შეფერხებული საინვესტიციო პროცესი და უმუშევრობის ზრდის რისკი

ბოლო პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს, ოქროს უკავშირდება. უკვე წელიწადნახევარია „არემჯი გოლდი“ სრულყოფილ საქმიანობას ვერ ახერხებს. საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოები თითქმის შეჩერებულია და კომპანია მხოლოდ მესამედი დატვირთვით მუშაობს. შედეგად, ოქრო საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულს მიღმაა. 2013 წელთან შედარებით ოქროს ექსპორტი 2-ჯერ არის შემცირებული. 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, ექსპორტზე მხოლოდ 27,9 მლნ აშშ დოლარის დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროა გატანილი.

სასამართლო პროცესი კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ახლაც მიმდინარეობს, სადაც კომპანია მესამე მხარედ არის ჩართული, თუმცა დაუსრულებელი პროცესის გამო, „არემჯი გოლდი“ ამჟამად ვერ ახერხებს სალიცენზიო ტერიტორიაზე სრულყოფილ ოპერირებას, ახალი საბადოს ათვისებას და შედეგად, კომპანია საწარმოო და საინვესტიციო შესაძლებლობებს ვერ ითვისებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ“ კომპანია „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) საქმიანობის შესახებ კვლევა წარმოადგინა, რომლის მიზანია კომპანიის საქმიანობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისა და საქმიანობის გავლენის შეფასება ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაზე, გარემოზე და რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. კვლევა „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაციასთან“ თანამშრომლობით მოამზადა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის ინტერესს სამართლებრივი და კულტურული მემკვიდრეობის საკითხის კვლევა არ წარმოადგენს. ჩატარებული კვლევის შედეგები საზოგადოებას ექსპერტებმა ირაკლი ლექვინაძემ, ლევან კალანდაძემ და ნოდარ ჭიჭინაძემ გააცნეს.

„რიჩ მეტალს გრუპი“-ის (არემჯი) საქმიანობა საქართველოში 2011 წელს იწყება, როცა კომპანიამ 2011 წლის ოქტომბერში ბოლნისის რაიონში ძვირფას და სამრეწველო ლითონებზე გეოლოგიურ-საძიებო და მოპოვების ლიცენზია მოიპოვა. ლიცენზიის საწყისი ფასი სახელმწიფო აუქციონზე 30 მლნ. ლარი იყო. საბოლოოდ ფასის სახით ლიცენზიის შესყიდვა კომპანიამ 93,5 მლნ. ლარად განახორციელა. 2012 წლის თებერვალში 110,5 მლნ. ლარად შეძენილი იქნა მადნეულისა და საყდრისის კარიერებში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის 27-წლიანი ლიცენზია, რომელიც ძალაში შედის 2015 წლის იანვრიდან. 2012 წლის ივნის-აგვისტოში „არემჯი“-ის მიერ GPM-გან („ჯეოპრომაინინგ გრუპი“) შეძენილი იქნა სს „მადნეული“ შპს „კვარციტი“ 120 მლნ. აშშ დოლარად, რომელიც მოიცავდა საყდრისის ლიცენზიას 2014 წლის აპრილამდე მოქმედების ვადით. სს „მადნეულს“ და შპს „კვარციტს“ გადაერქვათ სახელები და შესაბამისად ეწოდათ “არემჯი კოპერი” და “არემჯი გოლდი”.

ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის ცნობით, დღეისათვის კომპანიის შემოსავლები შემცირებულია. „დღესდღეობით, კომპანიის წინაშე დგას მთავარი პრობლემა – ბუნდოვანია გააგრძელებს თუ არა კომპანია საქმიანობას, რომელსაც რეგიონში ახორციელებს. კვლევის თანახმად, გამოვლინდა ის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც რეგიონისა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისათვის კომპანიის შემოსავლები შემცირებულია, რაც უკავშირდება ორ ძირითად ფაქტორს. პირველი – ეს არის ადგილობრივ მადნებში ოქროსა და სპილენძის მადნების შემცველობის შემცირება, მეორე კი მსოფლიო ბაზარზე ასევე შეინიშნება ოქროს ფასის შემცირება. კომპანიის წინაშე დგას საკითხი – აითვისოს ის ახალი საბადოები, რომლის გამოკვლევაში საკმაოდ სოლიდური თანხაა ჩადებული. ამ კუთხით, კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მსოფლიო ბაზარზე ოქროს გაძვირების ტენდენცია 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც 1 ტროული უნციის ფასი 282 აშშ დოლარი იყო (2002 წლის იანვარი). საფასო პიკი 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა – 1771 აშშ დოლარი, 2011 სექტემბერი – 2012 წლის სექტემბრამდე ოქროს ფასი რყევებს განიცდიდა. შემდეგი საფასო პიკი 2012 წლის სექტემბერში 1775 აშშ დოლარი იყო. ამ პერიოდიდან იწყება ფასების შემცირების ტენდენცია. 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ფასი 1221 აშშ დოლარია.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუ რუსეთის-უკრაინის კრიზისის შედეგად დაწესებული სანქციები რეცესიის წინაპირობებს შექმნის, ოქროს ფასი ზრდის დინამიკით დაიწყებს ცვლილებას. 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, კომპანია „არემჯი გოლდის“ მიერ წარმოებული ოქროს მოცულობა შემცირებულია. თუ საბაზისო წლად ავიღებთ 2009 წელს, წარმოების შემცირების მოცულობამ 2010 წელს 23% შეადგინა, 2011 წელს – 45%, 2012 წელს – 57%, 2013 წელს კი – 59%. ვერცხლის წარმოება მნიშვნელოვნად გაზრდილია 2010 და 2011 წლებში. 2009 წელთან შედარებით კი შემცირება ფიქსირდება 2012 წელს 15%-ით და 2013 წელს 2%-ით.

4

წარმოების შემცირების ძირითად მიზეზად ლიცენზირებულ კარიერებში არსებულ მადანში ოქროს შემცველობის შემცირება სახელდება. არსებული მადნის მოპოვება უფრო რთული, შესაბამისად, უფრო ძვირი ჯდება. აქედან გამომდინარე, კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ახალი საბადოების ათვისება, რადგან მოხდეს კომპანიის ფუნქციონირების სრულფასოვანი გაგრძელება და გამორიცხული იქნეს თანამშრომლების გათავისუფლება და მათი რიცხოვნების მნიშვნელოვანი შემცირება და, მეორე მხრივ, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფა მადნის მოპოვების და გადამუშავების მიმართულებით ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად. “არემჯი კოპერის”, “არემჯი გოლდის” გაერთიანებული შემოსავლები დინამიკა აჩვენებს, რომ ფიქსირდება შემოსავლების შემცირება. 2009 წელთან შედარებით 2013 წელს კლებამ 16.4% შეადგინა, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში 59 მლნ. ლარს უტოლდება. შემოსავლების შემცირება განპრობებულია წარმოების მოცულობის შემცირებით და ოქროზე და სპილენძზე ფასების შემცირებით მსოფლიო ბაზარზე. გარკვეული დაბალანსება შემოსავლების განხორციელებულია ძველი მარაგების ხარჯზე. თუ არ მოხდა ახალი კარიერების დამუშავება, შემოსავლების შემცირება უფრო საგრძნობი და მკვეთრი იქნება.

„არემჯის“ შემოსავლები

4

2009 წელთან შედარებით 2013 წელს „არემჯი გოლდის“ მიერ რეალიზებული ოქროს მოცულობა შემცირებულია 57%-ით. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები კი, 36%-ით. რეალიზებული ვერცხლის მოცულობა ამავე პერიოდში პრაქტიკულად არ შეცვლილა, თუმცა 2011 წელთან შედარებით განახევრებულია. ვერცხლის რეალიზაციიდან მიღებული საექსპორტო შემოსავლები გაზრდილია 72%-ით, საექსპორტო შემოსავლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს არის დაფიქსირებული როგორც ვერცხლის, ასევე ოქროს გაყიდვების ნაწილში.

რელიზებული პროდუქციის სრული მოცულობა კომპანიის მიერ რეალიზებული კონცენტრატის მოცულობა 2013 წელს 2009 წელთან შედარებით შემცირებულია 29%-ით, ყველაზე მძიმე 2012 წელი აღმოჩნდა, როდესაც რეალიზებული კონცენტრატის მოცულობა 57%-ით იყო შემცირებული. სპილენძის რეალიზაცია (ტონებში) 2013 წელს 5%-ით არის გაზრდილი, შემოსავლები რეალიზაციიდან კი, 19%-ით. ოქროს (უნციებში) რეალიზაცია კი შემცირებულია 20%-ით, შემოსავლების რეალიზაცია კი, შემცირებულია 18%-ით. ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით კი, საქართველოდან 2006 წლის შემდეგ დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტის დინამიკა შემდეგნაიარია: მაქსიმალური შემოსავალი ფიქსირდება 2009-2010 წლებში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ოქროს ფასები საერთაშორისო ბაზრებზე პიკზე იყო. ოქროს ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიმდინარე 2014 წელს ფიქსირდება – 8 თვეში, 24 მლნ. აშშ დოლარი, რაც მთლიანი ექსპორტის 1,25%-ია. პროდუქცია ყველაზე მაღალი წილით 2009 წელს იყო წარმოდგენილი 10,7%. ამ დროსათვის ის საექსპორტო პროდუქტების ათეულშიც ფიქსირდებოდა. საუკეთესო წლებში ოქროს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 116,2 მლნ. აშშ დოლარი (2009 წ.) და 117,7 მლნ. აშშ დოლარი (2010 წ.) იყო.

4

სპილენძის მადნების ექსპორტი ქვეყნიდან ბოლო 2 წელიწადში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება 2014 წლის 8 თვეში – 186 მლნ. აშშ დოლარი, რაც 24 მლნ. აშშ დოლარი აღემატება 2013 წლის მთლიან მაჩვენებელს. სპილენძის მადნის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში კი 9,8%-მდე არის გაზრდილი.

ექსპერტ ლევან კალანდაძის ინფორმაციით, 2012 წელს კომპანია RMG-მ ბიუჯეტში 143 მილიონი ლარი გადაიხადა, პრობლემების არსებობის ფონზე კი, 2013 წელს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების ოდენობა 21 მილიონ ლარამდე შემცირდა. „კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ისეთი ტიპის საინვესტივიო პროექტები, ისეთი ბიზნეს-ქეისები, როგორიც არის RMG და საქართველოში ოქროს მადნის მოპოვება, ხელსუფლების განსაკუთრებულ მიდგომებს საჭიროებს. RMG არის ძალიან მსხვილი გადამხდელი ბიუჯეტში, ის წარმოადგენს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პრაქტიკულად 10%-ს, ამავდროულად, მსხვილი დამსაქმებელია. RMG-სთვის პრობლემების შექმნა სერიოზულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.

4

კვლევის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც კომპანიის გაჩერების შემთხვევაში შეიძლება ადგილობრივ ეკონომიკას შეექმნას. მათი შეფასებით, 3000-ზე მეტი ოჯახის შემოსავლის გარეშე დარჩენა უპირობოდ კატასტროფის ტოლფასია, რაც რეგიონში სიღარიბისა და კრიმინალის დონის ამაღლებას გამოიწვევს. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების 80% ადგილობრივები არიან, კომპანია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. კომპანიაში პირდაპირ და ირიბად დაახლოებით 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დასაქმებულებზე გადახდილი ჯამური თანხის მოცულობა 2009-2013 წლებში 141 მლნ. ლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად წარმოების მოცულობის საგრძნობი შემცირებისა, თანამშრომლების რიცხოვნება და მათზე გადახდილი ხელფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა. ასევე ავტორების განცხადებით, საწარმოს დახურვა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ათობით მსხვილ მომწოდებელ კომპანიას და საბანკო სექტორს. “აქედან გამომდინარე, საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის ათვისება კომპანიის გადარჩენის, ქვეყნის და რეგიონისთვის სარგებლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

შენიშვნა: სტატიაში მოცემული ცხრილები და სტატისტიკური მონაცემები აღებულია „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროეტქების ინიციატივის“ კვლევიდან – „რიჩ მეტალ გრუპის“ საქმიანობის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასება და გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე