სად იჭრება ყველაზე დიდი ფული
ირაკლი წინამძღვრიშვილი
“თბილგაზის” ხელში ჩასაგდებად წლების მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები იბრძოდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ სააქციო საზოგადოება აღარავის სჭირდება. ყველამ ხელები დაიბანა, თუმცა, გარკვეული ინტერესი ჰორიზონტზე მაინც იკვეთება: ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული ტრანსნაციონალური კომპანიის, “იტერას” ინტერესები დღემდე გაუნელებელია, ხოლო მის მიერ “თბილგაზის” დაპატრონების სურვილი დაუოკებელი.
მის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში ვითომდა მოსახლეობაზე ზრუნვა მთავარ პრიორიტეტად ქცეულა, გაზის ტარიფი მაინც არითმეტიკული პროგრესიით იზრდება.
ისევ ამის პარალელურად, ხელისუფლების მაღალი ეშელონები ტარიფის შემცირებაზე ფიქრობენ. “იტერასა” და “თბილგაზს” შორის შუამავალ ზედმეტმჭამელთა რგოლის ამოგდებას ცდილობს, თუმცა, ტარიფი კვლავ უცვლელი რჩება.
ჩვენი ჟურნალი პერმანენტულად აშუქებს “თბილგაზში” მიმდინარე პროცესებს და მკითხველიც, გარკვეულწილად, ინფორმირებულია. მაგრამ მაინც შეგახსენებთ ზოგიერთ დეტალს: ს/ს “თბილგაზის” აქციათა პაკეტის 96,05%-ის მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. საბოლოოდ, ან სახელმწიფო ან მერია-საკრებულო იტვირთებს ამ მძიმე მოვალეობას. დანარჩენი 3,95%-ის მფლობელი თავად კოლექტივია. “თბილგაზის” ბალანსზე ამორტიზირებული და კოროზირებული ქსელები, ასაფეთქებლად გამზადებული მილები და “მწვანეში ჩაფლული” ადმინისტრაციული შენობაა. ობიექტის ბედით შეწუხებული ხელისუფლება მიწაში ჩადებული ჯართის მეპატრონის პოვნას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. “თბილგაზის” პრივატიზების პროცესი 1998 წლიდან იღებს სტარტს და ფინიშამდე, სამი მცდელობის მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ აღწევს.
“იტერა”, “საქგაზი”, “ა-გაზი, “ეი-ი-ესი”, “ტაჰალი” და სხვა მრავალი წვრილი თუ მსხვილი კომპანია “თბილგაზის” ხელში ჩაგდებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, მთელი ეს თამაში რომელიღაც კომპანიისათვის მოთელვა იყო და მოსახლეობის შოკური გადაწყვეტილებისათვის შემზადებას წარმოადგენდა. ამასობაში “თბილგაზს” 70 მლნ ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა. მის კრედიტორებს შორის სახელმწიფო ბიუჯეტი, “იტერა” და სხვა ორგანიზაციები არიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საბანკო კრედიტების ოდენობა ყოვლად გასაიდუმლოებულია და არც საკრედიტო ხაზია გამჭვირვალე. როგორც ამბობენ, ამ ვალების დაგროვება ხელოვნურად ხდებოდა და არაერთი მაკონტროლებელი ორგანოს დაკვირვების მიუხედავად და “თბილგაზში” ვიზიტისა ვალების წარმოშობის თემა კვლავ ბურუსით არის მოცული. ასევე, საიდუმლოდ რჩება “თბილგაზის” ფინანსური ბრუნვის საკითხი, ეს, ასე ვთქვათ, ტაბუდადებული თემაა. “თბილგაზის” აბონენტთა რიცხვი დღეისათვის 164 ათასს აღწევს, თუმცა, დაახლოებით 30 ათასი აბონენტი ქრონიკულად გამორთულია (ავარიების, სარემონტო სამუშაოების, გადაუხდელობისა და სხვა მიზეზთა გამო). “თბილგაზი” აუღებელ ციხე-სიმაგრეს ემსგავსება, სადაც დირექტორები მიდი-მოდიან, პრეზიდენტი იმუქრება, მაგრამ ბოლოს კრება მხიარული რჩება და კორუფციის ჭაობში ყველას მშვიდად სძინავს.
ვის ხელშია “თბილგაზის” სადავეები
უკვე ვთქვით, პრივატიზების პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. უკანასკნელი პროცესი მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა, თუმცა, არც მას დაადგა საშველი: “იტერა-ჯორჯია” – ერთობლივი საწარმოს შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა, თუმცა, დროებით.
“იტერა-ჯორჯიას” შექმნის მოწინააღმდეგეები აქტიურად ცდილობდნენ პროცესის ჩაშლას და, შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე მიზანს მიაღწიეს. არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებით ზურგამაგრებული ხელისუფლება ერთობლივ საწარმოზე უარს აცხადებს. პრობლემა ამით არ სრულდება.
ზამთრის სეზონის მოახლოება მიმზიდველი ინვესტორებისათვის და ობიექტში ფულის დაბანდებისათვის სარფიანი არასდროს ყოფილა. დაბნეული ხელისუფლება ყინვების დასაძლევად პრეზიდენტის ბრძანებულებას აცხობს და უპატრონო “თბილგაზს” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის გადასაცემად ამზადებს. პროცესი თითქმის დამთავრებული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს “თვალები აუხილეს” და ახლად არჩეული საკრებულოსათვის “ბანკროტი” კომპანიის დაბრუნება ურჩიეს. საკრებულომ და ენერგომაფიაში კარგად გათვითცნობიერებულმა მისმა ლიდერმა სააკაშვილმა პრეზიდენტ შევარდნაძეს მტკიცე უარი შეუთვალა.
ამასობაში რუსეთში მკვეთრი აციების გამო “გაზპრომი” “იტერას” ეკონომიკური სანქციებით სჯის და გაზის რაოდენობას უმცირებს, რაც საქართველოს გაზის სექტორზე და მითუმეტეს თბილისზე, ადექვატურად მოქმედებს: “იტერა” წნევას აგდებს და თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს უგაზოდ ტოვებს, თუმცა, დროებით. ამასობაში, სომხეთის გაზის სარეზერვო საცავებში გაზის სამიოდე თვის მარაგიღა რჩება, იქ კრიზისი არ შეიმჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში გაზის ფასი საზღვარზე 55 დოლარს უდრის (გაზის სავარაუდო ფასი სატრანზიტო ხარჯების გარეშე 49 დოლარია), ხოლო აზერბაიჯანში – 52 დოლარს. ამავე დროს, “იტერას” ინფორმაციით სომხეთში ეს თანხა – 53 დოლარს პლუს დღგ-ის 20% – 66 დოლარამდე იზრდება, აზერბაიჯანი-ირანის საზღვარზე კი, 85-92,2 დოლარს აღწევს.
თბილისი, როგორც ყოველთვის, ტოქსიკურ შოკშია, უბედური შემთხვევების ალბათობა იზრდება და ხელისუფლება საიდუმლო ოპერატიულ თათბირებს სახელმწიფო მინისტრთან ააქტიურებს, ოღონდ ისე, რომ არავინ იცის რა ხდება!
ვერსიები მრავლად არის. მათ შორის, აქტიურად საუბრობენ “თბილგაზის” სასწრაფო წესით გასხვისებაზე. აქაც, მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სხვა, ისევე დაუვიწყებელი ძველია და შეჩვეული… “იტერა” ერთადერთ უალტერნატივო პარტნიორად მოიაზრება, თუმცაღა, როგორც რუსეთის საინფორმაციო საშუალებები გვაუწყებენ, არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციის “იტერას”, რუსეთშივე ალტერნატივა მრავლად ჰყავს. საქართველოში კი, უალტერნატივო “იტერას” ლობისტი, როგორც ამბობენ, შევარდნაძის კართან დაახლოებული პირია. “თბილგაზის” ხელში ჩასაგდებად რა ფორმას შესთავაზებენ “იტერას”, ხელისუფლება დღე-დღეზე გადაწყვეტს, მაგრამ რამდენად იხეირებს ამ გარიგებით მოსახლეობა, უცნობია. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ ზურგზე გაზის ტარიფის ექვსჯერ ცვლამ გადაიარა. თუ ვინ იქნება “თბილგაზის” მფლობელი, ეს ხალხს ნაკლებად ადარდებს; ობივატელის სურვილია ჰქონდეს გაზი, თანაც იაფი. გაზის მოხმარება ზამთრის პერიოდში დღე-ღამეში 2,მილიონ კუბურ მეტრს აღწევს, თუმცა, პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე ეს რაოდენობა მცირდება წნევის ვარდნისა და “იტერას” გუნება-განწყობის შესაბამისად.
საიდან გაჩნდა “საქგაზი”?
90-იანი წლების მეორე ნახევარში რუსულ-ქართული “თანამეგობრობა” – ერთი მხრივ, “იტერას”, მეორე მხრივ, ბეჟუაშვილ-სააკაშვილის ტანდემის სახით, “შვილობილ” კომპანიას აფუძნებს, სადაც 50% ქართულ მხარეს ეკუთვნის. “საქგაზი” საქართველოში გაზის დისტრიბუტორია და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზის გავრცელებას უზრუნველყოფს (თუ როგორ ამას მოსახლეობაც კარგად გრძნობს). რა დოკუმენტის საფუძველზე აღმოჩნდა “იტერასა” და “თბილგაზს” შორის “საქგაზი”, მოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა. წლების განმავლობაში ბეჟუაშვილისა და სააკაშვილი გვარები გაზთან მიმართებაში პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა. პირველი მოწვევის საკრებულოში ეს პიროვნებები გაზის მაგნატებად სახელდებოდნენ. “საქგაზში” არსებულ ქაოსზე, ფინანსურ მაქინაციებსა და “მოხსნილ ფულებზე” კონტროლის პალატაც მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, განაჩენი არავისთვის გამოუტანიათ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაუსჯელობის სინდრომი, ამ შემთხვევაში, ან კორუფციის და გარიგების შედეგია ან მაკონტროლებელი ორგანოების უმაქნისობის. ამ ეტაპზე საქმე მხოლოდ იმით დამთავრდა, რომ მაკონტროლებლები მხოლოდ “ვიღაც ვიღაცეების” მოსკოვური სახლებისა და ავტომანქანების რაოდენობის ინფორმაციით შემოიფარგლნენ. ამბობენ, ბეჟუაშვილ-სააკაშვილს თავისი წილი “საქგაზში” გაუყიდიათ და დღეს აღარავინ საუბრობს პარლამენტის დეპუტატის იმუნიტეტსა და საკრებულოს ლიდერის მანტიის მფლობელთა წარსულ “ცოდვებზე”, მაგრამ საზოგადოებაში აქტიურად მუსირებს სააკაშვილის “თბილგაზით” დაინტერესების თემა. რამდენადაც ალოგიკურად არ უნდა მოგეჩვენოთ, სააკაშვილის პრეტენზიები “თბილგაზის” მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით, შესაძლოა, ბლეფი აღმოჩნდეს.
აქვე უნდა გავიხსენოთ “საქგაზისა” და “საქტრანსგაზმრეწვის” დაპირისპირების თემაც, როცა ამ უკანასკნელის გენერალური დირექტორი ივანე ზაზაშვილი მავანთა მხრიდან ზეწოლასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობაში ხელისშეშლაზე საუბრობდა. “საქტრანსგაზმრეწვი”, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ეს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.
გაზის ტარიფის შემცირებას პრეზიდენტიც კი ითხოვს, მაგრამ “თბილგაზს” რეაბილიტაცია სჭირდება
პრეზიდენტი გვიან მიხვდა, რომ საქართველოში, ისე როგორც არსად, ბუნებრივი აირის ტარიფი ძალიან მაღალია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სოციალურ ფონს.
ჯერ კიდევ 1999 წელს, გაზის ფასი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე 60 დოლარია, ხოლო “საქგაზის” წყალობით ეს ტარიფი მოსახლეობისათვის 1000 კუბურ მეტრზე 250 ლარს აღწევს. თუმცა, 1999 წლის 1 მაისიდან 1 აგვისტომდე ეს თანხა 288 ლარს შეადგენდა, აქედან 80 ლარამდე “საქგაზის” წილი იყო. ამის შემდეგ ტარიფი კიდევ რამდენჯერმე იცვლება და უკვე 2001 წლის ნოემბრიდან 6 თვით ხელისუფლებამ შეძლო “საქგაზის” ინტერესი დროებით შეეზღუდა და პირდაპირი ხელშეკრულება გაფორმდა “თბილგაზსა” და “იტერას” შორის. (ცხრილი)
ერთი საინტერესო დეტალი: მოსკოვიდან, ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის თავზე (ანუ ერთი თვით ადრე ვადის ბოლომდე), “იტერას” პრეზიდენტი, იგორ მაკაროვი საქართველოს ხელისუფლებას უგზავნის საოცარ წერილს, სადაც პრეზიდენტ შევარდნაძეს სთხოვს “საქგაზის” სავაჭრო გარიგებაში ვადამდე ადრე დაბრუნებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ “საქგაზის” მესვეურთ ეს გარიგება გულზე არ ეხატებოდა და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მკაცრი პირობა დაერღვიათ. ეს დეტალი არ გახმაურებულა და ოფიციოზი მსგავსი განცხადებებისგან თავს იკავებს. ვადა მართლაც იძულებითი წესით დარღვეულა და “საქგაზი” ისევ გამოჩნდა.
პროცესში “საქგაზის” კვლამ ჩართვამ საზღვარზე 2002 წლიდან გაზის ისევ 60 დოლარამდე გაძვირება გამოიწვია და მოსახლეობას კი, 1000 კუბური მეტრი აირი 270 ლარი გაუხდა. ნუ ვიფიქრებთ ისე, რომ “ტარიფმჭრელები” მხოლოდ “იტერა” ან “საქგაზი” იყო. მოსახლეობის ტარიფში კიდევ რამდენიმე რგოლი მონაწილეობს. დღგ, ეკოლოგიისა და ტრანსპორტირების გადასახადი, ხოლო თავად გაპარტახებული ობიექტის, “თბილგაზის” წილი ნულს უტოლდება.
ცნობისათვის: 15 დეკემბრიდან “იტერამ” “საქგაზის” ოფსაიდში დატოვება სცადა, უვადოდ, თუმცა, მოსახლეობის ტარიფი არ შემცირდებოდა, მაგრამ ქსელების რეაბილიტაციას “თბილგაზმა”, შესაძლოა, ხელიც გამოჰკრას, რაც უავარიო რეჟიმში მუშაობას ნიშნავს და არანაკლებ საჭიროა ამ ეტაპზე “თბილგაზსა” და მოსახლეობისათვის. მაგრამ რის სანაცვლოდ მოხდა გარიგება ხელისუფლებასა და ღამით სათათბიროდ ჩამოფრენილ მაკაროვს შორის, უცნობია. ჩვენი ხელისუფლების ორიგინალური აზროვნება იქამდეც კი მივიდა, რომ “საქგაზის” კომბინაციიდან ამოვარდნა-ჩავარდნის საკითხი ბურუსით არის მოცული: თუკი “თბილგაზი” ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდოდა, “საქგაზის” ამოვარდნა ნამდვილად შესაძლებელი იყო, რადგან იგორ მაკაროვსა და ენერგეტიკის მინისტრს შორის საოქმო შეთანხმება გაფორმებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ “იტერას” ქართველი წარმომადგენლები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ყველა შემთხვევაში “საქგაზი” თამაშ გარეთ დარჩებაო, როგორც ამობობენ, “საქგაზის” შეფმა, ლეონიდ დეიკალომ გადაწყვიტა სასამართლოს მიმართოს და “გაცდენილ დღეებზე” “თბილგაზს” საურავები დაარიცხოს. თანაც, პრეზიდენტის ბრძანებულებას, რითიც მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა “თბილგაზი”, თან არ მოჰყოლია ის გეგმა, რომლითაც კრიზისული მენეჯმენტისა და დაფინანსების საკითხები იქნებოდა აღწერილი.
31 დეკემბერს 30 იანვარს “თბილგაზსა” და “საქგაზს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა იწურება. მასში სამი მთავარი პუნქტია: წინსწრებით გადახდა, ძველი ვალების ოპერაციების მომსახურების 30%-ის გადახდა და ასევე, ძველი ვალების მომსახურება და გაწერა. 1 იანვარს უნდა დაიდოს ახალი ხელშეკრულება, რომლის პირობები, რა თქმა უნდა, უცნობია და არ არის გამორიცხული, რომ მასში “საქგაზის” ზეწოლით, პოლიტიკური გადაწყვეტილებები აისახოს – “საქგაზის” ამოვარდნაზე საუბრები წარსულს ჩაბარდეს და მისი წილი ძველებურად, ტარიფში აისახოს. სხვათაშორის, დედაქალაქის მოსახლეობის ზურგზეა “საქგაზის” აპარატის შენახვის ხარჯები (ტარიფშია განსაზღვრული), ხელფასები, რომლებიც მინიმალურისაგან ათჯერ და ასჯერ განსხვავდება.DO
“თბილგაზის” რენტაბელობის თეორიულად დაშვებაც კი წარმოუდგენელია, რადგან ასეთი ტარიფის პირობებში ვერც ერთი კომპანია არსებობას ვერ შეძლებდა. საერთოდ, რისი მაქნისია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომლის პოლიტიკა გაზის ტარიფებთან მიმართებაში არავითარ ჩარჩოებში არ ჯდება. ექსპერტები ტარიფში არსებულ რეზერვებზე საუბრობენ. საუბრობენ იმაზეც, რომ თუკი მოსახლეობისათვის გაზის საფასური არ შემცირდება, შეიძლება მოინახოს თანხები ობიექტის რეაბილიტაცია-განვითარებისათვის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ “თბილგაზი” მიზანმიმართულად კოტრდება, რათა მომავალი წლის გაზაფხულზე სცენაზე ვიხილოთ ახალი გმირები – ანუ მომავალი მომგებიანი კომპანია, რომელმაც დიდ დისტანციაზე სვლა მოახერხა, ასევე მოახერხა კონტროლის პალატის, შსს-სა და პრეზიდენტის რისხვების არეკვლა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ბერკეტების ხელში ჩაგდება.
სურს თუ არ სურს “თბილგაზი” საკრებულოს?
მუნიციპალიტეტს, ენერგეტიკის სამინისტროსა და ქონების მართვის სამინისტროს შორის გაჭედილ “თბილგაზს”, პატრონობაზე ყველა უარს ეუბნება. აქამდე, მერია, ავად თუ კარგად, პატარკაციშვილის თუ საბანკო კრედიტების “შემწეობით”, “თბილგაზის” ფუნქციონირებას ახერხებდა. სააკაშვილ-ზოდელავას დაპირისპირებამ, შესაძლოა, “თბილგაზს” და შესაბამისად, დედაქალაქის მოსახლეობასაც დიდი პრობლემები შეუქმნას. როგორც ექსპერტები და პოლიტოლოგები ვარაუდობენ, სააკაშვილისთვის “თბილგაზის” დაბრუნება პორტფელის დაკარგვის ტოლფასი იქნება, ხოლო ზოდელავასათვის – პოზიციების გამყარება. უკანასკნელი ვარიანტი, შევარდნაძის კაბინეტს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაში დაეხმარება. რამდენად დაუშვებს არასამთავრობოებთა სულიერი ლიდერი, სააკაშვილი ამ ბრძოლაში მიღწეული გამარჯვების დაკარგვას, ძნელი განსაჭვრეტია, რადგან თეთრ და შავ პიარებში დახელოვნებული, ოკეანის გაღმა ოფშორული განათლების მქონე “ნაციონალისტს”, ზურგს დასავლეთი უმაგრებს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ ფსბ საერთაშორისო ტენდერში შესაბამის კომპანიებსაც ჩართავს. შესაძლოა, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშოს დედაქალაქის გაზის მეურნეობის შენარჩუნებასა და აღორძინებაში და საქართველოს პრეზიდენტისათვის ჩრდილოეთის გაზის კონტურები ჩაახშოს. ამას, რა თქმა უნდა, კარგად ხვდება მიხეილ სააკაშვილი და პოზიციების დათმობას არ აპირებს. ამ “გაუგებრობაში”, შესაძლოა, “თბილგაზმაც” იხეიროს (კარგი გაგებით) და ჩვენც გვეშველოს.
“თბილგაზის” ხელმძღვანელობა დაბნეულ, მაგრამ დემაგოგიურ განცხადებებს აკეთებს, ვფიქრობთ თავადაც წარმოდგენა არა აქვთ რა მიზეზით შეიძლება თბილისს გაზის მიწოდება შეუწყდეს ან შეფერხებით მიეწოდოს. ზოგ შემთხვევაში, მიზეზად “იტერას”, ზოგში – ისანი-სამგორის მონაკვეთზე გახვრეტილ მილს, “ეტნას” გაღვიძებას და ნიაგარაზე უწყლობას ასახელებენ.
“თბილგაზის” გადარჩენის ერთადერთი გზა ისევ მისი პრივატიზებაა: აპოლიტიკური, ფინანსურად ძლიერი, გამოცდილი კომპანიის “თბილგაზით” დაინტერესების შემთხვევაში, გაპარტახებული ობიექტის (თუმცა, ამბობენ “თბილგაზში” დიდი ფული იჭრებაო) რენტაბელურად ქცევის შანსი საკმაოდ დიდია. მაგრამ არსებობს მეორე გზაც, გაცილებით უფრო ძვირი და იოლი – დავრჩეთ უგაზოდ! არჩევანი ხელისუფლებაზეა.