რუსული ნავთობის გიგანტები
მარი წიკლაური
კომპანია “სლავნეფტის” ბედი, რგორც იქნა, გადაწყდა. მისი აქციების სახელმწიფო პაკეტის თითქმის 75 პროცენტი “სიბნეფტმა” და ტიუმენის ნავთობკომპანიამ ერთობლივი ძალისხმევით 1,86 მლრდ. დოლარად შეიძინეს.
პრესკონფერენციაზე, რომელიც აუქციონის შედეგების გამოქვეყნებისთანავე მოეწყო “სიბნეფტი” და ტიუმენის ნავთობკომპანია ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ და ჩატარებულ აუქციონს “რუსეთის ისტორიაში უმსხვილესი საპრივატიზაციო აუქციონი” უწოდეს.
“სლავნეფტი” წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც “მეგიონნეფტეგაზის”, “იაროსლავნეფტეორგსინთეზის”, იაროსლავისა და მოზელსკის ნავთობმომპოვებელი ქარხნების აქციათა პაკეტებს ფლობს. “სლავნეფტის” დამტკიცებული მარაგი 2,54 მლრდ ბარელ ნავთობს შეადგენს, ხოლო მისი წლიური ნავთობმოპოვების დონე – 13,93 მლნ ტონას (დღეში 275 ათას ბარელს).
ამ კომპანიის აქციათა სახელმწიფო პაკეტის შეძენის სურვილი თავიდან 14 კომპანიამ გამოხატა. პოტენციურმა მყიდველებმა აუქციონის მონაწილეთა სია უშუალოდ აუქციონის დაწყების წინ გაიგეს. აუქციონის მონაწილეთა შორის იყვნენ რუსული ნავთობის ბაზრის ისეთი გიგანტები, როგორიცაა “ლუკოილი”, “სურგუტნეფტეგაზი”, EIN, ტიუმენის ნავთობკომპანია Aდა “სიბნეფტი”. და ასევე უმსხვილესი ჩინური კომპანია EIIE (ჩინური ეროვნული ნავთობმომპოვებელი კომპანია).
მაგრამ “ლუკოილმა” და “სურგუტნეფტეგაზმა” ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადეს. კომპანია EIN-მა გადაწყვიტა, რომ მისთვის უფრო მომგებიანია “სიბნეფტს” კრედიტი გამოუყოს. ტიუმენის ნავთობკომპანიამ კი, შვილობილ კომპანიებში საკუთრების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”სიბნეფტისაგან” შეღავათები მიიღო.
ყველაზე დიდხანს ბრძოლას ჩინელები განაგრძობდნენ, მაგრამ ვაჭრობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მათზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ძლიერი საინფორმაციო შეტევა განხორციელდა. ჩინურმა კომპანიამ ვაჭრობაში მონაწილეობაზე უარი ნებაყოფლობით განაცხადა. თუმცა, “სლავნეფტის” აქციებში ჩინელებს გაცილებით მეტის გადახდა შეეძლოთ, ვიდრე “სიბნეფტმა” გადაიხადა. თანაც, ასეთ აუქციონებში დასავლური ან სხვა უცხოური კომპანიების მონაწილეობა ძალზედ მიმზიდველი პერსპექტივაა რუსეთისათვის. მაგრამ მსგავს აუქციონებში იმ ქვეყნების მონაწილეობა, რომლებიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან, გარკვეულ გეოპოლიტიკურ პრობლემებთანაცაა დაკავშირებული. კერძოდ კი, რადგანაც ჩინური კომპანია სახელმწიფო კომპანიაა, სიტუაცია, რომელშიც პრივატიზაცია უნდა მომხდარიყო, ანუ მისი განსახელმწიფოებრიობა უცხოური ფირმის მიერ, თავიდანვე აბსურდული იყო. ამ სიტუაციაში ჩინურმა კომპანიამ სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შვიდი რუსული კომპანია იყო დაშვებული, მათ შორის: “სიბნეფტი” და ტიუმენის ნავთობკომპანია. ოთხ პოტენციურ მყიდველს, მათ შორის “ფინანსპროფიტს”, რომელიც სახელმწიფო კომპანიის “როსნეფტის” შვილობილი კომპანიაა, კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. “როსნეფტის” პრეს-სამსახურში ამ გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდეს და განაცხადეს, რომ კომპანიას უარი უკანონოდ ეთქვა, ვინაიდან, რუსეთის ფედერალური ქონების ფონდის მიერ დაწესებული წესების მიხედვით, უარის თქმა შესაძლებელი იყო საბუთების გაფორმებაში რაიმე დარღვევების ან გადასახადების არ გადახდის გამო. ამ შემთხვევაში კი კომპანიას უარი ეთქვა იმის გამო, რომ მან სასამართლოს არამოტივირებული განსაზღვრება წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, “ფინანსპროფიტ ექსპერტს” აუქციონში მონაწილეობა ეკრძალებოდა.
სააქციო საზოგადოება “ფინანსპროფიტ ექსპერტი” მზად იყო არა ნაკლებ 2,5 მლრდ დოლარი შეეთავაზებინა “სლავნეფტის” აქციათა სახელმწიფო პაკეტში. ექსპერტების აზრით, როდესაც “ფინანსპროფიტ ექსპერტს” აუქციონში მონაწილეობაზე უარი ეთქვა, ფაქტობრივად კონკურენცია აღარ არსებობდა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებდა აქციები ნომინალურ ღირებულებაზე ძვირად გაეყიდა.
“სიბნეფტი” და ტიუმენის ნავთობკომპანია 50-50 პროცენტს შეიტანენ იმ თანხიდან, რაც “სლავნეფტის” აქციების 74,95 პროცენტი გადაიხადეს. “სლავნეფტი” რუსეთში სიდიდით მეცხრე ნავთობკომპანიაა. “სიბნეფტის”და ტიუმენის ნავთობკომპანიის ერთობლივი ძალისხმევა “სლავნეფტის” პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ადასტურებს იმას, რომ ნავთობმოპოვების დარგი რუსეთში წარმატებულად ვითარდება. განაცხადა “სიბნეფტის” პრეზიდენტმა, ევგენი შვიდერმა. – ეს გარიგება ადასტურებს რუსული კომპანიების ძირითად პრიორიტეტებს – ხარისხიანი რესურსებისა და გამოცდილების კორპორაციული მართვა და აკუმულირება ერთობლივი მიზნების მისაღწევად.”
ტიუმენის ნავთობკომოპანიის პრეზიდენტმა, ვიქტორ ვექსელბერგმა განაცხადა, რომ ამ გარიგებას თავისუფლად შეგვიძლია ნიშანდობლივი ვუწოდოთ: რუსული ნავთობკომპანიები თანამშრომლობისათვის მზად არიან, რაც უდავოდ განამტკიცებს მათ საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო ბაზარზე, გამჭვირვალეობასა და ავტორიტეტის ზრდასთან ერთად.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როდესაც “სურგუტნეფტეგაზმა” აუქციონშო მონაწილეობაზე უარი განაცხადა, უკვე ნათელი იყო, რომ “სიბნეფტი” და ტიუმენის ნავთობკომპანია “სლავნეფტის” შეძენის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ. ერთხელ მათ უკვე მოახდინეს მოლაპარაკება – 2000 წელს, როდესაც განხორციელდა კომპანია “ონაკოს” პრივატიზაცია, რის შედეგადაც, ტიუმენის ნავთობკომპანიას მისი სახელმწიფო პაკეტი ხვდა წილად, “სიბნეფტი” კი “ორენბურგნეფტეგაზის” დიდ პაკეტს დაეუფლა, რომელიც “ონაკოს” მთავარი ნავთობმომპოვებელი შვილობილი საწარმო იყო.
აღსანიშნავია, რომ “სიბნეფტი” და ტიუმენის ნავთობკომპანიები ჯერ კიდევ აუქციონის ჩატარებამდე ფლობდნენ როგორც “სლავნეფტის”, ასევე მის ძირითად შვილობილ საწარმოთა აქციების “თითქმის მაკონტროლრებელ პაკეტს”. აქედან გამომდინარე, მათ თავიდანვე ჰქონდათ უპირატესობა აუქციონის სხვა მონაწილეებთან შედარებით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახლა “სლავნეფტის” რეალური ღირებულება დანამდვილებით არავინ იცის, ვინაიდან, ფასი “სიბნეფტისათვის” ტიუმენის ნავთობკომპანიისათვის და ნებისმიერი სხვა გარე მყიდველისათვის, რომლისთვისაც “სლავნეფტის” აქციათა სახელმწიფო პაკეტის ყიდვა არ იქნებოდა კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვების გარანტი, განსხვავებული იქნებოდა.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ “სლავნეფტის” აქციათა სახელმწიფო პაკეტის გაყიდვის შემდეგ, საფინანსო ბაზრის ფორმირების ამოცანა შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს. ამავე დროს, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აქციები რეალურზე გაცილებით უფრო დაბალ ფასად გაიყიდა. თუმცა, კუდრინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუქციონი ყველა წესის გათვალისწინებით ჩატარდა. ამ აზრს იზიარებს კომპანია “მეტროპოლის” მთავარი ანალიტიკოსი, ანდრეი ბესპალოვი. იგი ამბობს, რომ განცხადებები იმის თაობაზე, რომ “სლავნეფტის” აქციების გაყიდვა უფრო ძვირად შეიძლებოდა უსაფუძვლოა, ვინაიდან, აუქციონი ღია იყო და მის მიმართ უამრავი ადამიანის ყურადღება იყო მიპყრობილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი სამართლიანად ჩატარდა.
აუქციონის შედეგებთან დაკავშირებით სპეციალისტები განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ქონების ფონდი ასეთ დაბალ ფასზე იმის გამო დათანხმდა, რომ “სიბნეფტი” აუქციონისათვის ძალიან კარგად მოემზადა. მან შეისყიდა როგორც თვით “სლავნეფტის”, ასევე მისი შვილობილი საწარმოების აქციების წვრილი, მაგრამ მნიშვნელოვანი პაკეტები. ამიტომ “სლავნეფტის”აქციების შეძენის ნებისმიერი მსურველი სერიოზულ პრობლემებს წააწყდებოდა მონორიტარული აქციონერების მხრიდან, როგორადაც ამჟამად კომპანია “სიბნეფტი” მოგვევლინა. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩინურმა კომპანიამ ასე უეცრად განაცხადა უარი აუქციონში მონაწილეობაზე. ჩინელები მიხვდნენ, რომ ვერ მოახერხებდნენ “სლავნეფტზე” კონტროლის განხორციელებას სწორედ იმიტომ, რომ არსებობდა აქტიური მონორიტარული აქციონერი, რომელიც არ ისურვებდა ამ კონტროლის ხელიდან გაშვებას. სწორედ ამაშია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დათანხმდა რუსეთის ფედერალური ქონების ფონდი “სლავნეფტის”აქციათა სახელმწიფო პაკეტის ასეთ დაბალ ფასად გაყიდვაზე, მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე იდგა ამოცანა რაც შეიძლება დიდი თანხები მოეზიდა ბიუჯეტში.
რა თქმა უნდა, შეიძლებოდა “სლავნეფტის” აქციების უფრო მაღალ ფასად გაყიდვა.
სპეციალისტების ვარაუდით, აჟიოტაჟი “სლავნეფტის” გაყიდვასთან დაკავშირებით კიდევ დიდხანს არ ჩაცხრება. ცნობილია, რომ “სლავნეფტი” უკანასკნელი მსხვილი კომპანიაა რუსეთის ნავთობსივრცეში, რომლის გაყიდვაც იგეგმებოდა. ამიტომ “სლავნეფტის” შეძენა, ფაქტობრივად, რუსეთის ნავთობსექტორის პირველ სამეულში შესვლას ნიშნავს.
ვინაიდან “სიბნეფტმა” შეიძინა “სლავნეფტი”, ამ კომპანიამ მნიშვნელივნად გაამაგრა საკუთარი პოზიციები. რა თქმა უნდა, მისი კონკურენტები ამას ასე ადვილად არ შეეგუებიან. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აუქციონის შედეგები თავიდან იყოს გადასინჯული, მითუმეტეს, რომ ამისათვის საკმაოდ სერიოზული საბაბი აქვთ. (მთავარი არგუმენტი გამოძიების გაგრძელებისათვის არის ის, რომ აქციები რეალურზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაიყიდა). “სიბნეფტმა” ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაერიცხა თანხა ბიუჯეტში და ამით სახელმწიფოს უკან დასახევი გზა მოუჭრა, მაგრამ, სავარაუდოდ, გამოძიება მაინც გაგრძელდება. “სიბნეფტს” აქვს სერიოზული არგუმენტები, ჰყავს სერიოზული სპეციალისტები, ძალზედ სერიოზული კადრები, რომელთა ძალისხმევაც მიმართულია იქითკენ, რომ კომპანია “სლავნეფტის” ხელშეუხებლობა და მისი “სიბნეფტის” შემადგენლობაში ინტეგრაცია უზრუნველყონ.