიზმის წამყვანი ქვეყნები: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ხორვატია. ღონისძიების ქართველი ორგანიზატორი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, თამთა ყველაიძე აღნიშნავს, რომ კონფერენციის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება საერთაშორისო ტურ-ოპერატორების, ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ბლოგერების მხრიდან, რაც კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს ეხმარებათ თავიანთი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ამაღლებაში, კომპანიებს კი საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და პარტნიორების მოძიებაში. ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ღვინის ტურიზმის სექტორში.

მეღვინეობა ხარების მარკეტინგის მენეჯერის, ნანა მარანელის თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ წელს საქართველოში პირველად ტარდება ამ ტიპის ღონესძიება: – „მეღვინეობა ხარება აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი ოქროს სპონსორია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარება არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქტიური მონაწილეობა მიგვეღო მის ორგანიზებაში. რაც შეეხება ექსპორტს, რა თქმა უნდა, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და არამარტო აზიის, არამედ ევროპის მიმართულებითაც. აქტიურად ვმუშაობთ რუსეთის ბაზართან. რაც შეეხება, ბელორუსიის ბაზარს, მასთან შეხება არ გვქონია და არ გვაქვს არც ამ ეტაპზე, ამიტომ ვერაფერს გეტყვით იქ არსებული პრობლემების შესახებ“.

IMG_7783

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მათი ცნობით, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებსა და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბელორუსში ქართული ღვინის ექსპორტი არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს, მან იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხი სამთავრობო დონეზე ძალიან მალე გადაწყდება.

ბელორუსის ბაზართან დაკავშირებით არსებული პრობლემების შესახებ ინფორმცია არ აქვს არც ,,ქინძმარაულის მარნის“ გაყიდვების მენეჯერს, ოთარ ბედოშვილს. მისი განცხადებით, მათმა კომპანიამ სხვა მიზეზების გამო ერთი წლის წინ დატოვა აღნიშნული ბაზარი. ბედოშვილის თქმით, ქართული ღვინის საწარმოების ფინანსური მოგება ბევრად გაიზარდა რუსეთის მხრიდან ემბარგოს მოხსნის შემდეგ. „400 %-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი. როგორც წესი, წინასწარ გადახდის პრინციპით ვმუშაობთ, რაც ძალიან კომფორტულია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ტრანსპორტირების ხარჯებს აფინანსებს რუსული მხარე. ღვინის ფასები კი მოთხოვნის პარალელურად იზრდება. ამ პირობების გათვალისწინებით, ჩვენს კომპანიას, საოცარი არეალი მიეცა საკუთარი პროდუქციის რეალიზებისა“.

BARISASHVILI

ქართული მეღვინეობის მკვლევარი, გიორგი ბარისაშვილი ჟურნალ ,,საქართველოს ეკონომიკასთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნავს: „საქართელოსთვის ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში ამ მხრივ ბევრი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი. სამწუხაროდ, ჩვენთან ღვინის ტურიზმის მცდარი გაგება არსებობს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით პირველი ნაბიჯები სწორედ ახლა იდგმება. პრობლემაა არაკვალიფიციური ტურისტული გიდების არსებობა, მათ უმრავლესობას ღვინის შესახებ ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ და ისინი უცხოელებს უყვებიან რაღაც არარეალურ ზღაპრებს. მე მინახავს კახეთში ღვინის მარნები, რომლებიც იღებენ უცხოელ სტუმრებს და დაძმარებულ ღვინოს ასინჯებენ მათ. ამიტომაც ეს არის ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რას ნიშნავს ღვინის ტურიზმი. ქართული ღვინის საერთო პრობლემა არის ის, რომ ქარხნების უმეტესობა მასობრივ, გლობალურ ღვინოს ექსპორტს აწარმოებს, გლობალიზაციას თავისი წესები აქვს, ის ითხოვს ყველა ტიპის ადამიანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

ჩვენ მსოფლიოს ვერ გავაკვირვებთ და ვერც დავაინტერესებთ სხვა ქვეყნების მსგავსი გემოსა და არომატის მქონე ღვინით. ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი ისტორიით, 500-მდე ვაზის ჯიშით, ღვინის დაყენების უძველესი ტექნოლოგიით, რითაც მიიღება ეკოლოგიური პროდუქტი, ნატურალური – ბიოღვინო. თუ ამ ყველაფერს, ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, ჩვენ ჩვენს ნიშას დავიმკვიდრებთ მსოფლიოში, თუ არა და ვერ გავცდებით რუსეთის ბაზარს. რუსეთში, რა თქმა უნდა, საჭიროა გვქონდეს ჩვენი ადგილი, მაგრამ ამ ყველაფერს ქართული ტრადიციული მეღვინეობის ინტერესი არ უნდა გადავაყოლოთ.

მართალია, ემბარგოს მოხსნის შემდეგ ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რაოდენობა ყოველთვის ეწინააღმდეგება ხარისხს. რუსულენოვანი ქვეყნების მოთხოვნას ქართული ღვინო აკმაყოფილებს, მაგრამ ევროპის მომხმრებელი ბევრად უფრო პრეტენზიული და დახვეწილია. რუსეთში ღვინო არის ტკბილი, სპირტიანი ალკოჰოლური სასმელი. მაღალი ხარისხი არ არის სახელმწიფო ინტერესი, ამიტომ ხდება დარგის სუბსიდირება, თუ ღვინის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მთავრობა ისაუბრებენ ამ პრობლემაზე, ნელ-ნელა ის აუცილებლად მოგვარდება“ – განაცხადა გიორგი ბარისაშვილმა.