“საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ეროვნული პროგრამის” შესახებ
გოჩა თუთბერიძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
ამ დასახელების დოკუმენტი ბროშურის ფორმით დაისტამბა 2001 წლის ნოემბერში და სადისკუსიო მასალის სახით წარედგინა ფართო აუდიტორიას. წინათქმაში ვკითხულობთ, რომ იგი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მოამზადა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა. აქვე ვიგებთ, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ “სხვადასხვა ქვეკომისიებს, რომელთაც კოორდინაციას უწევდა სამთავრობო კომისიის სამდივნო”. სამწუხაროდ, არ არის მითითებული რა სახის ქვეკომისიებია, ვინ არიან წევრები.
უფრო მეტი, არც კომისიის სამდივნოს შემადგენლობაა მითითებული. მაგრამ, რადგან ლაპარაკია კომისიაზე და ქვეკომისიებზე, სავარაუდოდ, ამ დოკუმენტის შემუშავებაში აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, მისი შინაარსი ყველაზე კარგად უნდა ასახავდეს მთავრობის იდეოლოგიურ და პროფესიულ შესატყვისობას.
ვინაიდან პროგრამის ავტორებს ეყოთ გონიერება და ის საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანეს არა როგორც დასრულებული დოკუმენტი, არამედ როგორც სადისკუსიო მასალა, ამით დაინტერესებულ პირებს, მათ შორის თქვენს მონა-მორჩილს მისცეს საშუალება, გამოეთქვა საკუთარი აზრი შემუშავებულ დოკუმენტზე. ვსარგებლობ რა შემთხვევით, შევეცდები შეძლებისდაგვარად მოკლედ, რეცენზიის ფორმით, ჩამოვაყალიბო ჩემი დამოკიდებულება პროგრამის ძირითადი დებულებებისადმი.
დავიწყებ იმით, რაც, პირველ რიგში, თვალში მოსახვედრია მიუკერძოებელი მკითხველისათვის, გარეგნული ფორმით. ამ თვალსაზრისით, პროგრამა სოლიდურად გამოიყურება. იგი შედგება 6 თავის, უამრავი პარაგრაფისაგან და მოიცავს 231 ნაბეჭდ გვერდს. მაგრამ სარჩევში ჩამოყალიბებული თავებისა და პარაგრაფების დასათაურების წაკითხვა და მათი მოცულობების შედარება, უკვე იწვევს იმის შეგრძნებას, რომ რაოდენობრივი მხარე თვისობრივის პროპორციული არ უნდა იყოს.
ცალკეული პარაგრაფების დასათაურება და თანმიმდევრობა, აშკარად მიუთითებს, რომ დოკუმენტი წარმოადგენს სხვადასხვა სამინისტროებისა და უწყებების მიერ გამოგზავნილი, ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი პროგრამების კომპილაციას.ტრადიციულად, ასეთ პროგრამებში ყოველთვის ფიქსირდება მხოლოდ სურვილები: “ეს უნდა გაკეთდეს”, “ის უნდა შესრულდეს”, მაგრამ არაფერია ნათქვამი როდის, როგორ და რა მექანიზმებით.
ცხადია, არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იტყვის უარს საშუალო ხელფასის, დასაქმების, ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიურ ზრდაზე, მაგრამ აქ მთავარია არა ასეთი სურვილების ქონა და დეკლარირება, არამედ იმის ცოდნა, თუ როგორ, რა მექანიზმების საშუალებით უნდა იქნას ეს მიზნები მიღწეული.
არის თუ არა ასეთი მექანიზმები პროგრამაში ასახული? სამწუხაროდ, იძულებულნი ვართ აღვნიშნოთ, რომ პროგრამის შინაარსის დეტალური განხილვა კი არ აქარწყლებს თავდაპირველ წინათგრძნობას, არამედ პირიქით, ადასტურებს მას.
კერძოდ, სადისკუსიო დოკუმენტის პირველი თავი ეძღვნება “საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების ანალიზს”. სათაურიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩნდება მოლოდინი, რომ პროგრამის ავტორები ეკონომიკური და სოციალური ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიადგებიან იმ ძირითად მიზეზებს, რომელმაც ეს ვითარება შექმნა. ანუ, ფაქტების უშუალო და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, შეძლებენ ამ ფაქტების ურთიერთკავშირების შესახებ მარტივი და გასაგები კითხვების დასმას.
ტერმინი “ანალიზი” ნიშნავს რაიმე საგნისაგან ცალკეული ელემენტების გამოყოფას და შესწავლას. მაგრამ, ცალკეული ელემენტების შესწავლით შეუძლებელია საგნის შემეცნება, აუცილებელია ამ ელემენტებს შორის კავშირების დადგენა. უშუალო დაკვირვება, მოგვცემს მხოლოდ ფაქტებს მათი კავშირების გარეშე. ანუ სინამდვილის ქაოტურ სურათს და არა რეალურ სინამდვილეს. სწორედ ამიტომ ანალიზი სინთეზის გარეშე არაფრისმომცემია. იგი შეიძლება შევადაროთ ნედლეულს ან ნახევარფაბრიკატს, რომლიდანაც საბოლოო პროდუქტამდე ჯერ კიდევ შორია.
სამწუხაროდ, პირველი თავი სიღარიბის დაძლევის პროგრამისა, არის უამრავი ფაქტების კონსტატაცია. მსჯელობა იწყება მაკროეკონომიკური მიმოხილვით და მთავრდება თბილისის წყალმომარაგების და სანიტარიის, თუ სოფლად შეშის მოხმარების ზრდის პრობლემებით. განხილულია უამრავი დეტალი, რომელიც თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მათ მიღმა არ ჩანს რეალური სინამდვილე და ის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რომლებიც ამ სინამდვილეს განსაზღვრავენ. უამისოდ კი პასუხგაუცემელი რჩება მრავალი კითხვა.
მაგალითად, მაკროეკონომიკური მდგომარეობის აღწერა, ძირითადად, მოიცავს იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც გაატარა საქართველოს ხელისუფლებამ 1992 წლიდან დღემდე. ისტორიული თვალსაზრისით, ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ თუ აქცენტი მაინცდამაინც ისტორიზმზე კეთდებოდა, მაშინ, ალბათ, უნდა დაგვეწყო ცოტა ადრინდელი პერიოდიდან, კერძოდ კი 1991 წლის 9 აპრილიდან. გარდა ამისა, საზოგადოება ამ ღონისძიებების შესახებ მშვენივრად არის ინფორმირებული და მათი პროგრამაში გამეორება ცოტა უცნაურია. გამეორება ცოდნის დედაა, მაგრამ პროგრამის მიზნებთან მიმართებაში ის ახალს არაფერს იძლევა.
ცნობილი ფაქტია, რომ რაიმე ეკონომიკური პროგრამის შემუშავება, წინასწარ გულისხმობს ფაქტების შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს, შემდგომ ამ ფაქტების გამოყენებას ეკონომიკური ქცევის მოდელების შესამუშავებლად. დაბოლოს, ამ მოდელების საფუძველზე პოლიტიკის განსაზღვრას. მეცნიერებაში ასეთი მიდგომა “ინდუქციის მეთოდის” სახელით არის ცნობილი და ფართოდ გამოიყენება ეკონომიკური პრობლემების შესწავლისა და გადაჭრის გზების ძიების დროს. საერთოდ, ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენის შესწავლა ყოველთვის რაღაც მეთოდოლოგიას უნდა ეყრდნობოდეს. მეთოდი არის ინსტრუმენტი, საშუალება, რომელსაც მკვლევარი იყენებს საზოგადოებრივი მოვლენების იდენტიფიცირებისათვის. აქ არ შეიძლება გამოყენებული იქნას ცდები, ექსპერიმენტები და რეაქტივები. პრაქსიოლოგიაში ასეთ როლს მეთოდი, მეთოდოლოგია ასრულებს. პროგრამის ავტორებს, რა თქმა უნდა, არ მოეთხოვებოდათ მეთოდოლოგიური საკითხების გადაწყვეტა. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა და მას უზარმაზარი ენერგია შეალიეს მსოფლიოს საუკეთესო “ტვინებმა”, მაგრამ მათ ნამდვილად მოეთხოვებოდათ დღემდე არსებული მეთოდოლოგიების ცოდნა, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნებოდა ასეთი ამბიციური სახელწოდების მქონე დოკუმენტის შესაქმნელად.
სწორედ ერთიანი მეთოდოლოგიის უქონლობა არის იმის მიზეზი, რომ პროგრამის ავტორებმა ვერ შეძლეს პრიორიტეტების გამოკვეთა. შესაბამისად, პროგრამაში ერთმანეთშია არეული მთავარი და მეორეხარისხოვანი საკითხები, ხშირად გვხვდება გამეორებები და ტავტოლოგიური მსჯელობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ანალიზურ ნაწილში ვერ აისახა სიღრმისეული მიზეზები, რომლებმაც არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა შექმნეს. არადა, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. სამწუხაროდ, მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის დახასიათებისას ავტორებს აქცენტი გადატანილი აქვთ გარე მიზეზებზე. ესენია: 1998 წლის რუსეთის კრიზისი, გალის მოვლენები, 2000 წლის გვალვა და სახელმწიფო მოხელეთა კორუმპირებულობა. ალბათ, მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ გარე მიზეზები ასრულებენ მხოლოდ მასტიმულირებელ ან მამუხრუჭებელ როლს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ითამაშონ განმსაზღვრელი როლი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ არავითარი აზრი არ აქვს არა თუ პროგრამის, არამედ რაიმე გეგმის შედგენასაც კი. გარე მიზეზებს იმიტომ ეწოდებათ “გარე”, რომ ისინი კონტროლს ძნელად ექვემდებარებიან.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი საკუთარი უსუსურობის ასახსნელად ხშირად მოიშველიებს ხოლმე რუსეთის, თურქეთის და სხვათა კრიზისებს და ცდილობს ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი კონიუნქტურა მთლიანად ამ მოვლენებს გადააბრალოს. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის იმდენად განვითარებული ღია ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომ ბუშის პოლიტიკურმა განცხადებებმა ან მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა მოვლენებმა მყისიერი ასახვა პოვონ საქართველოში მოღვაწე ეკონომიკური სუბიექტების ქცევაზე. არასრულყოფილი ბაზარი, ერთი მხრივ, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ მისი ერთადერთი “პლუსი” ის არის, რომ ანეიტრალებს გარე ფაქტორების ზემოქმედებასაც. ანუ გარე ფაქტორები გარკვეულ ზეგავლენას ინარჩუნებენ, მაგრამ,საქართველოს სპეციფიკის გამო, მათ არ შეუძლიათ ითამაშონ განმსაზღვრელი როლი.
იმისათვის, რომ მივაკვლიოთ არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის ნამდვილ მიზეზებს, ანალიზი უნდა დავიწყოთ საბოლოო მოთხოვნის კომპონენტების შეფასებით, რომელიც გულისხმობს სამომხმარებლო ხარჯების და ძირითად კაპიტალში მთლიანი ინვესტიციების დინამიკის, საოჯახო მეურნეობების ფინანსური მდგომარეობის შესწავლას და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებისადმი მომხმარებელთა (მოსახლეობის) მოლოდონის განსაზღვრას. ამ უკანასკნელს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ღონისძიებების განსაზღვრისათვის, რომელიც მომავალში უნდა გაატაროს ხელისუფლებამ. საბოლოო მოთხოვნის კომპონენტების სრულყოფილი შეფასების შემდეგ, ანალიზმა უნდა მოიცვას არასაფინანსო სექტორის საწარმოთა ფინანსური მდგომარეობა. ეს უკანასკნელი გულისხმობს დარგობრივ ჭრილში მთლიანი მოგების დინამიკის, მსხვილ და საშუალო საწარმოების ძირითად კაპიტალში ინვესტიციების, გადახდისუნარიანი და ბარტერული მოთხოვნის, ახალ საწარმოთა გახსნის დინამიკის და სამრეწველო ოპტიმიზმის ინდექსის დახასიათებას. საბოლოო მოთხოვნის კომპონენტების და არასაფინანსო სექტორის საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის შეფასების შემდეგ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დინამიკის შესწავლა. აქ მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლების დონეზე (რეალურ სექტორში ზრდა, ადმინისტრირების გაუმჯობესება, ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში და ა.შ.), ასევე ხარჯვითი ნაწილის ანალიზი, საპროცენტო და არასაპროცენტო ხარჯების თანაფარდობა და მთავრობის საბიუჯეტო სტრატეგიის შეფასება. სრულყოფილი მაკროეკონომიკური ანალიზი გარდა ამ საკითხებისა, მოითხოვს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების და საბანკო და საფინანსო ბაზრის მდგომარეობის დახასიათებას. აქ უნდა იქნას განხილული ფასების ინდექსის, ფულადი მიმოქცევის, სავალუტო კურსის (საკურსო პოლიტიკის) საკითხები. დაბოლოს, მაკროეკონომიკურმა ანალიზმა ასევე უნდა მოიცვას საგარეო სექტორი და შრომის ბაზარი.
მხოლოდ ზემოაღნიშნული აგრეგატების სრუყოფილი ანალიზის შედეგები მოგვცემდა, ჯერ ერთი, ხელისუფლების მაკროეკონომიკური პოლიტიკის (თუკი ასეთი პოლიტიკა საერთოდ არსებობს) პრიორიტეტების რეალური შეფასების საშუალებას და მეორე, მიგვიყვანდა იმ სიღრმისეულ მიზეზებამდე, რომლებმაც დღევანდელი სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობეს. აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ანალიზი არ არის მარტივი. იგი სერიოზული პროფესიული მომზადების გარდა მოითხოვს დამუშავებას უზარმაზარი სტატისტიკური მასალისა, რომელიც დღესდღეობით სხვადასხვა უწყებების ლაბირინთებშია მიმობნეული.
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ პროგრამის ავტორები შეძლებდნენ სრულყოფილი მაკროეკონომიკური ანალიზის განხორციელებას, მაშინ საქართველოში სიღარიბის დაძლევა მათ მიერ არ იქნებოდა განხილული, როგორც მოკლევადიანი პერიოდის ამოცანა (იხ. დასახელებული დოკუმენტის 71-ე გვერდი). მით უმეტეს, როდესაც პროგრამის დანართების მიხედვით მოკლევადიანი პერიოდის ხანგრძლივობა 2-დან 3 წლამდეა. ასეთი “ოპტიმიზმი”, იმის გათვალისწინებით, რომ მთელმა მთავრობამ, თავად პროგრამის შექმნას ორი წელიწადი მოანდომა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია.
მართალია, პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა სიღატაკესთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა, ზოგადი საკითხების გადაუწყვეტლობის გამო არ არის გამოკვეთილი მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. თავიდან, ასეთად სახელდება “შიდა და გარე შოკები”, შემდგომში, კიდევ ერთი “ძირითადი მიზეზი” იქნა ნაპოვნი- უმუშევრობა. რა თქმა უნდა, უმუშევრობის დონე, გარკვეულწილად, განაპირობებს საზოგადოების კეთილდღეობას, მაგრამ ის არ წარმოადგენს უშუალო მიზეზს, ვინაიდან უმუშევრობაც გარკვეული მოვლენის შედეგია. პროგრამის ავტორებს, ცხადია, არ ევალებოდათ ზოგადად უმუშევრობის მიზეზების დადგენა. ეს ტვირთი თავის დროზე სხვებმა იტვირთეს (კეინსი, ჰარროდი და ა.შ.), მაგრამ მათ თავიანთ პროგრამის ანალიზურ ნაწილში, პასუხი უნდა გაეცათ კონკრეტულ კითხვაზე – რამ განაპირობა საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე და დაბალი ეკონომიკური ზრდა?
მიზეზების წვდომის უუნარობამ თავისი ასახვა პოვა პროგრამის მეორე თავში ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებში: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ინვესტიციების მოზიდვა და მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება, ადამიანური კაპიტალის განვითარება, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. ასეთი პრიორიტეტები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, სადაც აშენებულია კეთილდღეობის საზოგადოება, მაგრამ არა საქართველოს, რომლის მთავარი ამოცანა სიღატაკის დაძლევაა. ანდა, საქართველოს დღევანდელობაში, ლაპარაკი ჰაერის დაბინძურების გადასახადზე, ნიტრატებზე, CO და CO2-ზე და ტყვიის შემცველობაზე, ისიც ეკონომიკური ზრდის სტრატეგიული პრიორიტეტების ნაწილში, შეიძლება მხოლოდ ზღვარსგადასული ფანტაზიის ნაყოფად მივიჩნიოთ. ვფიქრობ, ავტორები ისე გაერთნენ, რომ მათ კიდევაც დაავიწყდათ რომელი ქვეყნის პროგრამას ამუშავებდნენ.
ცნობილია, რომ არსებობს ეკონომიკური თეორიის პირობითი დაყოფა დინამიკურ და სტატიკურ თეორიად. სტატიკური თეორიის მიმდევრებად ითვლებიან ეკონომიკის კლასიკოსები, რომელთა მთელი რიგი შეხედულებები დღეს სამართლიანი კრიტიკის ობიექტია, მაგრამ ერთი რამ, რომელსაც დინამიკური თეორიის მიმდევრებიც აპრიორ აქსიომად იღებენ და რომელიც კლასიკოსებმა აღმოაჩინეს არის ის, რომ წარმოებას არეგულირებს არა საშუალო არამედ ზღვრული ხარჯები. ერთადერთი საზოგადოება სადაც ეს პრინციპი იგნორირებული იყო, გახლდათ სოციალისტური საზოგადოება. შედეგი ცნობილია. თანამედროვე პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში ზღვრული ხარჯების პრინციპის გამოყენების შეზღუდვა დამახასიათებელია მხოლოდ ეკონომიკის ნაციონალიზებული სექტორისათვის. აღნიშნულიდან და პროგრამაში ჩამოყალიბებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ პროგრამის ავტორებს არ გააჩნიათ სრულყოფილი წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს შეზღუდული რესურსები, არჩევანის თავისუფლება და ზღვრული ხარჯები. სხვა შემთხვევაში, ისინი შეეცდებოდნენ იმ პრიორიტეტების გამოკვეთას, რომლის მიღწევაც არსებული რესურსების პირობებშია შესაძლებელი.
პროგრამაში ჯეროვანი ადგილი ეთმობა საინვესტიციო გარემოს საკითხს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეკონომიკური ზრდა და სიღატაკის დაძლევა პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან. სამწუხაროდ, პროგრამის ავტორები აქაც ვერ იჩენენ სათანადო თანმიმდევრულობას და მიდიან სრულიად ალოგიკურ დასკვნამდე. კერძოდ, მათი აზრით, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა გადახდისუუნაროა, აქედან გამომდინარე, საქართველოს არ გააჩნია შიდა რესურსები ინვესტირებისათვის და აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც მოითხოვს საინვესტიციო გარემოს სრულყოფას. ე.ი. პრიორიტეტი ენიჭება არა ზოგადად ინვესტორს, არამედ უცხოელ ინვესტორს, რაც სრული აბსურდია. წარმოუდგენელია, რომ რომელიმე სახელმწიფო რაღაც განსაკუთრებულ საინვესტიციო კლიმატს ქმნიდეს ცალკეული ინვესტორის ან ინვესტორთა ჯგუფისათვის. ეს, ჯერ ერთი, ეწინააღმდეგება კონკურენციის თავისუფლების პრინციპს, რომელიც ლიბერალური ეკონომიკის ქვაკუთხედია, მეორე, ასეთი მიდგომა უბრალოდ უტოპიაა.
საინვესტიციო გარემო, ნებისმიერ ქვეყანაში ერთიან სივრცეს წარმოადგენს. ინვესტორი, იქნება ის რეზიდენტი თუ არარეზიდენტი, სანამ განახორციელებდეს ინვესტირების აქტს, ახდენს მისი პერსპექტივის შეფასებას. ანუ, მისთვის კაპიტალის ზღვრული ეფექტიანობა ფასდება არა მიმდინარე, არამედ მომავალი შემოსავლებით. შესაბამისად, მას, ძირითადად, ერთი საკითხი აღელვებს – ნამდვილად მიიღებს თუ არა მომავალში იმ შემოსავლებს, რაც გათვალისწინებული ჰქონდა. ამასთან, იგი მოქმედებს რა ზღვრული ხარჯების პრინციპიდან გამომდინარე, აგრძელებს ინვესტირებას მანამ, სანამ მისი ხარჯები უზრუნველყოფენ მომავალ შემოსავლებს. თუმცა, ზემოაღნიშნულთან ერთად, მას აინტერესებს სხვა მრავალი ფაქტორიც, რომლებიც მართალია არ გაითვალისწინება თვითღირებულებასთან დაკავშირებულ ხარჯებში, მაგრამ მათი გავლენა მომავალ შემოსავლებზე შესაძლოა საგრძნობი იყოს. ამ “სხვა ფაქტორებიდან” განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფაქტორს, რომელიც “ტრანსაქციული ხარჯების” სახელწოდებით არის ცნობილი.
იმისათვის, რომ მკითხველმა ადვილად გაიგოს ტრანსაქციული ხარჯების მნიშვნელობა, ჩვენ აქ თითქმის სრულად მოვიყვანთ გაზეთ “ალიას” მიმდინარე წლის 30-მარტის ნომერში (N38 /1248) დაბეჭდილ ვინმე წვრილი მოვაჭრის (ინვესტორის) წერილს ქუთაისის პროკურატურისადმი: “საწარმოში ვამზადებ ნახევრად შებოლილ ძეხვს, რომელსაც რეალიზაციას ქალაქ ქუთაისის მიმდებარე რაიონებში ვუკეთებ… ძალიან ბევრი შემწუხებელი მყავს. დაწყებული საგადასახადო ინსპექციით, ვეტსამსახური, ეკოპოლიცია, სანეპიდსადგური, ნებართვებისა და ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლების სამსახური და სხვა… ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამსახური პატივისცემას ითხოვს, ზოგი ძეხვს მართმევს, ზოგი ფულს. ეს ჩემთვის უკვე აუტანელი გახდა…”. ეს პროვინციული ისტორია, ზუსტად ასახავს იმ დაბრკოლებებს, რომელთან შეჯახება მოუწევს ზოგად ინვესტორს და აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ის უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი. ზღვრული ხარჯების პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება ამა თუ იმ დარგში ან საწარმოში ინვესტირება მომგებიანი იყოს, მაგრამ ტრანსაქციული ხარჯების გამო ზარალად შემოუბრუნდეს ინვესტორს.
მეცნიერულ ენაზე, ტრანსაქციული ხარჯები არის საკუთრების უფლების უზრუნველყოფასთან და კონტრაქტების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები და მისი სიდიდე პირდაპირ ასახავს ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების დონეს. ქვეყნებში, სადაც მაღალია ეს ხარჯები, ლიბერალურ ეკონომიკაზე ლაპარაკი ნაადრევია. ნობელის პრემიის ლაურეატი დუგლას ნორტი ხაზს უსვამს რა ტრანსაქციულ ხარჯებთან დაკავშირებულ პრობლემას, ერთგან აღნიშნავს, რომ “სუსტად დაცული საკუთრების უფლების, კანონების უპატივცემლობის, ბაზარზე შეღწევადობის დაბალი ხარისხის და მონოპოლისტური შეზღუდვების შემთხვევაში, ინვესტორები, რომლებიც მიისწრაფვიან მაღალი მოგებისაკენ ირჩევენ მოკლევადიან სტრატეგიას, ქმნიან მცირე ძირითად კაპიტალს და ინარჩუნებენ მცირე მასშტაბებს. ყველაზე მიმზიდველ სფეროებად რჩება ვაჭრობა, შუამავლობა ან შავ ბაზარზე ოპერაციები. მსხვილი ფირმები დიდი ძირითადი კაპიტალით არსებობენ მხოლოდ სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ. მეურნეობის ასეთი სტრუქტურა მის არაეფექტურობას განაპირობებს”.
დუგლას ნორტის ზემოაღნიშნული შეფასებებიდან გამომდინარე, თუ შევხედავთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ქვეყანა წვრილი ვაჭრების და გარემოვაჭრეების ასპარეზადაა ქცეული და სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ წვრილი და მიკრობიზნესი ავლენს, მსხვილი ბიზნესი კი მხოლოდ ე.წ. “კრიშების” ქვეშ ბოგინობს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანაში იშვიათობას წარმოადგენს ადამიანი, რომელიც ლეგალური გზით არის გამდიდრებული. არსებული რეალობა მათ, უბრალოდ, აიძულებს მიმართონ გამდიდრების კრიმინალურ საშუალებებს.
ცხადია, ტრანსაქციული ხარჯების პრობლემას ვერ გადაწყვეტს, როგორც ეს პროგრამის ავტორებს ჰგონიათ “საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის #87 განკარგულებით საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით შექმნილი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭო”. ასეთი საბჭოები კი არ ამცირებენ, არამედ ზრდიან ტრანსაქციულ ხარჯებს. საფიქრებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არაკომპეტენტურმა მრჩევლებმა შეიყვანეს შეცდომაში და ხელი მოაწერინეს ამ სრულიად უმაქნის განკარგულებას. რეალურად, მათ ამით საკუთარი პასუხისმგებლობა გადააკისრეს პრეზიდენტს, რომელიც ნამდვილად არაფერ შუაშია. საინვესტიციო გარემო უნდა შექმნას ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლებამ და არა ცალკე აღებულმა რომელიმე უწყებამ ან საბჭომ. ამისათვის კი საჭიროა ერთიანი პოლიტიკური ნება.
ამრიგად, ინვესტირების პროცესის გამოცოცხლებისათვის არ არის გადამწყვეტი მოსახლეობის დაბალი შემოსავლები. აქ ძირითადი და მთავარი არის საინვესტიციო გარემო. სწორედ ამ სფეროში რადიკალური ცვლილებების გარეშე, რაც აუცილებლად გულისხმობს სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ მოწყობას, მოსახლეობის შემოსავლები ყოველთვის დაბალი იქნება და რამდენიც უნდა ეხვეწოს საქართველოს მთავრობა უცხოელ ინვესტორებს, ისინი ფულს აქ არ დააბანდებენ.
პროგრამის ავტორებს, თუ მათ რეალური პროგრამის შექმნა სურდათ, უნდა გაეთვალათ ტრანსაქციული ხარჯები მიმდინარე ეტაპზე და დაესახათ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც კარდინალურად შეცვლიდა სურათს. ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, პროგრამაში ვხვდებით ზოგად, ლოზუნგების დონის, მოწოდებებს სამეწარმეო საქმიანობის ლიბერალიზაციაზე და ლიცენზირების საკითხების მოწესრიგებაზე.
პროგრამაში დიდი ყურადღება აქვს დათმობილი ქვეყანაში შექმნილი რესურსების ეფექტურ და სამართლიან განაწილებას. ამასთან, რატომღაც ასეთი რესურსების ქვეშ პროგრამის ავტორები განიხილავენ მხოლოდ ბიუჯეტში აკუმულირებულ სახსრებს, რაც სულ მცირე უზუსტობაა. დამწყებმა სტუდენტმაც კი იცის, რომ ბიუჯეტში აკუმულირებული სახსრები ქვეყანაში შექმნილი რესურსების მხოლოდ ნაწილია, ამიტომ, რამდენად სამართლიანადაც უნდა გაანაწილოს ფინანსთა სამინისტრომ ეს ბიუჯეტი იგი ვერ იქნება “ქვეყანაში შექმნილი რესურსების სამართლიანი განაწილება”. ამ უზუსტობის მიუხედავად თვითონ კითხვა: “ვინ უნდა გაანაწილოს ქვეყანაში შექმნილი რესურსები”? არქიპრინციპულია. დღემდე არსებული ეკონომიკური წყობების ანალიზი უჩვენებს, რომ განაწილების სუბიექტები შეიძლება იყოს მხოლოდ ორი: ბაზარი და სახელმწიფო. პირველ შემთხვევაში, სახელმწიფო ადგენს თამაშის ზოგად წესებს და მინიმალურად ერევა ამ თამაშში. ყოველ შემთხვევაში, ხელს არ უშლის ბაზარს. ეს სისტემა შეიძლება მთლად სამართლიანად არ მოგვეჩვენოს, მაგრამ მისი უპირატესობა, როგორც ამას აქამდე არსებული პრაქტიკა ამტკიცებს, მდგომარეობს არჩევანის თავისუფლებაში და ეკონომიკის დინამიური განვითარების უზრუნველყოფაში. მეორე შემთხვევაში, სახელმწიფო თავის თავზე იღებს რესურსების “სამართლიან” განაწილებას, ის კარნახობს პირობებს მეწარმეებს და შედეგად მეწარმეებიც და მთელი მოსახლეობაც იქცევა სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელში ამ უკანასკნელის ინტერესის რეალიზაციის იარაღად. დინამიკური ეკონომიკის ნაცვლად კი ხელში გვრჩება აი, ასეთი “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა”, რომლის დანიშნულებაა, ტვინები გამოურეცხოს მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულ ღატაკებს, რათა ისინი ნაკლებად ხვდებოდნენ საკუთარი სიღატაკის ნამდვილ მიზეზებს.