დავით ნარმანია „თბილისის მერია არ გასცემს არც ერთ სამშენებლო ნებართვას, თუ მშენებლობის გეგმით გამწვანების კოეფიციენტი გათვალისწინებული არ არის“
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისში მიმდინარე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მწვანე საქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე გაამახვილა, რაც მთლიანად შეესაბამება ამჟამად ევროპასა და მთელს მსოფლიოში მიმდინარე ძირითად ტენდენციებს.
„მწვანე პლატფორმა“ – ქალაქის გამწვანება, ჰაერის დაბინძურების შემცირება, ეკოლოგიური გარემოს შექმნა და სარეკრეაციო ზონათა გაფართოება – ურბანული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, ისევე, როგორც ენერგოეფექტურობის ამაღლება და ამ სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრება. მათ შორის შესაბამის სერვისთა მიმწოდებლების დავალდებულება, სრულად გაითვალისწინონ ეს პრიორიტეტი თავიანთ საქმიანობაში. თანამედროვე მოთხოვნაა, დავეყრდნოთ „მწვანე პლატფორმას“ საკანონმდებლო თუ მმართველობითი ცვლილებების, ასევე კონკრეტული პროექტების განხორციელებისას. ამასთან, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად, ვიღებთ ვალდებულებას, გავააქტიუროთ ძალისხმევა გარემოსდაცვითი მმართველობისა და შეთანხმების აღსრულების მიმართულებით, მათ შორის, ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების თვალსაზრისით. ამდენად, თბილისის მერია არ გასცემს არც ერთ სამშენებლო ნებართვას, თუ მშენებლობის გეგმით გამწვანების კოეფიციენტი გათვალისწინებული არ არის“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.