ლარი კვლავ უფასურდება, მაგრამ ეკონომიკაში ყველაფერი „კარგადაა“
პარადოქსებით აღსავსე სავალუტო ფონდი
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
მიუხედავად დამაიმედებელი განცხადებებისა, ლარი კვლავ განაგრძობს გაუფასურებას. ლარის ვარდნასთან ერთად მცირდება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2015 წლისთვის 2.3%-ით განსაზღვრა. რეალურ ეკონომიკაში ვითარება დღითიდღე მძიმდება, მაგრამ საპირისპიროს გვიმტკიცებენ როგორც საქართველოს მთავრობის, ისე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც 14-15 მაისს ჩვენს ქვეყანას უხვად სტუმრობდნენ.
„საქართველოს უკვე შეუძლია იამაყოს იმ წარმატებით, რომელსაც მან მიაღწია“ – EBRD-ის პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი.
„ლარის გაუფასურება კარგიც არის, რადგან ექსპორტმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა“ – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იუჰა კაჰკონენი.
„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია“ – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.
„ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა შეიმჩნევა“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„საქართველო რჩება ყველაზე საინტერესო საინვესტიციო მიმართულებად“ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ამასობაში კი ლარი ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.36-ია. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი ჯიუტად გვარწმუნებენ, რომ საქართველოს დიდი პროგრესი აქვს და საგანგაშო არაფერი ხდება. ამჯერად, ყურადღება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მათი წარმომადგენლების განცხადებებზე გავამახვილოთ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ, რომელიც საქართველოში 2014 წლის ივნისის განმავლობაში მუშაობდა, გამოაქვეყნა ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა (FSAP), რომლის მიხედვითაც, საქართველომ წარმატებით გაუძლო სხვადასხვა შოკს, მათ შორის, რუსეთთან კონფლიქტს, გლობალურ საფინანსო კრიზისს, პოლიტიკურ ცვლილებებს, რეგიონულ არასტაბილურობას და საბანკო სექტორმა ბოლო წლების მოვლენების ფონზე, მისი მნიშვნელოვანი მდგრადობა დაადასტურა. პოზიტიურია ასევე მომავლის მოლოდინებიც. შეფასების პროგრამის ფარგლებში მისიამ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო საზედამხედველო მიდგომები და დაასკვნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა 2006 წლის ბოლო შეფასების შემდეგ რადიკალურადაა გაუმჯობესებული ყველა მიმართულებით. მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან მაღალ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ბაზელის კომიტეტის ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა მოწინავე საზედამხედველო მიდგომა, რომელიც არის ყოვლისმომცველი, მომავალზე და რისკებზე ორიენტირებული. როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშშია მითითებული, ის არის ყოვლისმომცველი, რადგანაც ითვალისწინებს ყველა რისკს, როგორც ცალკეული ბანკის, ასევე საბანკო სისტემის დონეზე. ის არის მომავალზე ორიენტირებული, რადგან მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა სტრეს-ტესტები, ბიზნეს მოდელი, კორპორაციული მართვა, კაპიტალისა და კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმები. ის არის რისკებზე ორიენტირებული, რადგან განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვან რისკებზე, ბანკების სისტემური მნიშვნელობის ჩათვლით. 29-პუნქტიან შეფასების დოკუმენტში ეროვნულმა ბანკმა 26 პუნქტში პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 2 მიმართულება შეფასდა, როგორც განსაკუთრებით კარგი პრაქტიკა, რომელიც სამაგალითოა განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი, ესენია: საკრედიტო რისკი, სადაც ეროვნული ბანკის მიდგომები შეფასდა, როგორც ძალიან მოწინავე და საზედამხედველო ტექნიკა და ინსტრუმენტები, სადაც სამაგალითოდ გამოიყო 3 ინოვაციური მიმართულება:
1. საზედამხედველო ციკლი გამოიყენება ინდივიდუალური რისკის დონეზე, რაც საკმაო მოქნილობას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, აღნიშნული მოქნილობა დაბალანსებულია პერიოდული შეჯამებებით;
2. როგორც ჩანს, მიღწეულ იქნა რისკის და ბანკის ზედამხედველების ოპტიმალური ინტეგრაცია და თანაბარი გამოყენება. ბანკის ზედამხედველები პასუხისმგებლები არიან ბანკებზე რისკების გასწვრივ და რისკის ზედამხედველები რისკებზე ბანკების გასწვრივ და ასევე სისტემურ რისკზე. ისინი არიან ჩართულნი, როგორც დისტანციურ, ასევე ადგილზე შეფასებებში და მათ შორის პასუხისმგებლობები ძალიან ცალსახად არის განაწილებული;
3. ძალზედ ეფექტიანი საინფორმაციო სისტემა, რომელიც „ონ ლაინ“ ზედამხედველობისა და მონაცემთა შთამბეჭდავი ანალიზის საშუალებას იძლევა.
მისიამ განსაკუთრებით აღნიშნა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხის შესახებ. შეფასების მიხედვით, საბანკო ზედამხედველობის ხარისხით საქართველო ისეთი ქვეყნების რიგებში ერთიანდება, როგორიცაა ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ირლანდია. გარდა საზედამხედველო პოლიტიკისა, ანგარიშში შეფასებულია ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემებიც: „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მყარი საძირკველი ჩაუყარა საქართველოს ეროვნულ საგადახდო სისტემას. ქვეყნის ძირითადი საგადახდო ინფრასტრუქტურა არის იმდენად ეფექტური და ქმედუნარიანი, რომ მის შესასწავლად ხშირად ჩამოდიან წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრალური ბანკიდან“, -აღნიშნულია ანგარიშში. „სავალუტო ფონდის მისიის შეფასება მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, ესაა გზავნილი ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განვითარებული, მდგრადი და სანდო საფინანსო სექტორია, ეს შეფასება კიდევე ერთხელ ადასტურებს იმ პროგრესს და სისტემურ ცვლილებების წარმატებას, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთლიანად საფინანსო სექტორმა აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. „ფინანსური სისტემის შეფასების პროგრამა არის სსფ-ის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ქვეყნის ფინანსური მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. როგორია საბანკო ზედამხედველობა, როგორია საბანკო სექტორის გამძლეობა სხვადასხვა შოკების მიმართ, როგორია ლიკვიდურობის პოზიცია და რა სტანდარტებს აკმაყოფილებს ქვეყნის საბანკო სექტორი ზოგადად. საბანკო ზედამხედველობა არის ზოგადად ეროვნული ბანკის ფუნქცია, აქედან გამომდინარე, გასული წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოსული მისიის დასკვნებით, ეროვნული ბანკის მაღალის სტანდარტებით რეგულირება განაპირობებს იმას, რომ საბანკო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, გამძლეა შოკების მიმართ, საბანკო სექტორი არის მომგებიანი, ლიკვიდურობა მაღალია და რისკებს ართმევს თავს. საქართველოს მაგალითი, შეიძლება ითქვას, ნიმუშად გამოდგეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში და საქართველოს ეროვნული ბანკი პირნათლად ასრულებს ბაზელის ძირითადი პრინციპების მოთხოვნებს“ – განაცხადა სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა.
როგორც ვხედავთ, სავალუტო ფონდი დადებითად აფასებს საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებულ ვითარებას, ლარის რეკორდულად გაუფასურების ფონზეც კი. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი განცხადებები სავალუტო ფონდისგან უკვე აღარავის უკვირს, ამ ორგანიზაციას ხშირად სდებენ ბრალს იმაში, რომ ქვეყნების პრაქტიკულ გამოცდილებას და ეკონომიკაში არსებულ რეალობას კარგად არ იცნობს და ხშირად ანგარიშებს და განცხადებებს თეორიულ საფუძვლებზე აკეთებს, რომლის წანამძღვარიც უმეტეს შემთხვევაში განვითარებული ეკონომიკების გამოცდილებაა. ამის კარგი მაგალითია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის იუჰა კაჰკონენის განაცხადება, რომლის მიხედვითაც ლარის გაუფასურება ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა კორკურენტუნარიანობა შეინარჩუნა. „მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის საერთო სიტუაცია საკმაოდ არასაიმედოა. რეგიონის რისკები სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოერგოს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას და რომლის წინაშეც დგას საქართველო. ლარის გაუფასურება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ნაწილი იმ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისა, რაც შექმნილ რეალობასთან მიმართებაში მოუწია ქვეყნებს გააკეთონ. ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, რაც უნდა გამოიხატოს ექსპორტის შემდგომ ზრდაში“, – განაცხადა იუჰა კაჰკონენმა.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის როგორც ამჟამად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მომავალში. „საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს. ასევე, საგარეო მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, ახლა ლარი გაუფასურდა, სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს მისი გამყარება. გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყოფს ლარის მიერ გარე შოკების შეთვისებას, ანუ გაცვლით კურსზე გადავიდა შოკები და დარტყმა, რაც ქვეყანას მიადგებოდა, რომ არ ყოფილიყო მოქნილი გაცვლითი კურსი“ – აღნიშნა კაჰკონინმა.
რა თქმა უნდა, თეორიიდან ყველამ კარგად ვიცით, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მართლაც ზრდის ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე და ბევრი განვითარებული ქვეყანა ამ მიზნით ხელოვნურადაც ცდილობს საკუთარი ვალუტის დასუსტებას (ამის კარგი მაგალითია ჩინეთი და ამჟამად ევროპის რაოდენობრივი შერბილების პროგრამა), მაგრამ საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, სადაც საწარმოო სექტორები განუვითარებელია და გარდა ამისა, ბოლო თვეებში ექსპორტიც მცირდება, ეს ფაქტორი არ მუშაობს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით კი, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში“ – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. რაც შეეხება, მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც ადგილი აქვს, გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოლოდინები და სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ის მონაწილეები, ვისაც დოლარი აქვს გასაყიდი, თავს იკავებენ გაყიდვისგან, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ მოკლე ვადაში კურსს ექნება გაუფასურების მიმართულება. ეს მოლოდინი იწვევს კურსის ერთი მხრივ, წონასწორულზე მაღალ წერტილზე ასვლას და შემდგომ ამას ყოველთვის მოჰყვება გამყარება და ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი ნახტომი“, – განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, მოლოდინებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხის ირგვლივ. „ასეთი განცხადებები პოზიტიურ ჭრილში არ მოქმედებს და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის პასუხიმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ, ამა თუ იმ პროცესის შეფასების დროს“, – განაცხადა ქადაგიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმასაც აცხადებს, რომ გამოსავალი არის ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და ასევე არაპოპულარულ რთულ გადაწყვეტილებებში, რომელიც აუცილებლად არის მისაღები. თუმცა რას გულისხმობდა იგი ე.წ. მეორე თაობის რეფორმებში და რთულ გადაწყვეტილებებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს. როგორც ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ყველაფერზე ის ისაუბრებს პარლამენტში, როდესაც ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება. რაც შეეხება ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის ეროვნული ბანკის ადგილას რეფინანსირების განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდიდა, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მონეტარული ინსტრუმენტებით და ეროვნულ ბანკში გასაღების ძიება ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური ვალუტის ნაკლებ შემოდინებასთან, სწორი არ არის. როგორც ქადაგიძემ საქართველოს საინვესტიციო მიმოხილვის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩვენ ვცხოვრობთ ნამდვილად ისეთ რეგიონში და გარემოში, რომელიც მერყევია, მაგრამ საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა და ეს არ არის ცარიელი სიტყვები. ქადაგიძის თქმით, საქართველოს მაკროფუნდამენტალური ასპექტები არის საღი. „საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც ვალებშია ჩაფლული. ჩვენი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ფრთხილი და საღია. საქართველოს ეკონომიკას აქვს, რა თქმა უნდა, სტრუქტურული პრობლემები, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა ინვესტორებისთვის, რადგან არსებობს ნიშა, რომლის გამოყენებაც შეუძლია ინვესტორს“ – განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, არის ბევრი კომპონენტი საქართველოში, რომელიც ქვეყანას მიმზიდველს ხდის. „5-10 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანია, რომ საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების რიგში აღმოვჩნდეთ და ამისთვის ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ შეცდომები, უნდა გვქონდეს საღი პოლიტიკა, შეგვიძლია დავპირდეთ ინვესტორებს, რომ ჩვენ ასეთი პოლიტიკა გვექნება“ – განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, იყო გარე შოკები, გარკვეული დევალვაცია და მისი განეიტრალება არის საჭირო.
მაგრამ სანამ 5-10 წელი გავა, გვაქვს რეკორდულად გაუფასურებული ლარი, იმპორტირებულ პროდუქციაზე მზარდი ფასები, დოლარში მქონე მსესხებლების დამძიმებული სავალო ვალდებულებები, შემცირებული ექსპორტი, საერთაშორისო ფულადი გზავნილები და ახლა უკვე მშპ-ს ზრდის შემცირებული პროგნოზებიც. ამასთანავე, ახალი დემოგრაფიული სურათი, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა მკვეთრადაა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში გაცილებით მაღალია იმ ნიშნულზე, რაც სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზეა დაფიქსირებული.