მესამე მსოფლიო ომი სავალუტო ომით იწყება

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური განცხადება რბილი მონეტარული პოლიტიკის ძალაში შესვლის შესახებ, მყისიერად აისახა ევროს კურსზე და მან პოზიციების დაკარგვა განაგრძო. ევრო 5 მარტს დოლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაუფასურდა და 1.10 ნიშნულს ჩამოსცდა, რაც ბოლო 12 წლის მანძილზე მინიმალური მაჩვენებელია. ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებმა კვიპროსში გაამართულ შეხვედრაზე გააკეთეს განცხადებები 9 მარტიდან რბილი მონეტარული პოლიტიკის დაწყების შესახებ. ცენტრალური ბანკის გათვლებით, პროგრამის ხანგრძლივობა 2016 წლამდე ან იმ დრომდე გასტანს, ვიდრე ევროზონის ქვეყნები ინფლაციის სასურველ 2%-იან ნიშნულზე გასვლას მოახერხებენ.

პროგრამის მოქმედების განმავლობაში, ყოველთვიურად ევროპის ბანკი 60 მილიარდი ევროს მოცულობის ვალს დააფინანსებს. ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლების კუთხით საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზები გაკეთდა. ბანკმა ასწია ევროზონის ქვეყნების 2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 1%-დან 1,5%-მდე. ამასთან, მარიო დრაგის განცხადებით, პოზიტიურია ინფლაციის მოსალოდნელი ნიშნულებიც. კერძოდ, 2016 წლისთვის ის 1,5%, 2017 წლისთვის კი 1,8% იქნება.

რაც შეეხება 2015 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს, ის საერთო პრობლემებისა და ნავთობის ფასის ვარდნიდან გამომდინარე, 0-დან მაქსიმუმ 0.7%-მდე განისაზღვრა. გამოცხადებული რბილი მონეტარული პოლიტიკის ოფიციალური სტარტის შემდეგ, ევროს მხოლოდ დოლართან არ დაუკარგავს პოზიციები. ევროზონის საერთო ვალუტა ფუნტთან მიმართებაში ბოლო 7 წლის მინიმალურ მაჩვენებელზე, იაპონურ იენასთან კი ბოლო რამდენიმე თვის მინიმუმზე დაფიქსირდა.

ევროპის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, ევროს კურსის ვარდნა და ამით ექსპორტის წახალისება და ევროპული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე.

რაოდენობრივი შერბილების პროგრამის გამოცხადებამ ხელი შეუწყო ობლიგაციების ბაზრის გამოცოცხლებას ევროპაში და იმპულსი მისცა იტალიის, ესპანეთის და პორტუგალიის 10-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთის შემცირებას. უკვე არის იმის ნიშნები, რომ რაოდენობრივი შერბილების პროგრამამ ხელი შეუწყო დეფლაციური პროცესის შეჩერებასაც ევროპაში. ევროპული FTSE Eurofirst 300 ინდექსი 0.7%-ით გაიზრდა, რადგან ინვესტორებმა უკვე მიიღეს სიგნალი მსხვილი კორპორაციების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების პარალელურად, აშშ-ს ეკონომიკური მაჩვენებლები სულ უფრო უმჯობესდება. 4 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო სექტორის აქტივობა დაფიქსირდა ბოლო რამდენიმე თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე. კერძო სექტორის აქტივობის მაჩვენებელი გასულ თვესთან შედარებით 6 პუნქტით გაუმჯობესდა. გასულ თვის განმავლობაში აშშ-ში დამატებით 212 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ახლა ყველა ფედის შეკრების მოლოდინშია, რომელიც 17-18 მარტს გაიმართება და ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. რას მოიმოქმედებს ფედი ევროპის ცენტრალური ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ?

სამთავრობო ობლიგაციების მიწოდება ევროზონაში (მილიარდი ევრო)

1

ძლიერი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნებისთანავე, დოლართან მიმართებაში სხვა ვალუტებიც გაუფასურდნენ. 5 მარტისთვის, როდესაც ცნობილი გახდა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შესახებ შერბილების პოლიტიკის 1 კვირაში დაწყებაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევრო ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა დოლართან მიმართებაში. შემცირდა ფუნტი სტერლინგის ფასიც დოლართან მიმართებაში 1.5236 ნიშნულზე. დოლარი ასევე გამყარდა იაპონურ იენასთან 0.14% ნიშნულზე. ოქროზე ფასმა მოიმატა 0.01%-ით და 1201 ნიშნულზე დაფიქსირდა. ფასმა მოიმატა ვერცხლზე 0.26%-ით,16.20 ნიშნულამდე. ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 0.5 %-ით და ბარელზე შეადგინა 51.79 დოლარი.
პრობლემები აქვს ჩინეთის ეკონომიკას. ჩინეთის მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-დან 7%-მდე შეამცირა. მას შემდეგ, რაც მშპ-ს ზრდის ტემპმა გასულ წელს ჩინეთში მხოლოდ 7.4% შეადგინა, რაც 1990 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთმა ასევე შემცირა სამომხმარებლო ფასების ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3.5%-დან 3%-მდე.

10 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა
2
როგორც ჩანს, ევრო ახალ ეტაპზე გადადის. სპეციალისტთა შეფასებით, 9 მარტის შემდეგ მისი კურსი კიდევ უფრო დაეცემა. ევროპელები ცდილობენ აშშ-ს ეკონომიკას მისი გამოცდილების მაგალითზე დაეწიონ და იაფი ფულით მოახდინონ ეკონომიკის სტიმულირება. როგორც ჩანს, დღეს მსოფლიოში მთავარი მოთამაშეები ცენტრალური ბანკები ხდებიან, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

„ყველა ყვებოდა მესამე მსოფლიო ომის შესახებ, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ის სავალუტო იქნებოდა და მას არა სამხედრო-თავდაცვითი უწყებები, არამედ ცენტრალური ბანკები დაიწყებდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოება ცენტრალური ბანკების მერიდიანზე გადის!“ – ასე აფასებს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია.

ქვეყნების უმეტესობა ცდილობს საკუთარი ვალუტოს გაუფასურებით საექსპორტო უპირატესობის მოპოვებას. რა თქმა უნდა, ეს პროცესები უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვისაც. ევროპა ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის რიგით მესამეა და ახალი კონიუნქტურა, რომელიც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე ყალიბდება, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ლარის კურსთან და ექსპორტთან მიმართებაში გასატარებელი პოლიტიკის წარმოებისას.