კიდევ ერთი ფინანსური ხაფანგი ქართველი მომხმარებლებისთვის
მაკა ღანიაშვილი
vivus.ge-ს ოინები
საქართველოში სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება და ადამიანებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ სესხის ახალ წყაროებს მიაკითხონ და ფაქტოვრივად კაბალურ პირობებს მოაწერონ ხელი – სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ონ-ლაინ კრედიტების ბუმი, რომელიც ბოლო პერიოდში დაიწყო. ქვეყანაში მომრავლდა ონლაინ კრედიტების გამცემი კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს სესხს რეკორდულად მაღალი საპროცენტო განაკვეთებით სთავაზობენ. მათ მიერ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი კოლოსალურია, თუმცა წლიურმა ეფექტურმა საპროცენტო განაკვეთმა შეიძლება მაინც გაგაოცოთ – ისინი ხშირად 1000-1500%-ს აღწევს.
ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ. სესხის დამტკიცებას 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია და როგორც ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, მათი საკრედიტო ისტორიაც. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20–21 წელს ასახელებენ. მაგრამ რაც შეეხება საკრედიტო ისტორიას, ბევრია შემთხვევა, როდესაც ამ გზით სესხებს ბევრი ისეთი კლიენტიც იღებს, რომელსაც ბანკებთან „გაფუჭებული“ ურთიერთობის გამო სხვა გზა არ რჩება. ქვეყანაში რეალურად დგას ფინანსური რესურსების დეფიციტი და ვინაიდან ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებს კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიოლებული აქვთ, მათ პროდუქტებზე მოთხოვნა მაღალია.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აჩვენებს სესხის რეალურ ღირებულებას, რომელშიც ასახულია ყველა ის ხარჯი, რაც კლიენტს კრედიტის დასაფარად უწევს. ხშირად ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თუ ონლაინ საკრედიტო ვებ გვერდები კლიენტებს უცხადებენ, რომ სესხი უპროცენტოა, ხოლო ამ კრედიტის მომსახურებისათვის საჭირო თანხებს საკომისიოდ მოიხსენიებენ. ამიტომ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველაზე ნათლად წარმოაჩენს კრედიტის სიძვირეს და მის დასაფარად საჭირო თანხების ოდენობას. მაგალითისათვის, Emma’s Credit-ის ვებ გვერდზე კლიენტს 10-დან 300 ლარამდე სესხი აღება შეუძლია მაქსიმუმ 30 დღის ვადით. თუ კლიენტი 300 ლარს 30 დღის ვადით აიღებს, როგორც ვებ გვერდი იუწყება, 90 ლარის საკომისიოს გადახდა მოუწევს, თუ რაიმე ფასდაკლების აქცია არ მოქმედებს იმ დროისთვის. ეროვნული ბანკის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორის თანახმად, ამ კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1 859%-ია. კიდევ ერთ ონლაინ სესხების ვებ გვერდ onlinecredit.ge-ზე შესაძლებელია 50-დან 700 ლარამდე კრედიტის აღება. თუ 700-ლარიან სესხს 30 დღის პერიოდით აიღებთ, ამ შემთხვევაში, კრედიტის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1001%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი დათვლები გათვლილია სესხების პირნათლად, 30 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში. ხოლო თუ კლიენტმა აღებული თანხის დაბრუნება 1 თვის ვადაში ვერ შეძლო, ყველა ონლაინ საკრედიტო ვებ გვერდს კრედიტის გადავადებისათვის დამატებითი საკომისიოები აქვთ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი ონლაინ სესხების კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითხოვს. „რიკო კრედიტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მთავრობა ონლაინ სესხების კომპანიების გააქტიურებას სერიოზულად არ უყურებს, შედეგად კი ასეთი კომპანიები კანონში არსებული გარკვეული „ხვრელებით“ სარგებლობენ. ნიკოლაიშვილი განმარტავს, რომ ონლაინ სესხების კომპანიებს უფლება აქვთ დააყადაღონ ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონება და შედეგად მოსახლეობა სავალალო მდგომარეობაში ხვდება. მისივე თქმით, დღეს „რიკოს“ მომხმარებლების 10% სწორედ ონლაინ სესხების კომპანიასთან გართულებული ურთიერთობის გამოსასწორებლად მიმართავს.
ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ასეთ კომპანიებს საპროცენტო განაკვეთების ლიმიტი არ აქვთ და ქონების მოთხოვნის უფლება გააჩნია, ამიტომ მთავრობა ამ საკითხისადმი ყურადღებით უნდა იყოს. ონლაინ სესხების კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით კი, ონლაინ სესხების კომპანიები კანონის ფარგლებში მოქმედებენ. როდესაც კლიენტი იღებს სესხს, ხელშეკრულებას ეცნობა და იცის სესხის პირობები. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე განსაკუთრებით გააქტიურებული, ონლაინ სესხების კომპანია vivus.ge-ს უკან რუსი მილიარდელი ოლეგ ბოიკო დგას. ის „ფორბსის“ ბოლო რეიტინგში 78-ე ადგილს იკავებს 1, 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებით. vivus.ge, ანუ შპს „4 ფინანსი“, საქართველოში 2013 წლის 4 იანვარს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ლატვიაში რეგისტრირებული სს „4ფინანსია“. vivus.ge-ზე სესხის თანხა 50-დან 650 ლარამდე ფარგლებში მერყეობს. პირველი სესხი უპროცენტოა, თუმცა ყოველი მომდევნო უკვე ფასიანია. 650-ლარიანი სესხის 30 დღის პერიოდით აღების შემთხვევაში, კრედიტის დასაფარად 741 ლარის გადახდა მოგიწევთ.
ბოიკომ 2012 წლის დასაწყისში „სწრაფი კრედიტების“ ლატვიური კომპანიის 4finance-ის 75% შეიძინა. სწორედ „4Finance“-ის ბრენდია Vivus.ge, მისი ანალოგი რუსეთშიც მოქმედებს vivus.ru-ს სახით. გარიგების თანხამ სხვადასხვა მონაცემებით, 70 მილიონიდან 190 მილიონ დოლარამდე შეადგინა. ბოიკოს ბიზნესის პრინციპია მცირე კრედიტების გაცემა ხელფასამდე ონლაინ განაცხადის საფუძველზე. თუმცა, რუსეთში კომპანიის წარმომადგენლები უფრო შორსაც წავიდნენ და სპეციალური აპარატები დადგეს – თუ დღეს საქართველოში ხურდა ფულითა და სპეციალური აპარატების საშუალებით გამაგრილებელი სასმელის, ყავისა და ტკბილეულის ყიდვა შეიგიძლიათ, რუს მომხმარებელს ამ გზით კრედიტების აღებაც შეუძლიათ. ისინი განაცხადს მსგავსი აპარატის საშუალებით აკეთებენ და სესხის დამტკიცების შემთხვევაში, ფულსაც ამ აპარატის საშუალებით იღებენ.
რუსული „ფორბსის“ ინფორმაციით, 4finance გეგმავს ონლაინ-დაკრედიტების მსოფლიო ბაზრის ლიდერობას და IPO-ს განხორციელებას. კერძოდ, 2015 წლისთვის ბოიკო აპირებს, გადაუსწროს ამ ბაზრის მსოფლიო ლიდერს, ინგლისურ Wonga-ს. 4finance-ს კაპიტალიზაციამ კი შესაძლოა მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამჟამად 4finance მსოფლიოს 12 ქვეყანაში მუშაობს. კომპანიას, ონლაინ-დაკრედიტების გარდა სურს დაიწყოს სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვა, ელექტრონული საფულეების შექმნა, ფულადი გადარიცხვების და მობილური ექვაირინგის წარმოება. ცოტა ხნის წინათ, ბოიკოს კომპანიამ, ბრაზილიური Freedom Technologies-გან მობილური ბანკის პლატფორმა იყიდა. ბოიკოს გეგმებში შედის კიდევ რამდენიმე გარიგება, მათ შორის მაღალტექნოლოგიური და საკრედიტო ორგანიზაციების შეძენა, ასევე 4finance-ში წილის 100%-მდე გაზრდა.
თუმცა სწრაფი ზრდის მიუხედავად, ეს ინდუსტრია რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას. სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებით, 2014 წლის დასაწყისისთვის კომპანია 4finance-ს გაცემული აქვს 69 მილიონი ევროს გადაუხდელი კრედიტი, რაც გაცემული კრედიტების 31%-ს შეადგენს. კომპანიისთვის კიდევ ერთ რისკს წარმოადგენს მარეგულირებლების შეზღუდვები მომხმარებლების სასარგებლოდ – 2014 წლის ივლისში ბრიტანეთის ხელისუფლებამ „ხელფასამდე კრედიტების“ განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად 0,8% დააწესა (დღიურად), წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი კი 282%-ით განისაზღვრა. ანალოგიური გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღონ სხვა ქვეყნებმაც. ბოიკო აცახდებს, რომ ამის საპასუხოდ, ისინი ბიზნესის დივერსიფიცირებას აწარმოებენ. კომპანია უკვე გასცემს 2 წლამდე კრედიტებს, ყოველთვიური გადახდებით და ასეთი სესხები მთლიანი პორტფელის მეოთხედია და ნახევარი უნდა გახდეს. ევროპაში ასეთ სესხებზე განაკვეთები 63%-დან 150%-მდეა, ხოლო „მოკლე კრედიტების“ წლიური საპროცენტო განაკვეთი 820%.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, რუსეთში ასეთ კრედიტებზე განაკვეთი 13 800%-საც კი აღწევდა, მაგრამ 1 სექტემბრიდან კანონმდებლობა შეიცვალა და მაქსიმუმ 800%-იანი ზღვარი დაწესდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთში მცირე სესხების მოცულობა 47.2 მილიარდ რუბლს აღწევდა, 2014 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ზრდამ 21% შეადგინა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვითარება საქართველოშიც საგანგაშოა. მომხმარებელი, რომელსაც სხვა გზა არ რჩება, 1000 და ხშირად უფრო მაღალ პროცენტიანი განაკვეთებით იღებს ონ-ლაინ სესხებს, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში ამ პროცესებზე მარეგულირებელი ნორმების დაწესების შესახებ საუბარი არ დაწყებულა.