57.5 მილიონი ლარი ჩაის დასაბრუნებლად
სოფიკო სიჭინავა
ტრეიდერები აცხადებენ, რომ დღეს საჭირო მოცულობით კარგი ჩაის ყიდვა უკვე შეუძლებელი გახდა. მსოფლიო მასშტაბით ჩაის პლანტაციები დაძველდა, ხოლო ამის პარალელურად ხარისხიან ჩაიზე მოთხოვნა თანდათანობით იზრდება. იზრდება ჩაის ფასიც, ამის მიზეზი კი – ხარისხიანი ჩაის ნაკლებობაა. მსოფლიოში ჩაის წარმოების შესაძლებლობები ამოწურულია. მაგალითად, ინდოეთში მაღალი ხარისხის ჩაის გამოსაყვანად არ არსებობს ჩაის პლანტაციების გაფართოების შესაძლებლობა. არსებულ პლანტაციებს ხანი გაუვიდა, მართალია, ბუჩქის გაახალგაზრდავება აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესს მინიმუმ 7 წელი დასჭირდება, შესაბამისად, ჩაის ფასი კვლავაც მაღალი იქნება.
კომპანია Dilmah-ის დამფუძნებელი მერილ ჯ. ფერნანდო ამბობს, რომ ჩაის წარმოება საკმარისად მომგებიანი და პერსპექტიული ბიზნესია, რადგან, იგი ფიქრობს, რომ ჩაის მოხმარება მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო გაიზრდება. მართლაც, ტენდენცია გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა დროს, ობიექტური მიზეზების გამო ზოგიერთ ქვეყნებში ჩაიზე მოთხოვნის კლება, საერთო სურათს უარესობისკენ ვერ ცვლის. ფერნანდოს განცხადებით, იმ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისგან განსხვავებით, რომლებიც ბირჟაზე ივაჭრება, ჩაი ყველაზე დაუცველია კლიმატური პირობების მიმართ. იგი იძლევა მცირე მოსავალს როგორც ძალიან წვიმიანი, ასევე გვალვის პირობებშიც. ამის საილუსტრაციოდ მას 2006-2007 წწ. მაგალითი მოჰყავს, როცა შრი-ლანკას, ინდოეთსა და ინდონეზიას გვალვა დაატყდა და საბოლოოდ 2008-2009 წლების ჩაის წარმოების ისტორიაში პიკური ფასები გამოიწვია.
შემდეგი ორი წლის განმავლობაში მოსავალი გაიზარდა. თუმცა, პარალელურად ჩინეთში ძალიან მოიმატა შავი ჩაის მოხმარებამ, არადა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეს ქვეყანა მწვანე ჩაის დიდი ამთვისებელია. ამ პერიოდში ინდოეთში ზოგადად გაიზარდა ჩაის კულტურის მოხმარება. ამიტომ, ექსპერტები ფიქრობენ, რომ გამორიცხული არ არის ამ ქვეყნებმა მალე ვერ შეძლონ შიდა მოხმარების დაკმაყოფილება, თუკი ისინი იმპორტს გააგრძელებენ. ამ და ზემოთ ნახსენები ფაქტორებიდან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩაიზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება.
ჩაის ფასი ყოველთვის მერყეობს გარკვეული შუალედით, მაგრამ როდესაც ამ გამამხსნევებელი სასმელის ფასებზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ საქმე ეხება დაბალ და საშუალო ხარისხის საქონელს, ხოლო მაღალი ხარისხის ელიტური ჩაის ფასები სტაბილურად მაღალია ყველგან და ყველა დროში. Dilmah-ის დამფუძნებელი მწუხარებით აღნიშნავს, რომ დღეს სუპერმარკეტები წალეკა იაფმა და უხარისხო ჩაიმ. ამან განაპირობა, რომ მთელს მსოფლიოში დაიწყო ჩაის მაღაზიების, კაფეების გახსნა, რომლებიც მაღალი ხარისხის ჩაით ვაჭრობენ, მაგრამ შესაბამის ფასად. ფერნანდოს აზრით, მომხმარებლის დაკვეთა სხვა არის – საკმაოდ კარგი ჩაი საშუალო ფასად.
დღეს მსოფლიოში ჩაის ბაზარზე რამდენიმე ერთმანეთის კონკურენტი კომპანია მოქმედებს, ესენი ძირითადი გლობალური ჩაის ბრენდები არიან: TM Lipton, Twinings, Tetley, Dilmah. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბაზარს რეალურად იყოფს რამდენიმე მსხვილი კომპანია. მათ სურთ დემპინგის გზით ბაზრიდან კონკურენტები გაყარონ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ დროს მონოპოლისტები არაფერს კარგავენ. როგორც ცნობილია, ჩაის ღარიბ ქვეყნებში აწარმოებენ. მოვაჭრე ფერმერს საუკეთესო ფასად კილოგრამზე 75 ცენტს უსახელებს. მასაც სხვა ალტერნატივა არ აქვს და აქედან გამომდინარე ის იძულებულია დაბალ ფასს დასთანხმდეს და ადამიანი, რომელიც მიწაზე მუშაობს, თანდათანობით ღარიბდება და ღარიბდება.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ახალ პირობებში სერიოზულად იცვლება მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის მიწოდების გეოგრაფია. მეჩაიეობის კლასიკური ქვეყნების ნაცვლად, მოწინავე პოზიციებს იკავებენ სახელმწიფოები, რომლებიც ადგილზე მცირე რაოდენობის ჩაის მოიხმარენ. ასეთებია: კენია, ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნები. ამ ქვეყნებს შორის შესაძლებელი იყო საქართველოც გვეხილა – დარგის ძველი პარამეტრების მიხედვით, მეჩაიეობის საექსპერტო ფირმების შეფასებით, საქართველოს მსოფლიო ბაზარზე შეეძლო დაეკავებინა 72-78 ათასი ტონა მზა პროდუქციის სავაჭრო ნიშა. FAO-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა მსოფლიო ბაზარზე გაიტანოს 78-80 ათასი ტონა ჩაი, რომლის საშუალებაც, ბუნებრივია, ქვეყანას ამჟამად უკვე აღარ გააჩნია.
საქართველოში ჩაის წარმოებას არ აქვს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, მაგრამ ის პერიოდი, რაც ჩვენ ჩაის ვაწარმოებდით, საკმარისი აღმოჩნდა, დღესაც გვახსოვდეს, რომ ეს კულტურა შემოსავლიანი და ნაყოფიერი იყო.
ისტორია ასეთია: 1921 წელს საქართველოს ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაიწყო ჩაის ინდუსტრიის ფორსირებული განვითარება. 1926 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება- „ქართული ჩაი“, რომელსაც დაექვემდებარა ქვეყანაში სახეზე არსებული 1325 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. 1940 წლისათვის ჩაის პლანტაციების ფართობმა 47 ათ. ჰექტარს მიაღწია, ამავე პერიოდისათვის უკვე აშენებული იყო 37 ჩაის ფაბრიკა. მეორე მსოფლიო ომმა გარკვეულად შეაფერხა დარგის განვითარება. ომის დამთავრების შემდეგ კი მან კვლავ დაიწყო აღორძინება და გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მეჩაიეობის დარგს უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა საქართველოს ეკონომიკაში. კერძოდ, ჩაის პლანტაციების ფართობმა 67 ათას ჰექტარს მიაღწია, ფუნქციონირებდა 150 პირველადი გადამუშავების და 22 დამფასოებელი, აგრეთვე აგურა და ფილა ჩაის მწარმოებელი ფაბრიკები. ყოველწლიურად იკრიფებოდა 500 ათას ტონაზე მეტი ჩაის ფოთოლი, მზადდებოდა 140 ათას ტონამდე მზა პროდუქცია, რომლის უდიდესი ნაწილიც (95% და მეტი) ექსპორტზე იგზავნებოდა. აღნიშნულ პერიოდში, ჩაის პროდუქციის წარმოების მაჩვენებლებით საქართველო მსოფლიოს ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მე-4, მე-5 ადგილს იკავებდა, დარგში დასაქმებული იყო 180 ათას ადამიანზე მეტი, მის წილად მოდიოდა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში წარმოებული საერთო პროდუქციის 20 პროცენტამდე და მიღებული მოგების დიდი ხვედრითი წილი.
ბოლო 25 წლის განმავლობაში ინდუსტრიამ წარმოუდგენელი დეგრადაცია განიცადა, რომელიც ციფრებში ასე გამოიყურება: ინვენტარიზაციის წყალობით, რომელიც ქვეყნის მეჩაიეობის ზონის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა, გაირკვა, რომ 2013 წლის ივნისისათვის საქართველოში სულ დარჩენილია 19 203 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. აქედან: სახელმწიფო საკუთრებაშია – 12 551 ჰექტარი და კერძო საკუთრებაში – 6 652 ათ. ჰექტარი. მათ შორის: ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაშია 2 453 ათ. ჰექტარი, ხოლო დანარჩენი 16 750 ჰექტარი ეკალბარდებით დაფარული და გატყევებულია. ამ გატყევებული ფართობიდან აღდგენას ექვემდებარება მეჩაიეობისათვის პერსპექტიული 7 153 ჰექტარი, ხოლო დანარჩენი 9 597 ჰექტარი ამოსაძირკვია.
თენგიზ სვანიძე (ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი): „ინდოეთისა და სხვა ტრადიციული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან არ ხდებოდა წლის განმავლობაში ჩაის 5-6-ჯერ გაკრეფა. პირველი კრეფა გვქონდა მაის-ივნისში, მეორე კი – აგვისტო-სექტემბერში. მაშინ ჩაის პლანტაციების ძალიან მკაცრ ექსპლუატაციას ეწეოდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მორგებული იყო ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩაის ფოთოლი უხარისხო იყო, მაგრამ გეგმიური ეკონომიკის გამო, საბჭოთა კავშირის ბაზარი ასეთ ჩაის იღებდა. მიუხედავად ეკონომიკის მახინჯი ფორმისა თუ უხარისხო ნედლეულისა, ფულადი შემოსავლები ქვეყანას ჰქონდა – ჩაის დარგმა მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 44%-ს მიაღწია. მსოფლიოს ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე ვიყავით. თანაც, თავს იმით ვიწონებდით, რომ ჩვენ წინ მდგომ ქვეყნებთან შედარებით (ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, შრი-ლანკა) ჩრდილოეთით ვმდებარეობდით, თუ არ ჩავთვლით კრასნოდარის მხარეს, სადაც უმნიშვნელო ოდენობის ჩაი მოდიოდა. ამ ადგილმდრებარეობიდან გამომდინარე, ჩვენი ჩაი იმ დროს ეკოლოგიურად სუფთად მიიჩნეოდა მიუხედავად თავისი ხარისხისა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩაის მცენარის დაავადებების წინააღმდეგ თითქმის ყველა მეჩაიეობის ქვეყანაში, გარდა საქართველოსი, იყენებენ შხამქიმიკატებს, რომელიც გარკვეულად გადადის პროდუქციის შემადგენლობაში და აქვეითებს მის ხარისხსა და ეკოლოგიურ სისუფთავეს, მაშინ როცა საქართველოს ზამთრის კლიმატი თითქმის მთლიანად გამორიცხავს ჩაის პლოანტაციებში შხამქიმიკატების გამოყენების აუცილებლობას. ამიტომ ქართული ჩაის პროდუქცია, სხვა ქვეყნების ჩაისგან განსხვავებით, არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებებს. ამასთან, ჩვენს ჩაიში, სხვა ქვეყნების ჩაისთან შედარებით დაბალია რადიაციული ფონი. ეს ფაქტორები, თავის მხრივ, განაპირობებენ მის მაღალ კონკურენტუნარიანობას რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი რეკლამა“.
ბუნებრივია, ჩაის ფოთლის ასეთი მასშტაბით შემცირებას ადრე აშენებული ჩაის ფაბრიკების ინფრასტრუქტურის დაძველება მოჰყვა, რომლითაც დღეს შეუძლებელია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება. ამიტომ საჭიროა მოქმედი ჩაის ფაბრიკების უდიდესი ნაწილის გადაიარაღება, რომ წარმოებულმა პროდუქციამ საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხოს.
სპეციალისტთა გაანგარიშებით, დადგენილია, რომ ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის სრული რეაბილიტაციისათვის საჭიროა 7.25 ათასი ლარი, ანუ სულ 7935 ჰექტარი ჩაის პლანტაციის აღსადგენად საჭიროა 57.5 მილიონი ლარის კაპიტალური დაბანდება. ცხადია, რომ ჩაის პლანტაციების აღდგენის, ახალი პლანტაციების გაშენების და ჩაის ფაბრიკების დღევანდელ მოთხოვნათა დონეზე აღჭურვის პრობლემების გადაჭრა ფერმერს არ შეუძლია. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ რთული და ძვირადღირებული მისიის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოსა და დონორი სუბიექტების სასტარტო ფინანსური დახმარებითა და ორგანიზაციული ხელშეწყობით, თანაც კომპლექსურად, რადგან ბოლო წლების პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ჩაის პლანტაციების მოვლის, ჩაის ფაბრიკების გადაიარაღების და პროდუქციის რეალიზაციის პროცესების ცალ-ცალკე სუბსიდირება სასურველ შედეგს არ იძლევა.
ექსპერტები მიანიშნებენ, რომ საქართველოში მეჩაიეობის რეაბილიტაციის პროცესის დაყოვნება და მისი მხოლოდ კერძო სექტორზე მინდობა დარგის განადგურების ტოლფასი იქნება, რასაც ქვეყნისათვის შორსმიმავალი მძიმე უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოს სუბტროპიკული ზონის ამ უაღრესად პერსპექტიული დარგის – მეჩაიეობის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ის სოციალური დატვირთვის მატარებელია, მას სოფლად სიღარიბის დაძლევა შეუძლია, მით უფრო, როცა განვლილი ათეულობით წლების მანძილზე რეალურად ვერ გამოიძებნა მისი ჩამნაცვლებელი ექვივალენტური კულტურა.
თენგიზ სვანიძე: „თხილის კულტურა, რომელიც თითქოსდა გარკვეული ეფექტურობით უნდა ჩანაცვლებოდა ჩაის, პრობლემის ლოკალური გადაწყვეტა აღმოჩნდა, რადგან იგი ადრე ჩაით დაკავებული ფართობების უდიდეს ნაწილზე ვერ გაშენდა. ამასთან, ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასების რეგულირებას ახდენს თურქეთი და ჩვენ ბიზნესის ამ სახეობაში ყოველთვის მასზე დამოკიდებული ვიქნებით. გარდა ამისა, მეჩაიეობის ზონებში ნიადაგაის მჟავიანობის გამო მაქსიმუმამდეა შეზღუდული ალტერნატიული კულტურების წარმოება. ამ მიწების სხვა კულტურებისათვის ათვისება კი მეტად სერიოზულ კაპიტალურ დაბანდებებთანაა დაკავშირებული, რომლის შესაძლებლობაც მეწარმე სუბიექტების უდიდესი უმრავლესობისათვის ხელმიუწვდომელია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სხვა კულტურებს არ გააჩნიათ განვითარების ისეთი მყარი პოტენციალი, როგორც ქართულ ჩაის. ცუდი სტიქიური კლიმატური მოვლენები (გვალვა, სეტყვა, ყინვა, და ა.შ.) მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს ბევრ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაზე, ჩაიზე კი ნაკლებად. ამას დავამატებდი ჩაის კულტურის ეკოლოგიურ სარგებელსაც, ვინაიდან ის ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის საუკეთესო საშუალებაა, განსაკუთრებით ბორცვ-გორაკებიან ზონებში, რომლებზეც ქვეყნის ჩაის პლანტაციების უმეტესი ნაწილია გაშენებული“.
მიუხედავად ყველაფრისა, დარგში გარკვეული დადებითი ცვლილებები მაინც მიმდინარეობს. რაც ყველაზე მისასალმებელია – თვითონ ქვეყანაში შეინიშნება ბოლო წლების განმავლობაში ქართული ჩაის მოხმარების ზრდა, ბაზარზე მისმა წილმა სხვადასხვა გათვლებით წინა წლების 5-6%-ის ნაცვლად 18-20%-ს მიაღწია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ინვესტორების ძალისხმევით მოხერხდა რამდენიმე სახის ახალი ქართული ჩაის ბრენდის შექმნა. უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ იკრიფება 12-16 ათასი ტონა ჩაის ფოთოლი და მზადდება 3-4 ათასი ტონა სხვადასხვა ასორტიმენტისა და ხარისხის მზა პროდუქცია. აქედან 90% ექსპორტზე გადის, თუმცა, დღემდე მოქმედ საწარმოთა უმეტესობას, ბუნებრივია, ცალკეული გამონაკლისების გარდა, აქვთ სუსტი ფინანსური მდგომარეობა და არ გააჩნიათ გაფართოებული კვლავწარმოების შესაძლებლობები.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ქართულ ჩაის ბაზარი აუცილებლად ექნება.
თენგიზ სვანიძე: „ჩაი არ არის მხოლოდ შავი ჩაი და მწვანე ჩაი. დღეისათვის არსებობს ბაზარი მწვანე აგურა ჩაისთვის, არის მოთხოვნა, მაგრამ არ გვაქვს მიწოდების საშუალება. უხეში განასხლავი ფოთლისგან მიიღება ლაო ჩაი, რომელიც შემდეგ იპრესება. ძირითადად იყიდება 2-კილოგრამიანი ბრიკეტების ფორმით, რომელსაც მოიხმარენ მონღოლეთსა და რუსეთში ბურიატიის მხარეს. მისი ფასი კილოგრამზე დაახლოებით 85 ცენტია, ერთი 2-კილოიანი ბრიკეტი 1,70-1,80 დოლარი ღირს. ჩვენ ამის დასამზადებლადაც არ გვაქვს ნედლეული და ის ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ამ აგურა ჩაის ექსპორტს ეწევიან“.
რუსეთი ისევ განიხილება ქართული ჩაის გასაღების ბაზრად, მაგრამ ამას კარგი მარკეტინგული კვლევა სჭირდება, რომ პროდუქცია ზუსტად მოერგოს იმ მოთხოვნებს, რაც ბაზარზეა. რუსეთი შედის ჩაის მომხმარებელი ლიდერი ქვეყნების ჩამონათვალში. ამ სასმელის მოხმარების მოცულობა საკმაოდ სტაბილურია, მაგალითად, 2013 წლის შუა პერიოდისთვის მან 1,4 კილოგრამი შეადგინა ერთ სულ მოსახლეზე.
სხვადასხვა გათვლებით, მისი მოხმარების ზრდას მიმდინარე წელსაც ელიან.
ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ჩაის რეკლამირება, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებზე, დეგუსტაციებზე და პრეზენტაციებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და აღკვეთოს ფალსიფიცირებული, სინთეზური საღებავებით შეფერილი ჩაის შიდა ბაზარზე შემოდინება, რომელიც გარდა იმისა, რომ დაუმსახურებელ კონკურენციას უწევს ადგილობრივ ნაწარმს, მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
სტაგნაციის გამო მეჩაიეობის დარგში, ჯერჯერობით, ვერ განვითარდა წარმოების გაფართოების ისეთი ხელშემწყობი ორგანიზაციული ფორმები, როგორიცაა: კოოპერაცია, სხვა სახის თანამედროვე სამეწარმეო-სამეურნეო (ფერმერული) გაერთიანებები. საბაზრო გარემოსადმი დარგის ადაპტირებისთვის აუცილებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ჩაის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის მართვის მოქნილი სტრუქტურების შექმნას, სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების წარმოებაში დანერგვის კოორდინაციას. ექსპერტთა თქმით, მეჩაიეობაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის არაორდინალური გადაწყვეტილებებია მისაღები, რომლის მიზანიც იქნება დარგში სახელმწიფო და კერძო ფინანსური და მატერიალური შემოდინებისათვის ეკონომიკური მოტივაციის შექმნა, ისეთი სამეწარმეო გარემოს ფორმირება, რომლის შედეგადაც დარგს შეეძლება ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება.
თენგიზ სვანიძე: „ჩვენი გათვლებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის შემდეგ, ვთქვათ, 2014-2018 წლებისთვის მოსალოდნელია სულ მცირე 25 ათასი ტონა ჩაის მზა პროდუქციის მიღება, რომლის სარეალიზაციო ფასიც დაფასოების გარეშე 256 მილიონ ლარს შეადგენს. იმის გამო, რომ დაფასოებულ ჩაის სარეალიზაციო ფასი დაუფასოებელთან შედარებით 5-ჯერ და მეტად იზრდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდში მიღებული ჩაის პროდუქციის (25 ათასი ტონა) თუნდაც 80%-ის (20 ათასი ტონის) დაფასოების სახით რეალიზაციის შემთხვევაში, ფულადი შემოსავლები 1.0 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო აქედან მიღებული მოგება კი (რენტაბელობის მინიმუმ 20%-ის მიხედვით), 200 მილიონ ლარზე მეტი იქნება“.
საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ, საქართველოს მეჩაიეობის რეაბილიტაციის კონცეპტუალური ხედვა წარმოადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ახალ პირობებში შეუძლია აწარმოოს 10-12 ათასი ტონა შავი და მწვანე ბაიხის ჩაი და 5,0 ათასი ტონა აგურა ჩაი, რომელიც, ძირითადად, საქართველოსა და ყოფილი სსრკ მოკავშირე რესპუბლიკებში გაიყიდება, მეჩაიეობასა და მის მომსახურე დარგებში შესაძლებელი იქნება 35-40 ათასი ადამიანის დასაქმება.
სავარაუდოდ, დარგში განხორციელებული ღონისძიებების სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნება სსიპ „საქართველოს ჩაი“, რომელთანაც ჩამოყალიბდება „მეჩაიეობის ფონდი“, შევსების წყარო კი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ იქნება. ფონდიდან გაცემული თანხა დაბრუნებადია.
გეგმის მიხედვით, მეჩაიეობის ფონდიდან თანხა გაიცემა სხვადასხვა ვადით: ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მყოფ პლანტაციაზე – 5 წლით; ნახევრად მძიმედ გასასხლავ პლანტაციაზე – 8 წლით; მძიმედ გასასხლავ პლანტაციაზე – 10 წლით.
ფონდიდან გაცემული თანხის დაბრუნება დიფერენცირდება: ფოთოლსაკრეფ მდგომარეობაში მყოფი პლანტაციიდან თანხის დაბრუნება იწყება მეორე წლიდან და სრულად იფარება მომდევნო ოთხ წელიწადში; ნახევრად მძიმედ გასხლული პლანტაციიდან – მეორე წელს და სრულად იფარება ხუთი წლის მანძილზე; გასხლული პლანტაციიდან – მეხუთე წლიდან და სრულად იფარება ექვსი წლის მანძილზე. ხელშეკრულება თანხის მიღებასა და დაბრუნებაზე ფორმდება ერთდროულად და ტარდება ნოტარიულად.
რამდენადაც მეჩაიეობის ფონდიდან აღებული თანხა დასაბრუნებელია, მეწარმეს შეუძლია აიღოს იგი ერთ ჰა-ზე გასაწევი დანახარჯების ნორმატივთან შედარებით ნაკლები რაოდენობით, სასუქების შესყიდვისათვის საჭირო თანხის გარდა.
მეჩაიეობის რეაბილიტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, გათავლისწინებულია აგროკრედიტის მეორე და მესამე კომპონენტებიდან სესხის გაცემის პირობებში ცვლილებების შეტანა – სესხი გაცემული იქნება: ჩაის პლანტაციის გაშენებისათვის, ჩაის პლანტაციის-რეაბილიტაციისათვის, ჩაის სანერგეების მოწყობისათვის, ჩაის ფაბრიკების მოდერნიზაციისათვის.
კონცეფციის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების პრივატიზებისას უპირატესობა მიენიჭებათ ჩაის ფაბრიკების მესაკუთრეებს, მეჩაიეობის კოოპერატივებს და მის წევრებს, მეჩაიეს, რომელიც თავის სახსრებით უზრუნველყოფს ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას, საკუთრებაში გადაეცემა რეაბილიტირებული ფართობი, მაგრამ არა უმეტეს 3 ჰექტრისა. კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია იაპონიის მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საქართველოსთვის გარკვეული პირობებით გადმოცემასთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, უნდა ჩაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.