მოიგე… სიგლახაკითა სიმდიდრე, ანუს საქართველო და გლობალისტები
ომარ ჯანელიძე
ხელისუფლებამ, რომელმაც არ იცის საკუთარი სამეურნეო განვითარების დინამიკა, სტრატეგია, ტაქტიკა და პოლიტიკა – რბილად რომ ვთქვათ, არ ვარგა. სხვანაირად ვერც დაახასიათებ იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომლის ეკონომიკური გეგმები აშკარად მოჩვენებით ხასიათს ატარებს. არადა, ჩვენი ქვეყნის მოფარფატე ეკონომიკური კონიუნქტურა და მისი გეოსტრატეგიულ ინტერესთა სამომავლო გარდაქმნების ნიუანსები ისეთ ლაბირინთებს ქმნიან, საიდანაც თავის დაღწევა ძნელი იქნება.
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, რადაც უნდა დაგვიჯდეს, საჭიროა შევადგინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გამოწვლილვით გაანალიზებული კონცეპტუალური მოდელი. სამწუხაროდ, მის შესადგენად არავითარი ბაზისი არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ საბჭოთა გეგმები, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გამოდგება ორიენტირად დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკის განვითარებისთვის. კიდევ იმიტომ, რომ უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა ერთიანად გააპარტახა და გაანადგურა ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა (ესე იგი ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ); კიდევ იმიტომაც, რომ საბჭოთა გეგმების შედგენიდან დღემდე (ქართველ თუ უცხოელ ეკონომისტებს კი სხვა საფუძველი არა აქვთ) ნახტომისებურად განვითარდა მეცნიერება და სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობები. ანუ, მნიშვნელოვნად დაიხვეწა ტექნოლოგიური პროცესები, შეიცვალა მათთვის საჭირო რესურსების სახეობები, მოპოვების ბაზრები და სხვა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოში ძირეულად შეიცვალა საზღვარგარეთიდან შემოსატანი ნედლეულისა და ტექნიკური აღჭურვილობის სახეობა, რაოდენობა და მოპოვების გეოგრაფია; პროდუქციის დამზადების პირობები და გასაღების ბაზრების გეოგრაფია; შეიცვალა აგრეთვე რესურსების მოპოვებისთვის თუ სამამულო პროდუქციის რეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის შესაძლებლობები და ინტერესთა სივრცე.
დასკვნა ერთია, შეუძლებელია სრულყოფილად დაიგეგმოს ქვეყნის ეკონომიკის რომელიმე დარგის, ან თუნდაც ამა თუ იმ საწარმოს ეკონომიკური განვითარების კონტურები, თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარ არ ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები. ხაზგასმით აღვნიშნავ – ინტელექტუალური მოთხოვნები ასეთი მოცულობის სამუშაოების ჩასატარებლად, სცილდება მხოლოდ ეკონომისტების (ან ფინანსისტების) პროფესიონალურ შესაძლებლობებსა და ინფორმაციული აღჭურვილობის საწიერს. ასეთი სამუშაოების ჩატარება ხელეწიფება მხოლოდ საქართველოს მთელი ინტელიგენციის რჩეულ დასს, მათ შორის, სამეურნეო დარგების სამეცნიერო-ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტთა ნაკრებ გუნდს, რა თქმა უნდა, ეკონომისტებთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ტექნოლოგიურ სფეროს სპეციალისტთა ისეთი კოჰორტა ჰყავს (ჯერ კიდევ!), რომ მრავალ ქვეყანას შეშურდება. სწორედ მათი გამოცდილება, ინტუიცია და ერუდიცია საშუალებას იძლევა, შედგეს დღეს მოქმედი, განახლებადი და სამომავლოდ პერსპექტიული ყველა სამეურნეო დარგის (დაახლოებით ორასის ფარგლებშია) და ყველა რაიონის ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამა: ერთობლიობაში ყველა ეს მიზნობრივი პროგრამა შექმნის ქვეყნის სამეურნეო პოტენციალის, მისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებისა და სხვა ზემოთქმულთა შესახებ ყოვლისმომცველ მონაცემთა ამომწურავ ინფორმაციულ ბანკს, რომლის გარეშე შეუძლებელია თითოეული მიზნობრივი პროგრამის დახვეწა. მათი დახვეწის მიზნით უნდა ჩატარდეს ინფორმაციული ბანკის მონაცემთა დეტალური ანალიზი დღევანდელი დღის რეალობების, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესთა გეოსტრატეგიული სივრცის სწრაფად ცვალებადი სიტუაციებისა და პროგნოზირებადი მომავლის ნიუანსების გათვალისწინებით. ანალიზის საფუძველზე უნდა მოხდეს დღეს მოქმედი და სამომავლოდ პერსპექტიული, თითოეული საწარმოო სიმძლავრისა თუ სამეურნეო ობიექტის, თითოეული რესურსისა თუ პროდუქტის, აგრეთვე რესურსების მოპოვებისა თუ პროდუქციის გასაღების, ყოველი შესაძლებელი ბაზრისა და სხვათა რანჟირება. ასეთი ზემასშტაბური ანალიტიკური სამუშაოები საფუძვლად დაედება სამეურნეო დარგების და რაიონის ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების სინთეზს (რა თქმა უნდა, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებით). შედეგი – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელის საწყისი ვარიანტია.
კონცეპტუალური მოდელის საწყის ვარიანტზე დაყრდნობით, სპეციალისტთა იგივე ჯგუფი ხელმეორედ შეადგენს რაიონული და დარგობრივი განვითარების მიზნობრივ პროგრამებს. პირვანდელთან შედარებით, ისინი იქნებიან უფრო რეალურნი და ცხოვრებისეულნი, ვინაიდან მათი ამოსავალი ბაზა ამჯერად იქნება არა მხოლოდ შემდგენელთა ერუდიცია და ინტუიცია, არამედ აგრეთვე სრულიად ქართული ერთიანი სამეურნეო ხედვა, კონცეპტუალური მოდელის საწყისი ვარიანტის სახით. ხელმეორედ შედგენილი მიზნობრივი პროგრამების განმეორებითი სინთეზით მიიღება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტი. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივიღებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელის გონივრულად სრულყოფილ ვარიანტს, რითაც დამთავრდება ის მოსამზადებელი სამუშაოები, ადრე რომ ვახსენეთ.
ამგვარად, მიღებული კონცეპტუალური მოდელი ის ზოგადქართული ეროვნული ნიადაგია, რომელსაც დაეყრდნობა პრიორიტეტების განსაზღვრა, პროპორციების დამცავი მექანიზმის შედგენა, აგრეთვე მისი განხორციელების მეთოდებისა და საშუალებების დახვეწა. იგი საშუალებას მოგვცემს, დასაბუთებულად გამოვკვეთოთ ეკონომიკური და რაიონების კონტურები (და ადმინისტრაციული დაყოფა). მის ბაზაზე არგუმენტირებულად ჩამოყალიბდება ხელისუფლების ოპტიმალური მოდელი, მისი სტრუქტურა, ფუნქციონირების კონტურები და ტრანსფორმაციის დინამიკა. იგი გახდება ის ზოგადეროვნული სუბსტრატი, რომელზედაც აღმოცენდება კულტურული გარდაქმნების ზედნაშენი და ქართული სახელმწიფოს ძლიერება. იგი გახდება ეროვნული იდეოლოგიის ფუძემდებლური ფაქტორი, ერის მაკონსოლიდირებელი და დამცავი ფუნქციებით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელი ჩვენთვის იქნება როგორც ეკონომიკური შუქურა (ორიენტირი), რომლის განხორციელებისკენ ვივლით (რა თქმა უნდა, არა მბრძანებლური ეკონომიკის მეთოდებით), არამედ ძირითადად ინვესტორთა ინიციატივებისა და დაინტერესების ცალკეული შემთხვევების კვალდაკვალ (მათთვის პრივილეგირებული პირობების უზრუნველყოფით). ანუ, კონცეპტუალური მოდელი მუდმივად უნდა იხვეწებოდეს დროისა და მოვლენების კვალდაკვალ. მაშასადამე, ამ პროცესების შემოქმედი ჯგუფი (დავარქვათ მას “მრჩეველთა დასი” ან “სამსჯელო”) უნდა გახდეს აგრეთვე მუდმივმოქმედი ორგანო. “სამსჯელო” ან “მრჩეველთა დასი”, როგორც ინტელიგენციის წარმომადგენლობითი ორგანო, უნდა სარგებლობდეს მხოლოდ მრჩეველთა ხმის უფლებით და არ უნდა იყოს არც საკანონმდებლო და მით უმეტეს, არც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა. თუ დავაზუსტებთ, ის შეიძლება ფუნქციონირებდეს, ასე ვთქვათ, ქვედა პალატის (თუ შეიძლება ითქვას “სამეურნეო კონგრესის”) ფორმით. მის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო აქტების პროექტები, ვთქვათ, სამეურნეო კოდექსი (ასეულობით სამეურნეო ხასიათის კანონი, ნორმა თუ ინსტრუქცია), დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი, არჩეული პარტიული სიების გარეშე, რაოდენობრივადაც ამჟამინდელის რაღაც ნაწილი თუ იქნება ალბათ. თუ კვლავ “მრჩეველთა დასს” ან “სამსჯელოს” დავუბრუნდებით, შევნიშნავთ, რომ თავისი მასშტაბური ანალიტიკური აზროვნების წყალობით, იგი გახდება სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების გეოსტრატეგიული სივრცის პროფესიონალი მკვლევარი და მაშასადამე, სახელმწიფო სტრატეგიის უპირველესი შემოქმედი. აქედან გამომდინარე, იგი იქნება სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული (თანამედროვე ყაიდის) პოლიტიკოსთა სკოლა, გნებავთ სამჭედლო მომავალი პარლამენტისთვის.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნების დამცველებისათვის. იგი მიზანმიმართულია საქართველოში მაღალტექნოლოგიური, ჰუმანური ტექნოსფეროს შექმნისათვის, რომელიც არა მარტო მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებაზე ტექნოგენურ ზემოქმედებას, არამედ მისაღწევად სრულად შეამცირებს სამრეწველო ნარჩენების რაოდენობასაც. საერთოდ, სამრეწველო ნარჩენები დღევანდელ მსოფლიოს ორმაგ უბედურებად ევლინება. ერთი მხრივ, ნარჩენების დაგროვება მოასწავებს ბუნებრივი რესურსების უყაირათოდ ხარჯვას, ხოლო მეორე მხრივ, აჭუჭყიანებს და ფიტავს სხვა ბუნებრივ რესურსებს. ნარჩენების ლიკვიდაციისთვის ბრძოლა არის გლობალური პრობლემა და იგი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მსოფლიოს მასშტაბით. ერთი ქვეყნის ფარგლებში, ნარჩენების სრულად ათვისება, ან მათი წარმოშობითი მიზეზების ლიკვიდაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რა მაღალტექნოლოგიურიც უნდა იყოს მისი ტექნოსფერო (მაგალითი იაპონია გახლავთ).
უფრო სრულყოფილად გარკვევისათვის, მოკლედ მიმოვიხილოთ პრობლემის ისტორიული ასპექტი. ამისათვის, სიცოცხლის ბიოლოგიური არსებობის ციკლი, პოპულარულად გამარტივებული ფორმით წარმოვადგინოთ შემდეგნაირად. წინარეისტორიულ ეპოქაში (ადამიანის გააქტიურებამდე), რომელიმე პოპულაციის ნარჩენი იყო მეორესათვის საკვები, მეორეს ნარჩენი – მესამეს საზრდო და ა.შ. სულ ბოლოს, ციკლში ერთვებოდნენ ბაქტერიები, სოკოები და სხვა ორგანიზმები (რუდიმენტები), რომლებიც გარდაქმნიდნენ სხვადასხვა ლპობის პროდუქტებს, ორგანულ ნარჩენებს და ახდენდნენ მათ მინერალიზებას, რითაც კვლავ პირველი პოპულაციის საარსებო ბაზას ამზადებდნენ. ამრიგად, ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი, დანიშნულება და აზრი ჰქონდა. ამ დროს საერთოდ გამოირიცხებოდა ნარჩენებზე რაიმე წარმოდგენაც კი და ბიოსისტემაც აბსოლუტურად უნარჩენო იყო (დავარქვათ მას ეკოლოგიური სამოთხე). ადამიანის ისტორიული მისია მდგომარეობს იმაში, რომ მან შეძლოს ბუნების იმ უზადო ხელოვნების შეთვისება, რასაც უნარჩენო ბიოსისტემა ეწოდება.
ეს არის კაცობრიობის სამეცნიერო-ტექნიკური აზროვნების შესაძლებლობათა ზღვარი. მისი ანალიზი გვიჩვენებს, რომ, პრაქტიკულად, ყველა სახეობის ნარჩენი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მეორადი ნედლეული. ესე იგი დადგება დრო, როდესაც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის ლიცენზიისათვის სავალდებულო იქნება ჩვენება (მითითება), თუ რა პირობებში და რომელ ტექნოლოგიაში იქნება შესაძლებელი მისი ნარჩენების გამოყენება, როგორც მეორადი ნედლეული. ნარჩენების გამოყენების განუსაზღვრავად არც ერთმა ტექნოლოგიურმა პროცესმა არ უნდა დაიმკვიდროს არსებობის უფლება. ეს არის ერთადერთი გზა დედამიწაზე უნარჩენო ტექნოსფეროს დასანერგავად. მისი დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, ნიშნავს პრაქტიკულად ყველა ბუნებრივი რესურსის გამოყენებას სრულად უნარჩენოდ, სრული ყაირათიანობით, რაც განაპირობებს ბუნებათსარგებლობის გახანგრძლივებას, უვადო პერსპექტივით.
აღსანიშნავია, რომ ულევი ბუნებათსარგებლობა მხოლოდ საინჟინრო ეკოლოგიის მიზანი არ არის. დღეს, როდესაც ადამიანის ერთობლივი მატერიალური მოთხოვნილებები მნიშვნელოვნად აღემატება ყველა არსებული რესურსის მწარმოებლურ შესაძლებლობებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკურ პროგრესს, რომელიც კაცობრიობას საშუალებას მისცემს, წარმოების ეფექტიანობის გაზრდის გზით რესურსების უცვლელი რაოდენობიდან მეტი რაოდენობის საქონელი აწარმოოს. შეზღუდული წარმოებრივი რესურსების პირობებში, რესურსების ეფექტიანად გამოყენება, აგრეთვე მისი მართვის პრობლემები (ადამიანის მატერიალურ მოთხოვნილებათა მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით), წარმოადგენს სწორედ ეკონომიკსის კვლევის საგანს; ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს კოორდინირებული ურთიერთობებითა და ძალისხმევით.
იმისათვის, რათა სახელმწიფოთა კოორდინირებული ურთიერთქმედება გეგმაზომიერად წარიმართოს, აუცილებელია, კონცეპტუალური მოდელის მსგავსი პროექტის შედგენა; ოღონდ ამჯერად უკვე მსოფლიოს მასშტაბით. თუ ანალოგს შევიმუშავებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალურ მოდელთან, ამ შემთხვევაში მსოფლიოს სახელმწიფოები უნდა წარმოვიდგინოთ ურყევი საზღვრების რაიონებად, ხოლო ამ სახელმწიფოთა კონცეპტუალური მოდელები – რაიონული განვითარების მიზნობრივ პროგრამებად. იმავე ანალოგიით, დარგობრივი, მიზნობრივი პროგრამები იქნებიან შედგენილნი უკვე გლობლურად (და არა ერთი სახელმწიფოს მასშტაბში) და მიმართულნი ზოგადად დარგების გლობალური რაციონალური განვითარების უზრუნველყოფისკენ. მიზნობრივი პროგრამების (როგორც სახელმწიფოების, ასევე დარგების) სინთეზით მიიღება საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების გლობალური კონცეპტუალური მოდელი. იგი იქნება სახელმწიფოთა ობიექტურად სამართლიანი და ოპტიმალური (ეკონომიკური) განვითარების სრულყოფილად დახვეწილი გეგმა, რომელიც გონივრულად დაარეგულირებს როგორც ულევი ბუნებათსარგებლობის ერთობ საჭირბოროტო საკითხებს, ისე ადამიანის მზარდი მატერიალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების უმწვავეს პრობლემებს, შეზღუდული რესურსების პირობებში.
ასეთი გლობალური ხედვა არის XXI და შემდგომი საუკუნეების მსოფლიო პოლიტიკის მიზანმიკვლეული დომინანტი. დღეს იქნება თუ ხვალ, მსოფლიო მაინც მივა აქამდე. ამის მკაფიო სიმპტომები გახლავთ რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდის ტენდენციები. მხოლოდ ნებაყოფლობითი, ურთიერთგაწონასწორებული ეკონომიკური თანამშრომლობა გამორიცხავს რაიმე სახის ექსპანსიას. (სამხედრო იქნება ის, თუ ეკონომიკური, სულერთია) და გონივრულად გააუვნებლებს სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკურ გაუგებრობებს. უფრო გამოკვეთილად რომ ვთქვათ, მსოფლმხედველობითი ინტეგრაცია არის ერთადერთი გზა, მიმართული კაცობრიობის მარადიული არსებობისაკენ. გზა, აღმოცენებული და დამკვიდრებული ადამიანის მაღალზნეობრივ სულიერ სამყაროსა და ბუნების გონმიუწვდომელი კანონების შემეცნების დაუოკებელ სწრაფვაზე.
ზემოთ უკვე ითქვა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შემოთავაზებულ კონცეფციაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური მოდელი განიხილება, როგორც პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების გლობალური კონცეპტუალური მოდელის შექმნის გზაზე, როგორც მისი ერთ-ერთი რაიონის ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამა, თუ ასეა, საქართველოს გამოცდილება შეიძლება გახდეს ის ბაზისი, რომელიც დაეხმარება გლობალისტებს, შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში. უფრო გამოკვეთილად რომ ვთქვათ, ექსპერიმენტის გამართლების შემთხვევაში, იგი რეალურად შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს გლობალური კონცეპტუალური მოდელის შესაქმნელად, აქედან გამომდინარე, გლობალისტები, დაინტერესებულნი უნდა იყვნენ ქართული ექსპერიმენტის გამართლებაში და როგორც შედეგი, მზად მის დასაფინანსებლად.
შესაძლებელია ამისთვის მათ მიერ გამოიყოს კიდეც რამდენიმე მილიონიანი აშშ დოლარის ოდენობის მიზნობრივი დახმარება ან გრანტი. კარგი იქნებოდა გრანტზე განაცხადს (მეტი წონისთვის) თუ მიეცემოდა სახელმწიფო სტატუსი. დავძენთ, რომ გრანტზე განაცხადის ვადები და რაოდენობრივი მხარე არაერთხელ გაგვიშუქებია წინა წერილებში, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მზად ვართ დამატებით წარმოვადგინოთ.