რამდენი პროცენტით შეამცირა სავიზო რეგულაციებმა ტურისტების შემოდინება ქვეყანაში

სალომე ძაგნიძე

საქართველოს, როგორც ტურიზმისთის საუკეთესო დანიშნულების ქვეყანას, უამრავი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველებისთვის. საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობამ 2013 წლის ჯამური მონაცემებით 5, 392 303 შეადგინა, რაც 22 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (4,428 221) 2014 წლის 3 თვის მონაცემებით კი, საქართველოს 1, 006 267 მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8%-ია*. აღნიშნული ციფრებიც მეტყველბს იმაზე, რომ საქართველოს ნამვდილად აქვს ტურიზმის დიდი პოტენციალი და ის მნახველების რიცხვს არ უჩივის, თუმცა ბოლო დროს სამიზნე ტურისტულ ბაზრებზე განვითარებული მოვლენებისა და დაწესებული ახალი სავიზო რეგულაციების გამო, გაჩნდა მოსაზრებები, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუშლიდა საქართველოში ტურიზმის განვითარებას და შესაბამისად, შეამცირებდა ტურისტთა რიცხვს, რაც, რასაკვირველია, საკმაოდ ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

უფრო კონკრეტულად, 2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ამოქმედებული ახალი სავიზო რეგულაციების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ყოფნის უფლება 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გრძელვადიანი პერიოდით სტუმრობას გადაწყვეტენ, მათ საქართველოს საკონსულოებში შესაბამისი კატეგორიის ვიზის აღება მოუწევთ, რომლის საფასური სტანდარტულია და 50 აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, აღნიშნულის უფლება ექნებათ ევროპის, ნატოს, დსთ-სა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს. ქვეყნების ჩამონათვალი 118-დან 94-მდე შემცირდა. სწორედ ამიტომ, შემცირების მიზეზის მოსაძებნად საჭიროა გავაანალიზოთ რა ფაქტორებმა მოახდილეს გავლენა ცვლილებაზე, მხოლოდ სავიზო რეგულაციებს შეიძლება ეს მივაწეროთ თუ არსებობს სხვა მიზეზებიც.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში შეინიშნება ტურისტთა რაოდენობის კლება, სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

1111

როგორც ვხედავთ, 15 ქვეყნიდან ვიზიტორების შემოდინების შემცირება 6 მათგანში ფიქსირდება. ყველაზე დიდი კლება თურქეთიდანაა – 28 ათას ვიზიტორზე მეტი, ირანიდან – 8,6 ათასი, რუსეთიდან – 6 ათასი. აღნიშნული 6 სახელმწიფოდან, მხოლოდ ირანია, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ. სწორად ამტომ ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორების შემოსვლის შემცირება შეიძლება სავიზო რეჟიმის გამკაცრებას მივაწეროთ – ირანია. სხვა მიმართულებებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანი კლება თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ფიქსირდება. მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ეკონომიკური და სავალუტო პრობლემები, უკრაინაში კი დამატებით საომარი მოქმედებები და პოლიტიკური დაძაბულობა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ. ადმინისტრაცია გასული სეზონის შეჯამებისას აღნიშნავს, რომ იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 381 000 ვიზიტი განხორციელდა, რაც -1,6%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, მაგრამ ეს მონაცემები არ იძლევა პანიკის საფუძველს, რადგან მათ უკვე გაწერილი აქვთ მთელი წლის სამოქმედო გეგმა და აქტივობები როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც სწორედ ტურისტების მოზიდვაზეა ორიენტირებული. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საინტერესო მაჩვენებელიც დაფიქსირდა აპრილის თვეში. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩეოდნენ ლიტვა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად: 67%, 42% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (101%) და ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 37% და 28%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გამოირჩა არაბთა გაერთიანებული საემიროები – 540%-იანი მატებით. რაც შეეხება კლებას, მიზეზად ჩვენს მეზობელ ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისსა და რეგიონში არსებულ დაძაბულ ფონს ასახელებენ. მათი თქმით, გასული სეზონის შეჯამებისას აუცილებალად უნდა ითქვას ისიც, რომ გასულ 3-4 თვეში საქართველო განსაკუთრებულად მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში, არაერთი სტატია გამოქვეყნდა გავლენიან გამოცემაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ National Geographic-მა 50 ქვეყანას შორის მოგვახვედრა და რამდენიმე მილიონიან მკითხველს საქართველოში მოგზაურობა ურჩია. გარდა ამისა, საქართველოზე მარტო წელს National Geographic-მა კიდევ 3 სტატია დაწერა. ასევე, გამოქვეყნდა სტატიები New yourk Times-ში, CNN-მა სოციალურ ქსელში სვანეთის ფოტოები ატვირთა, სტატია დაიბეჭდა გავლენიან ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ში, სადაც გამოცემის მიმომხილველმა მკითხველს საქართველოში მოგზაურობა და ქართული ღვინის დაგემოვნება ურჩია. ქართული ღვინისა და კერძების შესახებ სტატია დაიბეჭდა Washington Post-შიც. სვანეთის სოფლებს BBC-ის ჟურანლსიტმა ევროპის ძლიერი და ლეგენდარული სოფლები უწოდა და სტატია გამოაქვეყნა. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო მეტ ადამიანს უჩენს სურვილს, რომ საქართველოში იმოგზაურონ.

მიუხედავად არსებული მცირეოდენი კლებისა, ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაცია ოპტიმისტურად არის განწყობილი მომავალი სეზონის მიმართ, მათი თქმით, ზაფხულში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიების, მათ შორის: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის და უეფას სუპერთასის მატჩის ჩატარება. გარდა ამისა, წელს პირველად თბილისში და პირველად კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნეს-ფორუმი გაიმართა და ქვეყანა მასპინძლობდა მაღალი რანგის სტუმრებს, სამთავრობო დელეგაციებს და ბიზნესის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის ცნობადობას.

ასევე, ყურადღებას ამახვილებენ ტურიზმის ახალ ტენდენციებზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განაგრძობს ტურიზმის მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას, საქართველოს ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოში, მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაციას, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზრებზე, ტურისტული პროდუქტების განვითარებას და სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა ტრენინგების ორგანიზებას. საქართველოში მრავალი ფაქტორის გამო, არსებობს დიდი პეპრესქტივა MICE ტურზმის (საკონფერენციო ტურიზმის) განვითარების კუთხით და ამ მიმართულებით გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
რაც შეეხება ახალ სავიზო რეგულაციებს, ამასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა სტატისტიკური კვლევა და აღმოჩნდა, რომ მონაცემები საგანგაშო ნამდვილად არ არის. კონკრეტულად კი სექტემბრიდან ამ წლის მარტის ჩათვლით (7 თვის განმავლობაში), თითქმის 2 მილიონ 800 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში. კლებამ კი იმ ქვეყნებიდან, სადაც სავიზო რეჟიმი დაწესდა, 54 241 ათასი ადამიანი შეადგინა, ეს მონაცემები მთლიანად საერთაშორისო შემოსვლებში მხოლოდ 2-% ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სავიზო რეჟიმის დანერგვის დღიდან მთავრობამ დაიწყო მუშაობა ამ ეფექტის შესამსუბუქებლად, გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ არ შემცირდეს ტურისტების ნაკადი, დაინერგა ელექტონული ვიზის სერვისი, რომელიც უკვე მოქმედებს და ეს სიახლე პრაქტიკულად აქარწყელბს ვიზის შემოღების შესაძლო უარყოფით ეფექტს. ელექტრონული ვიზის პორტალის საშუალებით სავიზო განაცხადის შევსებას აქვს ბევრი უპირატესობა: ის მნიშვნელოვნად ამარტივებს მოკლევადიანი ვიზის მიღების პროცედურას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული და საქმიანი მიზნებით მომავალი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას; არ მოითხოვს საელჩოში ან საკონსულოში ვიზიტს და დოკუმენტების ორიგინალი ვერსიების წარდგენას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი, სინგაპური, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, და ა.შ. ასევე იგეგმება უახლოეს მომავალში სავიზო რეგულაციების ლიბერალიზაციის ნაბიჯები.

აღსანიშნავია, რომ სავიზო რეგულაციების გამკაცრებას ბუნებრივია თავისი გავლენა აქვს, მაგრამ საერთო ამიდნს ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი მიმართულებით ვერ ცვლის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება, სადაც საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა ტურიზმის სექტორში კონკურენტნუნარიანი ქვეყნების რეიტინგში. საქართველოს ძლიერ მხარეებად დასახელებულია ბიზნეს გარემო, ამ მხრივ ის 32-ე ადგილზეა, 32-ე უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის ის 31-ე პოზიციაზე, საპორტო და სახმელეთო ინფრასტრუქტურის მხრივ 67-ე, კულტურული რესურსები და ბიზნეს მოგზაურობები კი 87-ე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ქვეყანამ კვლავ განაგრძოს ამ დარგის განვითარება, რადგან როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოში ტურიზმს აქვს ზრდის პოტენციალი.

* საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემები