ირანი ბრუნდება – რა შეიცვლება გეოპოლიტიკურ რუკაზე
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
„წლების განმავლობაში ირანი ცრუობდა ბირთვულ იარღთან დაკავშირებულ გეგმებზე. ისლამური რესპუბლიკა დაჟინებით ამტკიცებს, რომ მას სურს მშვიდობა, მაგრამ ის ფარულად აწარმოებს ურანის გამდიდრების პროცესს. ხშირად ახალისებს ანტი-სემიტიზმს და აფინანსებს ტერორისტებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ ძალებს ლიბანსა და ღაზას სექტორში. ის პირდაპირ ან ფარულად იბრძვის სირიაში, ერაყში და ახლა უკვე იემენში. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას მაინც ღიმილით ეგებებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისტორიული შეთანხმება მიღწეულია“ – ასე ეხმიანება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Economist ირანსა და ე.წ. „ექვსეულს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ექვსეულმა ხელმოსაწერი ჩარჩო-ხელშეკრულება შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ირანი ბირთვულ პროგრამას ეტაპობრივად შეამცირებს. ქვეყანა აღარ გაამდიდრებს ურანს, ხოლო უკვე არსებული მარაგი მხოლოდ სამეცნიერო მიზნებს მოხმარდება. შესაბამისად, დასავლეთი შეამცირებს თეირანის მიმართ გატარებულ სანქციებს.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ ირანს უარს ვათქმევინებდით ბირთვულ იარაღზე, თუმცა აქვე მჯეროდა, რომ დიპლომატიური გზა საუკეთესო საშუალება იყო ამისთვის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს შეთანხმება ვერ დაასრულებს იმ დიდ უთანხმოებასა და უნდობლობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
დეკლარაცია, რომელიც 2 აპრილს გამოქვეყნდა და ირანსა და ექვსეულს შორის მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, საყოველთაოა. ამ ექვსეულში შედიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახელმწიფო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია. შეხვედრებს ტრადიციულად ესწრებიან ევროკავშირისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები. ირანმა ნელ-ნელა უნდა შეამციროს ბირთვული პროგრამა, დასავლეთი კი ეტაპობრივად გააუქმებს იმ სანქციებს, რომლის დაწესებაც წლების წინ დაიწყეს.
ყველაზე დიდი დარტყმა ირანს 2012 წლის დასაწყისში მიაყენეს, როდესაც ევროპამ ირანისთვის ნავთობის სანქციები დააწესა. ირანი ნავთობით მიღებულ ფინანსებზეა დამოკიდებული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მაშინ დასავლელმა ლიდერებმა სანქციები შეაფასეს, როგორც „ირანის ბირთვული პროგრამის გულში, საფინანსო წყაროში დამიზნებული იარაღი“. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა ირანის სანავთობო ექსპორტის 18 პროცენტი.
ირანსა და ექვსეულს შორის მოლაპარაკებები წინა წლებშიც იმართებოდა, თუმცა ბოლო 5-6 წელია, მათზე რეალური პროგრესი არ დაფიქსირებულა. პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმედინეჯადის ვადის ამოწურვამდე, დაახლოებით, ნახევარი წლით ადრე კი საერთოდ შეწყდა. ახალარჩეული პრეზიდენტის ჰასან როუჰანის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ ირანის რიტორიკა შეიცვალა.
საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის ეჭვობდა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სურდა და მშვიდობიანი პროგრამა ამისი საფარველი იყო. ირანი მილიტარისტულ გეგმებს უარყოფს, მაგრამ არც გაეროს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს უშვებდა ფორდოში ურანის გამამდიდრებელ ახალ ქარხანაში და სხვა რამდენიმე სამხედრო ობიექტზე. „ექვსეული“ ირანისგან მოითხოვდა ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების შეწყვეტას, ასევე საეჭვო ობიექტებზე დაშვებას. წინა წლებში იყო ასეთი წინადადებაც, რომ ირანს საკუთარი 5 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი სხვა ქვეყნებისთვის გადაეცა მათგან 20 პროცენტამდე გამდიდრებული მზა ურანის მიღების სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში ირანს ურანის გამამდიდრებელი ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება აღარ დასჭირდებოდა. უცხოეთიდან მიღებულ გამდიდრებულ ურანს კი კონკრეტული ფორმა და დანიშნულება ექნებოდა, რომელიც მხოლოდ მშვიდობიან ობიექტებში გამოსაყენებლად ივარგებდა.
ირანის ბუნებრივი მარაგებიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ლოზანაში მიღწეული შეთანხმება განსაკუთრებით დიდ ძვრებს ნავთობის ბაზარზე გამოიწვევს.
რა ბედი ელის ნავთობის ფასებს
ირანისა და ექვსეულის შეთანხმებას „ატომურ დილემასთან“ დაკავშირებით, სწრაფადვე მოჰყვა ნავთობის ფასების შემცირება. 3 აპრილს ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი გლობალურ ბაზრებზე 3.8%-ით შემცირდა და 54.95 აშშ დოლარი შეადგინა, ნავთობის ფასი უფრო მეტად შემცირდა აშშ-ში, 5.3%-ით და 54.06 აშშ დოლარი შეადგინა ბარელზე.
ირანი ისტორიულად ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო მსოფლიო ბაზარზე. მისთვის სანქციების მოხსნის პერსპექტივა კი კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენს ნავთობის ფასებზე. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, მაგრამ სპეციალისტთა ნაწილი საპირისპირო პროგნოზს აკეთებს.
Financial Times-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ირანიდან ექსპორტის ზრდის მოლოდინმა უკვე ჰპოვა ასახვა ფასებზე და ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდა, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში, შეიძლება ზაფხულისთვის, ნავთობის ფასები ზრდას დაიწყებს. მათ ამ პროგნოზის გასამყარებლად რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ.
პირველი, ირანთან მიღწეული შთანხმების ჩარჩო ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი მონახაზია, შემდგომ მოლაპარაკებებზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. შემდეგი დედლაინი ივნისშია. მანამდე ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს. ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელმაც საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეიძლება ხელი შეუშალოს, ბევრია, პირველ რიგში კი რევოლუციური ძალები თეირანში, რომელთაც არ სურთს სარფიანი ბიზნეს-ინტერესების დათმობა. ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება ისრაელის ოფიციალური პოზიციაც, რომელსაც ირანთან მშვიდობიანი მლაპარაკებების არ სჯერა. მისი ლიდერები აცხადებენ, რომ ახლა, როცა როგორც იქნა დასავლეთის სანქციებმა შედეგი გამოიღო, მათ გაუქმებაზე საუბარი აბსურდია. ისრაელის პოზიცია მოლაპარაკების წარმატებით დასრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს.
მეორე, საკამათოა ისიც, რამდენად მოეხსნება სანქციები ირანს. რადგან, დიდი ალბათობით, ბარაკ ობამა კონგრესში წინააღმდეგობას წააწყდება რესპუბლიკელების მხრიდან. რესპუბლიკელები ყველანაირად შეეცდებიან არ მისცენ ობამას წარმატების საშუალება საერთაშორისო ასპარეზზე. აშშ-ს სანქციების მოხსნამდე კი არამხოლოდ ამერიკული კომპანიები და ბანკები, არამედ ყველა სხვა ორგანიზაციაც, რომელთაც სურთ თანამშრომლობა ამერიკულ კომპანიებთან, კვლავ ვერ შევლენ ირანის ბაზარზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი და ჩინეთი ამ ხვრელის ამოვსებას შეეცდებიან, მსოფლიოს ბაზრების წამყვანი მოთამაშეების გარეშე ირანი ვერ მიიღებს საჭირო ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებს იმისათვის, რომ ირანის ნავთობის გამოშვებამ ისტორიული მაქსიმუმის დონეს მიაღწიიოს – 4 მილიონი ბარელი დღეში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის დღიური პოტენციალი 5 მილიონი ბარელია. ამ ფაქტების გათვალისწინებით, Financial Times-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ირანს თავისი საექსპორტო მოცულობის გაზრდა მხოლოდ წლების შემდეგ შეეძლება.
მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც ბრიტანული გამოცემის ანალიტიკოსები აპელირებენ ის არის, რომ ფასების ვარდნა უფრო მეტად აიძულებს ოპეკს შეამციროს ნავთობის გამოშვების მოცულობა. ნავთობის გამომუშავების დღეში 2-3 მილიონი ბარელით შემცირება, უბიძგებს ფასებს გაიზარდოს 100 დოლარამდე. ამხელა მასშტაბებით ცვლილების განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ ოპეკს მაინც აქვს ბერკეტები გარკვეული დოზით გავლენა მოახდინოს ფასებზე. საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს და კუვეიტს შეუძლიათ წარმოების მოცულობის შემცირება დღეში მილიონი ბარელით. მათ შეიძლება ასევე მოუწოდონ ირანს, ჩაერთონ მოლაპარაკებებში კვოტებთან დაკავშირებით.
ნავთობზე ფასების ვარდნა, რა თქმა უნდა, არც ირანს აწყობს. გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც, რომლის ეკონომიკაც ასევე დიდწილადაა დამოკიდებული ნავთობის ფასზე. ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ივნისისთვის ფასები შეიძლება 60-70 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
საქართველოს გეოპოლიტიკური პერსპექტივები
ირანისათვის დასავლური სანქციების მოხსნის პერსპექტივა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ ფაქტმა ბევრი რამე შეიძლება შეცვალოს გეოპოლიტიკურ რუკაზე.
ჯერ კიდევ ორი თვის წინ ირანის გაზის ნაციონალური კომპანიის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორმა აზიზოლაჰ რამაზანიმ განაცხადა, რომ ირანმა შესაძლოა, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირება დაიწყოს.
„ჩვენი წინადადებაა აზერბაიჯანული და თურქმენული გაზის მიღება ირანში, შემდეგ კი ტრანზიტი ევროპაში თურქეთის გავლით, რადგან ასეთი მარშრუტი ყველაზე ეკონომიურია ევროპისთვის გაზის მიწოდებისთვის,“ – განაცხადა რამაზანიმ. მისი განცხადებით, პროექტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა და მომზადება შესაძლოა დაიწყოს მაშინ, როდესაც ყველა პოლიტიკური წინაღობა მოიხსნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი გეგმა, რომელიც თურქმენული გაზის კასპიის ზღვის ფსკერით ევროპაში, აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირებას გულისხმობს, ძვირადღირებული და არაპრაქტიკულია.
ირანის გაზის კონცერნი უმსხვილეს სატრანსპორტო ქსელს ფლობს, რომლის სიგრძეც 30 კილომეტრს აღწევს. მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპაში ისლამური რესპუბლიკის გავლით მოხვდეს, უკვე მიმდინარეობდა, თუმცა რეალურ შედეგამდე არ მისულა. ამას ხელი შეუშალა ირანის წინააღმდეგ გამოცხადებულმა სანქციებმა. წლების წინ მოვლენათა ასეთი განვითარებით მოგებული აღმოჩნდა მხოლოდ საქართველო, რომელზეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა გაიარა. ახლა კი ამავე მარშრუტზე ხორციელდება გაზის სამხრეთის დერეფნის მეგაპროექტი. თუმცა, ახლა ირანის გაზის ნაციონალური კომპანიის გეგმები, განხორციელების შემთხვევაში საქართველოსთვის წამგებიანი იქნება.
თუმცა ეს ჯერ შორი პერსპექტივის თემაა, იმისათვის კი, რომ საქართველომ პოზიციები არ დაკარგოს უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებაა საჭირო, ამის შესახებ საუბრობს თსუ-ს პროფესორი, ფინანსისტი ემზარ ჯგერენაია. „საქართველოს ირგვლივ ბევრი რამ იცვლება. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ლოზანაში ხელი მოაწერეს ირანმა და ექვსეულმა შეთანხმებას – ირანის ატომურ არსენალთან დაკავშირებით. ამ შეთანხმების თანახმად, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს სანქციები ირანზე. ეს ნიშნავს, რომ ირანი გახდება ნავთობისა და გაზის მიმწოდებელი ევროპისათვის. გაზის მიწოდება შეიძლება მოხდეს საქართველოს გავლით. დიდი შანსია აღდგეს ნაბუქოს პროექტი. ამასთან, ნავთობზე ფასი უახლოეს ხანებში სწრაფად დავარდება. ირანი მსოფლიო ბიზნეს ცენტრი ხდება.
ეს გაანაწყენებს საუდის არაბეთს. საინტერესო იქნება სიტუაცია ისრაელის გადასახედიდან. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ახალი კონცეფცია ირანთან ურთიერთობისთვის. რას ვაკეთებთ ირანის სცენაზე? ან სცენარზე?! წამზომი უკვე ჩაირთო“ – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.