საბიუჯეტო მოწყობა თუ ვინ-ვის

სოფიკო სიჭინავა

ბათუმსა და თბილისს ანუ რეგიონსა და ცენტრს შორის მუდმივ დაპირისპირებაში, რომლის ლაიტმოტივი საბიუჯეტო თემაა, ყოველთვის გაურკვეველი რჩება ვინ არის მართალი, ვისი ფული ვის მართებს. თუმცა, ეს მხოლოდ აჭარისა და თბილისის პრობლემა არ გახლავთ. ანალოგიურ პრობლემას საქართველოს სხვა რეგიონებიც აწყდებიან, იგი მთელს საქართველოს ეხება და მას სახელად საბიუჯეტო მოწყობა ჰქვია. ამ დილემაში ხალხს უჭირს გაარკვიოს სინამდვილეში ვინ არის მართალი, რამეთუ თავის არგუმენტები ორივე მხარეს უხვად გააჩნია.

ინამდვილეში, პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ის,თუ რამდენი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გადასახადი მიიღო ადგილზე ბათუმის ბიუჯეტმა და რამდენია ცენტრში გადასახდელი. ხელისუფლების გადანაწილებასთან ერთად, სახელმწიფოებრივი მშენებლობის პერიოდში ნაწილდება ხელისუფლებით მოპოვებული უფლება გადანაწილდეს შემოსავლები. ის ხარჯები, რომელიც მთლიანი სახელმწიფოს შენახვას სჭირდება ან ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტს, გარკვევითაა შემოხაზული კონსტიტუციით. ასევე შემოხაზულია ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს – ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, გზების მოწყობა, განათლება, კულტურა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის ხელშეწყობა და მათი პრობლემების გადაწყვეტა. მთავარი ქვაკუთხედი ამ პრობლემის გადაჭრისა მგომარეობს იმაში, რომ იმის გამო, რომ ეკონომიკა დაბალგანვითარებულია, გადასახადების ძირითადი მოცულობა არაპირდაპირ გადასახადებზე მოდის – დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი და ა.შ. პირდაპირი გადასახადი კი როგორიცაა, მოგების გადასახადი, საშემოსავლო, მიწის გადასახადი, მთელი ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების 20%-ია, როცა განვითარებულ ქვეყნებში აბსოლუტურად საწინააღმდეგო სურათი გავქვს. მსოფლიო მოწინავე ქვეყნების პრაქტიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს, როგორც წესი, პირდაპირ გადასახადებს. ასე მაგალითად, აშშ-ს ბიუჯეტის 80% მოდის პირდაპირ გადასახადებზე, ასევე გერმანიასა და ინგლისში. ჩვენთან კი ცენტრს თავისთან წამოღებული აქვს ისეთი ეფექტიანი გადასახადები, რომლებთაც საგადასახადო კალათაში სერიოზული ადგილი უჭირავს, ხოლო არაეფქტიანი როგორიცაა მოგების გადასახადი, რჩება ადგილობრივ ბიუჯეტს.

მათი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება არაპირდაპირ გადასახადების გადანაწილებაზე, გარკვეულწილად, გასაგებია, მაგრამ ჩვენთან ეს მიუღებელია. რეგიონის ეკონომიკა მთლიანად შიდა ინვესტიციების გარეშე რჩება და, ფაქტობრივად, იგი კატასტროფის პირამდეა მისული. აქედან გამომდინარე, რეგიონებში საგადასახადო ბაზა დღითიდღე მცირდება და იმ პირდაპირ გადასახადებიდან, რომელიც მათ განკარგულებაში რჩება ადგილობრივი ხარჯების გასტუმრება ვერ ხერხდება. რეგიონი ტრანსფერტების მომლოდინე ხდება და იზრდება საბიუჯეტო დავალიანება პენსიებზე და ხელფასებზე. გარდა ამისა, რეგიონებში არის ხარჯები, რომლებიც რეგიონის აზრით, ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებს მიეკუთვნება, ხოლო საბიუჯეტო დაგეგმარების პროცესში მას არ ითვალისწინებენ. აქედან გამომდინარე, თავს იჩენს საბიუჯეტო დაგეგმარების პრობლემა. ამ პრობლემის არსში ჩაწვდომის გარეშე შეუძლებელია გარკვევა, საბიუჯეტო მოწყობის საკითხში ვინ არის მართალი. როცა ბიუჯეტი დგება, რომლის ძირითადი პარამეტრები, ფაქტობრივად, ოკეანის გაღმიდან მოდის, რომელსაც შემდეგომ ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ მექანიკურად ამუშავებს, ნაკლებად ხდება რეგიონის ინტერესების გათვალისწინება. პრობლემაში გასარკვევად აუცილებელია მოვისმინოთ საწინააღმდეგო აზრი და პირველ რიგში, რეგიონების პრეტენზიები. აჭარის რეგიონის პრეტენზია, თუ რატომ არ უნდა დაფინანსდეს აჭარის ოპერის თეატრი ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელიც განათლებისა და კულტურის ცენტრალურ მიმართულებას ეხება, აბსოლუტურად ბუნებრივია. თუკი ფინანსდება თბილისის ოპერის თეატრი, რატომ არ უნდა დაფინანსდეს აჭარის? მსჯელობა იმის შესახებ, რომელი უფრო ღირებულია, აჭარისა თუ თბილისის თეატრები, შორს წაგვიყვანდა. ცენტრის არგუმენტი, როცა ქვეყანა იქცევა რა დროს თეატრია, ესეც, გარკვეულწილად, გასგებია, მაგრამ სამართლიანია აჭარის პოზიცია, რომ ბათუმის ოპერის თეატრი ისეთივე კულტურის ცენტრია, როგორიც თბილისის.

მეორე საკითხია საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა, რომელიც ასევ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა და არ შეიძლება ისეთი საკვანძო პუნქტი, როგრიცაა სარფის საბაჟო, ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯზე იქნას მოწყობილი. რომ აღარაფერი ვთქვათ, საზღვაო აკადემიის დაფინანსებაზე, რომელიც საქართველოს მეზღვაურებს და საზღვაო სპეციალისტებს უზრდის.

ფოთის მერიას კი თავისი პრეტენზია აქვს – ზოგიერთი გზა, რომელიც ქალაქში გადის რესპუბლიკის შესაბამისმა საგზაო სამსახურმა უნდა შეაკეთოს, ვინაიდან, ფოთის პორტიდან მომავალი ტვირთები, რომელიც ქალაქის ბოლოში მდებარეობს, ქვეყნის სატრანზიტო მიმართულებით მოძრაობენ, გადიან ქალაქის ტერიტორიას და ამდენად, ეს გზები ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა შეკეთდეს და ცენტრალური ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ეს ხარჯები გათვალისწინებული უნდა იქნეს. თავის მხრივ კი, ცენტრალურ ბიუჯეტში ზოგიერთი ისეთი ხარჯი დევს, რომელსაც სუფთა პოპულისტური ელფერი დაკრავს და მხოლოდ საარჩევნო პროპაგანდის ნაყოფს წარმოადგენს.

ადგილობრივ ხელმძღვანელობას იმაზე კი არ თხოვენ პასუხს ეკონომიკში რა დონეზეა მატება, ან მშპ-ის ზრდა, არამედ ცენტრალური ბიუჯეტის შესრულებაზე. რეგიონალური ხელმძღვანელობა მხოლოდ ხელფასების და პენსიების დარიგებითაა დაკავებული და ქალაქის კეთილმოწყობით. ანუ ეკონომიკა და საერთოდ ბიზნესის განვითარება რჩება ინტერეს გარეთ.

მეორე მხრივ, ცენტრი პრეტენზიებს აცხადებს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის გადმოქაჩვა არ ხდება და თუ ხდება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ნება-სურვილით. ის სატრანსფერტო პოლიტიკა, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს და ჩადებულია ბიუჯეტში, ანუ ინექცია ცენტრისა ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართ, მთლიანად სრულდება, ხოლო არ სრულდება ის ნაწილი, რომელიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანადამფინანსებელია, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტი.

ვთქვათ, პედაგოგების დაფინანსებაზე რეგიონალური ბიუჯეტის 60%-ია მიმართული, ხოლო 40% მოდის ცენტრალურ ბიუჯეტზე. ამ შემთხვევაში ცენტრალური ბიუჯეტი თავის მოვალეობას ასრულებს, ხოლო იმის გამო, რომ ამ 100%-იან ხარჯებში, რომელიც პედაგოგების თუ სკოლების შენახვას ეხება, რაღაც სერიოზული ნაწილი სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ შენახვაზეა გათვალისწინებული. ადგილობრივი ბიუჯეტები ამ უკანასკნელ ხარჯებს ადვილად გასცემენ, ხოლო ხელფასები გაუცემელი რჩება.

ერთგვარი პინგ-პონგის თამაში მიდის იმ თვალსაზრისით, რომ ცენტრალურ ბიუჯეტს სახსრები ჯერ რეგიონიდან მოაქვს, შემდეგ უკან უბრუნებს.

ამ საკითხს სვამს ჩვენი მთავრობის წინაშე სავალუტო ფონდის მისია. ამის გასარკვევად პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების კომიტეტი გამსვლელ სხდომებს ატარებს ბ-ნ დავით სალარიძის ხელმძღვანელობით.

“მმე” – ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, შექმნილი მდგომარეობიდან რაში მდგომარეობს გამოსავალი?
“ეს შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ, საკითხი არ არის წრფივი. ჩვენი აზრით, რეგიონალურ ეკონომიკას მეტი ყურადღება სჭირდება, არა ბიუჯეტის შესრულების მომენტში, როგორც ჩვენთან ხდება, არამედ ბიუჯეტის დაგეგმარების დროს და საბიუჯეტო მოწყობის კონცეფციის განხილვისას. თემა ფაქიზია და მისი უბრალო გაჟღერება და რეგიონების რეალობის არგათვალისწინება არ იქნება მართალი და სტრატეგიული მიდგომა.

სპეციალისტები, ძალიან ხშირად დაობენ იმაზე, რომ დღეს არსებული ნორმატივების მიხედვით, რეგიონს მოგების გადასახადის X პროცენტი კი არ უნდა დაუტოვონ ადგილზე, არამედ მეტი. ეს პრობლემა გადაუწყვეტელია ორი რამის გამო – პირდაპირი გადასახადები არაეფექტიანია და რაგინდ დიდი პროცენტიც არ უნდა დატოვო ადგილზე მას არანაირი მასტიმულირებელი შედეგი არ ექნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი არ იქნება იმ მოცულობის, რომ ადგილობრივი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მეორე მხრივ, საქართველოს მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქალაქებს და რეგიონებს არ სურთ იყვნენ დონორები ჩამორჩენილი რეგიონებისა. საბიუჯეტო მოწყობის პრობლემას ებმება მეორე, რეგიონალური, ეკონომიკური, პოლიტიკური პრობლემა, რომ საქართველოს არ გააჩნია ერთიანი კონცეფცია, სადაც დიფერენცირებულად იქნება წარმოჩენილი მთიანი რეგიონის ზოგიერთი რაიონი, ბარის, ვთქვათ, სუბტროპიკული, არასუბტროპიკული ზონის, ზღვისპირა, საზღვრისპირა რაიონები. ამდენად არ მიმდინარეობს მიზანდასახული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება იქითკენ, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდოს, დასაქმების პროცენტმა მოიმატოს და ამ რეგიონებში ეკონომიკა განვითარდეს. ასეთი მიდგომის გამო, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რეგიონალური ეკონომიკა კრახის და კატასტროფის პირასაა მისული. თუკი ეკონომიკას თბილისის გარეშე განვიხილავთ, ან ავიღებთ მშპ-ის ზრდის ტემპებს თბილისის გარეშე, რეგიონების მიხედვით, ვნახავთ, რომ კლების კატასტროფული ტენდენციაა. საგადასახადო ბაზა რეგიონებში დღითიდღე მცირდება. აქედან გამომდინარე, ხვალ რიგით საკითხად დადგება ის, რომ რეგიონალური ეკონომიკის განუვითარებლობის გამო დასაბეგრი ბაზაც შემცირდება. ეკონომიკაში სირთულეების გამო ადგილობრივი ხელისუფლება გადასახადებს ვერ აკრეფს და მერიები თუ გამგეობები, არ აქვს მნიშვნელობა, ავტონომიური წარმონაქმნი თუ საქალაქო თვითმმართველობის ორგანოები გაკოტრების პირას მივლენ”.

საქართველოში სერიოზულად უნდა იქნეს განხილული ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ურთიერთმიმართება, ბიუჯეტური მოწყობის საკითხი და მექანიკურად კი არ გადანაწილდეს თანხები, არამედ დარეგულირდეს საბიუჯეტო მოწყობა ისე, რომ არც ცენტრი დაზიანდეს თავის უმნიშვნელოვანესი ცენტრალური ხარჯების დაფინანსებაში და არც რეგიონი დარჩეს ეკონომიკის განვითარების მიღმა.

საკმაოდ ცუდი ტენდენცია წავიდა იმ თვალსაზრისით, რომ რეგიონი ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას უყურებს ხელში (რასაკვირველია, ყველა რეგიონს ეს არ ეხება) თუ რას გააკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე განვითარდეს წარმოება და შეიქმნას სამუშაო ადგილები. სწორედ იმის გამო, რომ არ არსებობს თვითმმართველობის გამართული დონე, ცალკეული რეგიონების მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მიესადაგება ქვეყნის ერთიან სტრატეგიას, რომელიც, პრინციპში, არც არსებობს და ეს თემაც განსახილველია. დღეს, ფაქტობრივად, სრულ ქაოსში ვომყოფებით. ამდენად, პრობლემა ვინ ვის, ანუ ვინ უფრო მართალია ცნეტრი თუ რეგიონი, კვლავ გრძელდება.

სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა ყოველთვის მწვავდება, როცა არჩევნებია კარზე მომდგარი. ეს თემა კოზირია იმ ადამიანების ხელში, რომელთაც სურთ ქვეყნის შიგნით მტრის ხატის თუ მწვავე პრობლემის შექმნა და ამით საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად ხალხის ცნობიერების მანიპულირება. მაგრამ ჩაივლის არჩევნები და პრობლემა პრობლემად რჩება.

პარლამენტის საგადასახადო შემოსავლების გამსვლელ სხდომაზე სწორედ ეს საკითხი იხილებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მოთხოვნები მეტად ტრივიალური იყო, თითქმის იგივე, რაზედაც ზევით ვისაუბრეთ, რომ ზოგიერთი გზის შეკეთება ცენტრალურმა ბიუჯეტმა დააფინანსოს, გაზარდოს ტრანსფერტები და ა.შ. გამსვლელ სხდომაზე ცენტრის წარმომადგენელი მინისტრის მოადგილე, ვასიკო გიგოლაშვილი გახლდათ. მისი განცხადებით ყველანაირი სატრანსფერტო პოლიტიკა განხორციელებულია. ცენტრალურ ბიუჯეტს, ფაქტობრივად, დამტკიცებული პარამეტრების ფარგლებში არანაირი დავალიანება არ აქვს ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართ. რეგიონი კი კვლავ აფიქსირებდა, რომ ცენტრალურ ბიუჯეტს არ შეუქმნია ის ფონი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ადგილობრივი ხარჯების დაფინანსება. ფოთის ხელმძღვანელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ფოთი სტრატეგიული ქალქია, აყენებს საკითხს, რომ ფოთსა და მსგავს ქალაქებთან მიმართებაში დაშვებულ იქნას ნორმატივის ახალი, განსხვავებული სახეობა. შესაძლოა, გაზიარებულ იქნეს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისს, რომელსაც 250 ათასი მოსახლეობა ჰყავს, დაახლოებით იმხელა ბიუჯეტი აქვს, რაც ფოთს.

ამდენად, საქართველოში მწვავედ დგას საკითხი საბიუჯეტო მოწყობისა, მაგრამ იგი უნდა გადაწყდეს არა მექანიკურად როგორც დღემდე წარმოდგენილია პროცენტების გადანაწილების სახით, არამედ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და მოეთხოვოს რეგიონული ეკონომიკის ხემძღვანელობას პასუხი რეგიონში ეკონომიკის განვითარებასა და დასაბეგრი ბაზის გაზრდაზე.

თავის მხრივ, ცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ეკონომიკის განვითარების პრობლემის გადაწყვეტას. სამართლინობა აღადგინოს საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებში და, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ბიუჯეტი დაიგეგმოს არა ნიველირების პრინციპით, არამედ ინდივიდუალურად და იმის მიხევით თუ რა წვლილი შეაქვს რეგიონს მთლიანი შიდა პროდუქტის შექნაში ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, დისკუსია ამ საკითხის ირგვლივ უნდა გაგრძელდეს, როგორც საგადასახდო კომიტეტში ასევე პარლამენტში, ასევე მან ფართო ხასიათი უნდა მიიღოს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სავალუტო ფონდის ბოლო მისიამ სწორედ საბიუჯეტო მოწყობის პრობლემების მოგვარების საკითხი დაუტოვა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასაჭრელად. საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ დღეს არსებული ყველა პროექტი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში არ მოიცავს იმ პრინციპებს და პრობლემებს, რომელზედაც ზევით ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, საქართველოში უახლოეს მომავალში ეს პრობლემა იარსებებს.