რას რისკავს საქართველოს მთავრობა
მაკა ღანიაშვილი
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ საზოგადოებაში დიდი მოლოდინი შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმართ, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ვითარებას 10 დღე სწავლობდა და 4 მარტს რეკომენდაციებიც შესთავაზა მთავრობას. ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლების კლების გამო გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2014 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9.5%-ია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც სარისკოა. ამ სურათის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა განაცხადა, 2015 წლის ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ საგადასახადო შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება. როგორც სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა განაცხადა, აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება საჭიროა იმისთვის, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს. თუმცა, მისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სოციალური ხარჯები უნდა შენარჩუნდეს და დაიხვეწოს სოციალური დახმარების მიზნობრიობის განმსაზღვრელი ფაქტორები. გრიფითსის განცხადებით, ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში სავარაუდოდ ინფლაცია გარკვეულწილად გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის 5%-იანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით. თუმცა, ინფლაციის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1.3% იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო, ასევე, იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავებს ინფლაციის მაჩვენებელს.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა ითანამშრომლონ უთრიერთვალდებულებათა პატივისცემის და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პირობებში და ახალი გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა მყარი ეკონომიკური ფუნდამენტის, რეფორმებზე ორიენტირებული ხელისუფლების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფონზე, საქართველოს გააჩნია კარგი წინაპირობები ამჟამინდელი გამოწვევების დასაძლევად. მისია ასევე უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რაც გულისხმობს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებისგან თავის შეკავებას და ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია მცურავი გაცვლითი კურსის არსებობაზე. ამასთანავე, სწორედ მცურავი გაცვლითი კურსი უზრუნველყოფს გარე შოკების ნეგატიური გავლენის შერბილებას. გრძელვადიანი შოკების შესაკავებლად განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ საქართველოს სავალუტო რეზერვებს შეამცირებს და შეანელებს ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის კლებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გასაჯაროების შემდეგ, განსაკუთრებული დისკუსიის საგანი გახდა გადასახადების ზრდის ნაწილი. ეკონომისტები და ბიზნესმენები მთავრობას მოუწოდებენ, არ გაითვალისწინოს ეს რეკომენდაცია.
როგორც ჩანს, იმავე აზრზეა საქართველოს მთავრობაც. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა არ იგეგმება. შესაბამისად, სსფ-ს ეს რეკომენდაცია არ შესრულდება. რაც შეეხება გეგმას, თუ სად უნდა შემცირდეს კონკრეტულად ბიუჯეტი, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოოდ ყველა სამინისტრო თავის წინადადებას წარადგენს ფინანსთა სამინისტროში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
რას ნიშნავს ფონდის რეკომენდაციაზე უარის თქმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფუძნებას საფუძვლად დაედო რწმენა, რომ საჭირო იყო საერთაშორისო გავლენის მოხდენა სხვადასხვა ქვეყნებზე, რათა მათი ეკონომიკური პოლიტიკა ექსპანსიონისტური გამხდარიყო. ეს გულისხმობდა მზარდ ხარჯებს, გადასახადის შემცირებას ან ეკონომიკის სტიმულირების მიზნით საპროცენტო განაკვეთის დაწევას. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი კრიტიკოსი, მსოფლიო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯოზეფ სტიგლიცი წერს, დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის გამოყოფს თანხებს, რომელიც დეფიციტის შემცირების, გადასახადების აწევით ან საპროცენტო განაკვეთების გაზრდით არიან დაკავებულნი ისე, რომ ამან შესაძლოა ეკონომიკის ჩავარდნაც გამოიწვიოს. როგორც ჩანს, სტიგლიცის იდეები დღეს ისეთი აქტუალურია საქართველოსთვის, როგორც არასდროს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაშიც სტიგლიცი საერთაშორისო სავალუტო
ფონდს აკრიტიკებს არის ის, რომ მისი ეკონომისტები, რომლებიც მხოლოდ 10 დღით ჩადიან ქვეყანაში, კარგად არ იცნობენ ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკას და რეკომენდაციებს ისე გასცემენ. ფონდის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სცილდება პირობითობების წაყენებისა და განხორციელების კრიტიკას, უკმაყოფილებას ფონდის მიერ გადაწყვეტილებების მიღების სტილიც იწვევს.
სსფ-ს სტანდარტული პროცედურის მიხედვით, პირველი ნაბიჯი კლიენტ ქვეყანაში ჩასვლამდე პირველადი ანგარიშის დაწერაა. ვიზიტის მიზანი კი – ანგარიშის საბოლოო დახვეწა და თვალშისაცემი შეცდომების გასწორება. სტიგლიცი წერს, რომ, რეალურად, პირველადი ანგარიში სტანდარტულია, ხშირად მასში მთელი პარაგრაფებია გადატანილი სხვა ქვეყნებისთვის დაწერილი ანგარიშებიდან. ამის მიუხედავად და იმის მიუხედავადაც, რომ ხშირად განვითარებადი ქვეყნის მთავრობები არ იზიარებენ ფონდის რეკომენდაციებს, მათი მთავრობები სასურველი ტრანშის მისაღებად იძულებულნი არიან ფონდის რეკომენდაციებს დაემორჩილონ. განვითარებადი ქვეყნების უძლურებას ამ შემთხვევაში კარგად უსვამს ხაზს ის ფაქტი, თუ როგორ იქცევიან მსგავს შემთხვევებში განვითარებული ქვეყნები. ისინი ფონდის რეკომენდაციებს ხშირად საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. მაგალითისათვის სტიგლიცი იხსენებს, რომ 90-იან წლებში სავალუტო ფონდი რეკომენდაციას აძლევდა აშშ-ს მთავრობას, გაეზარდა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციური რისკების შესამცირებლად.
თუმცა, ამერიკაში კარგად იცოდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთების აწევა ეკონომიკურ პროცესებს შეანელებდა. ფონდის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც აშშ-სთვის იყო განკუთვნილი, სტიგლიცი ასკვნის, რომ მისმა ეკონომისტებმა არაფერი იცოდნენ აშშ-ში მიმდინარე ძვრებისა და ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო ათლეულში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რისი შედეგიც აშშ-ში სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის შემცირება და დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა. ამერიკის მთავრობას სავალუტო ფონდის რჩევისთვის რომ დაეჯერებინა, ქვეყანაში 1990-იან წლებში ეკონომიკური ბუმი არ იქნებოდა, აშშ-მ სავალუტო ფონდის რჩევა არ გაითვალისწინა, არც კლინტონის ადმინისტრაციასა და არც ფედს ამ რეკომენდაციებისთის ყურადღება არ მიუქცევიათ. მაგრამ ამის გაკეთება აშშ-სვთის არანაირ რისკზე წასვლას არ ნიშნავდა, რადგან ქვეყანა არ იყო დამოკიდებული ფონდისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებაზე, ამიტომაც თუ სსფ-ს რეკომენდაციებს არ შეასრულებდნენ, არაფერს კარგავდნენ.
მაგრამ, სტიგლიცის თქმით, მსოფლიოს განვითარებად ნაწილს ასე არ უმართლებს. ისეთ განვითარებად ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რჩევის იგნორირება მხოლოდ საკუთარი რისკის ფასად შეუძლია. რადგან თუ ისინი უარს იტყვიან ფონდის რეკომენდაციების შესრულებაზე და, შესაბამისად, დახმარების ტრანშს ვერ მიიღებენ, სხვა გზების მოძებნა მოუწევთ კრიზისისგან თავის დასაღწევად.
შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს მთავრობა სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას. სავალუტო ფონდი იმ გეგმებს ელის, რომელიც დააჩქარებს რეფორმებს, რათა საქართველო უფრო მიმზიდველი გახდეს ბიზნესის განხორციელებისთვის, ინვესტირებისთვის და სამუშაო ადგილების შექმნისთვის და მომავალში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. როგორც საქართველოს მთავრობამ უკვე განაცხადა, ისინი არ აპირებენ ფონდის რეკომენდაციის შესრულებას გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით. რა რისკს სწევს მთავრობა ამ გადაწყვეტილებით და რა ალტერნატიულ ვარიანტს შემოგვთავაზებს სავალუტო კრიზისისგან თავის დასაღწევად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის? სავარაუდოდ, ამ კითხვებს პასუხს ის ანტიკრიზისული გეგმა გასცემს, რომელზეც საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს და რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს.