თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში
ოთარ გაბედავა
საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში 90-იანი წლების მძიმე კრიზისმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ქალაქების და, მათ შორის, განსაკუთრებით ქ. თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების დაფინანსებისა და განვითარების საქმეს.
ქ. თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების კრიზისის გამომწვევ მიზეზებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: მატერიალური წარმოების მნიშვნელოვანი დაცემა; საკუთრების ფორმის შეცვლა, რომელმაც მოშალა არსებული წარმოებითი ურთიერთობები, ხოლო ახლის ჩამოყალიბება ნაუცბათევად, ცხადია, არ მოხდებოდა; ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება-რუსული მანეთისა და კუპონის ჰიპერინფლაცია, რამაც გამოიწვია ბიუჯეტსა და, შესაბამისად, საქალაქო მეურნეობის დარგების რეალური შემოსავლების მინიმუმამდე დაცემა; სამეურნეო საქმიანობის და, კერძოდ, საქალაქო მეურნეობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის არარსებობა; ქაოსი ხელისუფლების მხრიდან სამეურნეო სუბიექტების მართვაში; სამოქალაქო ომი; სრული განუკითხაობა დარგების ძირითადი საშუალებებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა დაცვის საქმეში; ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური არასტაბილურობა და სხვა.
ქ. თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების თანამედროვე მდგომარეობის გარკვევისათვის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განვიხილოთ ცალკეული დარგების განვითარების ტენდენცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების საქმეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბინაო მეურნეობას, რომლის თანამედროვე მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია მოსახლეობის სოციალური პირობების ანალიზისა და პროგნოზირებისათვის.
საქართველოში და, განსაკუთრებით, თბილისში 1991-1993 წლებში, ფაქტობრივად, შეწყვეტილი იყო საბინაო მშენებლობა, ხოლო საბინაო მეურნეობის დარგის ფუნქციონირების საექსპლუატაციო მაჩვენებლები მინიმუმამდე დაეცა.
ქ. თბილისში საბინაო მეურნეობის განვითარების დინამიკა 1990-2000 წლებში გვიჩვენებს, რომ 1990 წელს საცხოვრებელი შენობების საერთო ფართი 19,5 მლნ.კვ.მ-ს შეადგენდა, ხოლო 2000 წელს 20 მლნ.კვ.მ-ს, ე.ი. ამ მაჩვენებელს ზრდის ტენდეცია ახასიათებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 1990 წლიდან 1999 წლამდე საცხოვრებელი ფართის ზრდას, ფაქტობრივად, ადგილი არ ჰქონია, ზრდა მოხდა, ძირითადად, 1999-2000 წლებში.
რაც შეეხება თბილისის საბინაო ფონდის კეთილმოწყობის მდგომარეობას, იგი, 2000 წელს 1990 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირებულია. მაგალითად, საბინაო ფონდის წყალგაყვანილობით უზრუნველყოფის ხვედრითი წილი, შესაბამისად, 94,9 პროცენტიდან 93,8 პროცენტამდე. ასევე, კანალიზაციით კეთილმოწყობა 94,8 პროცენტიდან, 93,8 პროცენტამდე შემცირდა.
საბინაო მეურნეობაში გაზრდილია გაზიფიკაციის დონე, კერძოდ, საანალიზო პერიოდში იგი 73,5 პროცენტიდან 77,9 პროცენტამდე გაიზარდა. აღნიშნული ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ თბილისში გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, მთლიანად მოიშალა ცენტარალური გათბობა და ცხელი წყლით მომარაგება, რის შედეგადაც იზრდება მოსახლეობის მისწრაფება იაფი ენერგორესურსების გამოყენებისაკენ.
ზემოაღნიშნული ტენდენციის შესაბამისად, ლოგიკურად მცირდება საბინაო ფონდში ელექტროქურებით უზრუნველყოფის ხვედრითი წილი, კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ეს მაჩვენებელი 20,4 პროცენტიდან 19,7 პროცენტამდე შემცირდა.
თბილისის საბინაო ფონდი, განსაკუთრებით კი ქალაქის ძველ უბნებში აგებული სახლები, იმყოფება მეტად არადამაკმაყოფილებელ ტექნიკურ მდგომარეობაში, ბევრი მათგანი ავარიულ მდგომარეობაშია და ექვემდებარება აღებას. მდგომარეობა უფრო გამწვავდა 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგად მრავალი სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა და საერთო ზარალმა, წინასწარი გათვლებით, 120 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისში დაფინანსების უქონლობის გამო დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების შიდა საინჟინრო კომუნიკაციები, ძირითადად, წყალსადენ-კანალიზაციის ქსელები, რის შედეგად ხშირია წყლის გამოდინება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ნაგებობების ძირითად კონსტრუქციებს და აღრმავებს შენობების ავარიულ მდგომარეობას. მაღლივ საბინაო კორპუსებში დაზიანებულია სახურავები, რის შედეგადაც ხშირია წყლის გაჟონვა ზედა სართულებში.
თბილისში საბინაო მეურნეობის გადასარჩენად ორი გზა არსებობს: საბინაო მშენებლობის ტემპების გაზრდა და არსებული საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის შეზღუდულობის გამო, 1995-2000 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრები, ძირითადად, მიმართული იყო მწვავე ავარიული საცხოვრებელი სახლების (არასრულად), 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს განადგურებული საბინაო ფონდის, დაზიანებული კომუნალური და სხვა ავარიული ობიექტების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად.
1995-2000 წლებში ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების სიმცირის გამო, პროგნოზულ მაჩვენებლებში ვერ ხერხდებოდა ადრე დაწყებული და მშენებლობაშენარჩუნებული ობიექტების დაფინანსების გათვალისწინება, მოსახლეობაზე, კოოპერატიულ ბინათმშენებლობის წევრებზე, ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებზე განაწილებული საცხოვრებელი კორპუსების არა თუ დამთავრების, არამედ შეჩერებული მშენებლობის გაგრძელებაც კი.
საბინაო ფონდის შემდგომი ზრდა ახალმშენებლობათა ხარჯზე, ძირითადად, ხორციელდება კერძო ინვესტორების მიერ და მას საკმაოდ დიდი ზრდის ტემპი გააჩნია. ამის დასტურია ის, რომ 1995 წელს ინვესტიციები საბინაო მშენებლობაში 17,3 მლნ. ლარიდან 2000 წელს 63,1 მლნ. ლარამდე გაიზარდა.
საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქალაქის კომუნალურ მეურნეობას. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება მოსახლეობის პოლარიზაცია, მათი დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, რომელთა შორის, ეს უკანასკნელი, უდიდეს ნაწილს შეადგენს. ამასთანავე, საწარმოების და ორგანიზციების ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა ღრმა კრიზისში იმყოფება. ყოველივე ამის შედეგად კომუნალური მეურნეობის დარგების შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო მათი საქმიანობის გარეშე წარმოუდგენელია ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის, ფუნქციონირება. კომუნალური მეურნეობის გაჩერება რამდენიმე დღითაც კი გამოიწვევს კატასტროფას ქალაქის მასშტაბით, რაც დაკავშირებულია აღნიშნული დარგის სასიცოცხლო ფუნქციით დატვირთვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ (მერია, მუნიციპალიტეტები) საკუთარ თავზე უნდა აიღოს კომუნალური მეურნეობის დარგების ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემა, ხოლო თანდათანობით უზრუნველყოს კომუნალური მეურნეობის დარგების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დაფინანსების ეტაპობრივად გამოთავისუფლების სტრატეგიის შემუშავება და მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მეურნეობის მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ეკონომიკური და სამართლებრივი ბაზის შექმნა.
რთული მდგომარეობაა შექმნილი ქ. თბილისის წყალსადენ-კანალიზაციის დარგში, კერძოდ, ხშირია ავარიების და ქსელების დაზიანება, რის შედეგად ადგილი აქვს სასმელი წყლის დიდ დანაკარგებს. იმის გამო, რომ მთელ რიგ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებში წყლის მიწოდების ადგილებში დაყენებული არ არის წყალგამზომები, ადგილი აქვს წყლის უყაირათოOხარჯვას, ასევე არ გამოიყენება წყლის მეორადი და ბრუნვითი გამოყენების სისტემები.
ქ. თბილისის წყალსადენის დარგის ძირითადი მაჩვენებლების ანალიზიდან ჩანს, რომ 2000 წელს, 1995 წელთან შედარებით, გაზრდილია ქუჩების წყალსადენის ქსელის სიგრძე (1937,7 კმ-დან, 1951,1 კმ-დე), შემცირებულია მიწოდებული წყალი ყველა მომხმარებლისათვის, რის გამოც 2000 წელს 1995 წელთან შედარებით შემცირდა ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა: ჩასადენი სითხის გატარება და მოსახლეობის ერთ სულზე დღე-ღამეში მიწოდებული წყლის რაოდენობა.
მიმდინარე და კაპიტალური რემონტისათვის საჭირო სახსრების ნაკლებობის გამო, საკანალიზაციო კოლექტორების არსებული გამწმენდი ნაგებობების და ქსელების ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად დაბალია. საწარმოების და ორგანიზაციების ტერიტორიაზე არსებული ტექნოლოგიური ლოკალური გამწმენდი ნაგებობების უმრავლესობა საერთოდ არ ფუნქციონირებს. საკანალიზაციო მეურნეობის განვითარება ჩამორჩება წყალსადენების სისტემის სიმძლავრეებს.
საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში უკანასკნელ წლებში იგრძნობა ელექტროენერგიისა და გაზის ხშირი გამორთვა, რაც ენერგოკრიზისს იწვევს.
როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, 1995 წელთან შედარებით 2000 წელს თბილისში მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება (შესაბამისად 1040,2 მლნ.კვტ-დან, 1750 მლნ.კვტ.-მდე), ასევე გაზის მიწოდება (40,8 მლნ.კუბ.მ-დან, 55,6 მლნ.კუბ.მ-მდე), მაგრამ ამასთანავე, თუ 1995 წელს ბუნებრივი გაზი მიეწოდებოდა გაზიფიცირებული ბინების 100 პროცენტს, ანუ 290,7 ათას ბინას, უკვე 2000 წელს გაზი მხოლოდ 67,9 ათას ბინას მიეწოდებოდა.
მეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია ქალაქის კეთილმოწყობის დარგები. კერძოდ, არასაკმარისი დაფინანსების და, შესაბამისად, სამუშაოთა განუხორციელებლობის შედეგად, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული გზის მყარი საფარი. მოშლილია ქუჩების გარე განათება, რაც მოითხოვს სერიოზულ კაპიტალურ დაბანდებებს. გამწვანების მეურნეობის სამუშაოები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც საბოლოო ჯამში, ქალაქის მიკროკლიმატზე უარყოფითად იმოქმედებს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ქალაქის სანიტარული დასუფთავების დარგი. მიუხედავად იმისა, რომ შეძენილი იქნა თანამედროვე ტიპის ნაგავმზიდი მანქანები, დარგის ტექნიკური უზრუნველყოფა მეტად დაბალ დონეზეა. კერძოდ, არ ხდება ქალაქის ქუჩების მექანიზებული დასუფთავება, მათი მორწყვა-მორეცხვა, არ არის საკმარისი სპეციალური დანიშნულების მანქანები (თოვლმწმენდები, ქვიშისმომყრელები).
საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ქალაქიდან ხორცილედება ნაგვისსაყრელებზე, რომლებიც არ პასუხობენ გარემოს დაცვის ელემენტარულ მოთხოვნებს. საჭიროა, სანიტარული დასუფთავების ხაზით დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესები, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ქალაქის განაპირა ტერიტორიაზე ნაგვისგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას.
თბილისში მგზავრთა გადასაყვანად ძირითად სატრანსპორტო საშუალებებს წარმოადგენს: მეტროპოლიტენი, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი და ტაქსი. სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობას განსაზღვრავს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მდგომარეობა. თბილისის სინამდვილეში ორივე მათგანი მოითხოვს მნიშვნელოვან სრულყოფას და ორგანიზაციულ დახვეწას. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისათვის, პირველ რიგში, დამახასიათებელია გზის საფარის მეტად ცუდი მდგომარეობა. საქალაქო ტრანსპორტისათვის მეტად მტკივნეული პრობლემაა აგრეთვე საგზაო სატრანსპორტო საშუალებათა გაუმართაობა და მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
1990-2000 წლებში საავტობუსო ტრანსპორტმა და მეტროპოლიტენმა, ნაწილობრივ, როლები შეცვალეს (1990 წელს ავტობუსით გადაყვანილ იქნა 243,2 მლნ. კაცი, მერტოპოლიტენით – 183,4 მლნ. კაცი, 2000 წელს იგივე მაჩვენებლები შეადგენს 91,5 და 105,4 მლნ. კაცს). მაგრამ, ამასთანავე, საერთო ტენდენცია არ დარღვეულა. მათ ანგარიშზე მოდის გადაყვანილი მგზავრების დიდი უმრავლესობა (1990 წელს 84 პროცენტამდე და 2000 წელს-90,4 პროცენტი). 2000 წელს 1995 წელთან შედარებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა იზრდება ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა მეტროპოლიტენისა. ამ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ავტობუსებით (ძირითადად მიკროავტობუსების ხარჯზე) გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა (დაახლოებით 2,1-ჯერ).
ვაჭრობის მართვის ცენტრალიზებული მეთოდებიდან საბაზრო რეგულირებაზე გადასვლამ და თავისუფალი ფასწარმოქმნის სისტემამ, კარდინალურმა გარდაქმნებმა, საკუთრებით ურთიერთობებში ძირეულად შეცვალა როგორც საბითუმო ვაჭრობის ხასიათი, ისე საცალო ვაჭრობის ფორმები და მეთოდები. ამას დაემატა უმუშევრობით გამოწვეული ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი დაცემა. ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა სრულიად ახალი ბაზარი, რომელშიც მეტ-ნაკლები დოზით მოქმედებენ როგორც საბაზრო ეკონომიკის ზნეობრივი პრინციპები, ისე უარყოფითი მოვლენები.
ვაჭრობის ფიზიკური მოცულობა 1995-2000 წლებში მაღალი ტემპებით იზრდებოდა (საშუალო წლიური ზრდის ტემპი 135 პროცენტს შეადგენს). ვაჭრობის მოცულობის მაღალი ტემპები, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია ათვლის საწყისი პერიოდის (1995 წ.) საცალო საქონელბრუნვის ძალზე დაბალი მოცულობით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, საანალიზო პერიოდში ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური ვითარების ერთგვარი სტაბილიზაცია, ვაჭრობაში არასახელმწიფო სექტორის მნიშვნელოვანი ზრდა, ვაჭრობის ორგანიზაციული ფორმების შედარებითი სრულყოფა და უცხოეთიდან საქონლის იმპორტის მკვეთრი გადიდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა, მართალია, მცირე დონით, მაგრამ მაინც გაიზარდა.
საზოგადოებრივ კვებაში მომსახურების მაჩვენებლები საანალიზო პერიოდში მეტად არათანმიმდევრულად იცვლებოდა. ყველაზე მაღალ აბსოლუტურ მაჩვენებელს იგი აღწევს 1995-1996 წლებში (შესაბამისად, 51,3 და 57,6 მლნ. ლარი), 1997 და 1998 წლებში კი საგრძნობლად იკლებს (76,3 პროცენტით), შემდგომ პერიოდში 1999-2000 წლებში 176,3 პროცენტით იზრდება.
თბილისში სასტუმროების მომსახურების მოცულობა 1998-2000 წლებში კლების ტენდენციით ხასიათდება (კლებამ შეადგინა 29,6 პროცენტით). დღეისათვის საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ქვეყნის საერთაშორისო მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. მართალია, დღევანდელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაცია და კრიმინოგენური მდგომარეობა ქალაქის სტუმრების რაოდენობის მნიშვნელოვანი გადიდების პირობებს არ ქმნის, მაგრამ იგი ისე არ გაუარესებულა, რომ მომსახურების აღნიშნული სახეობის მოცულობის შემცირების საფუძველი გამხდარიყო. ამაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ უკანასკნელ წლებში თბილისში მრავალი კერძო სასტუმრო აშენდა და გაიზარდა სასტუმროს ნომრების რიცხვი. არსებობს იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ, სასტუმრო მეურნეობაში გაზრდილია მომსახურების რეალური მოცულობის მაჩვენებელთა დამალვის ფაქტები.
თბილისის ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობა თავისი სამსახურების მეშვეობით ახორციელებს განათლების სისტემაში შემავალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფუნქციონირებას, მათი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
თბილისის ბავშვთა სკოლამდელ აღზრდას 2000 წლისათვის ემსახურებოდა 195 სახელმწიფო დაწესებულება (ბაგა-ბაღი), რომელიც 1995 წლიდან შედარებით 40 ერთეულით არის შემცირებული (17 პროცენტით).
ბავშვთა ადგილების რაოდენობა აღნიშნულ დაწესებულებებში 34,0 ათასს შეადგენს, რაც 4,8 ათასით, ანუ 16,4 პროცენტით აღემატება 1995 წლის შესაბამის მაჩვენებელს (29,2 ათ.). საქმე გვაქვს ბავშვთა ადგილების საშუალო რაოდენობის ზრდასთან ერთ საბავშვო დაწესებულებაზე გაანგარიშებით, რომელიც 1995 წელს 124-ს შეადგენდა, ხოლო 2000 წლისათვის გაიზარდა 174 ადგილამდე (40,3 პროცენტით).
ბავშვთა ცვალებადი რიცხოვნობიდან გამომდინარე, საკმაოდ დაბალია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ადგილების დატვირთვის (ათვისების) ფაქტიური დონე. ფაქტორივად, არსებული ყოველი 100 ადგილიდან 1995 წელს ათვისებული იყო 84 ადგილი, 1996 წელს – 86, 1997 წელს – 58, 1998 წელს – 67 და 1999 წელს – 68 ადგილი. 1996-1999 წლების პერიოდში ადგილების დაუტვირთაობის მაჩვენებელი 31 პროცენტს შეადგენდა.
აღნიშნული მდგომარეობა, ერთი მხრივ, გამოწვეულია იმით, რომ თბილისში ფუნქციონირებს კერძო საბავშვო ბაღები, სადაც შექმნილია გაცილებით უკეთესი პირობები, ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებებში, ამიტომ მდიდარი და საშუალო ფენის წარმომადგენლები თავიანთ პატარებს აბარებენ სწორედ ასეთ საბავშვო ბაგა-ბაღებში, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებს, სადაც ერთი ბავშვის კვებაზე იხარჯება მხოლოდ 60 თეთრი დღეში, რაც მინიმალურ მოთხოვნილებასაც ვერ აკმაყოფილებს, დაუტვირთავი რჩება.
1970-71 სასწავლო წლის დასაწყისისათვის თბილისში ფუნქციონირებდა 209 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომლებშიც სწავლობდა 169,1 ათასი მოსწავლე. 1995 წლისათვის სკოლების რაოდენობა გაიზარდა 15 ერთეულით (7,2 პროცენტი), მაგრამ ამასთანავე მოსწავლეთა რიცხოვნობა შემცირდა 14, 5 ათასით (8,6 პროცენტით). 2000-01 სასწავლო წლისათვის დედაქალაქში მოქმედებდა 216 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (1970 წელთან შედარებით 3,3 პროცენტით მეტი), რომლებშიც მოსწავლეთა რიცხოვნობა 161,0 ათასს შეადგენდა, რაც 1995 წლის შესაბამის მაჩვენებელს 4,1 პროცენტით აღემატება, ხოლო 1970 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება 5 პროცენტით, ეს მაშინ, როდესაც იგივე პერიოდში აღრიცხულია თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 460 ათასი კაცით ზრდა.
მეტად უარყოფით სოციალურ მდგომარეობაზე მიგვითითებს ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა მოსწავლეთა რიცხოვნობა მოსახლეობის 1000 სულზე გაანგარიშებით. ამ მაჩვენებლის მიხედვით, თბილისის ყოველი 1000 მოსახლიდან 1970 წელს სკოლებში სწავლობდა 190 მოსწავლე, ხოლო 1995 და ასევე 2000 წელს მხოლოდ 119, რაც, დაახლოებით, 38 პროცენტით ნაკლებია 30 წლის წინანდელ შესაბამის მაჩვენებელზე.
აღნიშნული ტენდენცია პირდაპირ მიუთითებს იმ არასახარბიელო დემოგრაფიულ და სოციალურ სიტუაციაზე, რაც ბოლო პერიოდში შექმნილია დედაქალაქში.
თბილისში ფუნქციონირებს ქალაქის თვითმმართველობისა და მმართველობის გარკვეულწილად დაქვემდებარებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლის ფართო ქსელი. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი ბოლო ექვს წელიწადში 14-15 ერთეულს შეადგენდა, რომელშიც სტუდენტთა რიცხვი მერყეობდა 51,2-58,4 ათასის ფარგლებში. იმავე პერიოდში დედაქალაქში ფუნქციონირებდა 5-6 ჯერ მეტი რაოდენობის (80-96) არასახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, რომელთა სასწავლო კონტიგენტი არ აღემატება 20,4-23,4 ათას სტუდენტს.
თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის დარგებიდან საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო რადიკალური ცვლილებები განიცადა ჯანდაცვის სფერომ.
ამჟამად ჯანდაცვის სისტემაში ბიუჯეტის დაფინანსება შეცვლილია პროგრამული დაფინანსებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მასშტაბით ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულ თანხა, კონკრეტული პროგრამის დასაფინანსებლად. მაგალითად, 2001 წლის ბიუჯეტით, თბილისის საკრებულომ ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამის დასაფინანსებლად 10084,6 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც განაწილებულია ცალკეული პროგრამების მიხედვით.
დედაქალაქში ამჟამად ფუნქციონირებს 74 სტაციონარული ჯანდაცვის დაწესებულება, 123 პოლიკლინიკა, 16 დისპანსერი, სადაც დასაქმებულია 9294 ერთეული მედპერსონალი. ამასთანავე, თბილისში მნიშვნელოვნად იზრდება კერძო სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, რომელთა მომსახურების ხვედრითი წილი 10-15 პროცენტს აღწევს. მაგრამ ასეთ დაწესებულებებში მკურნალობა მომსახურების სიძვირის გამო, ფართო ფენებისათვის ხელმიუწვდომელია. ამის გამო, ქალაქში ამუშავდა მუნიციპალური სამედიცინო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის 70-80 პროცენტის მომსახურებას. თუმცა, დაუფინანსებლობის გამო, ეს პროგრამა, ჯერჯერობით, ვერ განხორციელდა.
ბოლო წლებში თბილისის სტაციონარულ დაწესებულებაში შემცირებულია საწოლთა რაოდენობა, რაც გამოწვეულია დატვირთვის კოეფიციენტის დაბალი დონით. სტაციონარებს შორის ყველაზე მეტი დატვირთვით გამოირჩევა ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებები, რაც მოსახლეობის მძიმე ცხოვრების პირობებზე მიუთითებს.
ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულმა რეფორმამ, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნველყო ელემენტარული საკითხების გადაწყვეტაც კი. მაგალითად, დღემდე მოსახლეობა მოკლებულია ისეთ სოციალურ მომსახურებას, როგორიცაა, უფასო სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო დახმარება.
ეკონომიკური თვალსაზრისით, ჯანდაცვის რეფორმამ გამოიწვია ის, რომ პაციენტის მიერ გადახდილი თანხა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე დღევანდელი შემოსავლების დონიდან გამომდინარე, მოსახლეობის 70-80 პროცენტისათვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ხოლო გადახდის შემთხვევაში, პროფესიონალი მკურნალი ექიმის ანაზღაურება აღნიშნული თანხიდან 5 პროცენტზე ნაკლებია, რის შედეგად მედპერსონალის ხელფასი საშუალოზე გაცილებით მცირეა. რეფორმამ ის მოგვცა, რომ ორივე მხარე (პაციენტი და ექიმი) საბაზრო “ურთიერთობაში” შესვლის შედეგად უკმაყოფილო რჩება.
მძიმე მდგომარეობაა შექმნილი ქალაქში კულტურის დარგშიც. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კულტურის სამმართველო მაკორდინებელ და მაკონტროლებელ ფუნქციას ასრულებს კულტურის სფეროს ისეთ ობიექტებზე, როგორიცაა: 9 მუზეუმი, 8 თეატრი, 24 სამუსიკო, 5 ხელოვნების და ერთი სამხატვრო სკოლა, ერთი ხელოვნების გიმნაზია, ბიბლიოთეკების გაერთიანება (მასში შემავალი 58 ბიბლიოთეკით), ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, 2 ანსამბლი, ს. ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი, 4 კულტურის და დასვენების პარკი.
თბილისში კულტურის ობიექტების შემცირების ტენდენციაზე მიუთითებს შემდეგი სტატისტიკა. ბოლო წლებში თეატრების რაოდენობა 14-დან შემცირებულია 8 ერთეულამდე (დაახლოებით 43 პროცენტით), მუზეუმებისა – 17-დან, 9 ერთეულამდე, 126 ბიბლოთეკიდან ამჟამად მხოლოდ 58 ფუნქციონირებს.
2001 წლისთვის დედაქალაქის კულტურის სფეროში საბიუჯეტო დაფინანსებაზე 4792 კაცი იმყოფებოდა, აქედან 51,2 პროცენტით დასაქმებული იყო სამუსიკო და ხელოვნების სკოლებში, 11 პროცენტი – თეატრებში, 7,2 პროცენტი – ბიბლოთეკებში 2,7 პროცენტი – მუზეუმებში, 4,4 პროცენტი – მუსიკალურ- კულტურის ცენტრებში და ა. შ.
თბილისის ბიუჯეტის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო, ბოლო წლებში გაუარესდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობა, რადგან, საკმაოდ მწირი დაფინანსების პირობებში შეუძლებელი ხდებოდა მათი სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკისა და საბიუჯეტო-საფინანსო კრიზისმა უარყოფითად იმოქმედა თბილისის სპორტულ საქმიანობაზე. ფინანსების არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შედეგად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა სპორტული ბაზების დიდი ნაწილი, გაუარესდა მათი კადრებით უზრუნველყოფის მდგომარეობა, კვალიფიციური სპორტსმენები და მწვრთნელები ინაცვლებენ სხვა სფეროებში, ან მიდიან უცხოეთის ქვეყნებში. დედაქალაქის სპორტის სამსახურის დაქვემდებარებაშია 29 სპორტული სკოლა, სადაც მეცადინეობას გადის 15 ათასი სპორტსმენი და მათ მომზადებას ემსახურება 1500-მდე თანამშრომელი.
თბილისის სპორტული ქსელი მოიცავს სპორტის, დაახლოებით, 50- მდე სახეობას, მათ შორის, 3 ათეულზე მეტი სახეობა არაოლიმპიურია, მაგრამ მაღალი რანგის სპორტული სახეობებია, რომელთაგანაც არაერთ მათგანში (მაგალითად, ჭადრაკი, მკლავჭიდი, რაგბი, კლდეზე ცოცვა) დედაქალაქის სპორტსმენებს დამსახურებული საყოველთო აღიარება აქვთ მოპოვებული.
აუცილებლად მიგვაჩნია, მომავალში მეტი ყურადღება დაეთმოს დედაქალაქის სპორტული ცხოვრების გაჯანსაღების საქმეს და მეტი სახსრები გამოიყოს სპორტული ბაზების კომპლექსური კაპიტალური შეკეთებისათვის. ამასთანავე, შეძენილი იქნეს თანამედროვე სპორტული ინვენტარი, რადგანაც დღეისათვის არსებული ამორტიზებული ბაზა არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
საქართველო და მისი დედაქალაქი, თბილისი ყოველთვის იყო ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი რეგიონი, რადგანაც იგი მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე და მათ შორის სატრანსპორტო დერეფანს ქმნის, ამასთანავე, აქ არისAკონტინენტზე არსებული ყველა სახის კლიმატი, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, კურორტები და უძველესი არქიტექტურული ძეგლები.
თბილისში ტურიზმის არსებული დონე ცნობილი მოვლენების შედეგად მნიშვნელოვნად დაეცა, ხოლო დღეს კრიმინოგენული მდგომარეობის გამწვავებისა და არასტაბილური მდგომარეობის ფონზე, სერიოზულად შეფერხებულია მისი განვითარება.
თბილისის მერიის სპორტისა და ტურიზმის საქალაქო სამსახურის სტრატეგიას შეადგენს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების პროცესში. მიმდინარეობს მუშაობა ტურისტული ობიექტების რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციისა და კაპიტალური შეკეთების საინვესტიციო წინადადებების შესამუშავებლად. ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებზე წარდგენის მიზნით, მუშავდება ქ. თბილისში არსებული ტურისტული ობიექტების საინვესტიციო რეესტრი, აგრეთვე ტურისტული გზამკვლევი, რუკები, სავიზიტო ბუკლეტები და ა.შ. პრაქტიკული ნაბიჯების განსახორცილებლად აღნიშნული სამსახური, დღევანდელი მდგომარეობით, მოკლებულია ფინანსურ საშუალებებს.
მაშასადამე, როგორც თბილისის სოციალური ინფრასტრუქტურის დარგების განვითარების ანალიზი გვიჩვენებს, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში შექმნილია მეტად მძიმე მდგომარეობა. სოციალური ინფარასტრუქტურის ყველა დარგის მატერიალური ბაზა იმყოფება არასახარბიელო მდგომარეობაში და მათი აღდგენა დიდ სახსრებს მოითხოვს.