პრემია ეკონომისტმა და ფსიქოლოგმა გაიყვეს
მოამზდდა ლინა ეპიშევამ
ცხრა ოქტომბერს სტოქჰოლმში ორ ამერიკელს – დანიელ კანემანს და ვერნონ სმიტს ეკონომიკაში რიგით ოცდამეცამეტე ნობელის პრემია მიენიჭათ ფსიქოლოგიური გამოკვლევების ეკონომიკურ მეცნიერებაში ინტეგრირებისათვისა და ლაბორატორიული ექსპერიმენტების ეკონომიკური ანალიზის სახით გამოყენებაში, რომელიც ეკონომიკური სამყაროს პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
ამ მოვლენაში ყველაზე უჩვეულოა ის, რომ პრემია ეკონომისტსა და ფსიქოლოგს ერგო წილად.
ნობელის პრემიის ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა ეკონომიკის დარგში პრემია ლაურეატ-ეკონომისტს, მაგალითად, მათემატიკოსს ჯონ ნოშს მიენიჭა, მაგრამ ეკონომიკის დარგში პრემიის გადაცემა ფსიქოლოგისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. ეკონომიკურ წრეებში ზოგიერთნი თვლიან, რომ გატაცება ე.წ. ქცევითი ფინანსური თეორიით, უბრალოდ მოდად იქცა.
პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორ კანემანის გამოკვლევა კონცენტრირდება ადამიანის უნარზე შეაფასოს სიტუაცია და გადაწყვეტილება მიიღოს გამოურკვევლობის პირობებში. კანემანი თვლის, რომ ინვესტორების მიერ საფონდო ბაზარზე მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია არა მხოლოდ რისკთან დაკავშირებულ მოსაზრებებზე, არამედ გათვლებში დაშვებულ შეცდომებზე და ასევე რეაქციაზე ახალი ინფორმაციის შესახებ.
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა სმიტმა პრემია მიიღო, უპირველეს ყოვლისა, ახალი, ალტერნატიული საბაზრო მოდელების ტესტების შემუშავებისათვის – ძალზე სასარგებლო მექანიზმი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგალითად, ბაზრის ლიბერალიზაციისა და სახელმწიფო მონოპოლიების პრივატიზაციის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ლაურეატები ცდილობდნენ თვალნათლივი პარადოქსები აეხსნათ. მაგალითად, პროფესორმა კანემანმა აღმოაჩინა, რომ ბევრი ადამიანი არ იყიდის კალკულატორს 15 დოლარად და ამჯობინებს 20 წუთი იხეტიალოს და იყიდოს კალკულატორი 10 დოლარად, მაგრამ 125 დოლარიანი ჟაკეტის ყიდვის დროს ადამიანი უკვე აღარ წავა სხვაგან იგივე 5 დოლარის დასაზოგად.
თუმცა, ორმა დაჯილდოებულმა ლაურეატმა ეს სფერო სხვადასხვა კუთხიდან განიხილეს. “კანემანი ფსიქოლოგია. მას აინტერესებს, თუ როგორ აზროვნებს ადამიანი და როგორ იღებს გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ელვინ როზმა, ჰარვარდის ეკონომისტმა. “სმიტი კი ეკონომისტია. მას აინტერესებს, თუ როგორ მუშაობს ბაზარი”.
სხვადასხვა მიზნები სხვადასხვა მიდგომებს გულისხმობენ. პროფესორი სმიტი თავის გარდაცვლილ კოლეგასთან, ამოს ტვერსკისთან ერთად აპირებდა გამოერკვია, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდა ეკონომიკური თეორია ლაბორატორიის პირობებში.
ორივე მეცნიერმა შეამოწმა არჩევნის სტანდარტული ეკონომიკური თეორიის შესაძლებლობები ხალხის მოქმედების ამოსაცნობად. თეორიის მიხედვით, ადამიანი სისტემატურად იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია რჩევაზე და არსებულ ინფორმაციაზე. პროფესორმა კანემანმა და ტვერსკიმ ექსპერიმენტების ჩატარება 1970 წლებში დაიწყეს.
1981 წელს მათ გამოაქვეყნეს გამოკველევების შედეგები, რომლის მიხედვით 152 სტუდენტს მიეცა სავარაუდო არჩევნის შესაძლებლობა 600 ადამიანის ავადმყოფობისაგან გადასარჩენად. პირველი ვარიანტის მიხედვით, 200 ადამიანი უეჭველად გადარჩებოდა. მეორე ვარიანტით, რჩებოდა ერთი მესამედი შანსი, რომ ყველა დარჩებოდა ცოცხალი და ორი მესამედი – არც ერთი არ გადარჩებოდა. სტუდენტთა 72%-მა აირჩია ნაკლებად სარისკო პირველი ვარიანტი. მაგრამ, როდესაც მკლევარებმა შესთავაზეს 155 სტუდენტს იგივე არჩევანი, ოღონდ სხვანაირად გამოხატული – 400 ადამიანი უეჭველად გადარჩებოდა ან ერთი მესამედი შანსი იქნებოდა იმისა, რომ არავინ არ მოკვდებოდა. მხოლოდ 22%-მა აირჩია პირველი ვარიანტი.
პროფესორის თქმით, განსხვავება განაპირობა იმანაც, რომ არჩევანის ვარიანტები სხვადასხვანაირად იყო გამოხატული, როგორც ნაღდი მოგება და ნაღდი წაგება. მათ ექსპერიმენტებში ხალხი ერიდებოდა რისკს, როცა მოგება, მაგალითად, გადარჩენილი სიცოცხლე, ეჭვქვეშ იდგა – მათ სურდათ ნაღდი მოგების მიღება, მაგრამ ხალხი ამჯობინებდა რისკს, როცა ალტერნატიული ვარიანტი იყო დანაკარგი, თუნდაც, რისკზე წასვლა უფრო დიდი დანაკარგის შესაძლებლობას გულისხმობდა.
სმიტმა გამოიყენა ლაბორატორიული მეთოდები, ეკონომიკური გადაწყვეტილებების შესასწავლად. მისი გამოკვლევა ვაჭრობაზე და გარიგებებზე კონცენტრირდებოდა. 1960 წლებში პროფესორი სმიტი იყო ერთადერთი ეკონომისტი, რომელმაც ექსპერიმენტული მონაცემები აკადემიური გამოკვლევების ქვაკუთხედად აქცია.
ნობელის პრემიების ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია ის, რომ ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ალფრედ ნობელის მიერ არ იყო დაფუძნებული. თავის ანდერძში ცნობილი შვედი გამომგონებელი ხუთ პრემიას მოიხსენიებს: ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის დარგში და აგრეთვე მსოფლიო პრემიას. ყველა ეს პრემია ასი წლის წინ 1901 წელს იყო დაფუძნებული.
რაც შეეხება ეკონომიკის დარგში პრემიას, ის შედარებით ახალგაზრდაა: ის დაფუძნებულ იქნა 1968 წელს შვედეთის ეროვნული ბანკის მიერ, ნობელის პატივსაცემად.
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები გახდნენ ნორვეგიელი რაგნარ ფრიში და ჰოლანდიელი იან ტინბერგენი მიღწევისათვის – ეკონომიკური პროცესების ანალიზის დინამიური მოდელების გამოყენებისთვის, რომელიც ასე არამიმზიდველად გამოიყურება.
შემდგომი ეკონომიკური აღმოჩენების უმრავლესობა არაეკონომიკური განათლების მქონე პუბლიკას გაუგებრად ეჩვენებოდა. არც ისე ადვილია აუხსნათ უბრალო მოკვდავებს საერთო ეკონომიკური ეკვილიბრიუმის თეორია, რაციონალური მოლოდინების ჰიპოთეზა, ან სტიმულატორების ეკონომიკური თეორია ასიმეტრიული ინფორმაციის პირობებში.
მსოფლიო ეკონომიკის პროცესებზე ნობელის ლაურეატების გავლენის გადაფასება ძნელია. ბევრ მათგანს ნობელის პრემია შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებაში. მაგალითად, ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი, 1976 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში, მონეტარიზმის თეორიაში მიღწევებისათვის, დღემდე ომისშემდგომი პერიოდის გავლენიან ეკონომისტად რჩება.
ახლაც კი, 90 წლის ფრიდმანი რეგულარულად უკეთებს კომენტარებს მრავალ ეკონომიკურ საკითხს, ევროს ბედისაგან დაწყებული დეფლაციით და იაპონიაში ეკონომიკური კრიზისით დამთავრებული. უკვე 70-იან წლებში მილტონმა იწინასწარმეტყველა მსოფლიო არენაზე საბაზრო ეკონომიკის დაბრუნება, კომუნისტური რეჟიმის დაშლა. მან სამი წლის წინ, 1999 წელს, როცა ამერიკა ინტერნეტ ბუმს განიცდიდა, გააფრთხილა, რომ ეს ბუმი დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
მსოფლიო ეკონომიკურ ელიტას ჯერ კიდევ ახსოვს გასული წლის ლაურეატის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯოზეფ სტიგლიცის მიერ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკის ირგლივ ატეხილი სკანდალი.
პროფესორი სტიგლიცი, რომელიც, სხვათა შორის, ბუშის ახლანდელი ადმინისტრაციის სასტიკი მოწინააღმდეგია, სამი წლის მანძილზე, მთავარი ეკონომისტის და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
თავის წიგნში “გლობალიზაცია და იმედგაცრუება” სტიგლიცმა დაადანაშაულა ეს ორგანიზაცია იმაში, რომ მას უფრო საკუთარი ინტერესები აღელვებდა, ვიდრე მილიონობით ადამიანი ღარიბ ქვეყნებში, რომელთათვისაც მსოფლიო ბანკებს დახმარება უნდა გაეწიათ. სტიგლიცის კრიტიკამ მსოფლიო ბანკი და მისი ახლანდელი ეკონომისტი კენეტ როგოფი აღაშფოთა, მაგრამ საინტერესოა, გაიზიარებდით კი სტიგლიცის სიტყვებს, თუ ის ნობელის ლაურეატი არ იქნებოდა?
ასე რომ, სტოქჰოლმის კომიტეტი ეკონომიკის სამყაროში მორიგ ვარსკლავს წარადგენს, რომელიც ეკონომიკაში თავისი წვლილისათვის დაახლოებით მილიონ დოლარს მიიღებს.