„ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა
19-21 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის – „ექსპო ჯორჯიაშია“ – ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მასშტაბური სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართა. გამოფენა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა: „მოხარული ვარ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია 13 ქვეყნის 100-მდე კომპანია. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილია ცალკე სტენდით, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ყველა ის პროექტი, პროგრამა და მიმართულება, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისადმი დაქვემდებარებული უწყებები დღეისთვის ახორციელებენ. ყველა დამთვალიერებელს აქვს საშუალება გაეცნოს ყველა ამ პროგრამას.
მინდა, განსაკუთრებულად მივესალმო ჩვენს ფერმერებს, რომლებიც, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა კუთხიდან არიან ჩამოსულნი გამოფენაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობით, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების გაცნობით, ჩვენი ფერმერების ცნობიერებაც ამაღლდება, მათ ეს გამოფენა დაეხმარება კონტაქტების დამყარებაში, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს წარმოების გაუმჯობესებას და ხარისხის ზრდას“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია და მომსახურება სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, გერმანია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ჩინეთი) 90-ზე მეტმა კომპანიამ წარმოადგინა.
დაინტერესებულ პირებს გამოფენის ფარგლებში საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ სასათბურე და სამაცივრე მეურნეობების თანამედროვე ტექნოლოგიებს, სასოფლო-სამეურნეო და შემფუთავ ტექნოლოგიებს, სარწყავ სისტემებს და კვების ტექნოლოგიებს. მონაწილე კომპანიებმა წარმოადგინეს მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, ნერგები, სასუქები, პესტიციდები და ცხოველთა საკვები, ასევე, საკონსულტაციო სერვისი და სატრანსპორტო მომსახურება.
სოფლის მეორნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გამოფენა ერთადერთია საქართველოში, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს გაეცნონ, უშუალო კონტაქტი დაამყარონ მწარმოებლებთან და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაიზიარონ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე მესამე წელია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების დახმარებით, გამოფენაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებული ფერმერების (2000-ზე მეტიმეტი ფერმერი ყოველწლიურად) რეგიონებიდან ჩამოყვანას უკეთებს ორგანიზებას.
წელს პირველად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, რომელსაც ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რაიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას; გადამამუშავებელი საწარმოების გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას და სანედლეულე ბაზის განვითარებას. პროექტის მიხედვით, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნით. ფინანსური დახმარება ითვალისწინებს, შეღავათიან გრძელვადიან საბანკო კრედიტს ან ლიზინგს და თანმხვედრ გრანტს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ.
2013 წელს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონი“ მიიღო, რომელიც ითვალისწინებს მოქნილ საგადასახადო რეჟიმს და სხვა ფინანსურ ინვესტიციებს მცირე ფერმერებისთვის. პროექტის განცხორციელებას უზრუნველყოფს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო“. მცირე მეურნეობის მეურნეობის მქონე ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანების მხარდაჭერა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. გათვალისწინებულია ახალი ფერმერული ჯგუფების ხელშესაწყობად გრანტების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება.
ამ პროექტებთან ერთად, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სხვა პროექტებიც, მათ შორის აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“ და სხვა.