რამ შეჭამა ქალაქი

ირაკლი წინამძღვრიშვილი

საქართველოს კანონი “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში პარლამენტის უწყებანი, #21-22, 14.06.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის “მოსაკრებელი” შემდეგ დაემატოს სიტყვა “გარე”.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 7 მოსაკრებელი გარე ვაჭრობის ნებართვისათვის.
1. გარე ვაჭრობის ნებართვის მოსაკრებელის გადამხდელთა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე ეწევა გარე ვაჭრობას.
2. გარე ვაჭრობის ნებართვისთვის მოსაკრებელის შემოღების უფლება აქვს სოფლის თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის საკრებულოს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ერთ სავაჭრო ადგილზე არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 ლარს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2002წ. 10 ოქტომბერი ამ თემაზე საუბრის დაწყებას ხელისუფალნი გაურბიან, პრობლემა რომელიც სამოქალაქო ომსა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს დაკარგვას მოჰყვა – ათასობით და ასიათასობით უმუშევარი, გაჭირვება, ლუკმა-პურის საშოვნელად საოჯახო რელიქვიების გაყიდვა. თემა, რომელმაც არნახული მასშტაბები შეიძინა – გარე ვაჭრობა – დისკუსიებისა და პოლიტიკური დივიდენდების წყარო. გარე მოვაჭრენი – ხელისუფლების სტაბილურობის დასაყრდენი. პური – ჩვენი არსობისა და ვაჭრობის საგანი..

მათ, ვისაც კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრება მოუწიათ, სხვა სიკეთეებთან თუ ნაკლთან ერთად, პურის მაღაზიებიც ემახსოვრებათ. ფერის, ხარიხისა თუ სიმაღლის მიხედვით დამრეც თაროზე ჩამწკრივებულ კილოგრამიან პურებს (ხანდახან 900 გრამიანებიც იყო, მაშინაც იპარავდნენ) მტვრისა და ჭუჭყისაგან გაქათქათებულ-გახამებული მარლის ფარდები იცავდა. თაროების გვერდით სპეციალური ჩანგლები ეკიდა, იქვე ეწყო სპეციალური ქაღალდის ფურცლები, უზარმაზარი ხელთათმანები… გამყიდველები თეთრი გაქათქათებული ხალათებითა და მუდამ მოღიმარი სახეებით ხურდა ფულს გიბრუნებდნენ, ხანდახან გაკლებდნენ კიდეც… მგონი ასეთი საფუნთუშეები აღარსად არის. პური საქართველოში ისე როგორც არსად სხვაგან, ქუჩაში, მტვერში, ხალხმრავლობაში, ყველგან – საპირფარეშოსთანაც კი იყიდება! ძნელია, გაამტყუნო ადამიანი და რაღაც მაღალ მატერიებსა და სისუფთავეზე ელაპარაკო, რომელსაც სახლში მშიერი შვილი ელოდება, რომლისთვისაც პურის ყიდვა-გაყიდვა ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ასეთი კი თბილისში რამდენიმე ათეულ ათასობით არის, თბილისი ვაჭართა ქალაქს დაემსგავსა…

პური ქუჩაში არ უნდა იყიდებოდეს! – ასეთი იყო პარლამენტარ ჯამბული ბაკურაძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი; სწორედ ამ პრობლემის მოგვარებით ფრაქცია “მრეწველების” წარმომადგენელი საშვილიშვილო საქმის გადაწყვეტას ფიქრობდა, მაგრამ ასე მარტივად ჩვენს ქვეყანაში არაფერი კეთდება. პურის გამყიდველებისა და საერთოდ, გარე მოვაჭრეთაგან გამოძალული თანხები, ვიღაც-ვიღაცების ჯიბეში ილექება, ხელისუფლება უკანონოდ მდიდრდება, სახელმწიფო კი – კოტრდება.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჯამბულ ბაკურაძესთან.

1992 წლიდან მოქმედებდა სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. იცით, მაშინ რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში? მას შემდეგ ძალიან ბევრი ნორმატიული აქტი გამოიცა, რომლითაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კანონი გაბათილდა, მაგრამ ჩინოვნიკები, მექრთამეები, ის ხალხი, ვინც ამით ხელს ითბობდა, მაინც იმ ძველი კანონით მოქმედებდა. პრაქტიკულად, ჩემი პარლამენტში მოსვლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზიც ეს იყო – გამელაშქრა იმ ბარბაროსობის წინააღმდეგ, რაც საქართველოში ბოლო წლებში ხდება. მეგონა, პარლამენტარებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა, თუმცა, თურმე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. წლები დამჭირდა იმისათვის, რომ გარე ვაჭრობის მოსაწესრიგებლად რაიმე კანონი მიგვეღო. თბილისი დღეს მილიონიანი კი არა, ორ მილიონიანი ქალაქია – საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან არიან ჩამოსულები, რაიონებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაობები შეჩერებულია. თბილისი ერთ დიდ ბაზრად გადაიქცა. დღეს თბილისის ქუჩებში 50 ათასი ადამიანია სავაჭროდ გამოსული.


თუ არ ვცდები, ოფიციალური მონაცემით ეს რიცხვი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია?

ზუსტი მონაცემები არავის გააჩნია, ზოგი 1516, ზოგი კი 1571-ს ასახელებს, როგორ აღმოაჩინეს ეს მეთექვსმეტე თუ მეთერთმეტე ადამიანი, ძალიან საინტერესოა. გარე მოვაჭრეთა რიცხვი 50 ათასზე მეტია. შემოსავლების ამოღება ძალიან ცუდად ხდება. დღეს საქართველოში არ არსებობს პირი, გადამხდელი, რომელიც იხდიდეს გადასახადს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადასახადების ამოღება ხდება გარიგებით! სწორედ გარიგება ხდება საგადასახადო ინსპექტორსა და გადამხდელს შორის, თანხა სამი მიმართულებით მიდის – ბიუჯეტი, ნაწილი თავად მეწარმეს და ჯიბე! კატეგორიებად რომ დავყოთ, 50% იყოფა მეწარმესა და ბიუჯეტს შორის, 50% ქრთამის სახით. მეწარმე არ მდიდრდება. სიცრუეა, ტყუილია, სიბრიყვეა იმის დაჯერება, რომ საქართველოში მდიდრები სამეწარმეო საქმიანობით გამდიდრდნენ. ისინი გამდიდრებული არიან სახელმწიფოს ხარჯზე, თავის დროზე ქაოსის სარგებლობით, ქრთამის აღებით ან სახელმწიფო ქონების განიავებით!

არც ბატონი გოგი თოფაძე გამდიდრებულა მეწარმეობით?
გოგი თოფაძე ჩემი პარტიის ლიდერია, ნეტავი, გოგისნაირი გადამხდელი და მეწარმე ბევრი გვყავდეს, მაგრამ, მე არ მეშინია ამის თქმის იმ კონტრაბანდის პირობებში, ფალსიფიკაციის პირობებში, რომელიც საქართველოში არსებობს, ვერც გოგი თოფაძე და ვერც სხვა ვერ გახდის წარმოებას რენტაბელურს, თუ გადასახადებს კეთილსინდისიერად გადაიხდის. ამასთანავე, ძალიან ძნელია კონკურენცია გაუწიოს ლეგალურმა ბიზნესმა გარე მოვაჭრეებს, რომლებიც არ იხდიან არავითარ გადასახადებს – არც გაზს, არც ელექტროენერგიას, არც სოცანარიცხებს… ისინი იხდიან მხოლოდ ქრთამს იმისათვის, რომ მუშაობენ. ხმამაღლა ვაცხადებ, არ არსებობს არც ერთი არარეგისტრირებული გარე მოვაჭრე, ოღონდ ისინი “დარეგისტრირებულები” არიან მექრთამე ჩინოვნიკებთან.

ანუ თქვენი თქმით, გარე მოვაჭრები გადასახადს ქრთამის სახით იხდიან?
წელიწადნახევრის წინ ექსპერიმენტი ჩავატარე – ქუჩიდან ავიყვანე პიროვნებები, მივეცი ანალოგიური საქონელი, რომელითაც ქუჩაში ვაჭრობდნენ და სხვადასხვა ბაზრობებზე წავიყვანე. ელიავას ბაზრობასთან, ბავშვთა სამყაროსთან სამი ათას გარე მოვაჭრეს შორის ნახევარ საათში შენიშნეს “უცხო სხეული”! იქ რომ აღრიცხვისა და დაბეგვრის სისტემა მოწესრიგებულია, ასეთი რომ იყოს სახელმწიფო სისტემაში, გარწმუნებთ, ხელფასები 3-4-ჯერ გაიზრდებოდა, ბიუჯეტი გაცილებით მეტი გვექნებოდა. არ არსებობს გარე მოვაჭრე, რომელიც არ იხდის ბეგარას! თუმცა, იქიდან ერთი თეთრიც არ შედის ბიუჯეტში.

თუმცა, ისინი გაცილებით მცირე გადასახადს იხდიან ვიდრე მათი ლეგალიზების შემთხვევაში გადაიხდიდნენ?!
გადასახადი ერთიდან ხუთ ლარამდე მერყეობს იმის და მიხედვით, თუ სად დგას და რით ვაჭრობს გარე მოვაჭრე. წარმოიდგინეთ, საშუალოდ 3 ლარის გადახდის პირობებში, 50 ათასი გარე მოვაჭრისაგან 150 ათასი ლარი გროვდება ყოველდღიურად. ბიუჯეტი 30 მლნ ლარი შემოსავალს კარგავს ყოველდღიურად, მინიმუმ, მაშინ, როცა თავდაცვის დასაფინანსებლად 11 მლნ ლარის მოძიება დაგვჭირდება.

იქნებ დააკონკრეტოთ, ვის ჯიბეში მიდის 150 ათასი ლარი ყოველდღიურად?
ესენი არიან უბნის ინსპექტორები, მერია გამგეობის თანამშრომლები… პარლამენტში ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის, რომ სტაციონარული სავაჭრო ობიექტები ვაჭრობის ნებართვის გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებულიყო. ჩვენ ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს დისლოკაციის ადგილების განსაზღვრა გარე მოვაჭრეთა მაქსიმალური რაოდენობისა და სარეალიზაციოდ დასაშვები საქონლის ნუსხის წარმოდგენა ვთხოვეთ. ხორცი და პური ქუჩაში რომ არ უნდა იყიდებოდეს, ეს ვფიქრობ, საკამათო თემა არ არის. მერიის მიერ დაწესებულ ადგილას, გარე ვაჭრობის ნებართვისათვის გადასახადი 2 ლარამდე განვსაზღვრეთ. გარე მოვაჭრეს ექნება ნებართვა, ქვითარი და ვერც ინსპექტორი, ვერც გამგეობის თუ მერიის თანამშრომელი ვეღარ შეაწუხებს. ეს კანონი ორი თვეა ძალაშია, მაგრამ არ მოქმედებს. ისევ ის ძველი მეთოდები მოქმედებს. როგორ ფიქრობთ, აწყობს ვინმეს ყოველდღიური ასორმოცდაათი ათასი ლარის შემოსავლის დაკარგვა?! ხშირად მეუბნებიან, გაჩუმდი, თავს გაუფრთხილდიო. ყველას რომ ასე შეეშინდეს და გაჩუმდეს, სულ მთლად თავზე დაგვენგრევა ქვეყანა!.. ჩემი დევიზი იყო, ამეკრძალა ქუჩაში პურის გაყიდვა, მიმეღწია ამისათვის. თითოეული პურის გამყიდველისაგან უბნის ინსპექტორი და გამგეობის თანამშრომელი ყოველდღე ორ-სამ ლარს იღებს. ასეთები კი ათიათასობით არის! მოვიდეს ვინმე და ცილისწამებისათვის იჩივლოს! სხვათა შორის, ჟურნალისტებიც სცოდავთ – საკმარისია, ერთი ფრაქციიდან მეორეში გადავიდეს დეპუტატი, ორი კვირა ამ საკითხზე მიდის მსჯელობა: ეკონომიკური საკითხების განხილვებზე კი კანტიკუნტად ესწრებიან. იმაზე მეტი სენსაცია რა უნდა იყოს, რომ თბილისის ქუჩებიდან კერძო პირების ჯიბეებში ილექება 150 ათასი ლარი ყოველდღიურად, 30 მილიონი ლარი თვეში?!

ბატონო ჯამბულ, თქვენ ბრძანეთ, რომ კანონი 2 თვეა ძალაშია, ბრძანეთ ისიც, რომ არ მოქმედებს. დასმულია თუ არა კონკრეტული პირის, სამსახურის უფროსის, ჩინოვნიკის პასუხისმგებლობის საკითხები, ვინც არ ასრულებს ამ კანონს?
ქალაქის მერიის სპეციალურმა სამსახურმა, ადმინისტრაციული პოლიციის სპეციალურმა, ფინანსთა სამინისტროს სამსახურმა უნდა დაიაროს ქუჩები, ნახონ უნებართვო გარე მოვაჭრენი, ჯერ დააჯარიმონ, შემდეგ აქტი შეადგინონ.. ერთი აქტიც არ არის შედგენილი. როდესაც ქალაქის მერს ვკითხე, რატომ არ წყდება ეს საკითხი მეთქი, იცით, რა მიპასუხა? არეულობა მოხდება, ქუჩებში გამოვა ხალხიო… ეს კორუმპირებული ხელისუფლება, პრეზიდენტიდან, უბრალო ჩინოვნიკამდე, ყველა დაშინებულია, ნუ იქნება ოღონდ ბუნტი და რევოლუცია, ეს არის პრობლემის მთელი ალია-ბალია…