როგორ აფასებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატს მსოფლიოს წამყვანი ბრენდის ხელმძღვანელი
2012 წლის იანვრიდან, საქართველოში „ბოშის“ ჯგუფის კავკასიის რეგიონში წარმომადგენლობის მთავარი ოფისი ფუნქციონირებს. „რობერტ ბოში“ (RBGE) საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს უწევს კოორდინირებას. მისი მთავარი მოვალეობები გაყიდვებისა და მარკეტინგის მხარდაჭერა, ასევე ტრენინგების ორგანიზება კლიენტებისათვის. კომპანია „ბოში“ ტექნოლოგიებისა და მომსახურების წამყვანი მიმწოდებელია მთელს მსოფლიოში. იგი ცნობილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საავტომობილო ტექნიკა, სამრეწველო ტექნოლოგია, მოხმარების საგნები და სამშენებლო მასალები. 2013 წელს მისი გაყიდვების მოცულობამ 46.1 მილიარდი ევრო შეადგინა.
26 ნოემბერს, თბილისში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კომპანია „ბოშის“ პრეზიდენტმა დსთ-ს ქვეყნებსა და საქართველოში გერჰარდ ფაიფერმა იმ პროდუქციაზე ისაუბრა, რასაც „ბოში“ მომხმარებელს სთავაზობს. მათ შორისაა: საავტომობილო და სამრეწველო (სამრეწველო ტექნოლოგიის ბიზნეს-დარგი აერთიანებს მართვის და კონტროლის ტექნოლოგიას და შეფუთვის ტექნოლოგიას) ტექნოლოგიები, ფართო მოხმარების საგნები (ბიზნესის ეს დარგი მოიცავს პროდუქციის და გადაწყვეტების ფართო სპექტრს ელექტრო და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების სფეროში) და ენერგეგეტიკისა და სამშენებლო ტექნოლოგიები (თერმორეგულირების, მზის ენერგიის და დაცვის სისტემების სფეროებში).
„ბოშის“ საქმიანობის დაწვრილებით მიმოხილვისას, ფეიფერმა განაცხადა, რომ „ბოშის“პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი კეძო სექტორია. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელშიც გამოიყენება „ბოშის“ ტექნიკა. მესამე-ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია, კერძოდ ნავთობის და სხვა ენერგომატარებლების. მეოთხე – მეგა მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა, რომელიც იმართება მთელს მსოფლიოში.
მიმდინარე წლის შეჯამებისას გერჰარდ ფაიფერმა დადებითად შესაფასა კომპანიის საქმიანობა: „2014 წელს კომპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით საავტომობილო ტექნოლოგიების დარგში. სამრეწველო მიმართულებით ჯერ კიდევ რთული წელია, რადგან მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა ისევ სუსტია. რამდენიმე მეგატრენდი არსებობს მსოფლიო ბაზაზრე, რომელიც გამოწვევაა ნებისმიერი კომპანიისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც: პირველ რიგში, ნახშირორჟანგის ემისია და მისი გამოყოფის შემცირება, ენერგომოხმარებაში შემდეგი ეფექტიანობის მიღწევა; დემოგრაფია – მსოფლიო ბერდება და შესაბამისად ბიზნეს შესაძლებლობები უნდა მოვარგოთ ამ ტენდენციებს; მესამე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ურბანიზაცია, მსოფლიო მოსახლეობის 70% დღეს სახლობს დიდ, მეგაქალაქებში და აღნიშნული ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია ბიზნეს აქტივობების დაგეგმვისას და ჩვენი კომპანია ამ ყველაფერს ითვალისწინებს“ – განაცხადა ფაიფერმა.
მან იმ გამოწვევების შესახებაც ისაუბრა, რაც დღეს რეგიონში არსებობს და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. გერჰარდ ფაიფერი: „რეგიონში დომინანტური ბაზრის, რუსეთის ეკონომიკური რეცესიის გამო ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარსებულია. რუსული ბაზარი საკმაოდ სუსტად გამოიყურება. მიმდინარე წელს მსუბუქი ავტომობილების წარმოება 4%-ით შემცირდება რუსეთში, მგზავრთა გადამყვანი ავტომობილების წარმოება კი – 20%-ით, რაც ჩვენი კომპანიის მაჩვენებლებზეც აისახება. ვერ ვაღწევთ დაგეგმილ მოლოდინებს სხვა მიმართულებითაც, იგივე რუბლის დასუსტების გამო. გასული წლის მაისიდან მოყოლებული, ევროსთან შედარებით რუბლი 45 პუნქტით დაეცა. მნიშვნელოვანია ინფლაციური პროცესები, რაც მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობას ამცირებს. თუმცა, ჩვენი გაყიდვები რუბლებში წელს მცირედით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს. ასევე, რთული ვითარებაა უკრაინაშიც, სადაც ჩვენმა ბიზნესმა სერიოზული დარტყმა განიცადა“.
გერჰარდ ფაიფერი დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწერილ სანქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მართალია, დასავლეთის სანქციები უშუალოდ არ ეხება „ბოშის“ პროდუქციას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ირიბ გავლენას ჩვენს ბიზნესზე მაინც ახდენს. ჩვენი პროდუქტები არ არის სანქცირებული პროდუქტების ჩამონათვალში, მაგრამ არაპირდაპირ ჩვენ მაინც ვზარალდებით, რადგან ეს სანქციები ეკონომიკას ასუსტებს“.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას სამხრეთ კავკასიის რეგიონში „ბოშის“ რეგიონალური ცენტრის დირექტორმა დავით ოკერმა ისაუბრა საქართველოში „ბოშის“ წარმომადგენლობაზე: „2012 წლიდან ჩვენი ბრუნვა გასამმაგდა. გასაყიდი წერტილების ქსელი კი გაექვსმაგდა. კომპანიის სტრატეგიაა რეგიონში უფრო გააფართოვოს მუშაობა, ამ მიზნით იქმნება საწყობი, რომელიც ოპერირებას წელს დაიწყებს. ეს მნიშვნელოვანია საქართველოში, რადგან ქვეყანაში მოსალოდნელია სამშენებლო ზრდა, რაც მაღალი სამშენებლო ტექნოლოგიებით მომარაგების საჭიროებას აჩენს. ამ საწყობის საშუალებით სწრაფი მოწოდება იქნება განხორციელებული“.
გერჰარდ ფაიფერის განცხადებით, „ბოშისთვის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიული ბაზარია, განსაკუთრებით საქართველო, „რადგან საქართველოში სახეზეა ეკონომიკური წინსვლის ტენდენციები. ქვეყანაში შეიქმნა პოზიტიური საინვესტიციო კლიმატი, განსაკუთრებით სამშენებლო სფეროში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
თუმცა როგორც ფაიფერმა განაცხადა, საწარმოო სიმძლავერეების ამუშავება საქართველოში ჯერჯერობით არ იგეგმება, ქვეყნის ბაზრის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე.