თაობათა ჭიდილი
სოფიკო სიჭინავა
საქართველოს პოლიტიკაში მეტად როცა დასავლური ღირებულებები ყოფილ “რუსულ” ღირებულებებს ენაცვლებიან და ძველ, რუსულ მენტალიტეტზე გაზრდილ პოლიტიკოსების თაობას, რომელთაც საკმაოდ სერიოზული გამოცდილება და უნარი აქვთ ქვეყნის მმართველობის, დასავლეთში გაზრდილი, დასავლეთის “წყალდალეული” ახალგაზრდები ეცილებიან, რომელთაც გამარტივებული შეხედულება აქვთ ეროვნულ ეკონომიკაზე თუ პოლიტიკაზე.
ამ პროცესებმა მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ თაობა 30 წლიდან 70 წლამდე, ფაქტობრივად, დაიკარგა (ან იქნებ, ხელისუფლებამ შეგნებულად, ვიღაცის დავალებით “აფსაიტში” დატოვა). ბუნებრივია, ის, ვინც საბჭოთა უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო განათლება თავისი სტანდარტებით აღარ შეესაბამება დასავლეთისას. ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ძლიერი სპეციალისტი გვყავს ფიზიკასა თუ ბიოლოგიაში, ქიმიასა თუ მედიცინაში, ენერგეტიკასა თუ პედაგოგიკაში, მაგრამ თვითონ ეს დარგები ძველებური სახით და ფორმით აღარ არსებობენ და ამდენად, ეს თაობა თანდათანობით “არასაჭირო” ხდება.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი მასა ორიენტირის, ასპარეზის და საჭიროების გარეშე დარჩა. გამოდის, რომ ისინი ქვეყანას, მის სამშობლოს არ სჭირდებიან. ვინ არიან ისინი? სოფლის მეურნეობის მუშაკები, მუშები, ხარატები, მშენებლები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, პედაგოგები, მწერლები, მეცნიერები, ეკონომისტები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც სახელმწიფოსგან მხარდაჭერას მოითხოვენ იმ თვალსაზრისით, რომ მათი გადაკვალიფიცირება მოხდეს, მათი დასაქმება და პროფესიული ორიენტაციის შეცვლა. რადგან ქიმიკოსი, რომელიც ორგანულ ქიმიაში მუშაობდა და თავის ვიწრო სპეციალობით იყო დაკავებული, დღეისთვის საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების სტრატეგიიდან გამომდინარე, მათი საწარმოები აღარ ჯდებიან იმ ბადეში, რასაც ჰქვია საქართველოს საბაზრო სტრუქტურა. არ შეიძლება ამ ადამინების უარყოფა და ბედის ანაბარად მიტოვება, არამედ, აუცილებელია, მათი გარკვეული კოორდინაცია, დახმარება, ამისათვის სახსრების გამოყოფა, მათი ფუნდამენტური გადაკვალიფიცირება. ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური სიტუაციის მიუხედავად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ერთი მხრივ, უმუშევარია, მეორე მხრივ, ძალიან იშვიათად მოიძებნება მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც საკმაოდ განათლებულია ზოგადი განათლების კუთხით, ქცევის დახვეწილი მანერებით გამოირჩევიან, ამიტომ მათ არ დაუწყიათ ქუჩაში მიტინგებზე სიარული და ყვირილი, არამედ “სამზარეულოს პოლიტიკის” დონეზე დარჩნენ. თაობას, რომელსაც დიდი სიკეთის, სიუხვის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, თუნდაც საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის, სიკვდილი ემუქრება. მათ რეალიზაციაში ამ თაობის გადარჩენის გზაა. ადამიანი, რომელიც თავის დროზე საჭირო იყო, მთელი სიცოცხლის მანძილზე რაღაცას ქმნიდა, ქვეყანას ემსახურებოდა, სოციალურად ღირებულებას წარმოადგენდა, დღეს მას ეუბნებიან, რომ საჭირო აღარ არის – ახალი წყობა მოვიდა, გვერდზე გადექი და 22 წლის ბიჭს მინისტრად დავსვამთ, 23 წლისას მის მოადგილედ და ა.შ. (გამოდის, რომ ვიღაცის ახირების გამო) ამ საზოგადოებაში, ფაქტობრივად, ეს ადამიანები ბალასტს წარმოადგენენ. ამ გარემოებებმა თაობათა პროტესტი წარმოშვა, რამაც, ამ ადამიანებს უბიძგა იქითკენ, რომ მათ საფუძველი ჩაუყარეს მოძრაობას სამართლიანობისა და ღირსებისაკენ.
ამ ადამიანებს თავიანთი ცხოვრება მეტ-ნაკლებად წესიერად, ღირსეულად და შრომაში გაუტარებიათ, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრობდნენ ისე, როგორც იმ ფორმაციის ფარგლებში ჯდებოდა, დღეს აღმოჩნდა, რომ ვიღაცის მიერ ისინი ატავიზმებად თუ ზედმეტ ბარგებად არიან გამოცხადებულნი. მათ, ხშირ შემთხვევაში, თავიანთ ოჯახშიც კი უჭირთ პოზიციის დაკავება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი სტილით გატარებული ცხოვრების გამო, დღეს, საბაზრო მექანიზმი, მტაცებლური, ველური, ჯუნგლების კანონები მათთვის უცხოა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იმაზე იყო საუბარი, რომ საბაზრო მექანიზმი ყველაფერს დაარეგულირებდა, ბაზარი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებდა, მაგრამ 10 წლის მერე აღმოჩნდა, რომ ბაზარი რეგულაციის გარეშე, ბაზარი, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკა არ უდგას გვერდით, აბსოლუტურად ღიად ტოვებს ამ საკითხს.
სოციალური ფონი მწვავდება, ქვეყანა კადრების გარეშე, კადრები კი სამუშაოს გარეშე რჩებიან. საქართველოს კი სერიოზული საფრთხე ემუქრება. სწორედ ეს იყო ლაიტმოტივი ნოემბრის თვეში, ოპერის თეატრში იმ შეკრებისა, რომელსაც დავით სალარიძემ ჩაუყარა საფუძველი. ისინი ცდილობენ, ქვეყანას დაუმტკიცონ, რომ ისინი კიდევ საჭირონი არიან, ამ თაობას ბევრი სიკეთის კეთება შეუძლია, აქვთ შინაგანი მუხტი იმისთვის, რომ ახალ თაობას, რომელიც, შეიძლება, ხშირად ემოციებსაა აყოლილი და დემაგოგიას ქადაგებს, თუ საჭირო გახდება, გაეჯიბრონ. ნახოს მთელმა საქართველომ, რომ ეს თაობა არ მომკვდარა, გადარჩენილია და გულით უნდა კიდევ საჭირონი იყვნენ, თავიანთი სიტყვა თქვან და თავიანთი აგური დადონ ქვეყნის მშენებლობის საქმეში. სწორედ ამ ადამიანების საასპარეზოდ შეიქმნა მოძრაობა სამართლინობისა და ღირსებისათვის.
მართლაც მოვიდა დრო დავფიქრდეთ ქართველები და “ბაზალეთის ტბის” ძირას ოქროს აკვნის ძებნას შევეშვათ და პრეზიდენტობის ამბიცია დავიოკოთ. “სამზარეულოს პოლიტკოსები”, ხალხი, რომელთაც ღირსებით უცხოვრიათ, დღეს უსამართლობით იჩაგრებიან. ამ ადანიანებს აქვთ შანსი, შექმნილი მოძრაობა კი მათი ასპარეზია იმისთვის, რათა ქართული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ეკონომიკურ პოლიგონზე, დემოკრატიისა და თავისუფალი ღირებულებების დამკვიდრების საქმეში თავიანთი აგური დადონ.
მოძრაობის ოფისი, რომლმაც მელიქიშვილის ქუჩაზე სასტუმრო “საქართველოში” დაიდო ბინა, ნამდვილი ეკონომიკური იდეების ბანკი, სამართლის საძიებელი პოლიგონი და მეწარმეთა, ექიმთა, პედაგოგთა და სხვათა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ინტერესთა დაცვის კლუბი გახდება.