პენსიონერების ხვალინდელი დღე
სოფიკო სიჭინავა
ხელისუფლების წინაშე მრავალ სხვა გამოწვევასთან ერთად, საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფის საკითხიც დგას. დღეს იმ ოდენობის პენსიის გაცემა, რომელიც ძლივს უტოლდება საარსებო მინიმუმს, ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. თუმცა, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, მაქსიმუმ ათ წელიწადში მთავრობა ამასაც ვეღარ შეძლებს. წლიდან წლამდე იზრდება პენსიონერთა რიცხვი, საგრძნობი ზრდა 2020 წლიდან 2030-მდე მოხდება, ამ პერიოდისთვის ასაკით პენსიონერთა რაოდენობა გაიზრდება მილიონ ადამიანამდე.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო ამ პრობლემაზე ზრუნვა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შექმნა რეფორმების ოფისი. სისტემა 2017 წლის 1 იანვარს, ასევ ვთქვათ, უნდა ჩაირთოს, თუმცა, ამ პერიოდამდე და მას შემდეგაც კოლოსალური შრომა, ნაშრომის ადრესატამდე გასაგები ენით მიტანა და მომიჯნავე სფეროების რეფორმირებაა საჭირო. სერიოზული მსჯელობის საგანია რეფორმის შედეგად დაგროვებული, აკუმულირებული თანხების მართვა, რომელიც, როგორც ცნობილი ხდება, კერძო საპენსიო ფონდების პრეროგატივა იქნება, დღეისთვის განუვითარებელი კაპიტალის ბაზრის პირობებში. რა რისკების წინაშე ვდგავართ და რას გვიქადის რეფორმა.
სავარაუდო პროექტი და რეგიონული გამოცდილება
საპენსიო რეფორმების სამსახურის უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის განცხადებით, ყველა ანალიზმა აჩვენა, რომ საპენსიო შემოსავლის ზრდის ერთადერთი, გზა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემაა. სქემა, რომელიც შეიმუშავეს, ასეთი იქნება (იხილეთ დაწვრილებით –www.geoeconomics.ge): არსებულ საპენსიო სისტემასთან ერთად, იარსებებს დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ანუ ის რაც არსებობს – არ უქმდება და ემატება სხვა მიმართულება. სახელმწიფო პენსიას ბიუჯეტიდან კვლავ ყველა მიიღებს, არ აქვს მნიშვნელობა მონაწილეობს თუ არა ის ნებაყოფლობით დაგროვებით საპენსიო სქემაში. კერძო დაგროვებითი სისტემა იქნება ნახევრად სავალდებულო და ნახევრად ნებაყოფლობითი, ანუ თუ დასაქმებული გადაწყვეტს, რომ მას სურს ნებაყოფლობით საპენსიო სქემაში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოს და დამსაქმებელს არჩევანი არ ექნება. ის დასაქმებული, ვინც ნებაყოფლობით გადაწყვეტს საპენსიო სქემაში ჩართვას, ყოველთვიური ხელფასიდან საპენსიო ფონდში რიცხავს 2%-ს, ამას ემატება სახელმწიფოს მიერ გადახდილი 2% და კომპანიაც ასევე ვალდებული ხდება 2% დანამატის სახით გადარიცხოს დასაქმებულის საპენსიო ფონდში. საბოლოო ჯამში, ყოველთვიური შენატანი იქნება ხელფასის 6% (დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ პრინციპი ასეთია). დასაქმებული სახელმწიფოს კვლავ უხდის საშემოსავლოს სახით 20%-ს, აქედან სახელმწიფო დაიტოვებს 18%-ს, 2%-ს კი რიცხავს საპენსიო ფონდში.
მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო შემოსავალში დაახლოებით 70% წარმოდგენილია დაგროვებითი სისტემის საშუალებით, ხოლო სახელმწიფოს წილი შედარებით მოკრძალებულია. „ახალი საპენსიო სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ მომავალი თაობის პენსიონერებს ჰქონდეთ არსებული სოციალური პენსია და კერძო დაგროვებული პენსია, რომელიც დამოკიდებული იქნება მის შენატანსა და დაგროვების ხანგრძლივობაზე. მოკლევადიან პერსპექტივაში დაგროვებითი სისტემა არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი, ხოლო საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივისთვის – ეკონომიკური და სოციალური“, – ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.
საპენსიო რეფორმაზე საქართველო მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერითა და დახმარებით მუშაობს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ამიტომ, მას აქვს პერსპექტივა, რომ წარმატებით იმუშაოს.
ექსპერტებს მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ ხელისუფლება შეძლებს რეფორმის სიმძიმის აწევას, მით უფრო, 2017 წლისთვის. თუმცა, ოფისის განცხადებით, ჩვენი ეკონომიკა დღეს ამის საშუალებას იძლევა, გარდა ამისა, არსებობს ზუსტი გათვლები, რომელიც ძალიან მალე ცნობილი გახდება და მასზე საჯარო განხილვები დაიწყება. ძიძიკაშვილი აცხადებს, რომ სქემის ჩართვის შემდეგ ორ წელიწადში ძალიან დიდი შრომა იქნება ჩასადები, რომ რეფორმა კონცეფციიდან რეალობად იქცეს. როცა დაიწყება საპენსიო რეფორმა, მას შემდეგ მინიმუმ 20 წელიწადია საჭირო საგრძნობი შედეგის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რაც მალე დავიწყებთ, შედეგი მით მალე დადგება. არსებობს რისკები, რომელიც ჯერ არ ჩანს და ის თვალსაჩინო სისტემის ჩართვის შემდეგ გახდება, თუმცა, ძიძიკაშვილის თქმით, იმის პრობლემა დღეს არ არსებობს, რომ სქემამ მუშაობა და ეკონომიკაში თანხების აკუმულირება დაიწყოს.
ექსპერტები ამბობენ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმირება თითქმის ყველა ქვეყანამ განახორციელა, მაგრამ მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორია მათ მიერ არჩეული მოდელი და რამდენად ეფექტურია იგი. მაგალითად, აზერბაიჯანმა ათი წლის წინ მოახდინა პირველი დონის რეფორმა, რომელიც დღემდე გრძელდება, მაგრამ მეორე დონეზე ჯერ არ გადასულან, დაახლოებით ორი თვის წინ მათ მიიღეს საპენსიო რეფორმის ახალი კონცეფცია, მაგრამ ის მხოლოდ პირველი საფეხურის ბოლომდე ფორმირებას ემსახურება და არ შემოაქვს მეორე და მესამე დონე. სწორედ ამიტომაც აზერბაიჯანში ეს მოდელი მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს ფარავს. რაც შეეხება სომხეთს, ის უკვე მეორე საფეხურზე გადავიდა.
რეფორმის მთავარი საფრთხეები
არსებობს საფრთხე, რომ საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე მუშაობა ხელისუფლებამ საარჩევნო პიარისთვის გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მთავრობა ამ წუთისთვის უკვე ასაკით პენსიონერებს არსებულზე უკეთესს ვერაფერს სთავაზობს, რეფორმა მხოლოდ მომავალი თაობის პენსიონერებს მოიცავს და იქაც არა ყველას. უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ყველაფერი შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ფორმალურ სექტორში არიან დასაქმებულნი და გადასახადებს იხდიან. შრომის ბაზარს რომ გადავხედოთ, საქართველოში დასაქმებულების ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია თავმოყრილი, ადამიანების დიდი რაოდენობა უმუშევარია. აქედან გამომდინარე, ექსპერტების გათვლებით, კერძო დანაგროვების რაც არ უნდა კარგი სისტემა გავაკეთოთ, ის შეეხება საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს. თსუ-ის პროფესორი ემზარ ჯგერენაია: „საქართველოში 650 ათასი კონტრაქტით დასქმებული გვყავს, მილიონ 200 ათასი თვითდასაქმებული და 900 ათასი პენსიონერი. ეს რეფორმა შეეხება საქართველოში კონტრაქტით დასაქმებულ 650 ათას ადამიანს და მათგან ყველას არა, სქემაში ჩართული ადამიანი მინიმუმ 40 წლის უნდა იყოს, რომ მან დაგროვება მოასწროს. აქედან გამომდინარე, უხეში გათვლებით, ახალი საპენსიო რეფორმა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5-6%-ს შეეხება. მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ რეფორმა აუცილებელი ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის პასუხი კითხვაზე, როგორ მოვუაროთ პენსიონერებს; სახელმწიფომ აუცილებლად ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს ამ კითხვაზე პასუხი და კონკრეტულად თქვას, თუ ვის შეეხება ეს რეფორმა. თუმცა, კიდევ ვაფიქსირებ, რომ ამის არდაწყება შეუძლებელია“, – აცხადებს ექსპერტი.
რეფორმის შედეგად უნდა მივიღოთ მდგრადი სისტემა, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან. ამ სისტემის დანერგვის ადმინისტრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რომ ზედმეტმა მოლოდინებმა კარგი იდეების რეალიზაციას ხელი არ შეუშალოს. გარდა ამისა, დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ცდუნება, რომ მიმდინარე ვალდებულებები დაფინანსდეს საპენსიო შემოსავლებით. საჯარო პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ IDFI*-ის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელიც სწორედ დაგროვებით საპენსიო სისტემასა და განვითარებულ საფონდო ბირჟას ეხებოდა, განაცხადა, რომ ჩვენნაირი ზომის, შრომის ბაზრის, ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის კერძო საპენსიო დანაგროვი საშიშია: „მას თავის რისკები ახლავს, პირველ რიგში, იმ სააგენტოსთან დაკავშირებული რისკები, რომელიც ადმინისტრირებას ახორციელებს და მეორე – საინვესტიციო რისკი. ამ შემთხვევაში, მთავრობამ უნდა მოახერხოს, გაუძლოს ცდუნებას და მსგავსი ტიპის საპენსიო აქტივების მართვა კერძო საპენსიო ფონდს გადააბაროს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე რისკი დაემატება, რაც არის ე.წ. პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტირების რისკი“, – განაცახდა ურუშაძემ.
ოთარ ძიძიკაშვილი დარწმუნებულია, რომ აქტივების მართვა ეს სახელმწიფოს ფუნქცია არ არის, მან შეიძლება სახელმწიფო ფული განკარგოს და არა კერძო. ამიტომ, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული თანხები კერძო საპენსიო ფონდებში წავა, ამ ფონდს ექნება სრული დისკრეცია განსაზღვროს, თუ სად განათავსებს აკუმულირებულ თანხებს. თუმცა, რასაკვირველია, რისკ-ფაქტორები და წინასწარ გაწერილი პარამეტრები სახელმწიფოს მიერ იქნება შემუშავებული.
საპენსიო რეფორმის წარმატებით განხორციელების ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, როგორც უკვე ვახსენეთ, კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობაა. საპენსიო ფონდებს შეექნებათ აკუმულირებული თანხების ინვვესტირების პრობლემები, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ არ იქნება საპენსიო ფონდები და მათში საკმარისი თანხების დაგოვება, კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდება. არის კიდევ ერთი პრობლემა, ქვეყანაში, სადაც ლიკვიდური ინსტრუმენტები არ არსებობს, რეფორმის დაწყებას დიდი პერსპექტივა არ გააჩნია და ექსპერტების თქმით, ამას შესაძლოა მოჰყვეს საპენსიო დანაზოგების უმეტესი ნაწილის ქვეყნიდან გადინება.
ოთარ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ თანხის ქვეყნიდან გადინება სახარბიელო მართლაც არასოდეს არის და ეთანხმება აზრს, რომ ეს რისკია, მაგრამ ისეთი, რომლის დაბალანსება შესაძლებელია. „უნდა გაითვალოს, რა თანხა გავა ქვეყნიდან, თუმცა, ეს არ არის მუდმივი გასვლა, არამედ დროებითი გადინება, იმისთვის, რომ მოხდეს აქტივებში დაბანდება და შემდგომ, როდესაც ფონდის მმართველი დაინახავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე მეტი სარგებლის ნახვა შეუძლია, მას ექნება თახნების უკან დაბრუნების და ადგილობრივ ეკონომიკაში დაბანდების საშუალება. ამიტომ ეს არ არის დაკარგული ფული, არამედ გასული და მოგებით დაბრუნებული. გარდა ამისა, ამ რისკის დაბალანსება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდით არის შესაძლებელი. თან ჩვენ არ გვაქვს საუბარი ძალიან დიდ თანხებზე, შეიძლება მოხდეს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გადინება და ამან ეკონომიკა საგრძნობად არ უნდა დააზიანოს, ეს გათვლებშიც ჩაიდება“.
ვის როგორ ესმის კაპიტალის ბაზრის განვითარება
ასეა თუ ისე, საპენსიო რეფომით სახელმწიფო ეკონომიკაში ფულის რესურსის შექმნას აპირებს, რასაც შედეგად კაპიტალის ბაზრის განვითარება უნდა მოჰყვეს. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა იმისა, რომ გარკვეულმა კომპანიებმა ფასიანი ქაღალდები გამოუშვან, განათავსონ და კაპიტალი მოიზიდონ არა ბანკებიდან, არამედ ალტერნატული ბაზრების დახმარებით. თუმცა, ექსპერტები პრობლემებს ხედავენ ეკონომიკაში ადგილობრივი კაპიტალის მოზიდვის საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნულ IDFI-ის შეხვედრაზე სწორედ ეს გახდა მწვავე დისკუსიის საგანი. მერაბ მემარნიშვილის (კომპანია „კავკაზრეესტრი“, ცენტრალური დეპოზიტარის ყოფილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) აზრით, ყველა გვერდს უვლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ეკონომიკაში კერძო კაპიტალის მონაწილეობას, რადგან მას თან მოჰყვება აქციებისა და მათი მნიშვნელობის თემა: „როდესაც კორპორატიულ ობლიგაციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაშიც ამ ბაზარზე ბანკი მონაწილეობს მისი ტრანსფორმაციის შემდეგ. ობლიგაცია, თუ არ ჩათვლით ლიკვიდურობის ელემენტს, იგივე სესხია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ალტერნატიულ ბაზარზე და მასში ალტერნატიული მონაწილეების შემოყვანაზე, არ უნდა მოვუყრუოთ თემას, რომელიც არის კერძო კაპიტალი და აქციები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი, ყველაზე პრობლემატური თემა ეს არის აქციონერთა უფლებები. ჩვენთან ასეთი სიტუაციაა, რომ კომპანიის 49,99% რომ გქონდეს, პრაქტიკულად უუფლებო ხარ. 2007-08 წლებში გადაკეთდა არა მარტო ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი, არამედ მეწარმეთა შესახებ კანონსაც მიადგა სერიოზული ზიანი. ამიტომ, როდესაც ფუნდამენტურ მიზეზებზე ვსაუბრობთ, ისინიც უნდა გავითვალისწინოთ“.
„საქართველოს საინვესტიციო ჯგუფ პლუსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და პარტნიორი, დავით ასლანიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში დაბანდებების შესაძლებლობას მოწყვიტა იმით, რომ თავის დროზე სახელმწიფომ 1000-ლარიანი მინიმალური სახაზინო ვალდებულება, მინიმალური შენატანი 50 ათას ლარად გადააქცია და ეს სფერო სრულად კომერციულ ბანკებს დაუტოვა. უცხოეთის ქვეყნებში – გერმანიაში, აშშ-ში კი ეს შენატანი არის მხოლოდ 100 დოლარი. გარდა ამისა, ასლანიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ 2007 წელს ძლივს აღმოჩენილი ალტერნატიული ბაზარი მოსპო: „პირველ რიგში, გაანადგურეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების კომისია, მისი ფუნქციები გადააბარეს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც კომერციულ ბანკებს და მათ საბროკერო კომპანიებს ამ ბაზარზე მონაწილეობის ექსკლუზიური უფლება მისცა. 500 ათას ლარამდე აიწია აუცილებელმა საწყისმა კაპიტალმა იმისთვის, რომ საბროკერო კომპანიამ ლიცენზია შეინარჩუნოს, გაუქმდა სამდონიანი ლიცენზია: სპეციალური, საბროკერო და გენერალური და მხოლოდ ეს უკანასკნელი დარჩა. გამოვიდა, რომ არასაბანკო ინსტიტუტები მოწყვეტილ იქნა ბაზრიდან – 42-დან თუ არ ვცდები ერთადერთი შუამავალი დარჩა. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ საქართველოში გაუქმდა ცნება საბაზრო ფასი და შემოიღეს „ფიქსინგი“. საბანკო სექტორმაც ბოლომდე ისარგებლა იმ უფლებებით, რომელიც სახელმწიფომ შეუქმნა: სესხი ისედაც ყველას ჰქონდა და ალტერნეტიულ დაფინანსების წყაროზეც დაამკვიდრა კონტროლი. დღეს ბირჟას 60%-მდე ფლობენ კომერციული ბანკები. სანამ საპენსიო რეფორმის დისკუსიამდე მივალთ, ხელისუფლებამ გამოასწოროს ის, რაც უკვე მისი მიზეზით არის გაფუჭებული“, – აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.
ანჟელა პრიგოჟინას – სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის კერძო და ფინანსური სექტორის კოორდინატორს – თავის მოსაზრება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ახორციელებენ საქართველოში ინვესტირებას მხოლოდ ბანკები. მისი აზრით, ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინი ყველაზე დიდები არიან და მათ აქვთ ლიკვიდურობა, არამედ ისინი ყველაზე დიდი აქტივის სახით ინფორმაციას ფლობენ: „დღეს საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციული ასიმეტრიაა. დღეს არავინ იცის, ვინ უშვებს ქაღალდებს, როგორია ამ კომპანიების რეალური საფინანსო მაჩვენებლები, ეს იციან მხოლოდ საგადასახადო ორგანოებმა და ბანკებმა, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აკრედიტებენ და მათ შესახებ ყველა ტიპის ინფორმაციას ფლობენ. დღეს საქართველოში არ საჯაროვდება კომპანიის რეალური ფინანსური მაჩვენებლები, აუდიტორული დასკვნები მათ შესახებ, მათი რეალური მფლობელების ვინაობა, არ საჯაროვდება და, შესაბამისად, არ ხდება განხილვის თემად ამა თუ იმ კომპანიის ბიზნესგეგმები. ამიტომ, დისკუსია უნდა წავიყვანოთ იქითკენ კი არა, რომ ბანკებმა უკეთ შეძლონ ინვესტირება, არამედ როგორ მოვიზიდოთ სხვა ინვესტორები კორპორაციებში ინვესტირებისთვის. ბანკებმა ეს არ უნდა აკეთეონ. ასეთ შემთხვევაში, საუბარი წავა არა ფისკალურ სტიმულებზე, არამედ ინფორმაციული ასიმეტრიის დაძლევაზე. ბაზარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ბაზარმა უნდა დაიცვას საკუთრების უფლება, რომ ნებისმიერ ინვესტორს შეეძლოს ბაზარზე შესვლა, მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ, მათი მესაკუთრეების შესახებ და, რასაკვირველია, მან უნდა ისარგებლოს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურითა და საკანონმდებლო გარანტიებით, რომ თუ მას ექნება აქციების ან სავალე ინსტრუმენტების გაყიდვის სურვილი, მან ეს დანაკარგების გარეშე შეძლოს“.
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის, გიორგი ფარესიშვილისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ინფრასტრუქტურის განახლება და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მსოფლიო ფასიანი ქაღალდების ბაზარში ინტეგრაციაა. მისი თქმით, უცხოელ ინვესტორს სურვილიც რომ ჰქონდეს ქართული ფასიანი ქაღადების შეძენის, მას უბრალოდ არ აქვს ამის საშუალება. ისინი გლობალურ დეპოზიტარებთან და საერთაშორისო ბირჟებთან საქართველოს ბირჟის გლობალურ ქსელში ჩასართავად მუშაობენ. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს გოგი ლოლაძე („კავკასუს კაპიტალი“ – ლოლაძის თქმით, ბაზარზე შემორჩენილი ერთადერთი არასაბანკო საბროკერო კომპანია), მისი აზრით, მისასლმებელია გლობალურ ქსელში ჩართვა, მაგრამ საქართველოს ზომის ქვეყნები ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაზე დაყრდნობით მუშაობენ ბრაზილიისა და ჩილეს ბირჟების მსგავად: „ადგილობრივი კაპიტალის მოსაზიდად და მეორადი ბაზარზე მის საბრუნავად საჭირო არ არის „ევრო კლირინგში“ ჩართვა, სრულიად საკმარისია ადგილობრივი ცენტრალური დეპოზიტარი. ბანკები კი სიტუაციის წარმოსახვას ასე ცდილობენ, რომ თითქოს საქართველოში ფული არ არის, არადა, 10 მილიარდზე მეტია დღეს დეპოზიტებზე განთავსებული და თითქოს საფონდო ბაზრის განვითარებისთვის ერთადერთი გზა ეს არის უცხოური ფულის მოზიდვა“.
ექსპერტების აზრით, საპენსიო რეფორმისა და საფონდო ბაზრის განვითარების ერთად განხილვა სწორი მიდგომაა, რადგან ეს არის ერთი მთლიანის ორი მხარე. საპენსიო რეფორმის განხილვა ინვესტიციების დივერსიფიკაციის გარეშე შეუძლებელია. ბუნებრივია, საქართველოში, რომელსაც აქვს ძალიან მცირე ბაზარი, რთულია საფონდო ბაზრის განვითარების სტიმულირება მოხდეს, თუ სუსტია შიდა ინვესტირების ბაზარი. ანჟელა პრიგოჟინას აზრით, ინფორმაციული ასიმეტრიულობის გარდა, დიდი პრობლემაა საკუთრების უფლების დაცვა და ბაზარზე არსებული ინსტრუმენტების სიმცირე: „კანონმდებლობა ყველას უფლებებს უნდა იცავდეს. აქ თავს იჩენს აღსრულებაში მთელი რიგი ასპექტები, მათ შორის, რეგულატორის მხრიდან. უნდა არსებობდეს შესაბამისი რეგულატორული ნორმები, რომელიც კრძლავს ინსაიდერულ გარიგებებს, კოლიზიებს ბაზრებზე, დაკავშირებული მხარეების მხრიდან ინფორმაციის გამოყენებას და ა.შ. ეს ნორმები საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია მოსაყვანი, რაც საკუთრების უფლების დაცულობის შეგრძნებას აამაღლებს. პრობლემაა ბაზარზე არსებული ინსტრუმენტების სიმცირეც, ისინი უნდა შეიქმნას, რადგან საპენსიო ფონდები მხოლოდ გარკვეული ტიპის აქტივებში ახდენენ ინვესტირებას“, – მიაჩნია პრიგოჟინას.
მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით ბევრს მუშაობს, რადგან საბაზრო ეკონომიკა ამის გარეშე წარმოუდგენელია. ეს თემა ქვეყნის განვითარების სტრატეგიაშია ასახული. ეკონომიკის მინისტრი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ მიმართულებით დიდი დრო გვაქვს დაკარგული, „თუმცა, დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვქმნით იმ არქიტექტურას, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ეს მიმართულება“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. სასურველია, რომ ეს არქიტექტურა საჯარო განხილვების თემად იქცეს და კიდევ უფრო სასურველია, რომ მასში რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი და მეცნიერი იყოს ჩართული, რომ ბაზარი მართლაც ყველასთვის გაიღოს, შესაძლებელი გახდეს ფულის მოზიდვა ალტერნატიული ბაზრიდან, ვიდრე ბანკებია, საქართველოს ეკონომიკაში იტრიალოს ადგილობრივმა კაპიტალმა და შეიქმნას მართლაც მდგრადი საპენსიო სისტემა, რომ ახალი თაობის პენსიონერებს მაინც არ შეეშინდეთ სიბერის.
*ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ბრემენის უნივერსიტეტთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს პროექტს: “სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)”. პროექტის ფარგლებში, 2015 წლის 22 იანვარს, თბილისი მერიოტში, გაიმართა დისკუსია სახელწოდებით: “დაგროვებითი საპენსიო სისტემა და განვითარებული საფონდო ბირჟა, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინსტრუმენტები საქართველოში”.