რამდენი დრო დარჩა რუსეთს?

რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის საკითხთან დაკავშირებულმა სამხრივმა მოლაპარაკებამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო: ოქტომბრის ბოლოს რუსეთმა, უკრაინამ და ევროკომისიამ ხელი მოაწერეს იურიდიულად სავალდებულო სამმხრივ პროტოკოლს, რომელიც მოიცავს შეთანხმებას ზამთრის პერიოდში გაზის გეგმის თაობაზე. ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას, მაგრამ ამ ეტაპზე ის აქტიურად ჩაერთო უკრაინასთან გაზის საკითხზე მოლაპრაკების პროცესში, რადგან ჯერჯერობით მას სხვა გზა არ აქვს. რასაც რუსეთში „რუსოფობიას“ უწოდებენ, ევროპაში მას არასაიმედო პარტნიორობა ჰქვია, ამიტომაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ დამოკიდებულების დოზის შემცირებაზე. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივვადიანი პროცესია, რომელიც დროში გამოსახული არის ის ვადა, რაც რეალურად რუსეთს აქვს გაზის ბაზრის კონიუნქტურის შესაცვლელად.

შეთანხმებული გეგმა ითვალისწინებს უკრაინაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენას და ზამთრის პერიოდში ევროპაში უწყვეტი ტრანზიტის უზრუნველყოფას. ის ასევე ითვალისწინებს უკრაინის მიერ არსებული 5,3-მილიარდიანი დავალიანებიდან წლის ბოლომდე 3,1 მილიარდის დაფარვას და „გაზპრომისგან“ ზამთრისთვის დამატებითი მოცულობის ყიდვას წინასწარი გადახდის პირობით.

4

„უკრაინაში გაზის მიწოდების სამუშაოები 2009 წლის კონტრაქტის მიხედვით გაგრძელდება. პირველ რიგში, ეს ეხება ფასწარმოქმნის მექანიზმს. უკრაინაში გაზის მიწოდების ფასი, ეს არის ფორმულა – ფასებს მინუს 100-დოლარიანი ფასდაკლება მთავრობის დადგენილებით.
მეოთხე კვარტალში მოქმედი ფასი – 378,22 დოლარია ათას კუბურ მერტზე. რაც შეეხება პირველ კვარტალს, აქ მხოლოდ ციფრების პროგნოზი შეიძლება, რადგან ფასის ფორმულა ითვალისწინებს ცხრათვიან საბაზისო პერიოდს და ნავთობპროდუქტების ინდექსაციას და, რასაკვირველია, პირველი კვარტლის ფინალური ფასი დამოკიდებული იქნება უახლოესი თვეების მანძილზე ნახშირწყალბადების სფეროში მოსალოდნელ კონიუნქტურაზე“, – განაცხადა „გაზპრომის“ მეთაურმა ალექსეი მილერმა. მილერის აზრით, უკრაინაში აცივდა, გაზის მოხმარების რეჟიმმა მოიმატა და ობიექტურმა კლიმატურმა ფაქტორებმა უკრაინას უბიძგეს გაზის სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.
„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ კონტრაქტი მოქმედებას აგრძელებს, ის არავის შეუწყვეტავს. თუკი არ იქნება რამე მოლაპარაკება ზაფხულის ფასებზე, 1 აპრილიდან იმოქმედებს ფასი, რომელიც კონტრაქტის შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ზამთრის პაკეტის ხელმოწერისას რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა.

„შფოთისთავი“ მეზობელი

რატომ ეთმობა ამხელა ყურადღება უკრაინაში გაზის მიწოდების საკითხს? როგორც რუსული გაზის მომხმარებელი უკრაინა უკვე დიდი ხანია აღარ თამაშობს განსაკუთრებულ როლს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, რაც უკრაინისთვის გაზის ფასი უახლოვდებოდა საბაზროსას, მიწოდების მოცულობა მცირდებოდა. როგორც გასაღების ბაზარი უკრაინა „გაზპრომისთვის“ ისეთივე საინტერესო აღარაა, თუკი 2006 წლისთვის უკრაინაში 59 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება ხდებოდა, 2013 წლის შედეგებით, ეს მოცულობა მხოლოდ 28,5 მილიარდი კუბური მეტრია, შიდა მოთხოვნის 40%-ზე ცოტათი მეტი. „გაზპრომისთვის“ უკრაინა, როგორც გასაღების ბაზარი ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა, მასზე მოდის ერთობლივი ექსპორტის 15%.
თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც კონფლიქტი საერთაშორისო დონეზე გამოჰყავს, ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართვით. ეს არის გაზის ტრანზიტის თემა.
რუსეთისთვის გაზის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროპაა. ტრადიციულად გაზი მილსადენების საშუალებით მიეწოდებოდა ევროპას. საექსპორტო გაზის ტრანსპორტირების სისტემის ძირითადი კონტურები ჯერ კიდევ 18790-1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. უკრაინის გავლით გაიარა ძირითადმა საექსპორტო მარშრუტებმა. ძირითადად, ეს მაგისტრალი ურენგოიასა და იამბურგიდან უჟგოროდზე, გაზის მსხვილი ჰაბია, საიდანაც გაზი მიდის სლოვაკიისკენ. ამავე დროს, ეს არის ბალკანეთის მარშრუტიც რუმინეთის მხარეს და შემდეგ ბალკანეთის სხვა ქვეყნებისკენ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ურაკინამ მიიღო გაზის ტრანსპორტირების მემკვიდრეობაც, რითაც მას მნიშვნელოვანი კარტი უჭირავს რუსეთთან გაზის თემებთან სავაჭროდ.

4

გასულ წლებში რუსეთის გაზის საექსპორტო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაფართოვდა, შეიქმნა არაერთი ახალი მაგისტრალი. ბელორუსიდან გაიმართა გაზსადენი იამალი-ევროპა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 33 მილიარდი კუბური მეტრია. თურქეთში შავი ზღვის ფსკერზე, რუსეთის ისტორიაში პირველად მოხდა მილსადენის გაჭიმვა – წელიწადში 17 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის მქონე „ცისფერი ნაკადი“. ცოტა ხნის წინ ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაეშვა 55 მილიარდ კუბურ მეტრიანი სიმძლავრის „ჩრდილოეთის ნაკადი“ (ჯერჯერობით პრაქტიკაში ვერ ხერხდება მისი მთელი სიმძლავრით ამუშავება, რადგანაც ეს საკითხი არა ტექნიკური ან ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურია: ყველაფერი დამოკიდებულია ე.წ. მესამე ენერგოპაკეტზე. ევროკავშირის ეს დოკუმენტი ფაქტობრივად კრძალავს ერთი და იგივე კომპანიის მიერ მოპოვებისა და ტრანსპორტირების საქმიანობის ერთდროულად წარმართვას. ამის გამო ევროკავშირის მოთხოვნის მიხედვით, „ჩრიდლოეთის ნაკადის“ სიმძლავრის 50% დარეზერვებულია რუსეთიდან „ალტერნატიული მიმწოდებლის“ ქვეშ, რომელიც, გაზის ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის და ვერც იქნება).
და ბოლოს, ახლა მიმდინარეობს „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობა, გაზსადენისა, რომელიც უკრაინას გვერდს აუქცევს და იქნება ბალკანეთის მარშრუტის ალტერნატივა და გარკვეულწილად უჟგოროდის მიმართულებისაც. ამის შედეგად, უკრაინის, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი განუხრელად მცირდება. თუკი ჯერ კიდევ 2008 წელს უკრაინიდან საზღვარგარეთ გავიდა „გაზპრომის“ მთლიანი მიწოდების 80%, 2013 წელს მხოლოდ 53%, ხოლო მიმდინარე წელს, პირველად ისტორიაში, ეს მაჩვენებელი შესაძლოა 50%-მდეც შემცირდეს.
თეორიულად, „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის დასრულება (ეს შეიძლება 2018 წელს მოხდეს) და დასავლეთის მიმართულებით ექსპორტის მარშრუტების მთლიანი სიმძლავრით გამოყენება, „გაზპრომს“ საშუალებას მისცემს, უკრაინის სატრანზიტო მომსახურებაზე მთლიანად უარის არ თქმას, მაგრამ მის მინიმუმამდე დაყვანას მაინც, რაც რუსი ექსპერტების თქმით, უკრაინას შანტაჟის საშუალებას აღარ მისცემს. მაგრამ, ვიდრე ეს მომენტი დადგებოდეს, ამ წუთას უკრაინულ მხარესთან ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებაა საჭირო.

როგორი იქნება ევროპის გაზის ბაზარზე რუსეთის ადგილი?

როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, დღეს ევროპა და რუსეთი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ევროპასა და თურქეთში მიწოდებული გაზი, „გაზპრომისთვის“ მთელი ექსპორტის 75%-ია ნატურალურ განზომილებაში. რუსული გაზის გიგანტის წილი ევროპის ბაზარზე ბოლო ათი წლის განმავლობაში სტაბილურად არ ჩამოსულა 20%-ს ქვემოთ, ხოლო 2013 წელს შეესაბამებოდა რეკორდულ 29,9%-ს. თუმცა, რუსეთის არასტაბილური პარტნიორის იმიჯი, რასაც თვითონ რუსეთში „რუსოფობიას“ უწოდებენ, ევროპას უბიძგებს, მოიძიონ გზები, რითაც რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებენ. შეუძლია თუ არა ევროპას საერთოდ უარი თქვას რუსულ გაზზე?

4

ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპას ამის გაკეთება შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ უარს იტყვის გაზზე და ენერგეტიკაში სხვა ტექნოლოგიურ პროცესებზე გადავა. ეს კი შესაძლებელია და შესაბამისი სამუშაოები ტარდება კიდეც. სხვადასხვა ექსპერტული გათვლებით (მათ შორის, აშშ-ის ენერგეტიკული დეპარტამენტი), ეს სავარაუდოდ შეიძლება მოხდეს 2030 წლისთვის, თუმცა ამას გიგანტური ინვესტიციები დასჭირდება.
ბოლო თვეების გაზის კონფლიქტის ფონზე, ევროკავშირმა განიხილა სხვა ქვეყნებიდან მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა. მოცემულ მომენტში რუსეთი ევროპის გაზის ბაზარს იყოფს ისეთ უმსხვილეს მიმწოდებლებთან, როგორიცაა ყატარი, ალჟირი, ნორვეგია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი. ამ ქვეყნებს არ აქვთ ევროპაში მიწოდების ზრდის რეალური პერსპექტივა. დიდი ბრიტანეთი ჩრდილოეთის ზღვის შელფზე საბადოების ექსპლუატაციას ეწევა (სხვათა შორის, ამ საბადოებიდან მიღებული შემოსავლები გახდა შოტლანდიური სეპარატიზმის მნიშვნელოვანი სტიმული), მაგრამ ბრიტანულ საბადოებზე მოპოვების მოცულობა სწრაფად ეცემა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ის ორჯერ შემცირდა 74-დან 38 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ქვეყანა თვითონ გახდა გაზის მსხვილი იმპორტიორი. მიმომხილველების თქმით, არც ალჟირშია უკეთესი მდგომარეობა. განსაკუთრებით იმედისმომცემი არც ნიდერლანდებში არსებული მოპოვებაა, რომლის გაზის სექტორმა ეკონომისტების ლექსიკონი გაამდიდრა ტერმინით „ჰოლანდიური ავადმყოფობა“.
ევროკავშირი დიდ იმედებს ნორვეგიაზე ამყარებს. აქ მოპოვება მართლაც იზრდება, მაგრამ არა იმ ტემპებით, რომ, როგორც მიმომხილველები ამბობენ, „გაზპრომს“ დიდი კონკურენცია გაუწიოს. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრი ტორდ ლენი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში ამბობდა: „მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ გაზის მოპოვების გაზრდას, მაგრამ არა მნიშვნელოვანი მოცულობით“. მისი თქმით, 2020 წლისთვის ახლანდელი 110 მილიარდი კუბური მეტრიდან ის შეიძლება წელიწადში 130 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

4
ადრე ნორვეგიის ნავთობისა და ენეგეტიკის სამინისტრომ გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2016 წლისთვის ქვეყანაში გაზის მოპოვება ცოტათი გაიზრდება და ეს მოპოვების პიკი იქნება, ხოლო 2016 წლიდან მოპოვების შემცირება შეუქცევადი პროცესი იქნება.
დღეს ფართო განხილვის საგანია ევროპაში ირანიდან გაზის ექსპორტის ვარიანტი, თუმცა ექსპერტები აქაც პესიმიზმს ემხრობიან და ამბობენ, რომ ეს შორეული მომავლის საქმეა. მათი თქმით, მართალია, ადრე თუ გვიან გაზი ირანიდან ევროპას მიაღწევს, იმის მიუხედავად, რუსეთიდან მიწოდება შემცირდება თუ არა. ამით ისლამური რესპუბლიკაა დაინტერესებული – აქ ნავთობის მოპოვება მცირდება და არასაკმარისო შემოსავლების კომპენსირება გაზის ექსპორტის ხარჯზე სურთ. დაინტერესებულია ევროპაც – ევროკავშირის გაზის მოხმარება იზრდება და მას გაზის იმპორტის დიფერენცირება სურს. მარგამ, როგორც ვთქვით, ტექნიკურად ირანული გაზი ევროპაში ხვალ და ზეგ ვერ აღმოჩნდება. საჭიროა თვითონ ირანში გაზის ტრანსპორტირების თანამედროვე სისტემის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც გაზი სამხრეთ პარსის საბადოდან ქვეყნის მთელი ტერიტორიის გავლით თურქეთის საზღვრამდე მივა. თუმცა, აქ საკითხავია, ვინ შექმნის მთელ ამ ინფრასტრუქტურას, ირანული კანონების თანახმად, უცხოურ კომპანიებს არ შეუძლიათ გაზსადენის ფლობა.

არის თუ არა თხევადი ბუნებრივი გაზი რეალური ალტერნატივა?

თხევად ბუნებრივი გაზის გარშემო დღეს ბევრს საუბრობენ. მისი მიღება ევროპას შეუძლია ყატარიდან, აშშ-დან და რუსეთიდან, ვინაიდან მას თხევადი გაზის მიღებისთვის ტერმინალების განვითარებული ინფრასტრუქტურა გააჩნიდა და მისი შემდგომი განვითარება/გაფართოებისთვის სამუშაოები არ წყდება. შეიძლება თუ არა ის „გაზპრომის“ რეალური ალტერნატივა გახდეს?
ყატარი მოპოვების მოცულობებს ზრდის, მაგრამ პროდუქცია მხოლოდ ევროპაში არ მიეწოდება. მსოფლიოში სხვა ბაზრებიც ვითარდება. აზიის წამყვანი ეკონომიკები გაზის მოხმარების ზრდის დემონსტრირებას ახდენენ. იაპონიამ ატომური ენერგიაზე უარის თქმის ფონზე (ფუკუსიმაზე ავარიის შემდეგ), ბოლო ოთხი წელია გაზარდა გაზის მოხმარება მეოთხედზე მეტით.
ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში მოხმარება ერთნახევარჯერ გაიზარდა. ჩინეთმა ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ქვანახშირის გენერაციიდან გაზისაზე გადასვლა დაიწყო, რამაც მოხმარების სწრაფი ზრდა გამოიწვია, რის შედეგადაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე გაზის იმპორტი 30-ჯერ გაიზარდა და ბაზარზე ძლივს შემსამჩნევი მოთამაშის ნაცვლად, ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა – ჩინეთის მიერ განხორციელებული იმპორტი უკვე აჭარბებს „გაზპრომის“ გაყიდვებს გერმანიაში, რომელიც უმსხვილესი მომხმარებელია. ევროპას სწორედ ამ ქვეყნებთან მოუწევს კონკურენციის გაწევა გაზის გამო.
ანალიტიკურმა ცენტრმა ბრიუსელში – Bruegel-მა გამოთვალა, რამდენი დაუჯდებოდა ევროპას მოკლევადიან პერიოდში რუსული გაზის მთლიანად ჩანაცვლება. მისი შეფასებით, ევროპელ მომხმარებელს გაზი ორჯერ გაუძვირდებოდა იმისთვის, რომ გათხევადებული ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობა ეყიდათ, აეშენებინათ ინფრასტრუქტურა, გადაეხადათ მსოფლიოში გათხევადებულ ბუნებრივ აირზე ფასების გარდაუვალი ზრდის საფასური ევროპაში აჟიოტაჟურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ექსპერტების თქმისთ, გათხვეადებულ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის ზრდა, მასზე ფასებს 10-15%-ით გაზრდის. ე.ი. ევროპას მოუწევს რუსული გაზის ღირებულების – წელიწადში 50-55 მილიარდი დოლარის ნაცვლად, 100-110 დოლარი გადაიხადონ გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე.
Sanford C. Bernstein & Co.-ის შეფასებით, რუსულ გაზზე უარის თქმა ევროპელ ინვესტორებს 215 მილიარდი დოლარის დაბანდებად დაუჯდება. ამისთვის, ევროპას მოუწევს გაზის წლიური მოხმარება შეამციროს ყველაზე ცოტა 15 მილიარდი კუბური მეტრით და გადავიდეს საწვავის სხვა სახეობაზე.

4
თუმცა, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ მსოფლიო აქტიურად ამუშავებს გაზის მიღების „არატრადციულ“ გზებს. ყველაზე მიკერძოებული ანალიტიკოსებიც კი თანხმდებიან, რომ ყველაფერი დროის საკითხია. აშშ-ში გაზის მოპოვების ზრდას რევოლუციას ტყუილად როდი უწოდებენ. ჭარბწარმოებული მთელი გაზი ევროპის ბაზარზე რომ აღმოჩენილიყო, „გაზპრომი“ უკვე 2011 წელს ძალიან სერიოზულ პრობლემებს გადააწყდებოდა. რუსული გაზის მონოპოლისტი იაპონიის მადლიერი უნდა იყოს, რომლის წყალობითაც მან რამდენიმეწლიანი შეღავათი მიიღო, ხოლო ქვეყანამ – ამ პერიოდში სწრაფადცვალებად კონიუნქტურაში ორიენტირების შესაძლებლობა. ისევ და ისევ საუბარია ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შესახებ.
გაზის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში იაპონიამ სერიოზული ძალები და ფულადი საშუალებები გადაისროლა. ქვეყანა მზად არის გახდეს მსოფლიო ენერგეტიკის განვითარების ახალი ტენდენციების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი. უკვე არსებობს ამ მიზანმიმართული სამუშაოების ცალკეული არაერთი შედეგი. იაპონიის მთელი ძალისხმევა მიმართულია სამი ძირითადი მიმართულებით: ლიკვიდური სპოტ-ბაზრის ორგანიზება, ტრადიციული მოპოვების საკუთარი ბაზით უზრუნველყოფა და მეთანის მოპოვების ახალი მეთოდების შემუშავება (დაწვრილებით იხილეთ
). ეს ყველაფერი კი ადრე თუ გვიან ის საწვავის მსოფლიო ბაზარზე რუსთის პოზიციებზე დიდ გავლენას იქონიებს.