რეკორდების რეკორდი
რედაქციისაგან
2008 წლის 2 იანვარს ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს მიაღწია. ამასთან, ბარელზე 100 დოლარის ნიშნული გადალახა WTI-ის მარკის ნავთობმა. ევროპულ Brent-ს, ისევე როგორც რუსეთის Ural-ს ჯერ არ მიუღწევია ამ ფასისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელის ფასი ბარელზე 92 დოლარის ფარგლებშია, მაგრამ Ural-ისთვის ესეც არნახული რეკორდია.
უკვე 2 იანვარს ტრეიდერები შეაშინა ახალმა რეკორდმა და ფასის შემცირებისათვის დაიწყეს მუშაობა. ამის შედეგად მიმდინარე წლის 7 იანვარს WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 95,2 დოლარამდე შემცირდა, ხოლოBrent-ის – 94,5 დოლარამდე. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ნიშნული ერთხელ უკვე იქნა მიღწეული. ახლა ტრეიდერებისთვის ნავთობის ფასების გაზრდა სამნიშნა რეკორდამდე უფრო იოლი გახდება.
ნავთობის ფასის 100-დოლარიან ნიშნულს მსოფლიო საინვესტიციო ბანკები უფრო ადრე ელოდებოდნენ – ჯერ კიდევ 2005 წელს Gოლდმან შაცჰს-მა იწინასწარმეტყველა სამნიშნა ფასი. ბევრი ელოდებოდა, რომ ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ნიშნული 2007 წელს იქნებოდა დაფიქსირებული, ასეთი შესაძლებლობა ტრეიდერებს გაუჩნდათ 2007 წლის ნოემბერში, როცა დოლარის კურსის ვარდნის ფონზე WTI-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 99 დოლარზე მეტი გახდა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამერიკული ვალუტის სისუსტემ ვერ გამოიწვია ნავთობის ფასების სამნიშნა ციფრამდე მიყვანა. ამისთვის საჭირო გახდა პაკისტანის ხელისუფლების ყოფილი მეთაურის ბენაზირ ბხუტტოს მკვლელობა და ტერაქტით გამოწვეული გაურკვევლობა, თუ როგორ წარიმართება პაკისტანში წინასაარჩევნო კამპანია და მოახდენს თუ არა ეს მკვლელობა ზემოქმედებას პაკისტანისა და ახლო აღმოსავლეთის ისედაც არასტაბილურ ვითარებაზე.
ნავთობის რეკორდული ფასის მიზეზად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ზამთრის სეზონი, როცა ნავთობზე მოთხოვნა ტრადიციულად მეტია, რადგან მისი უმეტესი ნაწილი გათბობასა და ელექტროენერგიის წარმოებაზე მიდის.
რეაქცია
ბოლო რამდენიმე წელია განვითარებული ბაზრებისთვის ნავთობზე ფასის ზრდა თავის ტკივილად იქცა. საწვავის მაღალი ფასებით ზარალდებიან პირველ რიგში ავიაგადამზიდველები და ის კომპანიები, რომლებიც გადაზიდვებს აწარმოებენ. ზარალის კომპენსაციისათვის მათ მომსახურების ღირებულების ზრდა უწევთ. შედეგად კი სამომხმარებლო საქონლის საბოლოო ფასი იზრდება, შესაბამისად, იზრდება ინფლაციაც.
ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის მუდმივი რისკის პირობებში, რასაც ამძაფრებს ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის მუქარა ამერიკისთვის საჭირო რაოდენობის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, ნავთობის ფასის შემცირების ერთადერთი შესაძლებლობა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირებაა. ამ შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას დასჭირდება ნაკლები საწვავი, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი, ხოლო მოთხოვნის შემცირება ფასების კლებას გამოიწვევს.