თურქეთის ხელისუფლებაში ისლამისტები მოვიდნენ
მოამზადა მარი წიკლაურმა
თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ადგილების უმრავლესობა “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორულმა” პარტიამ მიიღო, რომელიც თავის დროზე აკრძალული ისლამური დაჯგუფებებიდან აღმოცენდა. ამ პარტიამ არჩევნებში ხმების 34,1% დააგროვა.
მისი უახლოესი ოპონენტი – მემარცხენე “რესპუბლიკური სახალხო პარტია” მეორე ადგილზეა ხმის 19%-ით. თურქეთის ახლა უკვე ყოფილმა პრემიერმა ეჯევეტმა დამარცხება აღიარა. მისმა პარტიამ ახალ პარლამენტში ვერც ერთი ადგლის მოპოვება ვერ შეძლო. ქვეყნის სამთავრობო კოალიციამ არჩევნები კანონით გათვალისწინებულზე წელიწადნახევრით ადრე ჩაატარა. იზეზი თურქეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია, ახალი ფინანსური კრიზისის გამეორების საშიშროება, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და მმართველ კოალიციაში შემავალ პარტიათა ლიდერების გაუთავებელი მტრობა, ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებული პესიმიზმის ზრდა და ეკონომიკური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებული უნდობლობა გახდა, რასაც თურქეთის 77 წლის პრემიერის ბულენტ ელჩევიტის ავადმყოფობა დაერთო. ცნობილია, რომ ბულენტ ელჩევიტი პრემიერის პოსტიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.
გადადგომამდე ელჩევიტი ერთადერთ დამაკავშირებელ რგოლად გამოდიოდა მთავრობის ნაციონალისტურ ფრთასა და მინისტრთა კაბინეტის პროდასავლურ ნაწილს შორის. პრემიერის აქტიური პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ უთანხმოებები პარლამენტის ფრაქციათა შორის უკიდურესად გამწვავდა. ამის უმთავრესი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თურქეთის ევროკავშირთან შეერთების საკითხი იყო. თურქეთის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გამხდარიყო, ევროკავშირმა ბოლოს და ბოლოს შეიმუშავა იმ პირობათა სია, რომელთა შესრულება თურქეთს მისცემდა ამ ორგანიზაციაში შესვლის საშუალებას. ამ პირობებს შორისაა – სიკვდილით დასჯის გაუქმება, სიტყვის თავისუფლება და სხვა. ეს ყველაფერი თურქეთმა ევროკავშირის მორიგი სამიტის ჩატარებამდე უნდა შეასრულოს, რომელიც დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. ამ სამიტზე თურქეთმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს, რაც მას საშუალებას მისცემს მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირში შესვლის თაობაზე. სწორედ ამ პირობებმა გამოიწვია მემარჯვენეების მხრიდან მწვავე კრიტიკა, რომლებიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდიან, რაც ახლანდელი სამთავრობო კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდა.
სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტიის გამარჯვება და თურქი ამომრჩევლების უნდობლობა ტრადიციული პარტიების მიმართ აიხსნება ქვეყანაში გამეფებული კორუფციითა და ბოლო 50 წლის მანძილზე უმძიმესი ეკონომიკური კრიზისით, რომლის დროსაც თურქეთის ეკონომიკა მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით არსებობს.
წლების მანძილზე თურქეთის ხელისუფლებაში იყვნენ ხანდაზმული პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების რეალიზება, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად წასულიყო ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ თავისი საარჩევნო კამპანია პოლიტიკური თანხმობისა და სტაბილურობისაკენ მოწოდებაზე ააგო. მისი ლიდერები მოსახლეობას კრიზისის შედეგების დაძლევას ჰპირდებოდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მოსახლეობის შემდგომ გაღარიბებას არ დაუშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტია” ისლამური პოლიტიკური პარტიების ნიადაგზე აღმოცენდა, პარტია ცდილობს ხაზი გაუსვას იმას, რომ მთლიანად გაწყვიტა კავშირი ისლამურ ექსტრემისტულ მოძრაობასთან.
იგი ამომრჩევლებს ზომიერი პროდასავლური პოლიტიკის გატარებას ჰპირდება და დასავლეთთან თანამშრომლობისა და თურქეთის ევროსაბჭოში გაწევრიანების მომხრედ გამოდის.
“ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ მსოფლიო იმაში, რომ მუსულმანურ ქვეყანას შეუძლია ერთდროულად დემოკრატიულიც იყოს და თანამედროვეც და მას შეუძლია მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობა” – განაცხადა გიულმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ერდოგანის თქმით, მისი პარტის თურქული კონსტიტუციის პრინციპებს არ გადაუხვევს.
სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტია იმედოვნებს, რომ ახალ პარლამენტს სხვა პარტიების მოწვევის გარეშე ჩამოაყალიბებს.
როგორც წესი, თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტში ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქციის მეთაური ინიშნება, მაგრამ “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტიის” ლიდერს, რომლის პარტიამაც პარლამენტში ადგილების ორი მესამედი მიიღო, გენერალურმა პროკურორმა არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, ვინაიდან, ოთხი წლის წინ, ერდოგანი რელიგიური უთანხმოების გაღვივებაში ცნეს დამნაშავედ.
მიუხედავად ამისა, ერდოგანმა უარი განაცხადა პარტიის ლიდერის პოსტის დატოვებაზე. არჩევნებში მისი მონაწილეობის კანონიერების საკითხი თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება განხილული.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურები, რომლებიდანაც თურქეთის პრეზიდენტმა ახმედ სეზერმა არჩევანი პროდასავლური ორიენტაციის ეკონომისტ ახმედ გიულზე შეაჩერა, პრეზიდენტს სწორედ ერდოგანმა წარუდგინა. ახალი პოსტი აბდულახ გიულმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, ბიულენტ ელჩევიტმა გადააბარა.
ახალი პრემიერის დანიშვნის ცერემონია იქვე, რეზიდენციის კორიდორში შედგა. ელჩევიტმა ახალი მთავრობის ფორმირება სწორედ მას დაავალა და აღნიშნა, რომ აბდულახ გიული ნიჭიერი და გამოცდილი პოლიტიკოსია და გიულს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარმატებები უსურვა.
აბდულახ გიულმა თავის მხრივ, ელჩევიტის წარმატებულ პოლიტიკურ კარიერას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ელჩევიტმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გიულმა განაცხადა, რომ მისთვის სამაგალითოა ელჩევიტის პოლიტიკური მოღვაწეობა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფრთხილი და გაწონასწორებული, საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს ექსპერტის, გიულის დანიშვნას ევროპული პოლიტიკური და საფინანსო წრეები დადებითად შეხვდნენ. ევროპაში მიაჩნიათ, რომ “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტიის” გამარჯვებამ ევროკავშირის წინაშე სერიოზული ამოცანა დააყენა, რომელიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისათვის ემზადება. “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორულმა პარტიამ” უნდა დაამტკიცოს, რომ ისლამი და დემოკრატია შეთავსებადი ცნებებია და რომ შეიძლება არსებობდეს “ცენტრისტული ისლამიზმი”.
ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ (“ქრისტიან-დემოკრატების კონსერვატორულმა პარტიამ”) კი პირიქით განაცხადა, რომ ახლა გამორიცხულია საუბარი თურქეთის ევროსაბჭოში შესვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვის შესახებ.
ევროპაში ასევე გამოთქვავენ აზრს, რომ თურქეთის სტაბილურობას საშიშროება იმდენად არ ემუქრება ისლამისტური “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტიის” გამარჯვებით, რამდენადაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით.
რამდენიმე მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობიდან შესაძლო წასვლის შესახებ განაცხადა ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთმა ავტორმა, ეკონომიკის მინისტრმა ქემალ დერვიშმა, რომლის ძალისხმევით ქვეყანამ წარმატებით მოახერხა 2001 წლის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. დერვიშის დახმარებით თურქეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან საკრედიტო ხაზის მიღება შეძლო 16 მლრდ დოლარის ოდენობით, რამაც უკანასკნელი კრიზისის დროს თურქეთის ფინანსური სისტემა საბოლოო კრახისაგან იხსნა.
თავისი გადაწყვეტილება, რომელიც ინვესტორებში პანიკას გამოიწვევდა და მორიგი ფინანსური კრიზისის მიზეზი გახდებოდა, ეკონომიკის მინისტრმა მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტთან შემდგარი საუბრის შემდეგ შეცვალა.
ამჟამად თურქეთის მთავრობა ეკონომიკაში მთელ რიგ ღონისძიებას გეგმავს, რომელთა წყალობითაც თურქეთი შეძლებს ფინანსური კრახის თავიდან აცილებას. მათ შორისაა – საბანკო, საგადასახადო და სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკის რეფორმა.
მიუხედავად იმისა, რომ რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს, თურქეთის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები კვლავ ეჭვქვეშაა. უკანასკნელი მონაცემები, ჯერჯერობით სამრეწველო წარმოების ზრდის ტენდენციას მოწმობენ. გარდა ამისა, თურქეთის ეკონომიკის აღორძინებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2001 წელთან შედარებით ქვეყნის იმპორტი 32 %-ით გაიზარდა. უკანასკნელი გამოკითხვის შედეგად კი გამოკითხულთა 68 %-მა წარმოების ზრდის შესახებ განაცხადა, მაშინ, როდესაც წარმოების ვარდნა მხოლოდ 19 %-მა აღნიშნა.
ანალიტიკოსების განცხადებით გაცილებით უფრო რთული ვითარებაა სახელმწიფო ვალთან და თურქულ ლირასთან დაკავშირებით, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების გაკეთება საკმაოდ სარისკოა, საკრედიტო რეიტინგების დაცემამ კი შესაძლოა იმოქმედოს იმ უცხოური ინვესტორების გეგმებზეც, რომლებიც მაინც დარჩნენ თურქეთში 2001 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საერთო პანიკა, რომელმაც ამ ბოლო დროს მსოფლიო ბაზარი მოიცვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკის საფონდო ბირჟაზე მომხდარმა ამბებმა მოსალოდნელი, ჯაჭვური რეაქციით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზეც იქონიონ გავლენა.
თურქეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები კი უკვე აისახა თურქულ ეკონომიკაზე. თურქული ლირა რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე ჩამოვიდა. მისმა ინფლაციამ 80 % შეადგინა. მილიონობით ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩა.
ამავე დროს, ევროპაში ხაზს უსვამენ იმას, რომ თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების მოწინააღმდეგეებმა არ უნდა გამოიყენონ არჩევნებში “სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატორული პარტიის” გამარჯვების ფაქტი ამ ქვეყნის ევროკავშირში მიღების დასაბლოკად, ვინაიდან, გამარჯვებულ პარტიას და მის ლიდერ, ერდოგანს უნდა მიეცეს ევროკავშირში მიღებისათვის აუცილებელი რეფორმების პაკეტის გატარების შესაძლებლობა. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პარტიის პირველი მოქმედებების ანალიზი.