ფერფლად ქცეული მილიარდები
მაკა ღანიაშვილი
საერთაშირისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემების მიხედვით, ისლანდიის ვულკანის ამოფრქვევამ ავიაკომპანიებს კატასტროფული ზარალი მიაყენა, რომელმაც, სართო ჯამში, წინასწარი გათვლებით, 1,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაშინ, როცა ავიაკომპანიებმა გასული წელი ძალიან ცუდი მაჩვენებლებით დაასრულეს.
ავიაგადამზიდავების კრიზისმა დამღუპველი გავლენა იქონია ეკონომიკის სხვა სუბიექტებზეც. ასოციაცია და ბიზნესის წარმომადგენლები ევროპის მესვეურებს საჰაერო სივრცის ნაჩქარევად დახურვაში ადანაშაულებენ, ბაზარზე შექმნილი არასახარბიელო პირობების გამო ბევრი მსხვილი კომპანია ბიზნეს-მოდელის ცვლილებებზე ალაპარაკდა.
ასოციაციის (IATA) გენერალური დირექტორის, ჯოვანი ბიზინიანის განცხადებით, კრიზისმა მსოფლიო ავიაციის 29% მოიცვა, რისი მსხვერპლიც ყოველდღიურად 1.2 მილიონი მგზავრი ხდებოდა. ავიაკომპანიები დამატებით ზარალს მგზავრების დაბინავების ხარჯების გაღების გამო განიცდიდნენ. სრულიად დაუგეგმავად, ტურისტულ-სათავგადასავლო მოგზაურობაში გადაზრდილი საქმიანი ვიზიტი საინტერესო რომ გამხდარიყო, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ავიახაზები, მეტეოროლოგიური თუ სხვა შემაფერხებელი მიზეზების მსხვერპლთ, ანუ თავიანთ მგზავრებს, ქალაქის შემოგარენში ტურისტულ ტურებს სთავაზობდნენ. “ინდუსტრიისათვის, რომელმაც შარშან 9,4 მილიარდი დაკარგა და პროგნოზების მიხედვით, წელს 2,8 მილიარდით იზარალებს, ეს დამანგრეველი კრიზისია”” – ჯოვანი ბიზინიანი. ათასობით გადადებული ავიარეისების გამო ზარალი ყოველდღიურად 130 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ასოციაციამ 20 აპრილს ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროპის სივრცეში ფრენების განხორციელება უსაფრთხოა. ფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კი, 15 აპრილს ისლანდიაში მდებარე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ იქნა მიღებული. ვულკანური ფერფლის გამო, რომელსაც თვითმფრინავის ძრავის დაზიანება შეეძლო, შვედეთში, დანიაში, ნორვეგიაში, ფინეთში, საფრანგეღში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და ბელგიაში ასობით რეისი გადაიდო. რეიკიავიკიდან 150 კილომეტრზე მდებარე ვულკანმა 20 მარტს გაიღვიძა, 14 აპრილს კი მასზე განმეორებითი ამოფრქვევა მოხდა, რის გამოც ვულკანური ფერფლის ღრუბლები გაჩნდა.
საერთო ზარალმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მილიარდ ნახევარ აშშ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ცალკეულ კომპანიებს, Air France-KLM-ის განცხადებით, კომპანია ყოველდღიურად 47 მილიონ დოლარს კარგავდა, British Airways კი, 30 მილიონ დოლარზე საუბრობს. ავიაგადამზიდავები საფონდო ბაზარზეც დაზარალდნენ, 19 აპრილისათვის მათი კოტირებები ევროპის ბირჟებზე 8%-ზე მეტად შემცირდა.
ავიაკომპანიებთან ერთად, რა თქმა უნდა, ზარალი, სხვა სფეროს წარმომადგენლებმაც იწვნიეს. IATA-ს მონაცემების მიხედვით, ავიაინდუსტრიის მიერ საწვავის დღე-ღამიური მოხმარება 110 მილიონი დოლარით დაეცა. როგორც ევროპის ყველაზე დიდი სამოგზაურო კომპანია TUI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, მათი ზარალი ყოველდღიურად 5-6 მილიონ ფუნტ სტერლინგს უახლოვდებოდა. გერმანიის მთავარი აეროპორტის, ფრანკფურტის, წარმომადგენელთა განცხადებით, მათი ზარალი ყოველდღიურად 2.5-3 მილიონ ევროს შეადგენდა.
ავიამიმოსვლის რამდენიმე დღიანი შეფერხება ეკონომიკის ბევრ სფეროზე აისახა. განსაკუთრებით დიდი პრობლემები შექმნათ იმ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც პროდუქციის გადასაზიდად ავიახაზებს იყენებენ. საუბარია, მალფუჭებად პროდუქტზე, მაგლითად, ყვავილებსა და სურსათზე. დიდი ზარალი განიცადეს სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის იმ ქვეყნებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტისა და ყვავილების ექსპორტს ახორციელებენ ევროპაში.
კენიის ეკონომიკა ყოველდღიურად 4 მილიონამდე დოლარს კარგავს და ამის მიზეზი ევროპასთან შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა იყო. კენიაში ყვავილების ბიზნესი ყოველდღიურად კოლოსალურ დანაკარგებს განიცდიდა. ხუთი ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ყვავილების შემფუთველად მუშაობს, უსამსახუროდ დარჩა. მათი პროდუქცია პარიზის, ამსტერდამის და ევროპის სხვა ქალაქების ნაცვლად, სანაგვეზე მიდის. ადგილობრივი ბიზნესმენები შიშობენ, რომ სატრანსპორტო შეფერხებები წვრილი ფერმერების გაკოტრებას გამოიწვევს, რადგან მათ კრედიტების გადახდის საშუალება არ ექნებათ.
ზარალს ითვლიან საქრთველოშიც. როგორც “ჯორჯიან ეარვეისის”” წარმომადგენლებმა ჩვეთან საუბრისას აღნიშნეს, ზარალი, რომელიც კომპანიას ევროპაში დაგეგმილი ავიარეისების შეფერხების გამო მიადგა, ჯერ დათვლილი არ არის. თუმცა, უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ის რამდენიმე ასეულობით ათასს გდააჭარბებს.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა 650 მილიონი დოლარი დაუჯდა აშშ-ის ეკონომიკას. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის ასოციაცია იუწყება. “უზარმაზარი დანაკარგი ეკონომიკისათვის – საშუალოდ 130 მილიონი დოლარი დღეში – გვიჩვენებს, რამდენად ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული ტურისტულ ბიზნესზე და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საჰაერო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება””, – განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა, როჯერ დოუმ. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სატესტო ფრენებმა დაადასტურა, რომ ევროპის საჰაერო სივრცის სრულად დახურვა ნაადრევი გადაწყვეტილება იყო.
ამაში ევროკავშირის მესვეურებს ბრალს სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც სდებენ. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროპაში ავიამიმოსვლის ტოტალური აკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა. სპეციალისტების თქმით, არსებული შეზღუდვების მასშტაბები 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მიღებული ზომების ანალოგიურია. ავიაგადამზიდავების აზრით, ეს უპრეცედენტო ზომები ნაჩქარევად იყო მიღებული და არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა. “ევროპულმა მთავრობებმა გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რჩევა არავისთვის უკითხავთ და რისკების დონე ადექვატურად არ შეუფასებიათ. ეს გადაწყვეტილება თეორიულ მსჯელობებს ეყრდნობოდა და არა ფაქტებს,”” – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჯოვანი ბიზინიანიმ. წამყვანმა ავიაკომპანიებმა საცდელი ფრენები განახორციელეს, რომელთა დროსაც ვულკანურ ფერფლს თვითმფრინავებზე არავითარი ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. სამაგიეროდ, ევროკავშირის მესვეურთა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ, საჰაერო სივრცის რამდენიმე დღით დაკეტვის შესახებ, შეიძლება მოიტანის მართლაც დამღუპველი ეფექტი ინდუსტრიისათვის.
ნათქვამია, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწევაო. გლობალური ფინანასური კრიზისის გამოისობით, საჰაერო ინდუსტრიას აქამდეც არ ულხინდა. როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, 2009 წელს ავიაგადამყვანების ინდუსტრიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. გასულ წელს სამგზავრო ავიაგადამყვანების მოცულობა წინა წელთან შედარებით 3,5%-ით, სატვირთო ავიაგადამყვანების კი – 10,1%-ით შემცირდა. თუმცა, ასოციაციის მოხსენების მიხედვით, 2009 წლის დეკემბერში ინდუსტრიაში აღმავლობაც შეიმჩნეოდა. დეკემბრის მონაცემებში ნოემბერთან შედარებით 1,6%-იანი ზრდა შეინიშნებოდა. ამის მიუხედავად, ასოციაციის წარმომადგენელთა აზრით, მსოფლიო ავიაკომპანიებისთვის 2010 წელი საკმაოდ რთული იქნება. ყველაზე მეტად 2009 წელს აფრიკული ავიაკომპანიები დაზარალდნენ. მათთვის სამგზავრო მომსახურებაზე მოთხოვნა 6,8%-ით შემცირდა. აზია-წყნარი ოკეანიისა და ჩრდილოამერიკის ავიაკომპანიებმა 5,8%-ით ნაკლები ფრენები განახორციელეს. ევროპის ავიაგადამყვანებს წინა წლებთან შედარებით, მგზავრები 5%-ით მოაკლდათ. ასოციაციის შეფასებით, გასულ წელს მსოფლიოს ავიაკომპანიებმა, საერთო ჯამში, 11 მლრდ დოლარი დაკარგეს. წინა ეკონომიკური კრიზისების დროს ასეთი მასშტაბური ვარდნა არ აღნიშნულა. მანამდე ყველაზე ცუდი წელი 2001 იყო, როცა მსოფლიოში ავიაგადაზიდვები 2,9%-ით დაეცა, რაც 11 სექტემბრის ტერაქტით იყო გამოწვეული.
განსაკუთრებით გაუჭირდათ მსხვილ ავიაკომპანიებს. კრიზისის პერიოდში პრემიუმ-კლასის ავიაგადამყვანებმა -Lufthansa-მ, Air France-KLM-მა და British Airways-მა დიდი დარტყმა მიიღეს იმის გამო, რომ ბიზნეს-კლასის მგზავრებმა ეკონომ-კლასით ან ფასდაკლებით ფრენა ამჯობინეს. კომპანია Lufthansa-ს ხელმძღვანელის განცხადებით, კრიზისი სოლიდური და ძლიერი ავიაკომპანიებისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა. მისი თქმით, ორმაგი დარტყმა იყო მგზავრების ნაკადებისა და ფასების შემცირება.
კომპანიები უკვე ფიქრობენ არა მარტო იმაზე, როდის აღდგება მათი შემოსავალი პირველი და ბიზნეს-კლასის მგზავრების მომრავლებით, არამედ, საერთოდ მოხდება თუ არა ამგვარი რამ. ამიტომაც არის, მსხვილი ავიაკომპანიების თავკაცები არსებული ბიზნეს-მოდელის შეცვლაზე ალაპარაკდნენ. სხვა გზა არც აქვთ, რადგან პრობლემები ძალიან ბევრი და სერიოზულია. პრობლემათაგან ძლიერ მნიშვნელოვანია გაფიცვები. Lufthansa-მ უკვე იწვნია გაფიცვის სიმწარე, British Airways კი, ბოლო ხანს გამუდმებით გაფიცვების საფრთხის შიშით მუშაობს. ცხადია, ეს შემოსავალზე დიდ გავლენას ახდენს, რადგან პოტენციური მგზავრები ამჯობინებენ სხვა ავიაკომპანიების მომსახურებით ისარგებლონ და გაფიცვის და მისგან გამომდინარე რეისის გადადების შიში არ ჰქონდეთ.
ამიტომაც არის, რომ ძალიან მოუმრავლდათ მგზავრები მცირე ბიუჯეტიან, განსაკუთრებით კი, ახლოაღმოსავლეთის ქვეყნების ავიაკომპანიებს, რომლებიც შედარებით სტაბილურად მუშაობენ. შედეგად, დომინანტობის პრეტენზია ადრე ყველასათვის უცნობ ავიაკომპანიებს გაუჩნდათ. რამდენიმე არაბული გადამყვანი ევროპული ბაზრის ათვისებითაც კი იმუქრება.
დიდი ავიაკომპანიები გამოსავლის ძიებას შეუდგნენ. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად კვლავ რჩება კიდევ უფრო გამსხვილება. ამ ნაცად მეთოდს დიდმა ავიაგადამყვანებმა კარგა ხნის წინ მიმართეს. 2004 წელს განხორციელდა Air France-ის და ჰოლანდიური KLM-ის შერწყმა. ორი წლის წინ, როცა პრობლემებმა თავი იჩინა, Lufthansa-მ რამდენიმე წვრილი კონკურენტი სასწრაფოდ შეიძინა.
თავისთავად ცხადია, ავიაკომპანიების შერწყმა დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა. მაგრამ, ამგვარ გაერთიანებებს თან ახლავს პერსონალის შემცირება, რასაც მოჰყვება თანამშრომელთა მხრიდან წინააღმდეგობა და ისევ ის ავადსახსენებელი გაფიცვები.
მაგრამ ეს ფაქტი ვერ გახდა დამაბრკოლებელი მიზეზი 2 მსხვილი ევროპული ავიაკომპანიისათვის გაერთიანების გზაზე. ბრიტანულმა ავიაკომპანია British Airways-მა და ესპანურმა Iberia-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაერთიანების შესახებ, რის შედეგადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაგადამზიდავი კომპანია შეიქმნება. შერწყმის პროცესი, რომელიც 2009 წლის ნოემბერში დაიწყო, ამ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ექსპერტების პროგნოზით, ერთობლივი საქმიანობა ალიანსს წელიწადში 400 მილიონი ევროს დაზოგვის საშუალებას მისცემს. ახალი კომპანიის სახელწოდება International Airlines Group იქნება, თუმცა ორივე მხარის სავაჭრო ნიშანი შენარჩუნდება. აღნიშნული ნაბიჯი ახალ ავიაგიგანტს შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიური კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს – Air France-KLM-sa da Lufthansa-ს. International Airlines Group-ის საჰაერო ფლოტი 408 ლაინერს გააერთიანებს და წელიწადში 58 მილიონ მგზავრს გადაიყვანს.
კომპანია British Airways-მა მიმდინარე წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში 292 მლნ ფუნტ სტერლინგის, დაახლოებით 485 მლნ აშშ დოლარის ზარალი განიცადა. “ბი-ბი-სი””-ს ინფორმაციით, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 52 მლნ ფუნტ სტერლინგის მოგება მიიღო. 2009 წლის მხოლოდ 6 თვეში კი, მისი შემოსავლები 13.7%-ით შემცირდა.
გაერთიანებას გეგმავენ რუსული ავიაკომპანია “აეროფლოტი”” და ევროპაში სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავიTurkish Airlines-ი. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა წილი ექნებათ კომპანიებს ერთობლივ საწარმოში და რომელი თვითმფრინავებით ისარგებლებს იგი. თურქული პრესა იუწყება, რომ კომპანიები ერთობლივ საწარმოს თანაბრად გაიყოფენ, რეისები კი შუკჰოი შუპერჯეტ 100-ის ტიპის თვითმფრინავებით შესრულდება. “აეროფლოტი”” უკვე მერამდენე წელია, ავიაგადაზიდვების ევროპულ ბაზარზე გასვლას ცდილობს და ამ მიზნით, ერთ-ერთი კონკურენტის შეძენასაც გეგმავს. სხვადასხვა დროს რუსული კომპანია მონაწილეობას იღებდა კონკურსებში ისეთი კომპანიების შეძენის მიზნით, როგორებიცაა “ლიტალია,”” JAT Airways da Czech Airlines, თუმცა ყველა ჯერზე ხელი მოეცარა.
საინტერესო გავლენა იქონია კრიზისმა ამერიკის ავიაბიზნესზე – თუ, ერთი მხრივ, მგზავრების რაოდენობა შემცირდა, მეორე მხრივ, მათ მიერ რეისებზე დაგვიანების შემთხვევები უფრო იშვიათი გახდა. ამასთან, იკლო თვითმფრინავების დაგვიანებისა და ბარგის დაკარგვის მაჩვენებელმაც. შესაბამისად, მგზავრების საჩივრებიც შემცირდა. 2009 წელს ამერიკაში თვითმფრინავების 79% დანიშნულების ადგილზე დროულად ჩავიდა, ავიაგადამზიდავი კომპანიები კი, 3,4%-ით პუნქტუალურები გახდნენ. თუმცა ეს დიდი ვერაფერი ხეირია, იმის ფონზე, რომ 2009 წელს ამერიკულმა ავიახაზებმა მთლიანობაში 8 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა.
პრობლემები მხოლოდ ევროპულ და ამერიკულ ავიაკომპანიებს როდი აწუხებს. იაპონიის ავიაკომპანია Japan Airlines-ი, რომელიც გაკოტრების ზღვარზეა, 15600 თანამშრომლის დათხოვნას აპირებს. თანამშრომელთა მასშტაბური შემცირება აზიაში უმსხვილესი ავიაგადამყვანის გაჯანსაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენს. 2013 საფინანსო წლისთვის Japan Airlines-ი პერსონალის რაოდენობას 36 ათასამდე შეამცირებს. ამასთან, ავიაკომპანია არაპროფილურ აქტივებსაც ჩამოიშორებს, მათ შორის, JAL Hotels-ის სასტუმროების ქსელს. გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციის მოცულობას კომპანია მას შემდეგ დაადგენს, რაც სასამართლოში გაკოტრების პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებას ოფიციალურად წარადგენს. პროცედურის მსვლელობისას ავიაგადამყვანი კრედიტორების წინაშე არსებული 8 მლრდ დოლარის დავალიანების ჩამოწერას გეგმავს.
საავიაციო ინდუსტრიას ნათელი დღეები მართლაც არ უდგას. ექსპერტთა შეფასებით კი, ზარალი, რომლის შესახებაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და თვითონ კომპანიები ახლა საუბრობენ, მხოლოდ წინასწარი მონაცემებია და მომავალში დანაკარგების მოცულობა სავარაუდოდ გაიზრდება.