რუსები რუსთავში, “აზოტი” მუქთაში, მინისტრი გუფთაში
ირაკლი წინამძღვრიშვილი
ეკონომიკური ლეშების თემა ჩვენს ეკონომიკურ მეცნიერებას დიდი ხანია აწუხებს. ამ საკითხზე და მის მიზეზებზე საუბრობდა ლადო პაპავა თავის ნაშრომში “ნეკროეკონომიკაში” ჟურნალ “მმ ეკონომიკაში”, დღეს ქვეყანაში ეს თემა და გამოსავლის ძიება გრძელდება, მაგრამ პოლიტიკა არაერთგვაროვანია ამის ირგვლივ.
აქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილების აუცილებლობასა და დროულობაზე საუბრობს.
ქარხნის ხელმძღვანელობა და კოლექტივი მხარს უჭერენ სააქციო საზოგადოების პრივატიზებას. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების (მათ შორის პირდაპირი მიყიდვის ფორმით) და მართვის უფლების გადაცემის მიზნით, მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია საკითხს დადებითად წყვეტს. ასევე მიაჩნიათ სახელმწიფო მინისტრს, მის მოადგილეს, პარლამენტარებს…. თუმცა, არც ოპონენტების სიმცირეა – “ნაციონალისტები” პრეზიდენტის ოჯახის ინტერესებზე საუბრობენ.
სააქციო საზოგადოება “აზოტის” მომავალ მეპატრონედ, შესაძლოა, საერთაშორისო ოფშორული კომპანია, “იტერა ენერჯი ინტერნეშენალ ლლს” ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ “აზოტის” “იტერაზე” პირდაპირი მიყიდვის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, გარკვეული ნიუანსები ჯერ ისევ დასაზუსტებელია.
ს/ს “აზოტის” პრივატიზების პროცესი ჯერ კიდევ 1998 წლიდან დაიწყო, თუმცა, შედეგი არ მოჰყოლია. 2000 წლის ბოლოს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ს/ს “აზოტის” აქციათა პაკეტის (90%) 1 წლის ვადით მართვის უფლებით გაცემის (შემდგომში 500 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების უფლებით) მიზნით. ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადდა კონკურსი. გამარჯვებულის გამოვლენა ვერც მაშინ მოხერხდა.
დაფუძნების დღიდან, ანუ 1993 წლიდან მოყოლებული, ამ გიგანტ საწარმოს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და სხვა მიზეზთა გამო უზარმაზარი რაოდენობის კრედიტორული დავალიანება დაუგროვდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ს/ს “აზოტი” გაკოტრების პირას მივიდა… ქ. რუსთავის სასამართლო გადაწყვეტილებით გაკოტრების საქმე შეჩერდა. შემუშავდა რეაბილიტაციის პროგრამა და დაინიშნა რეაბილიტაციის მმართველი. დღეისათვის ს/ს “აზოტი” რეაბილიტაციის რეჟიმში მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ს/ს “აზოტი” საქართველოში ქიმიური მრეწველობის დარგის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს და უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. მასში 4000-მდე მუშა-მოსამსახურეა დასაქმებული, რომელთა უკან, მათი ოჯახებისა და ახლობლების სახით კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი მოიაზრება. გარდა ამისა ს/ს “აზოტს” უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. იგი აწარმოებს ამონიუმის გვარჯილას, ამონიუმის სულფატს, კაპროლაქტამს, ციანიდის მარილებს, ციკლოჰექსანონსა და სხვა.
ამ გიგანტი საწარმოს გაკოტრება და შემდეგ მისი ჯართად გაყიდვა უდიდესი დარტყმა იქნებოდა არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკისათვის, არამედ იქ დასაქმებული თითოეული ადამიანისათვის.
ს/კ “იტერამ” 2002 წლის ივლისში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარადგინა განაცხადი ს/ს “აზოტის” აქციათა პაკეტის 90%-ის პირდაპირი წესით მიყიდვასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული ბიზნეს-გეგმა სამინისტროს შენიშვნების გათვალისწინებით მთლიანად გადამუშავდა. ოქტომბერში ს/კ “იტერამ” ბიზნეს-გეგმა გადამუშავებული სახით წარმოადგინა, რომელიც შემდგომში განსახილველად გადაეგზავნა ყველა შესაბამის უწყებასა და სამინისტროს (საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, სათბობ-ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, საგადასახადო შემოსავლების კომიტეტებს), რომელთაც თავისი წინადადებები, შენიშვნები და დასკვნები წარადგინეს.
29 ნოემბერს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების (მათ შორის პირდაპირი მიყიდვის ფორმით) და მართვის უფლების გადაცემის მიზნით, მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის სხდომა. სხდომას, კომისიის წევრების გარდა საქართველოში ს/კ “იტერას” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე ქ. რუსთავის ხელმძღვანელი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის გარშემო საკმაოდ სერიოზული და პრინციპული შენიშვნები გამოითქვა. განიხილეს ს/ს “აზოტის” საერთაშორისო ტენდერის გზით პრივატიზების შესაძლებლობაც, თუმცა, ითქვა, რომ ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, დაინტერესებული მხოლოდ და მხოლოდ ს/კ “იტერა” იქნებოდა (იმის გათვალისწინებით, რომ წინა კონკურსები უშედეგოდ დასრულდა და გარდა ამისა, ს/ს “აზოტისათვის” გაზის ერთადერთი მიმწოდებელი ს/კ “იტერაა”, ხოლო ბუნებრივი აირი “აზოტის” უმთავრესი ნედლეულია). კომპანია “იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს” ს/ს “აზოტის” განვითარების ბიზნეს-გეგმის მიმართ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება და უმოკლეს ვადაში განახლებული ვარიანტის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარდგენა ეთხოვა. კომპანია “იტერამ”, უკვე 2 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ბიზნეს-გეგმის საბოლოო ვარიანტი წარადგინა, რომელშიც ქართული მხარის მიერ გამოთქმული ყველა შენიშვნა და წინადადება იყო გათვალისწინებული.
3 დეკემბერს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების (მათ შორის პირდაპირი მიყიდვის ფორმით) და მართვის უფლების გადაცემის მიზნით მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელსაც კომისიის წევრთა გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიამ მოიწონა კომპანია “იტერა ინტერნიშნლ ენერჯი ლლს”-ის მიერ წარმოდგენილი ს/ს “აზოტის” განვითარების ბიზნეს-გეგმა, საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა, სათბობენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ტექნიკური და სამართლებრივი სახის შენიშვნების გათვალისწინებით.
ს/ს “აზოტის” პრივატიზების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება. დაახლოებით ერთი თვის ვადაში მომზადდება და გაფორმდება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ამ პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ქ. რუსთავის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.
ს/კ “იტერას” ბიზნეს-გეგმით საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტებია გათვალისწინებული: ს/კ “იტერა” ს/ს “აზოტში” განახორციელებს 14 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციას, 8 მლნ აშშ დოლარზე მეტ რეინვესტიციას; მოხდება საწარმოს რესტრუქტურიზაცია, რეკონსტრუქცია, საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედებისათვის ჩატარდება სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ს/კ “იტერა” მოემსახურება ს/ს “აზოტის” ვალებს, რომელთა საერთო ოდენობა 84 მლნ ლარს შეადგენს. ამასთანავე, ს/ს “აზოტში” დასაქმებულთა საშუალო ხელფასი მოკლე პერიოდში 300 ლარამდე გაიზრდება, შემდგომში კი ყოველწლიურად 30%-ით მოიმატებს. ს/ს “აზოტის” მიერ გამომუშავებული პროდუქციის რეალიზებისას უპირატესობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს მიენიჭება. ბიზნეს-გეგმის მიხედვით, საწარმოს რეაბილიტაციისათვის დაUზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გასატარებლად ს/კ “იტერა” ვალდებულებას იღებს განახორციელოს 2002-2003 წლის პირველ ნახევარში 3 301 900 აშშ დოლარის ინვესტიცია; 2003 წლისათვის გათვალისწინებულია 5 100 000 აშშ დოლარის დაბანდება, სადაც ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 2 166 267 აშშ დოლარს, ხოლო 2 933 732 დოლარი რეინვესტირებული იქნება საზოგადოების მოგებიდან; 2004 წლისათვის განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა შეადგენს 5 300 000 აშშ დოლარს – 5 160 162 რეინვესტიციაა, ხოლო 139 837 აშშ დოლარი – მოზიდული სახსრები. სულ, ინვესტიციების რაოდენობა შეადგენს 13 701 900 აშშ დოლარს, მათ შორის, 8 093 894 აშშ დოლარი რეინვესტიცია.
“იტერასთან” დაკავშირებით, დღეს ყველაზე აქტიური კითხვაა – თუ ვინ დგას ამ საერთაშორისო კომპანიის უკან? სწორედ ამ საკითხში აქტიურობენ “ნაციონალები” – “იტერას” უკან თუ გვერდით პრეზიდენტის ოჯახის წევრებს “ხედავენ”, მაგრამ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი საკუთარ პრინციპულობაზე საუბრობს და აცხადებს: ქონების მართვის სამინისტრო ბრმად არ დგამს არც ერთ ნაბიჯს და ერც ერთი კლანის და ოჯახის ინტერესებს არ ითვალისწინებს. პავლიაშვილის პრინციპულობაზე ს/ს “აზოტის” გენერალური დირექტორი გიორგი გოგოლაძეც აკეთებს აქცენტს და მინისტრის “კახურ სიჯიუტეს” დადებით კონტექსტში მოიხსენიებს. სხვათაშორის, კოლექტივის კრებაზე, სადაც აზოტის რამდენიმე ათასიანი მუშა-მოსამსახურეთაგან რამდენიმემ (ვისაც სიტყვა ეთქმოდა) “იტერასათვის” “აზოტის” გადაცემაზე ხელისუფლებას სიტყვა შეაწიეს, სააქციო საზოგადოების რეაბილიტაციის მმართველი ნიკოლოზ ბაკაშვილიც გამოვიდა სიტყვით და “ორი ხელით” დაეთანხმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ბაკაშვილი მანამდე ოპონენტთა რიგებში ირიცხებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტერამ ქართული მხარის ყველა შენიშვნა და წინადადება გაითვალისწინა “აზოტის” განვითარების ბიზნეს-გეგმაში, პრობლემა და საკითხი მოგვარებულად მიიჩნია.
ერთი შეხედვით, “აზოტის” “იტერაზე” გადაცემა, მართლაც გადაწყვეტილია. თუმცა, სავარაუდოდ, ორი ძირითადი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელი იქნება: პირველი, რაზეც ოპონენტები ყურადღებას გაამახვილებენ, ეს არის “აზოტის” ბალანსზე არსებული ქ. რუსთავის კულტურის სახლი, სპორტკომპლექსი, ურეკისა და მანავის დასასვენებელი კომპლექსები. რუსთავის მფლობელობაში ამ ობიექტების გადაცემის შესაძლებლობას, “იტერას” წარმომადგენლობა და ქონების მართვის სამინისტრო პრობლემად არ მიიჩნევენ. თუმცა, საწინააღმდეგო მინიშნება “აზოტის” გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გოგოლაძემ გააკეთა – ეს საკითხი მაშინ უნდა მოეგვარებინათ, როდესაც “აზოტი” სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა, ანუ 1993 წელს, – აცხადებს იგი. სავარაუდოდ, “აზოტის” პირდაპირი მიყიდვის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დროს “კულტურული ცენტრების” თემა დავის საგნად იქცევა.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ მეორე ნიუანსი: დეკემბრის ბოლოსათვის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაუქმება თუ ტრანსფორმულაა დაგეგმილი. საინტერესოა, ხელისუფლებას პროცედურულად როგორ წარმოუდგენია “აზოტის” გასხვისება ამ სამინისტროს გაუქმების პირობებში. ისე კი, როგორც ამბობენ, “აზოტის” პრივატიზების მცდელობებს სახელმწიფო ქონების მართვის რამდენიმე მინისტრი გადაჰყვა.